Home რუბრიკები საზოგადოება კოსმოსური გაფრენები ადამიანის ტვინს ფორმას უცვლის

კოსმოსური გაფრენები ადამიანის ტვინს ფორმას უცვლის

1088

ის, რომ ადამიანის თავის ტვინი კოსმოსური ფრენის დროს ფორმას იცვლის, მიჩიგანის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერთა ჯგუფმა დაადგინა. ეს დასკვნა მეცნიერებმა მას შემდეგ დადეს, რაც ტვინის მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევა ჩაუტარეს 12 ასტრონავტს, რომლებმაც რამდენიმე კვირა გაატარეს  საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ბორტზე, და 14 ასტრონავტს, რომლებიც ნახევარი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში. 

ორივე შემთხვევაში მეცნიერებმა ასტრონავტების თავის ტვინის გარკვეულ ნაწილებში შენიშნეს მნიშვნელოვანი ცვლილებები, განსაკუთრებით კი _ იმ ადამიანებში, რომლებმაც შედარებით დიდი ხანი დაჰყვეს ბორტზე. ამ მონაცემთა საფუძველზე გაკეთდა დასკვნა, რომ, რაც უფრო დიდხანსაა ადამიანი კოსმოსში, მის ტვინში რუხი ნივთიერების დიდი ნაწილი გადაადგილდება (რუხი ნივთიერება თავის ტვინში ცალკეული გროვების, ბირთვების, სახით თეთრი ნივთიერების შიგნითაა მოთავსებული. გარდა ამისა, რუხი ნივთიერება ტვინის ნახევარსფეროებს და ნათხემს გარს ეკვრის და ქმნის ქერქს). ეს, შესაძლოა, გამოწვეული იყოს კოსმოსში მყოფი ადამიანის ზურგის ტვინის სითხის გადანაწილებით.

“რამდენადაც ორბიტაზე იგრძნობა გრავიტაციის ნაკლებობა, სითხეები არათანაბრად გადანაწილდება ორგანიზმში. შედეგად, კოსმოსში ადამიანს არც თუ ისე იშვიათად უჩნდება ე. წ. სახის შეშუპების სინდრომი. ამდენად, დიდხანს კოსმოსში ყოფნამ შეიძლება გამოიწვიოს ტვინის ცალკეულ ნაწილებში  რუხი ნივთიერების პროცენტული კონცენტრაციის ცვლილება”, _ ამბობს წამყვანი მკვლევარი  რეიჩელ სეიდლერი.

კვლევის ფარგლებში მეცნიერთა ჯგუფმა აღნიშნა რუხი ნივთიერების მოცულობის ზრდა ტვინის იმ ნაწილებში, რომლებიც აკონტროლებს ქვედა კიდურების მოძრაობას და მათ მგრძნობელობას. მკვლევართა აზრით, ეს შესაძლოა, შედეგი იყოს იმისა, რომ ტვინი ცდილობს ადაპტირებას ადამიანის გადასაადგილებლად მიკროგრავიტაციის პირობებში. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ორბიტაზე მცირე ხანს ყოფნის შემთხვევაშიაც კი ეს ცვლილებები შესამჩნევია.

სამწუხაროდ, მეცნიერებმა ჯერ ზუსტად ვერ განსაზღვრეს ამ ცვლილებების ბუნება, მაგრამ მომავალი კვლევების შედეგად თუკი მოხერხდება ამის დადგენა, ახალი ინფორმაცია აღმოჩნდება სასარგებლო ისეთი დაავადებების შესასწავლად, როგორიცაა ჰიდროცეფალია.

ცნობისთვის: ჰიდროცეფალია, ანუ წყალმანკი პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც თავის ქალაში მომატებულია თავ-ზურგ-ტვინის სითხის (ლიქვორი) რაოდენობა. ჰიდროცეფალია შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. ჰიდროცეფალიის დროს ფართოვდება ტვინის პარკუჭები და თხელდება ტვინის ნივთიერება.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here