Home რუბრიკები ისტორია ქართველ პოლიტიკოსებს “თურქული” შეეყარათ

ქართველ პოლიტიკოსებს “თურქული” შეეყარათ

1213

ჯალალ ადდინის საშინელი შურისძიება _ 100 ათასი თბილისელის სიცოცხლე შეეწირა ველურთა მახვილს

1225 წლის დეკემბერში ჯალალმა სამზადისი საკმარისად ჩათვალა და თბილისისკენ დაიძრა, მდინარე არაქსთან მცირე ხნით კარვები დასცეს და აქ მოულოდნელი ამბავი გამჟღავნდა _ შალვა ახალციხელი თურმე წერილებს გზავნიდა და თანამემამულეებს ჯალალის გეგმებს ატყობინებდა.

ჩვენ უკვე ვწერდით რომ ხორეზმშაჰმა ტყვე ახალციხელი შეიწყალა და თავის სამსახურში ჩააყენა. ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მოგვეპოვება ამ პიროვნებაზე. ქართული წყაროები ამტკიცებენ, რომ სახელგანთქმულ სარდალს რწმენა არ შეუცვლია და ამის გამო მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა კიდეც (როგორც ჩანს, ქართველი მემატიანის თვალში ქრისტიანობისთვის წამებული შავლეგო უფრო მიმზიდველად გამოიყურება, ვიდრე _ თუნდაც სამშობლოს გადასარჩენად გამაჰმადიანებული). მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჯალალ ადდინი ფანატიკოსი მუსლიმანი გახლდათ, რომელიც არავითარ კომპრომისზე არ მიდიოდა ქრისტიანებთან, გამორიცხული იყო მართლმადიდებელი ახალციხელისთვის ადარბადაგანის ოლქის მიცემა და საკუთარ სამსახურში ჩაყენება. ჯალალ ადდინს ისე სძულდა ქრისტიანები, ახლოსაც არ გაიკარებდა მას. უფრო სარწმუნო უნდა იყოს ჯალალის კარის მემატინის ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, როდესაც ახალციხელს ისლამის მიღება უბრძანა, თორელმა თავი შორს დაიჭირა და დიპლომატიური უარი სტკიცა: “უღირსი ვარ!”. მაგრამ ჯალალმა თავისი მაინც გაიტანა და ახალციხელს რჯული შეაცვლევინა (როგორც შემდეგ გაირკვა, შალვა ახალციხელი სიცოცხლის შესანარჩუნებლად არ გამაჰმადიანებულა, ეს ერთგვარი ხერხი იყო დამპყრობლის თვალის ასახვევად, ვინაიდან ის, ჯალალის ბანაკში მყოფიც, სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცად დარჩა).

ასეა თუ ისე, გამაჰმადიანების შემდეგ ხორეზმის შაჰს მის მიმართ ნდობა გაუჩნდა და ისე დაიახლოვა, რომ საიდუმლო გეგმებსაც ანდობდა და აზრსაც ეკითხებოდა. შალვაც სარგებლობდა და ქართველებს მოახლობულ საფრთხეს წერილობით ამცნობდა ხოლმე. ეს, ალბათ, კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, რომ არა ერთი საბედისწერო შემთხვევა. რუსუდანის კარზე გაგზავნილი ჯალალ ადდინის ელჩი გზაში შემთხვევით გადაეყარა შალვა ახლციხელის მსტოვარს. ხორეზმელს ეჭვის ჭია შეუჩნდა, ახალციხელის მსტოვარი დაათრო და ყველაფერიდააფქვევინა”. მსტოვარს ისიც უთქვამს, ჯალალ ადდინს სამაგიეროს მარქაბის ველზე მივუზღავთო. ელჩმა თორელის მსტოვარი მოკლა, ხელთ იგდო ახალციხელის გაგზავნილი წერილი და არაქსის პირას დაბანაკებულ მბრძანებელს კარავში მიართვა.

ბოლომდე არ სჯეროდა ხორეზმშაჰს ახალციხელის ღალატი და მაინც არ ემეტებოდა სასიკვდილოდ, ამიტომ გამოცდა მოუწყო. სხვა დიდებულებთან ერთად სათათბიროდ დაიბარა შალვა და რჩევა ჰკითხა: საქართველოზე სალაშქროდ რომელი გზა ჯობია _ ყარსის თუ მარქაბის ხეობაო. ქართველმა სარდალმა მიუგო: ყარსის გზაზე კარგად გამაგრებული ქალაქებია და იქ გავლა გაგვიჭირდება. თანაც მარქაბის გზა უფრო მოკლეა და თბილისამდე მალე მიგვიყვანსო. უსაზღვრო რისხვამ აიტანა ჯალალ ადდინი, შალვა მაშინვე შეიპყრეს და ღალატისთვის სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს. ჯალათმა მდინარის პირას აღასრულა განაჩენი.

ქართველები ხორეზმის შაჰის ლაშქარს მომზადებული დახვდნენ. მათ რიგებში უამრავი დაქირვებული ჩრდილოეთკავკასიელი მეომარიც იბრძოდა, მაგრამ რიცხობრივი უპირატესობა კვლავ ჯალალ ად-დინის მხარეს იყო. ჯალალმა ხერხს მიმართა, თავისი მეომრები სხვადასხვა ადგილას ჩაასაფრა და ქართველებიც იქით გაიტყუა. ის იყო ქართველებს გამარჯვება უნდა ეზეიმათ, რომ ჩასაფრებულები მოულოდნელად დაესხნენ თავს, რამაც გადაწყვიტა ბრძოლის ბედი.

1226 წლის დამდეგს დამპყრობელი თბილისს დაესხა თავს. სამეფო კარი დასავლეთ საქართველოში გაიხიზნა: “ვითარ ცნა მეფემან მოსვლა სულტნისა, აიყარა და წარვიდა ქუთაისს, ხოლო ტფილისს მცველად დაუტევა ლაშქარი და თავად ორნი ძმანი ბოცოს ძენი, მემნა და ბოცო”.

თბილისმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია მტერს. პირველი შეტევები ქართველებმა წარმატებით მოიგერიეს. ჯალალი ორი თვის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა თბილისი აღებას. მარტის დასაწყისში თურქი დამპყრობელი გადამწყვეტ იერიშზე გადავიდა, მაგრამ ქალაქის აღების მისი ყოველი მცდელობა უშედეგოდ მთავრდებოდა. თბილისი საიმედოდ იყო გამაგრებული, თანაც სურსათსანოვაგეც მომარაგებული ჰქონდათ და ხანგრძლივი ალყის შემთხვევაში დედაქალაქს შიმშილი არ ემუქრებოდა. მიუხედავად ამისა, 1226 წლის 9 მარტს თბილისი მაინც დაეცა. ამ საკითხზე ორი ვერსია არსებობს: ჯალალ ადდინის მემატიანენი ამტკიცებენ, რომ ხორეზმშაჰმა ხერხს მიმართა: ძირითადი ლაშქარი თბილისთან ახლოს ჩაასაფრა, თვითონ კი მცირერიცხოვანი ჯარით ქალაქზე მიიტანა იერიში. მალედამარცხებულიჯალალი უკუიქცა, ქართველები დაედევნენ. ამ მომენტში მტრის ჩასაფრებული ლაშქარიც გამოჩნდა, თბილისის დამცველებმა უკან დაიხიეს, მაგრამ ქალაქში მათ მტერიც შეჰყვა და ასე დაეცა საქართველოს დედაქალაქი.

უფრო სარწმუნო ჩანს ქართული წყაროები, რომლებიც თბილისის დაცემას ღალატს უკავშირებენ. თბილისელმა მუსლიმებმა კავშირი გააბეს დამპყრობელთან. მათ დაარწმუნეს ჯალალი, რომ ალაყაფის კარს გაუღებდნენ და ქალაქში შეუშვებდნენ. ასეც მოხდა, მტრის ერთერთი იერიშისას თბილისისდამცველიმუსლიმანების დიდი რაზმი ქართველ მეციხოვნეებს დაერია. ვერაგულად მოკლეს სარდალი მემნა ბოცოს ძე, .. განძის კარი გააღეს და ხორეზმელები ქალაქში შეუშვეს.

ბოცო ჯაყელი გადარჩენილი მეომრებით ისნის ციხეში შეიკეტა და მტრით გარემოცული იქედან უწევდა წინააღმდეგობას დამპყრობელებს. საქართველოს სამეფო კარმა ისანში ჩაკეტილ მეციხოვნეთა მდგომარეობა უიმედოდ მიიჩნია. რუსუდანმა მათ ციხის დატოვება უბრძანა, მაგრამ მეციხოვნეები სასტიკი წინააღმდეგი იყვნენ. ბოცომ ჯალალ ად-დინს დანებების პირობების შესახებ მოსალაპარაკებლად მოციქულები მიუგზავნა. ხვარაზმშაჰმა ისნის ციხისთავის საზავო პირობები მიიღო, მათ გზა გაუხსნა და წინააღმდეგობის ეს კერაც ჩაქრა.. საქართველოს დედაქალაქი მთლიანად ჩაუვარდა ხელში ჯალალ ად-დინს.

ჯალალმა საშინლად იძია შური. ხორეზმელებმა ააოხრეს და გაძარცვეს თბილისი. არავის ინდობდნენ _ არც მოხუცებს, არც ქალებსა და ბავშვებს. ჩვილ ბავშვებს დედებს მკერდიდან აგლეჯდდნენ და თავით ქვაფენილზე ანარცხებდნენ, მერე წუხილით შეშლილ დედებს ტვინდანთხეულ შვილებს ზედ აკლავდნენ. მოხუცებულთ ცხენთა ფლოქვებით სრესდნენ. ქუჩები გვამებით გაივსო და მტკვარი სისხლით შეიღება: “ესოდენ მძვინვარედ იწყეს მოსვრად, ვითარ ჩვილნიცა ძუძუთაგან დედისათა აღიტაცნიან და წინაშე დედისა ქვაზედა დაანარცხიან, და რომელსამე თუალნი წასცვდიან და რომელსამე ტვნი დაეთხიოს, და უკანის დედანი მოიკვლოდიან… სისხლისა მდინარენი დიოდეს. ტვინი კაცთა, დედათა, ბერთა, ჩვლთა, თმა და სისხლი მათ მხართაგან განშორებულნი ნაწლევნი ცხენთა მიერ დათრგუნვილნი ურთიერთას აღრეული იყო”. _ ასე აღწერს მემატიანე ხორეზმელთა ენით აუწერელს სიმხეცესა და სისასტიკეს.

ჯალალ ადდინმა სიონის ლავრიდან წმიდა ჯვარი ჩამოაგდო და მიწაზე დაანარცხა. შემდეგ ტაძრის გუმბათი მოანგრია და მის ადგილზე თავისიბილწი საჯდომი დაიდგა”, ზედ საგანგებოდ აღმართული ფიცარნაგით ადიოდა და იქიდან აწიოკებულ ქალაქს ათვალიერებდა. სიონის ტაძრიდან მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ძვირფასი ხატები გამოატანინა და მისგანვე აგებულიხიდისშესასვლელთან პირაღმა დააყრევინა. ბრძანა, რიგ-რიგად მოეყვანათ ყველა ქრისტიანი, ქალიცა და კაციც, ყველას ცალკეულად ჩაეწიხლა და დაეფურთხებინა იმ ხატებისზე და ფიცით უარეყოთ ქრისტეს რჯული, ხოლო ვინც ამას არ აღასრულებდა, იქვე თავი წარეკვეთათ და მტკვარში ესროლათ. ჯალალი სიონის ნაგუმბათევზე იჯდა და ხედავდა, როგორ მიჰყავდათ მის მეომრებს ქრისტიანები, როგორ აჩოქებდნენ, ჰკვეთდნენ თავებს და ისროდნენ მტკვარში თავსა და ტანს ცალცალკე. მხოლოდ სულმოკლენი შეურაცხყოფდნენ წმიდა ხატებს და უარყოფდნენ ქრისტიანობას.

100 000 თბილისელის სიცოცხლე შეეწირა ველურთა მახვილს. დამპყრობლებმა გაძარცვეს და გააპარტახეს თბილისი. ჯალალმა ხელთ იგდო საუკუნეთა განმავლობაში დაგროვილი საუნჯე. ძარცვა-გლეჯისას არ დაუზოგავთ არა მხოლოდ ქრისტიანები, არამედ მაჰმადიანებიც, რომელთა წყალობითაც ხვარაზმელებმა ქალაქის დაუფლება შეძლეს.

თბილისის დაპყრობა ჯალალ ადდინისთვის უდიდესი გამარჯვება იყო. ამ ამბავმა მას მახლობელი აღმოსავლეთის მაჰმადიანთა შორის უდიდესი ავტორიტეტი მოუპოვა. ხუმრობა საქმე ხომ არ იყო, ჯალალმა ყველა ბრძოლაში დაამარცხა ქართველები, რაზეც თითქმის 130 წლის განმავლობაში ვერ ოცნებობდნენ თვით დიდი სულთნებიც კი. ხორეზმშაჰმა კი საბოლოოდ დაამსხვრია ქართველთა უძლეველობის მითი და ქართველების მიერ დაბრიყვებული მაჰმადიანური სამყაროსთვის ჯალალ ადდინიურჯულოთაბატონობისგან განმათავისუფლებელ გმირად იქცა.

გასაკვირია რუსუდანის სამეფო კარის ინერტულობა და უპასუხისმგებლობა. თბილისი თითქმის სამ თვეს უწევდა წინააღმდეგობას მტერს და ნაცვლად იმისა, რომ მას ჯარით დახმარებოდნენ, ქუთაისიდან ბრძანებას ბრძანებაზე გზავნიდნენ ისნის ციხის დაცლის თაობაზე. უფრო ამაზრზენი იყო რუსუდანის მეუღლის _ მოღის ედ-დინის საქციელი. თავის დროზე რუმის სულთნის თოღრულ შაჰის ძე მოღის ედ-დინი გაქრისტიანდა და რუსუდანზე დაქორწინდა. ჯალალ ად-დინის გამოჩენისთანავე სამეფო კარი ქუთაისში გადაბარგდა. მაგრამ, ეტყობა, გაქცევისას “სრულიად საქართველოს” მეფუკა მოღის ედ-დინი თბილისში “დარჩათ”. მისი არსებობა, ალბათ, არც არავის “გაახსენდებოდა”, დამპყრობლებისთვის თვითონ რომ არ შეეხსებინა თავი. როდესაც მტარვალი ქრისტიანთა ხოცვა-ჟლეტით ტკბებოდა, საიდანღაც გამოხოხდა “სრულიად საქართველოს” მეფუკა, ჯალალ ად- დინს მუხლებში ჩაუვარდა და სამუდამო ერთგულება შეჰფიცა. გაქრისტიანებული მოღის ედ-დინი ისევ “ჭეშმარიტ სარწმუნოებას” დაუბრუნდა. ხვარაზმშაჰმაც დიდსულოვნად აპატია ისლამის ღალატი და რჯულშეცვლილი საჩუქრებით აავსო.. რა ულმობელია ბედისწერა! ვახტანგ გორგასლისა და დავით აღმაშენებლის ტახტზე მედროვე და გაიძვერა მოღის ედ-დინი იჯდა. როგორც მუხრან მაჭავარიანი იტყოდა: “ვახტანგის ადგილს იჭერს ხეჩუა, გვეცლება ქართლი თვალსა და ხელს შუა”.

თბილისში ჯალალ ად-დინს აცნობეს, ქერმანის გამგებელმა ბარაყ ჰაჯიბმა მონღოლებთან გააბა კავშირი და ერაყის დასაპყრობად ემზადებაო. ხორეზმშაჰმა ვაზირი შარაფ ალ-მულქი დატოვა საქართველოში, თავად კი ქერმანს გაემგზავრა. ალ-მულქმაც თავი არ “შეირცხვინა” და მბრძანებლის არყოფნაში მოაოხრა სამხრეთი საქართველო: “იწყეს რბევად, ტყუევნად, ხოცად და კვლად სომხითისა და კამბეჩიანისა და იორის პირთა, ქართლს და თრიალეთს, ჯავახეთს და არტანს, ზოგი სამცხეს და ტაოს, კანიფორასა და ანისის მიმდგომთა ქუეყანათა”.

1226 წლის სექტემბერში ხორეზმშაჰი თბილისში დაბრუნდა და იქიდან ანისზე გაილაშქრა, მაგრამ კარგად გამაგრებული ქალაქი ვერ აიღო. წარმატებას ვერც მისმა გაგზავნილმა სარდალმა მიაღწია და ქალაქ კარის (ყარსი) აღებაც ვერ შეძლო. ჯალალ ად-დინს ხელი მოეცარა ხლათთანაც. სამჯერ მიიტანა ამ ქალაქზე იერიში და წარმატებას ვერც ერთხელ ვერ მიაღწია. ხორეზმშაჰის დამარცხებებით ისარგებლეს ქართველებმა, თბილისში დატოვებულ გარნიზონი დაამარცხეს და 1227 წლის თებერვალში დედაქალაქი დაიბრუნეს, მაგრამ ჯალალ ადდინის გამოჩენისთანავე თბილისს ცეცხლი წაუკიდეს და ისევ გაეცალნენ. თანგაიყოლესრუსუდანის ქმარი მოღის ედდინიც, რომელმაც მაჰმადიანობა უარყო და ხელახლა გაქრისტიანდა.

ამის შემდეგ დამპყრობელმა საქართველო მიატოვა, ვინაიდან მონღოლები ირანში გამოჩნდნენ. 1228 წელს ხორეზმშაჰმა სამჯერ გაუმართა ბრძოლა მონღოლებს და სამჯერვე დამარცხდა. რუსუდანის სამეფო კარზე ხელსაყრელად მიიჩნიეს შექმნილი ვითარება და ჯალალის წინააღმდეგ მეზობელი მუსლიმანური სახელმწიფოებიც აამხედრეს. მართალია, ამიერკავკასიისა და წინა აზიის სულთნები და ამირები ხორეზმელებს ისე შეხვდნენ, როგორც მხნელებს, მაგრამ ჯალალ ადდინის ზღვარგადასულმა სიმხეცემ მათაც აუვსო მოთმინების ფიალა და რუმის, რანის, შამისა და სომხეთის ამირები და სულთნები ისევ საქართველოს შეეკრნენ.

ქართველებმა ოსები და ყივჩაღებიც დაიქირავეს და ჯალალის დასახვედრად მოემზადნენ, თუმცა გადამწყვეტ მომენტში “მაჰმადიანი მოკავშირეები” არ გამოჩენილან. რუსუდანმა კი მხოლოდ 40 ათას მეომარს მოუყარა თავი. ქართველთა ჯარი ბოლნისის მახლობლად დაბანაკდა. ბრძოლის დაწყების წინ ჯალალის აგენტებმა თანამოძმე ყივჩაღების გადაბირება მოახერხეს. მეორე დღეს შუა ბრძოლაში მოღალატე ყივჩაღები მოულოდნელად ქართველებს დაერივნენ. ამის შემდეგ ხორეზმელებს აღარ გასჭირვებიათ ქართველთა დამარცხება.

მტერმა კარგა ხანს ითარეშა საქართველოში, შემდეგ კი ხლათს შეუტია. ალყის დროს შაჰარმენმა მოსალაპარაკებლად მიიწვია ჯალალ ად-დინი და უთხრა: “ორივე მხარე დაიქანცა, ეგებ ორთაბრძოლა მოგვეწყო და ამით მოგვეთავებინა საქმეო”. ხორეზმშაჰმა გამოწვევა მიიღო. ვეზირებმა დაუშალეს, _ ხლათის გამგებელი შენი ტოლი რ არის და მასთან ორთაბრძოლის გამართვა არ გეკადრება. რომც მოკლა ორთაბრძოლაში, ხლათელები უბრძოლველად მაინც არ დაგვნებდებიანო. ჯალალმა მაინც თავისი გაიტანა: “როგორ იქნება, არ შევებრძოლო იმას, ვისაც ბრძოლა სურს. როგორ ვთქვა უარი, როდესაც ორთაბრძოლაში მიწვევენ?!” ის ცხენს მოახტა და დანიშნულ ადგილას მივიდა. მაგრამ მეტოქე არ გამოცხადდა, სამაგიეროდ ხლათელებმა ისრების სეტყვა დააყარეს. გაწბილებული და რისხვით ავსილი ხორეზმშაჰი ბანაკში დაბრუნდა. ჯალალმა მიზანს მაინც მიაღწია, ხანგრძლივი ალყის შემდეგ, 1230 წლის 14 აპრილს, ხლათიც დაეცა.

მიუხედავად ყველაფრისა, ხორეზმშაჰი დღითიდღე კარგავდა მომხრეებს. მისი წრეგადასული სიმხეცე შიშს ჰგვრიდა მუსლიმ ამირებსა და სულთნებს. საკმარისი იყო, ჯალალს რომელიმესთვისცუდი თვალითშეეხედა, რომ მისი თავი გაგორებულიყო. გარდა ამისა, ვეღარ აუდიოდნენ სიმდიდრისმოყვარული ხორეზმშაჰისმადის დაკმაყოფილებას”. ამას თან ერთვოდა ხორეზმშაჰის წარუმატებელი ბრძოლები მონღოლებთან, რამაც ძალიან დასცა მისი ავტორიტეტი. ამიტომ თავის გადარჩენის მიზნით ხორზმშაჰისერთგულიამირები და სულთნები მისი ბანაკიდან უკანმოუხედავად გარბოდნენ. ჯალალ ადდინის საქმე ბოლოს ისე წავიდა, რომ ერთ დროს ძლევამოსილი სულთანი ასამდე მეომრის ამარა დარჩა.

1231 წელს ირანში ისევ გამოჩნდნენ მონღოლები. ჯალალ ად-დინმა აზერბაიჯანს შეაფარა თავი და იქ გამოიზამთრა, მაგრამ, როდესაც უგედეი ყაენის მეომრები აზერბაიჯანს მიუახლოვდნენ, ხორეზმშაჰი დასავლეთისკენ გაიქცა. მონღოლებიც კვალში ჩაუდგნენ მას და დიარბაქირთან მძინარეს დაადგნენ თავზე. ყველასგან მიტოვებულმა მტარვალმა ისევ გაასწრო სიკვდილს და ბასიანის მთებში გადაიხვეწა, მაგრამ ბედისწერას მაინც ვერ გაექცა, 1231 წლის 17 აგვისტოს, ერთ-ერთ ქურთს ჯალალ ად-დინის ხანჯალი მოეწონა და მისი წართმევისას ხორეზმშაჰი ხელში შემოაკვდა.

ჯალალ ად-დინის ხუთწლიანმა ლაშქრობებმა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას. მან საქართველო ისე დაასუსტა და გააჩანაგა, რომ 1235 წელს, როდესაც მონღოლები შემოიჭრნენ, ქვეყანას მათთვის წინააღმდეგობის გაწევის თავი აღარ ჰქონდა. ეს მხოლოდ საქართველოზე არ ითქმის. უგუნურმა ხორეზმშაჰმა მონღოლებს ისე “გაუსუფთავა” ირანის, ერაყისა და ამიერკავკასიის ტერიტორიები, რომ უგედეი ყაენის მეომრებს წინააღმდეგობა თითქმის არსად შეხვედრიათ.

მონღოლთა გამოჩენით და ჯალალ ადდინის სიკვდილით დასრულდა თურქთა და ქართველთა დაპირისპირების კიდევ ერთი ისტორიული ეტაპი. ამის შემდეგ თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში ჩვენი გზები არც სამტროდ და არც სამოყვროდ არ გადაკვეთილა, თუ არ ჩავთვლით თემურ ლენგის ეპოქას. სამარყანდელი თემურ ლენგი ერთნაირად უქმნიდა საფრთხეს როგორც საქართველოს, ისე თურქებს, ანუ რუმის სასულთნოს. ლოგიკის მიხედვით, ისინი უნდა გაერთიანებულიყვნენ და ერთად უნდა ებრძოლათ მონღოლების წინააღმდეგ, მაგრამ თვით მტარვალმა თემურმაც ვერ გვაქცია “სტრატეგიულ მოკავშირეებად”. ვერც მაშინ შედგა თურქთა და ქართველთა პოლიტიკური უნისონი. პირიქით, დიდი სულთანი ბაიაზიდი კმაყოფილი შეჰყურებდა, თემურის მიერ მთელი წინა აზიის აოხრებასა და გაჩანაგებას და მისი ელჩები “სიყვარულს ეფიცებოდნენ” მონღოლთა დიდ ემირს, მაგრამ კოჭლმა თემურმა საქართველოს მიწასთან გასწორების შემდეგ არც ბაიაზიდი დაინდო. 1402 წლის 28 ივლისს ანგორასთან (ანკარა) გამართულ ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა ოსმალები, ბაიაზიდი ტყვედ ჩაიგდო და ქვეყანა დაიპყრო.

(გაგრძელება იქნება)

ვანო სულორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here