Home რუბრიკები პოლიტიკა უნიპოლარიზმი დასასრულს მიუახლოვდა. რა ელის საქართველოს?

უნიპოლარიზმი დასასრულს მიუახლოვდა. რა ელის საქართველოს?

1618

საერთაშორისო სისტემამ მისი ჩამოყალიბებიდან დღემდე პოლიტიკური ტრანსფორმირების ოთხი გეოპოლიტიკური ციკლი გაიარა, ხოლო მეხუთე დასასრულს უახლოვდება. ამ გეოპოლიტიკური ციკლების მონაცვლეობა ისტორიულად ემთხვეოდა შემდეგ პერიოდებს: ვესტფალიურ პერიოდს (1648_1815 წწ.), ვენის (.. კონცერტის სისტემის) პერიოდს (1815_1914წწ.), ვერსალის პერიოდს (1918_1939 წწ.) და პოტსდამურ პერიოდს (1945_1991წწ.). ყოველი პერიოდის დასასრული დაკავშირებული იყო საერთაშორისო სისტემის გარდაქმნასა და ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნასთან. ახალი მსოფლიო წესრიგი ყოველთვის გულისხმობდა საერთაშორისო სისტემაში მოქმედი აქტიური გეოპოლიტიკური სუბიექტების მიერ ტერიტორიების გავლენის სფეროებად დაყოფას ახალწარმოქმნილი ძალების ბალანსის საფუძველზე

მეხუთე გეოპოლიტიკური ციკლი, რომელსაც ამჟამად გადის კაცობრიობა, დასასრულს უახლოვდება. საერთაშორისო სისტემის საბოლოო ტრანსფორმირების შემდეგ, წინა პერიოდების მსგავსად, მსოფლიო ახლებურად გადანაწილდება და ახალი მსოფლიო პოლიტიკური წესრიგი ჩამოყალიბდება, ამიტომ ჩვენთვის უმთავრეს ამოცანას უნდა წარმოადგენდეს, ღრმა ინტელექტუალური გაანალიზების საფუძველზე განვჭვრიტოთ, როგორ ფორმას მიიღებს მომავალი წესრიგი, რათა გადავრჩეთ და სახელმწიფოებრივი სიცოცხლისუნარიანობა შევინარჩუნოთ მკვეთრად რეალისტურ ხედვაზე, ძალასა და ინტერესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, რომ გავერკვეთ და შევძლოთ პროგნოზირება სამომავლო გლობალური პოლიტიკური პროცესებისა, რომლებიც აუცილებლად აისახება საქართველოზეც, უპრიანია, გავაანალიზოთ საერთაშორისო ურთიერთობების ის თეორიული პარადიგმები, რომლებსაც გაბატონებული მდგომარეობა ეკავა ამერიკის შეერთებული შტატების ინტელექტუალურ თუ პოლიტიკურ წრეებში მე-20 საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში.

პოსტბიპოლარული ეპოქის ანალიზი ლიბერალურ და რეალისტურ კონცეფციებში

საბჭოთა კავშირის დაშლისა და აღმოსავლეთ ევროპაში ვარშავის სამხედრო ბლოკის დემონტაჟის შემდეგ დასავლეთის ინტელექტუალურ წრეებში, უპირატესად, ამერიკულში, დაიწყო მსჯელობა, როგორ ფორმას მიიღებდა პოსტბიპოლარული საერთაშორისო სისტემა. საკითხზე მსჯელობა ინტელექტუალური პაექრობის რეჟიმში წარიმართა საერთაშორისო ურთიერთობების ორი წამყვანი სკოლის წარმომადგენლებს _ ლიბერალებსა და რეალისტებს _ შორის. ლიბერალები მიიჩნევდნენ, რომ კომუნისტური სისტემის მარცხის შემდგომ, როგორც დასავლურ, ასევე აღმოსავლურ სამყაროში ჩამოყალიბდებოდა ლიბერალური მსოფლიო წესრიგი და, მათი აზრით, საბოლოოდ აღმოიფხვრებოდა ისტორიული დაპირისპირება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის.

საგარეო პოლიტიკის ლიბერალური ხედვა ეყრდნობოდა კანტის იდეალისტურ-გლობალისტურ კონცეფციას. იმანუილ კანტის კონცეფციის მიხედვით, თუ ყველა ქვეყანა პოლიტიკური წყობის რესპუბლიკური მართვა-გამგეობის ფორმას მიიღებდა, მსოფლიოში დაისადგურებდა საყოველთაო მშვიდობა და ქვეყნები ეკონომიკურად აყვავდებოდა. ეს თანამედროვე ლიბერალების ენაზე შემდეგნაირად განიმარტება: ყველა ქვეყნის ლიბერალურ-დემოკრატიული ტრანსფორმირების შემთხვევაში, ომები და დაპირისპირები აღმოიფხვრება გლობალური მასშტაბით, ანუ იმოქმედებს პრინციპი “დემოკრატია დემოკრატიის წინააღმდეგ არ იბრძვის”.

მე-20 საუკუნის 90-იან წლებში, “ცივ ომში” კომუნისტური საბჭოთა კავშირის მარცხით გამოწვეული სიხარულით თავბრუდახვეული ლიბერალები ისე “გათავხედნენ”, რომ კაცობრიობას ფრენსის ფუკუიამას პირით ამცნეს “ისტორიის დასასრულისა” და “პოსტისტორიის” ერის დადგომის შესახებ. ფრენსის ფუკუიამა _ ჰეგელის ფილოსოფიის მიმდევარი, დიალექტიკური პრიზმიდან განიხილავდა მსოფლიოს პოლიტიკურ ისტორიას და ამტკიცებდა, რომ კომუნიზმის მარცხის შემდეგ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ლიბერალიზმს, როგორც იდეოლოგიას, მომავალში აღარ ექნებოდა კონკურენტული ალტერნატივა. მისი აზრით, ლიბერალიზმმა დაამარცხა მანამდე არსებული ყველა კონკურენტი იდეოლოგია და ამით დასრულდა კაცობრიობის იდელოგიური ევოლუცია.

ლიბერალი გლობალისტების თვალსაზრისით კი, მსოფლიოში ლიბერალიზმის გამარჯვების შემდეგ, დასავლური ქვეყნების დარად, აღმოსავლურ სამყაროშიც მოხდებოდა სოციალური და პოლიტიკური სისტემების ტრანსფორმირება და მათი გარდაქმნა ლიბერალურ დემოკრატიებად, ანუ ლიბერალურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები მსოფლიოში გავრცელდებოდა.

ლიბერალურ-დემოკრატიული პოლიტიკური სისტემების ჩამოსაყალიბებლად აუცილებელი პირობა იყო ერთი გეოპოლიტიკური ძალის ცენტრიდან დანარჩენი სახელმწიფოების ქცევის პოლიტიკური კონტროლი. ეს კი დაიკისრა შეერთებულმა შტატებმა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში “ჟანდარმის ფუნქციას” ასრულებდა გლობალურ დონეზე. ამერიკელებს თითქმის ყველა ქვეყანა და რეგიონი ექსკლუზიური გავლენის ზონად ჰქონდათ გამოცხადებული, რითაც მიაღწიეს კიდეც საერთაშორისო სისტემის უნიპოლარულ მოდელად გარდაქმნას.

ლიბერალებს უნიპოლარიზმი და მისი თანმდევი პროცესი _ გლობალიზაცია ორი ფორმით ჰქონდათ წარმოდგენილი. პირველ შემთხვევაში, პოლუსის სათავეში ჰეგემონის რანგში მოექცეოდა შეერთებული შტატები, რომელსაც უნდა გაეკონტროლებინა ყველა სხვა სახელმწიფოს პოლიტიკური ქცევა საერთაშორისო ურთიერთობებში; მეორე ფორმა, რომელიც ყველაზე მეტად იყო მისაღები ულტრაგლობალისტური კონცეფციის პარადიგმის მიმდევრებისთვის, გულისხმობდა სახელმწიფოთა სრულ დესუვერენიზაციას. სახელმწიფოებს სუვერენიტეტის დიდი წილი უნდა დაეთმოთ ზემდგომი, ზენაციონალური პოლიტიკური სტრუქტურის სასარგებლოდ. იგი გულისხმობდა გლობალური მასშტაბით ერთი დიდი პოლიტიკური სუბიექტის, ერთგვარი ჰობსისეულილევიათანის”, ანუ, ფრენსის ფუკუიამას ტერმინოლოგიას თუ გამოვიყენებთ, “ზოგადსაკაცობრიო სახელმწიფოსშექმნას: “ზოგადსაკაცობრიო სახელმწიფო _ ეს ლიბერალური დემოკრატიაა პოლიტიკურ სფეროში…” (ფრენსის ფუკუიამა).

სცადა კიდეც დასავლეთის ლიბერალურმა პოლიტიკურმა ელიტამ “ზოგადსაკაცობრიო სახელმწიფოს” შექმნა, ოღონდ შედარებით ლოკალური მასშტაბით. ამის ნათელ მაგალითია რამდენიმე წლის წინათ ევროკავშირის მმართველი ელიტის პროექტი, რომლითაც ევროკავშირში უნდა შემოეღოთ პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტები. თუმცა, როგორც გვახსოვს, ევროკავშირის რეორგანიზაციის _ კონფედერაციიდან სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ფედერაციულ მოდელზე გადასვლის _ პროექტი საფრანგეთსა და ირლანდიაში ადგილობრივ რეფერენდუმებზე ჩავარდა. ამით პირველი იდეოლოგიური დარტყმა მიიღეს გლობალისტებმა. გამოჩნდა, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოყვარული ევროპელი ერები ვერ შეეგუებოდნენ სუვერენიტეტის დაკარგვას. იმავე პერიოდში ლიბერალურ-იდეალისტური კონცეფციის მიმდევრებს ინტელექტუალური ოპონირება გაუწიეს ჯონ მირშაიმერისა და ჩარლზ კრაუტჰამერის რეალისტური სკოლის მიმდევრებმა, რომლებიც ლიბერალების საპირისპიროდ ამტკიცებდნენ, რომ ბიპოლარული, იდეოლოგიური პაექრობისა და ძალთა პარიტეტზე დაფუძნებული სისტემის დემონტაჟის შემდეგ მსოფლიო აუცილებლად გახდებოდა მრავალპოლუსიანი.

სხვათა შორის, პირველი, ვინც აღუდგა ლიბერალი გლობალისტების მიერ ინტელექტუალურად და პოლიტიკურად მხარდაჭერილ ერთპოლუსიან მოდელს და ეჭვქვეშ დააყენა გადაწყვეტილებების მიღების მართებულობა მართვის ერთი ცენტრიდან, გახლდათ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. 2007 წელს მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მან მიანიშნა, რომ არ შეეგუებოდა უნიპოლარიზმს და წინააღმდეგობას გაუწევდა მას მულტიპოლარიზმის სასარგებლოდ. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, (პრემიერმინისტრის რანგში) სიტყვა საქმითაც დაადასტურა 2008 წლის აგვისტოში. ჩვენდა სამწუხაროდ, უნიპოლარული მსოფლიოს მედროშე შეერთებული შტატების მოკავშირე საქართველო, რომელიც ლიბერალურგლობალისტური გეოპოლიტიკის ფარვატერში იმყოფებოდა, სასტიკად დასაჯა 5-დღიან ომში _ ფაქტობრივად, სამ ნაწილად დაშლილი ქვეყანა იურიდიულადაც დაშალა.

მეორე გამოცდა, რომელიც ვლადიმერ პუტინს გლობალისტებმა მოუწყვეს, იყო უკრაინა, მაგრამ მან არც ეს ქვეყანა დაინდო. საქართველოს მსგავსად, მისი გეოპოლიტიკური მტრის მიერ მართული უკრაინაც ტერიტორიულად დაანაწევრა, მეტიც _ ყირიმი, უმნიშვნელოვანესი გეოსტრატეგიული დატვირთვის მქონე რეგიონი, შეიერთა და რუსეთის ფედერაციის 85-ე სუბიექტად აქცია.

ორივე ქვეყანა, საქართველოც და უკრაინაც, მსხვერპლი შეიქნა საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების უცოდინარი, შეზღუდული ინტელექტის მქონე მარიონეტული პოლიტიკური კლასის მიერ გატარებული სრულიად უპასუხისმგებლო პოლიტიკისა.

საგარეო პოლიტიკურ ტრიუმფს კი რუსეთმა სირიაში მიაღწია. ამ ქვეყნის კანონიერი ხელისუფლების მიწვევით, რუსეთი ჩაერთო გეოსტრატეგიულ პაექრობაში შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილ ტერორისტებთან, სირიელ “ამბოხებულებთან” და პირწმინდად გაანადგურა ისინი; თანაც ისე, რომ შეერთებული შტატები საერთოდ გააძევა სირიის მომავალი პოლიტიკური მოწყობის საკითხზე მოლაპარაკებებიდან. ჟარგონით თუ ვიტყვით, პუტინმა ამერიკელებს “პარაშასთან” მიუჩინა ადგილი.

დონალდ ტრამპი, ჰენრი კისინჯერი და დოქტრინაანტიჩინეთი

ნაციონალ-რეალისტური პოლიტიკური მრწამსის მქონე და იდეოლოგიურ პლატფორმაზე მდგარი დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებით შეერთებული შტატების დამფუძნებელმა ანგლო-საქსურმა ეთნიკურმა ჯგუფმა ისტორიის მოცემულ ეტაპზე უარი უთხრა უნიპოლარიზმზე დამყარებულ ლიბერალურ-გლობალისტურ პროექტს. დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკის რეალისტური და ნაციონალისტური ხედვებიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა სხვა საერთაშორისო სუბიექტებთან (საუბარია კონკურენტ სახელმწიფოებზე) აგებული იქნება ამერიკის სახელმწიფო ინტერესების დაცვის პოზიციიდან, რომელიც, თავის მხრივ, უფრო მეტად განამტკიცებს რეალისტურ ხედვას და ნაციონალური ინტერესების დაცვის აუცილებლობაზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის საბოლოო ფორმირებას. აღნიშნული მოდელი კი დიდ სახელმწიფოებს შორის გეოპოლიტიკურ ვაჭრობას გულისხმობს, რომელსაც კაცობრიობა ისტორიულად ყოველთვის მიჰყავდა გავლენის სფეროებად დაყოფილი მსოფლიო პოლიტიკური წესრიგის ჩამოყალიბებასთან.

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დონალდ ტრამპი ვისაც შეხვდა, პირველი იყო აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის ისტორიული მტრის _ იაპონიის _ პრემიერმინისტრი სინძო აბე. მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე იაპონია გადაიქცა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოდ. მისი ფუნქცია რეგიონში იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შეკავება. ამერიკის ახალარჩეულ პრეზიდენტს იაპონიის პრემიერთან შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე აუდიენცია ჰქონდა ამერიკის საგარეო პოლიტიკის უბერებელ პატრიარქთან, თანამედროვე ამერიკული რეალიზმის “მამასთან” _ ჰენრი კისინჯერთან. ჰენრი კისინჯერს, როგორც დასავლური ანალიტიკური წყაროები იუწყებიან, 1974 წელს ამერიკის იმჟამინდელ პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონთან შეხვედრისას განუცხადებია: “თუ შევადარებთ რუსებს, ჩინელებიც ისეთივე საფრთხის შემცველები არიან. ისტორიულ პერსპექტივაში ისინი კიდევ უფრო მეტი საფრთხის შემცველები არიან… 20 წლის შემდეგ, თუ თქვენი მემკვიდრე იქნება ისეთივე გონიერი, როგორც თქვენ, რუსეთს დაეყრდნობა ჩინეთის წინააღმდეგ”. აღსანიშნავია ისიც, რომ ჰენრი კისინჯერმა დონალდ ტრამპს ინტელექტუალური დახმარება აღუთქვა და მზადყოფნა გამოთქვა ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობისას მედიატორის როლის შესრულებაზე.

როგორც ჩანს, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მთავარ გეოპოლიტიკურ სამიზნეში ჩინეთი მოექცევა. ამას მოწმობს, აგრეთვე, დონალდ ტრამპთან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ნაციონალური დაზვერვის დირექტორობის შესაძლო კანდიდატის, კარლი ფიორინას, განცხადება: “ჩინეთი ჩვენი მთავარი მეტოქეა, რომელიც სულ უფრო იკრებს ძალას”. ხოლო ახალი მმართველი ელიტის წარმომადგენლებისგან ჩინეთის მიმართ გაკეთებული განცხადებებიდან აღსანიშნავია დონალდ ტრამპის 12 დეკემბრის განცხადება (Fox News Sunday), რომლითაც მან ეჭვქვეშ დააყენა “ჩინეთის ერთიანობის” იდეა (საუბარია ტაივანზე).

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ახალი ანტისისტემური ელიტის წარმომადგენლები ჩინეთის წინააღმდეგ მოტივირებულად იმოქმედებენ _ ყველანაირ რესურს (როგორც სამხედროს, ისე ეკონომიკურს) გამოიყენებენ და ჩინური ეკონომიკური მონსტრის წინააღმდეგ მიმართავენ.

დონალდ ტრამპის გარემოცვის დიდი ნაწილი და მის გარშემო მობილიზებული-კონსოლიდირებული ინტელექტუალური ელიტის რეალისტური სკოლის წარმომადგენლები რუსეთის მიმართ წინა ადმინისტრაციის პოლიტიკურ მიდგომას აკრიტიკებენ. ვინაიდან, მათი აზრით, რუსეთის წინააღმდეგ აქტიურმა და შემტევმა გეოპოლიტიკურმა ნაბიჯებმა, რომლებიც მიმართული იყო პოსტსაბჭოთა სივრცის გეოპოლიტიკურად ათვისებისკენ, გამოიწვია ამ სივრცის შებრუნება აღმოსავლეთის მიმართულებით. შედეგად, დღის წესრიგში დადგა ანგლო-საქსური გეოპოლიტიკური სტრატეგიისთვის სრულიად მიუღებელი ღერძის _ მოსკოვი-პეკინის შექმნა. ეს რომ სახიფათოა ანტლანტისტური გეოპოლიტიკისთვის, ამას თვით გეოპოლიტიკის ფუძემდებლად აღიარებული ჰელფორდ მაკინდერი აღნიშნავდა თავისი ისტორიული ნაშრომის _ “ისტორიის გეოგრაფიული ღერძი”-ს ბოლო აბზაცში: “თუ ჩინელები, იაპონელების დახმარებით გაანადგურებდნენ რუსეთის იმპერიას და დაიპყრობდნენ მათ ტერიტორიას, ისინი შექმნიდნენ ყვითელ საფრთხეს მსოფლიო თავისუფლებისთვის იმიტომ, რომ კონტინენტის უზარმაზარ რესურსებს მიამატებდნენ ოკეანის სივრცეებს, რითაც მოიპოვებდნენ ისეთ უპირატესობას, რომლის მსგავსიც აქამდე არ ჰქონია ამ ღერძული რეგიონის რუს მეპატრონეს”.

ორი ფრონტზე ბრძოლა ისეთ გიგანტურ სახელმწიფოებთან, როგორებიც არის რუსეთი და ჩინეთი, შეერთებულ შტატებს, რაც უნდა დიდი პოლიტიკურ-ეკონომიკური და სამხედრო შესაძლებლობების მქონე სახელმწიფო იყოს, ძალიან გაუჭირდება. ვინაიდან, როგორც ფუნქციური ანალიზისა და პოლიტიკური რეალიზმის მიმდევარი ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი მორტონ კაპლანი აღნიშნავს, თუ სისტემაში დაახლოებით სამი თანაბარი დონის პოლიტიკური სუბიექტია ურთიერთქმედების რეჟიმში, მაშინ ორი გაერთიანდება მესამის წინააღმდეგ, მისი შეკავების და ძალის გასაწონასწორებლად.

რუსეთისა და ჩინეთის გაერთიანება რომ არ მოხდეს, შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის დათბობას ცდილობს. ამ მიზნით, საზოგადოდ, შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა და კონკრეტულად რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობის წარმართვა დაავალეს ისეთ პიროვნებებს, რომლებსაც ახლო მეგობრული ურთიერთობა აქვთ პრეზიდენტ პუტინთან. მაგალითად, სახელმწიფო მდივნის პოსტს დაიკავებს პუტინთან დაახლოებული და მის მიერ რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ჯილდოთი, მეგობრობის ორდენით, დაჯილდოებული ცნობილი ბიზნესმენი რექს ტილერსონი. როგორც აღვნიშნეთ, რუსეთთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე ტრამპის მრჩეველი იქნება პუტინთან ახლო ურთიერთობის მქონე ჰენრი კისინჯერი. რუსეთის ფედერაციაში ამერიკის ელჩობის კანდიდატად კი განიხილება კისინჯერის მოსწავლე, მისი იდეების მხარდამჭერი, ცნობილი დიპლომატი და რეალისტი თომას გრემი.

აქედან გამომდინარე, რუსულ გეოპოლიტიკურ წრეებში მომზადდა კონცეფცია გარიდება კონფლიქტის ნაცვლად”. როგორც ჩანს, რუსეთი მზადყოფნას გამოთქვამს, გაერიდოს ამერიკულ-ჩინურ კონფრონტაციას. თუმცა, რეალიზმისა და მრავალპოლუსიანობის მომხრე რუსეთის ხელისუფლება, დიდი ალბათობით, გარიდების სანაცვლოდ, ამერიკელებს მოსთხოვს თავისი პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებას პოსტსაბჭოთა სივრცის ფარგლებში. რუსეთში ნებისმიერი იდეოლოგიური მიმდინარეობის რუსი სტრატეგები ერთსულოვანი არიან რუსეთის ხელისუფლებასთან იმაში, რომ მრავალპოლუსიან სამყაროში რუსეთის ფედერაცია უნდა გახდეს ერთერთი პოლუსის ლიდერი, პოსტსაბჭოთა სივრცეზე (ბალტიისპირეთის გამოკლებით) ექსკლუზიური გავლენის უფლების მოპოვებით.

ქართველთა ბედი მრავალპოლუსიან სამყაროში

 2000-იანი წლების დასაწყისში, ხელისუფლების სათავეში ვლადიმერ პუტინის მოსვლის შემდეგ, რუსეთის ინტელექტუალურ წრეებში დაიწყო ცხარე კამათი, რომელ იდეოლოგიურ დოქტრინას უნდა დაყრდნობოდა რუსული სახელმწიფო ძველი დიდების დასაბრუნებლად. იმ პერიოდში რუსეთში მრავალფეროვანი იდეოლოგიური მიმდინარეობების არსებობის მიუხედავად, გაიმარჯვა ცნობილი ქართველი პოლიტოლოგისა და იდეოლოგის _ ალექსანდრე ჭაჭიას საგარეო პოლიტიკურმა იდეამ, რომელიც ეფუძნება კონსერვატიზმის მოდერნისტულ გაგებას. აღნიშნული იდეოლოგიური დოქტრინის კვინტესენციას წარმოადგენს ამერიკული გლობალიზაციის პროექტის _ ერების უნიფიკაციისა და სახელმწიფოთა დესუვერენიზაციის _ ალტერნატივად რუსული სახელმწიფოს მიერ ერებისთვის ნაციონალური სახელმწიფოებისადმი ბუნებრივი სწრაფვის იდეის რეალიზაციაში დახმარების გაწევა; უწინარესად, _ პოსტსაბჭოთა სივრცის ფარგლებში, შემდგომ კი _ გლობალური მასშტაბით: შეერთებული შტატები არის ლიდერი გლობალიზაციის პროცესისა, რომელიც გულისხმობს, უპირველეს ყოვლისა, ნაციების უნიფიცირებას, მათ მიერ კულტურულისტორიული ფენომენის, უნიკალური თვითმყოფადობის დაკარგვას, რომელიც ართმევს ნაციებს, დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი განვითარების უფლებას. რუსეთი უნდა გამოვიდეს, როგორც დამცველი ერების იმ ბუნებრივი უფლების, რომელიც გულისხმობს ნაციონალურ სახელმწიფოში ცხოვრებას, აგრეთვე, იმ სოციოკულტურული თავისებურებების, ისტორიული განვითარების საკუთარი ტრაექტორიისა და საზოგადოებრივი მოწყობის იმ საკუთარი მოდელების დამცველად, რომელიც დამახასიათებელია ამა თუ იმ ნაციისთვის. თუ რუსეთი წამოაყენებს ამერიკული გლობალიზაციის ალტერნატიულ მსოფლიო პროექტს, რომელიც თავის თავში გაითვალისწინებს, დაიცვას, შეინარჩუნოს და ხელი შეუწყოს ერების განვითარებას, ის გარდაიქმნება ევრაზიული სივრცის სულიერ ლიდერად, მიზიდულობის ჭეშმარიტ ცენტრად ათეულობით ქვეყნისა და ხალხებისთვის, პირველ რიგში, მეზობლებისთვის, კერძოდ, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში მცხოვრები ხალხებისთვის (ალექსანდრე ჭაჭია, “პოლიტიკური კლასი”, გვ. 20, 01. 02. 2006 წ). სწორედ ამ საგარეო პოლიტიკური იდეის გამო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დააჯილდოვა იგი რუსეთის სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდოებით _ მეგობრობისა და ღირსების ორდენებით. სხვათა შორის, პუტინის კიდევ ერთი მრჩეველი და იდეოლოგი ვლადისლავ სურკოვი მის მიერ შემუშავებულ სუვერენული დემოკრატიის კონცეფციაში სწორედ ალექსანდრე ჭაჭიას მიერ ფორმულირებულ იდეოლოგიურ დოქტრინას დაეყრდნო.

შემოთავაზებული იდეოლოგიური კონცეფცია უმალ იქნა ატაცებული რუსეთის ფედერაციის მმართველი ელიტისა და კონკრეტულად პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ, რომელმაც 2012 წლის დეკემბერში ფედერალური კრებისადმი მიმართვაში განაცხადა: რუსეთი უნდა გახდეს სუვერენული და გავლენიანი სახელმწიფოჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ნაციონალური და სულიერი იდენტურობა, რათა არ გავქრეთ, როგორც ნაციარუსეთმა უნდა შეინარჩუნოს, არამხოლოდ გეოპოლიტიკური მოთხოვნილება, არამედ მასთან ურთიერთობას უნდა ითხოვდნენ მეზობლები და პარტნიორებირუსული დემოკრატია _ ეს არის რუსი ხალხის მმართველობა, სახალხო თვითმმართველობის საკუთარი ტრადიციების ფარგლებში და არა იმ სტანდარტების რეალიზაცია, რომლებიც გარედან იქნება თავსმოხვეული”.

რუსეთის ლიდერის განცხადება თავის თავში გულისხმობს საგარეო პოლიტიკისადმი რეალისტურ, ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებას და, რაც მთავარია, მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგისკენ სწრაფვას.

დღეს უკვე ნათლად იკვეთება, რომ სახელმწიფოთა საერთაშორისო სისტემა აუცილებლად იქნება მულტიპოლუსიანი, ამაზე თითქმის არავინ დავობს. მაგალითად, მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებსა და საერთაშორისო სისტემაში მიმდინარე ტრანსფორმირების პროცესს ჰენრი კისინჯერი შემდეგნაირად ეხმაურება: “მრავალპოლუსიან წესრიგში, რომელიც ყალიბდება, რუსეთი აუცილებლად უნდა აღვიქვათ, როგორც უმთავრესი ელემენტი გლობალური წონასწორობისა და არა საფრთხედ შეერთებული შტატებისთვის”. მრავალპოლუსიან მსოფლიოში, როგორც ნებისმიერი სხვა სისტემის პირობებში, დიდ სახელმწფოებს გააჩნიათ მოქმედების საკუთარი ლოგიკა, რომელსაც ძალიან საინტერესოდ განმარტავს რეალისტური სკოლის ზემოთ უკვე დასახელებული მეტრი ჯონ მირშაიმერი: “სახელმწიფოთა მრავალპოლუსიანი სისტემის პირობებში, რთულია შეკავების განხორციელება, იმიტომ, რომ ხშირად აქვს ადგილი დისბალანსს და, როდესაც ძალის ასიმეტრია პროგრესირებს, რთული ხდება ძლიერი სახელმწიფოს შეკავება”. ამ თეორიული დებულების სამხრეთ კავკასიაზე განზოგადებისას შეიძლება ითქვას, რომ ამერიკელების მხრიდან ჩინეთის მიმართულებით ყველანაირი რესურსის მობილიზაციის, რუსეთიდან მისი გადამისამართებისა და, შესაბამისად, საქართველოზე გეოპოლიტიკური ინტერესის დაკარგვის შემთხვევაში, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, ვის სასარგებლოდ მოხდება რეგიონში სტრატეგიული ძალის ასიმეტრიული პროგრესი.

ტრანსფორმირების პროცესში არსებული საერთაშორისო სისტემის პოლიტიკური ანალიზიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ მალე საქართველოს ხელისუფლებას მარტო, დამოუკიდებლად მოუწევს საქართველოს პოლიტიკურ კლასზე გაბრაზებულ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან პოლიტიკური და გეოპოლიტიკური საკითხების გარკვევა. აღნიშნულის კი, ორი ქვეყნის პოლიტიკურ ელიტებს შორის დღეს არსებული ნეგატიური ურთიერთ დამოკიდებულებიდან გამომდინარე, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო შედეგი ექნება საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის.

მკითხველისთვის არ უნდა იყოს რთული წარმოსადგენი, რა დღეში აღმოჩნდება ნებისმიერი გამოკითხვით მსოფლიოში ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ფიგურად აღიარებულ პიროვნებასთან პირისპირ დარჩენილი პატარა ქვეყნის ფორმალური თუ არაფორმალური მმართველი. ამიტომ, თუ ბატონ ივანიშვილს ქართველთა ბედი ანაღვლებს და სურს საქართველოს გადარჩენა, ალექსანდრე ჭაჭიას მსგავსი მასშტაბური პიროვნება უნდა ჩართოს რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების დარეგულირების პროცესში. ის ან გააკეთებს ამას, ან ვლადიმერ პუტინი, უბრალოდ, გაჭყლეტს, როგორც სპილო _ ჭიანჭველას. ღმერთმა ნუ ქნას, მოხდეს ისეთი რამ, რამაც ამჟამინდელი მმართველის შეშინებული წინამორბედი (ოღონდ ფორმალური) CNN-ის პირდაპირ ეთერში ჰალსტუხის (ქართულად _ ყლინჯის) ღრღნამდე მიიყვანა, თორემ რეგიონში გეოპოლიტიკური სიტუაციისა და ძალთა ბალანსის ცვლილების შემთხვევაში, რაც გარდაუვალია უახლოეს მომავალში, შიშისგან აცახცახებულ დღევანდელ მმართველს, ალბათ, Fox-News-ის პირდაპირ ეთერში მოუწევს ფრჩხილების კვნეტა, მაგრამ უკვე გვიანი იქნება.

ირაკლი უბილავა,

პოლიტოლოგი

2 COMMENTS

  1. ოლიგარქიული იდეოლოგიით ვერც რუსეთი წავა შორს და საქართველოს ხომ დედა კაი ხანია აღარა ჰყავს! აი, თუ მოხდა მისი დემონტაჟი რუსეთში, ამას მოჰყვება ავტომატურად ოლიგარქიების დემონტაჟი ყოფილ საბჭოთა სივრცეში და დაიწყება ახალი ერა კაცობრიობის ისტორიაში-ადამიანური სახის საბაზრე ეკონომიკის მმართველობის ერა! ასეთი სახის მმართველობა თვით შტატებსაც არ დასიზმრებიათ დღემდე! უთანასწორობა, ამერიკაში როა, ისეთი უნდა! ამ მხრივ ევროპა დღემდე მისაბაძ მაგალითად ჩანდა, ვიდრე ულტრალიბერალური ე.წ \\\”ღირებულებებზე\\\” დაიწყებდა ერთი ადგილის თამაშს! ვნახოთ, რა მოხდება, ძალიან საინტერესო დროს გვიწევს ცხოვრება და არ შეიძლება ეს არ დააფასო (ან გადააფასო!)

  2. მადლობას მოგახსენებთ ასეთი ღრმა ანალიზისთვის, ჩვენს პრესაში იშვიათად მინახავს ასეთი ღმა ანალიზი გაეკეთებინოს ვინმეს. რაც შეეხება ჩემს მოსაზრებას საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებთან მიმართებაში; საქართველოს არ ძალუძს რაიმე შეცვალოს არც ეხლა და არ ახლო მომავალში რაიმე, უნდა გავითვალისწინოთ რუსული ტემპერამენტი, ისინი არასოდეს არ ჩერდებიან მიხწეულზე რაც აუცილებლათ გასათვალისწინებელია ამერიკელებისთვინაც; ისინი ვერ იმეგობრებენ ერთმანეთთან, ამასობაში ჩინელები კიდევ უფრო გაიჭრებიან წინ სულ მოკლე ხანში, ჩემი პროგნოზი შემდეგია; მსოფლიო მაინც აირევა და გადავა ცხელ ფაზაში და სწორეთ ამ ფონზე საქართველო აღმოჩნდება ერთგვარ ვაკუუმში, ჩვენთვის არავის ეცლება.მე ვფიქრობ ამ ფონზე ჩვენ საშუალება გვეძლევა მივხედოთ შიდა პოლიტიკას და მოვახდინოთ რევულიციური ძვრები ეკონომიკაში რომ მზათ ვიყოთ მომავალი გადანაწილებული მსოფლიოს შესახვედრათ. მადლობთ რომ მომეცით ჩემი აზრის გამოთქმის საშუალება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here