Home რუბრიკები საზოგადოება მუშმულასა და წყავის აგროტექნოლოგიები

მუშმულასა და წყავის აგროტექნოლოგიები

7946

მუშმულა _ იაპონური ზღმარტლი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და გაზეთსაქართველო და მსოფლიოსერთობლივი პროექტი

რუბრიკას უძღვება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი.

მუშმულა _ იაპონური ზღმარტლი, ანუ ლოქვა მარადმწვანე სუბტროპიკული ხეხილოვანი მცენარეა, რომლის სამშობლოა ჩინეთის სუბტროპიკული რაიონები, რომლიდანაც გავრცელდა იაპონიაში, XIX საუკუნეში კი _ ევროპაში.

იაპონური ზღმარტლი მიეკუთვნება ვარდისებრთა ოჯახს, ვაშლის ქვეოჯახს. მისი სიმაღლე 6-9 მ აღწევს და ნაყოფი ქიმიური შედგენილობით ვაშლს უახლოვდება. ეს სახეობა მეტ-ნაკლებად ჰგავს კომშს, მსხალსა და კუნელს. იაპონური ზღმარტლის დამახასიათებელი თავისებურებაა გვიან შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ყვავილობა (ნოემბერი-დეკემბერი-იანვარი), რის გამოც ხშირად მისი ყვავილები ზიანდება მინუს 5-6 გრადუსი ტემპერატურის დროს, თვით მცენარე კი საკმაოდ ყინვაგამძლეა. ნაყოფი მწიფდება გაზაფხულზე _ მაის-ივნისში, როდესაც სხვა ხილი თითქმის არ არის შემოსული, რაც კიდევ უფრო ზრდის ამ კულტურისადმი ინტერესს. ნაყოფები მსხლის ფორმისაა, ზომით 10 სმ დიამეტრის. კანის ფერი ნარინჯისფერ-ყავისფერია, რბილობი _ წვნიანი, მომჟავო-მოტკბო გემოთი. მუშმულას თითოეულ ნაყოფში 1-5-მდე მსხვილი მუქი-ყავისფერი თესლია. გვხვდება ერთთესლიანი ნაყოფებიც. თესლი საკმაოდ დიდია, სიგრძით 20 მმ. ნაყოფი იწონის 50-70 გრამამდე. ნიადაგის მიმართ მუშმულა არ არის დიდი მომთხოვნი, მაგრამ უკეთესად ვითარდება სტრუქტურულ, საკმაოდ ტენიან ნიადაგებზე.

* მუშმულას დასარგავად უნდა შეირჩეს თბილი და ქარისგან დაცული ნაკვეთი. რგავენ გაზაფხულზე _ მარტსა და აპრილის დასაწყისში. დარგვა წარმოებს 1 სიგანისა და 40 სმ სიღრმის ორმოებში 6X6 კვების არეთი, ხოლო შემჭიდროებული ნარგავი 6X3 და 7X3,5 ის დაცილებით, რაც 400-600 მცენარეა ჰექტარზე.

* ვარჯის ფორმირებისას შტამბს აძლევენ 50-80 სმ სიმაღლეს და ტოვებენ 5 ძირითად ტოტს. 2-3 წლის შემდეგ, როდესაც ვარჯი ფორმირდება, აწარმოებენ მსუბუქ გამოხშირვას, გარდა ამისა, აშორებენ დაზიანებულ ან ხმელ ტოტებს. ნიადაგის დამუშავება და შემდგომი მოვლა სხვა ხეხილოვანი მცენარეების ანალოგიურია. კარგ შედეგს იძლევა ნარგავის განოყიერება გადამწვარი ნაკელით (15-20 კგ თითოეულ ძირზე).

ნაყოფის აღება წარმოებს მთლიანი მტევნების კრეფით. ნაყოფი გამოიყენება უმად, მისგან ამზადებენ მურაბას, ალკოჰოლურ სასმელს, კომპოტს და ა.შ.

მუშმულა ტენის მოყვარული მცენარეა, ამიტომ ტენიან სუბტროპიკულ ზონაში ნორმალური ზრდა-განვითარება მორწყვის გარეშე შეუძლია, ხოლო მშრალი სუბტროპიკული ზონის პირობებში აუცილებელია მელიორაციული ღონისძიებების ჩატარება.

ჯიშები. აღწერილია მუშმულას 45 ჯიში, რომელთაგან სამრეწველო მნიშვნელობა აქვს რვას. საუკეთესო ჯიშებია: ედვანსი, შამპანი, ადრეული წითელი, პრემიერი, ტანაკა, ფელასი და კომუნე.

მუშმულას გამრავლების თავისებურებები. მუშმულა მრავლდება როგორც თესლით, ასევე ვეგეტატიურად. თესლით გამრავლებისას მცენარე არაერთფეროვანია და მნიშვნელოვნად განსხვავდება დედა მცენარისგან. ამიტომ თესლით გამრავლებისას არჩევენ ისეთ მცენარეებს, რომლებიც ხასიათდება საუკეთესო თვისებებით. თესვა წარმოებს ივნისში, კვლებს შორის დაშორება უნდა იყოს 25 X8 სმ. თესლის აღმოცენებას 10-15 დღე სჭირდება. აღმოცენებული თესლი შემოდგომისთვის სტანდარტულ ზომას _ 40-50 სმ სიმაღლეს აღწევს. ნერგს რგავენ გაზაფხულზე _ მარტ-აპრილში ან შემოდგომაზე _ ოქტომბერში. დასარგავად უნდა შეირჩეს ქარისგან დაცული და თბილი ადგილები. დარგვა წარმოებს 1მ სიგანისა და 40 სმ სიღრმის ორმოებში. მუდმივ ადგილზე დარგვისთვის კვების არედ მიღებულია 6X4 ან 5X4 მ ფართობი, რაც ჰა-ზე 400-500 მცენარეა.

ვეგეტაციური გამრავლებისას იყენებენ კვირტით ან კალმით მყნობას. უკეთეს შედეგს კალმით მყნობა იძლევა. საძირედ იყენებენ იმავე იაპონურ ზღმარტლს, ჩვეულებრივ ტყის ზღმარტლსა და კომშს. საძირის დიამეტრი უნდა იყოს 1-1,5 სმ, კვირტი სამყნობად აიღება წინა წლის ტოტებიდან გაზაფხულზე, მისი ზომა უნდა იყოს არანაკლებ 3 სმ-ისა.

იაპონური მუშმულა მსხმოიარობას იწყებს 2-3 წლიდან, ხეების სიცოცხლის ხანგრძლივობა 60-70 წელია, მაქსიმალური რაოდენობის მოსავალს იძლევა 15-დან 35 წლამდე, შემდეგ მოსავლიანობა თანდათან მცირდება. ზრდასრული მცენარეების საშუალო მოსავლიანობა 60-80 კგია, ხოლო მაქსიმალური კი _150 კგ. როგორც სხვა ხეხილოვანი კულტურების ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის, მაღალი მოსავლის მისაღებად დიდი მნიშვნელობა აქვს სწორი აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარებას, განსაკუთრებით ნარგაობის უზრუნველყოფას საჭირო საკვები ელემენტებით, ამიტომ მნიშვნელოვანია იაპონური მუშმულას განოყიერების სისტემა, რომელიც აუცილებლად უნდა მოიცავდეს მინერალურ და ორგანულ სასუქებს, რომელთა ნორმები ცვალებადობს მცენარეთა წლოვანებისა და ნიადაგის ნაყოფიერების დონის მიხედვით. განოყიერების საქმეში მნიშვნელოვანია, აგრეთვე, მწვანე სასუქების გამოყენება.

მუშმულას ინახავენ ბნელ, ცივ ადგილას, ისე, რომ ნაყოფები ერთმანეთს არ ეხებოდეს.

 100 გრამი ნედლი ნაყოფი შეიცავს: 2,1 გ ცილას, 0,8 გ ცხიმს, 14 გ ნახშირწყლებს, 80,5 გ წყალს, ნაცარს _ 0,6 გ-ს, კალორიულობა 52,5 კკალ. მინერალურ ნივთიერებებს: კალიუმს, რკინას, მაგნიუმის, იოდს, კალციუმს, ფოსფორს, ნატრიუმს, თუთიას და სხვ. აგრეთვე, ფრუქტოზას, საქაროზას, ლიმონმჟავასა და ვაშლის მჟავას, ფიტონციდებსა და მთრიმლავ ნივთიერებებს, რომლებიც დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. აწესრიგებს ნაწლავების ნორმალურ მუშაობას, ამსუბუქებს თირკმლებსა და შარდგამომყოფ ორგანოებში კენჭოვანი დაავადებებისას გამოწვეულ ტკივილს. მუშმულას დაუმწიფებელი ნაყოფი აჩერებს ნაწლავებიდან სისხლდენას და ხსნის ანთებით პროცესებს. მწიფე ნაყოფების რბილობიდან ამზადებენ სპირტიან ნაყენს, რომლითაც მკურნალობენ ბრონქულ ასთმას და სასუნთქი გზების სხვა დაავადებებს.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/kavkasiuri-mushmula-zgmartl.jpg

კავკასიური მუშმულა (ზღმარტლი)

გერმანული, ანუ კავკასიური მუშმულა ვარდისებრთა ოჯახის ერთერთი წარმომადგენელია. ფოთოლმცვენი ნაყოფმსხმოიარე მცენარე, რომელიც წარმოშვა სამხრეთდასავლეთ აზიისა და სამხრეთაღმოსავლეთ ევროპის რეგიონებში. გერმანული მუშმულას მნიშვნელოვანი აგროეკოლოგიური თავისებურება არის ის, რომ მისთვის საჭიროა თბილი ზაფხული და რბილი ზამთარი. გერმანული მუშმულასათვის მისაღებია მზიანი, მშრალი ადგილები და სუსტი მჟავე ნიადაგები. სინათლის მოყვარულია, ვერ ეგუება ტენიან ადგილებს, სადაც გრუნტის წყლები ზედაპირზეა.

ველური სახით გავრცელებულია ჩრდილო კავკასიაში, სამხრეთ ყირიმის სანაპიროებზე, საქართველოში, სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებში. ერთეული ნარგავების სახით გვხვდება უკრაინის ცენტრალურ რაიონებში.

გერმანული მუშმულას ნაყოფები მაგარია, მოწითალო-ყავისფერი ფერის, ნაყოფის დიამეტრი 2-3 სმ-ია. მუდამ შეხვეულია ჯამის ფოთოლაკებში. მსხმოიარე ხის ნაყოფები საშუალო ვაშლის ზომისაა, აქვს დიდი, პრიალა თესლი.

ნაყოფი იკრიფება ყინვის დაწყებამდე.

ფართოდ გამოიყენება სახალხო მედიცინაში, კოსმეტოლოგიაში, ფარმაცევტიკაში სხვადასხვა ბიოაქტიური ნივთიერებების დასამზადებლად.

გამრავლება შეიძლება თესლით, ამისათვის აუცილებელია თესლის სტრატიფიკაცია (3-4 თვეს აჩერებენ სიცივეში). ბუნებრივ პირობებში თესლი აღმოცენდება დარგვიდან 2-3 წლის შემდეგ, ამიტომ აღმოცენების პროცესის დასაჩქარებლად თესლს ათავსებენ 5 საათის განმავლობაში 3%-იანი გოგირდმჟავას ხსნარში, შემდეგ კი კარგად რეცხავენ. ასეთი წესით დამუშავებული თესლი ღია გრუნტში ითესება შემოდგომაზე და გაზაფხულზე. ღია გრუნტში დათესვის შემდეგ სასურველია, ნათესი დაიფაროს ტორფის მულჩით ან, უბრალოდ, პოლიეთილენის ფენით. თესლის დათესვა შესაძლებელია დახურულ გრუნტშიც. მიღებული აღმონაცენის გადარგვა შეიძლება, როცა ის გაიზრდება 25-30 სმ-მდე. დარგვა ხდება წინასწარ მომზადებულ ნიადაგში.

კავკასიურ მუშმულას უყვარს კარგად დრენირებული ფხვიერი ნიადაგი. მისი მოვლისა და განოყიერების აგროტექნიკა ისეთივეა, როგორც სხვა ხეხილოვანი მცენარეების: ზომიერი ირიგაცია, ხმელი და დაზიანებული ტოტების მოშორება, გასხვლა და შტამბის ფორმირება გემოვნებით. ნარგავების ქვეშ სეზონზე 2-3 ჯერ ორგანული და მინერალური სასუქების შეტანა. აღსანიშნავია, რომ მუშმულა სათუთი მცენარეა, ზიანდება და ავადდება სხვადასხვა დაავადებითა და მავნებლით, ამ მიზნით რეკომენდებულია, სეზონზე 2-ჯერ შესხურდეს მცენარეებზე ინსექტიციდები: ფიტოვერმი (1,5-2მლ 1ლ წყალში), ლეპოდიციდი (20-30 გ 10ლ წყალში), ინსეგარი (5გ10ლწყალში).

კავკასიურ მუშმულას აქვს დიდი სამკურნალო ძალა, მისი ფოთლები შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებსაც ჩვენი ორგანიზმიდან გამოაქვს მავნე ნაერთები.

წყავი

წყავი მიეკუთვნება ვარდისებრთა ოჯახს. ამ მცენარის სამშობლო დასავლეთ საქართველო და მცირე აზიაა. წყავი მარადმწვანე ბუჩქი ან ხეა, რომელიც სიმაღლით 12 მეტრს და მეტსაც აღწევს. ფართო პრიალა, ოვალური ფოთლებით. ყვავილები წვრილია, თეთრი ფერის არომატული. ნაყოფი შავი კენკრაა. არის დაახლოებით 25 სახეობის. გავრცელებულია ევრაზიაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ანტილის კუნძულებზე.

წყავის ნაყოფისგან ამზადებენ გამაგრილებელ სასმელებს, ფოთლებისგან იღებენ “წყავის წყალს”, რომელიც მედიცინაში გამოიყენება, ფოთლები შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, რომელსაც იყენებენ ტყავის წარმოებაში. მწიფე წყავის ნაყოფი შეიცავს 50-52 მგ% ჩ ვიტამინს, 22,5% მთრიმლავ ნივთიერებას, 15–20% შაქრებს. მცენარე შეიძლება გამოყენებულ იქნას მებაღეობაში, ქარსაფარად და ფერდობების გასამაგრებლად.

წყავის კულტურულ ჯიშთა ნაყოფი (რბილობი) გამოიყენება ნედლად და წარმოადგენს სიცხის დამწევ საშუალებას. წყავის კურკა საჭმელად უვარგისია. წყავის ნაყოფს მრავალი კვებითი, დიეტური და სამკურნალო მნიშვნელობა აქვს, მედიცინაში გამოიყენება პრეპარატები, რომლებიც მიღებულია ამ მცენარის ფოთლებისა და სხვა ნაწილებიდან. ამასთანავე, წყავის ნაყოფში შემავალ ნივთიერებებს გააჩნია უნარი, ადამიანის ორგანიზმში გააუვნებელყოს მავნე რადიოაქტიური ნივთიერებები. დასავლეთ საქართველოს პირობებში წყავის მცენარე სავეგეტაციო კვირტების ზრდას იწყებს დეკემბრის მეორე ნახევრიდან, როდესაც საშუალო დღეღამური ტემპერატურა 70 გრადუსია. წყავი ყვავილობას იწყებს აპრილის პირველ დეკადაში და მისი ხანგრძლივობა შეადგენს 8-15 დღეს.

ის უხვად მოყვავილე მცენარეა, პირველი მასიური ყვავილობისას საშუალოდ მცენარეზე წარმოიქმნება 2-დან 9 ათასამდე, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში 11 ათასამდე საყვავილე ისარი (მტევანი). წყავის მცენარზე ნაყოფის მომწიფება დასავლეთ საქართველოს პირობებში იწყება ივლისის პირველ-მეორე დეკადაში და მთავრდება ივლისის მეორე-მესამე დეკადაში. თუმცა, ცალკეულ საადრეო ან საგვიანო ჯიშებში განსხვავებულ ვადებში ხდება ნაყოფების მომწიფება. წყავის ჯიშებიდან აღსანიშნავია ჩვეულებრივი წყავი, შავნაყოფატკბილი (ნაკიფუ), თეთრნაყოფა ტკბილი წყავი, ხოლო წყავის ფორმებიდან: ფორმა 14 (შავნაყოფა ჩლოუ), ფორმა 28 (წითელნაყოფა მსხვილი), ფორმა 29 (შავნაყოფა ტკბილი), ფორმა 33 (მოვარდისფრო), ფორმა 40 (შავნაყოფა ნარაზენი).

რეზო ჯაბნიძე,

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა

აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here