Home რუბრიკები საზოგადოება მავრიკიის კუნძულთან “გამქრალი კონტინენტის” კვალი იპოვეს

მავრიკიის კუნძულთან “გამქრალი კონტინენტის” კვალი იპოვეს

978

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ “გამქრალი კონტინენტი”   მავრიკიის კუნძულის ქვეშ ინდოეთის ოკეანეში არსებობდა და რომ ეს ოკეანე სუპერკონტინენტ გონდვანას დაშლის შემდეგ გაჩნდა, 200 მლნ წლის წინათ. ჟურნალ Nature Communications -ში გამოქვეყნდა მასალები, რომლებიც მსოფლიოს წამყვანმა გეოლოგებმა ამ კუნძულის კვლევისას დაადგინეს. 

ქერქის ნაწილი, რომელიც კუნძულზე თანდათან ვულკანური წარმოშობის ლავით დაიფარა, უძველესი კონტინენტის მცირე ნაგლეჯი აღმოჩნდა, რომელიც კუნძულ მადაგასკარს გამოეყო, როდესაც გონდვანა თანამედროვე აფრიკად, ინდოეთად, ავსტრალიად და ანტარქტიდად დაიშალა და წარმოიშვა ინდოეთის ოკეანე.

“ჩვენ ვსწავლობთ კონტინენტის დაშლის პროცესს, რათა პლანეტის გეოლოგიური ისტორია  გავიგოთ”, _ ამბობს გეოლოგი ვიტვატერსრანდის უნივერსიტეტიდან (ვისტა) ლუის აშვალი, რომელიც წამყვანი ავტორია პრესტიჟულ ჟურნალ Nature Communications -ში გამოქვეყნებული შრომისა.

შეისწავლიდა რა მთებში ნაპოვნ ცირკონებს, რომლებიც ვულკანმა ლავასთან ერთად ამოაფრქვია, აშვალმა და მისმა კოლეგებმა _ მაიკლ უიდენბეკმა (გერმანიის მიწათმცოდნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრიდან) და ტრონდ ტორსვიკიმ (ოსლოს უნივერსიტეტიდან) დაადგინეს, რომ ამ მინერალის ნარჩენები კუნძულ მავრიკიაზე ბევრად ძველი იყო.

“მიწა ორი ნაწილისაგან შედგება _ კონტინენტების, რომლებიც დიდი ხნისაა, და ოკეანეებისაგან, რომლებიც “ახალგაზრდაა”. კონტინენტებზე შეიძლება ქანების აღმოჩენა, რომლებიც 4 მილიარდ წელზე მეტი წლისაა, მაგრამ მსგავსს ვერაფერს იპოვით ოკეანეში, იმიტომ, რომ იქ ახალი ქანების წარმოქმნა ხდება, _ ამბობს აშვალი. _ მავრიკიის კუნძულზე არ არის 9 მილიონ წელზე მეტი ხნის ქანები. მიუხედავად ამისა, კუნძულზე მთის ქანების შესწავლისას  ჩვენ აღმოვაჩინეთ ცირკონი, რომელიც 3 მილიარდი წლისაა”.

ცირკონი  წარმოადგენს მაგმის ადრეული კრისტალიზაციის ერთ-ერთ პროდუქტს. ეს მინერალები ხშირ შემთხვევაში წარმოიქმნება კონტინენტურ გრანიტებში. ისინი შეიცავს ურანს, თორიუმსა და ტყვიას. და რამდენადაც კარგად უძლებენ გეოლოგიურ პროცესებს, მათში ასევე შეიძლება გეოლოგიური პროცესების  მდიდარი მატიანის პოვნა და ზედმიწევნით ზუსტად დათარიღება.

“ის ფაქტი, რომ ამ ასაკის ცირკონი იპოვეს, ამტკიცებს, რომ მავრიკიის ქვეშ დედამიწის ქერქის გაცილებით დიდი ხნის ნივთიერებებია, რომელთა წარმოშობა მხოლოდ კონტინენტზე შეიძლებოდა”, _ ამბობს აშვალი.

ამ კუნძულზე უკვე მერამდენედ პოულობენ მილიარდობით წლის ცირკონებს. 2013 წელს ეს მინერალი პლაჟის ქვიშაში იპოვეს, მაგრამ მაშინ კვლევის შედეგებს ბევრმა ეჭვის თვალით შეხედა, რადგან ჩათვალეს, რომ ცირკონი, შესაძლოა, ქარის საშუალებით მოხვდა ამ ადგილას, ან სულაც ავტომობილის საბურავის ან მეცნიერთა ფეხსაცმლის მეშვეობით.

აშვალი ვარაუდობს, რომ არსებობს “დაკარგული კონტინენტის” სხვადასხვა ზომის უამრავი ნაწილი, სახელწოდებით “მავრიცია”, რომლებიც გონდვანის დაშლის შემდეგ მთელს ინდოეთის ოკეანეშია მიმობნეული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here