Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოში პროფესიონალი მოციგურავის გაზრდა, უბრალოდ, შეუძლებელია

საქართველოში პროფესიონალი მოციგურავის გაზრდა, უბრალოდ, შეუძლებელია

517

ბევრს, შესაძლოა, არ ახსოვს წინა ხელისუფლების მიერ უაზროდ გაფლანგული მილიონები და ამის გამო დაუსჯელი ადამიანები. თუნდაც რიყეზე მოძრავი ჯოხის დარჭობა რად ღირს, ხალხი რომ უნდა აეყვანა გარკვეულ სიმაღლეზე და შემდეგ ეტრიალა, აქაოდა, ტურისტები თბილისს დაათვალიერებენო. იმხანად იმ ჯოხის მონტაჟი და დემონტაჟი (გაფუჭდა) სამ მილიონზე მეტი დაჯდა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის ახირება იყო და ხმა არავის ამოუღია.

შესაძლოა, არც ის გახსოვთ, საქართველოში ფიგურულ სრიალში მსოფლიო დონის სპორტსმენები რომ უნდა გაზრდილიყვნენ და ამის იდეა პრეზიდენტყოფილს ელენე გედევანიშვილმა შთააგონა. როცა ქართველი გოგონა საერთაშორისო სარბიელზე გამოჩნდა, ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ის გამორჩეულად ნიჭიერი იყო და, აბა, ისე როგორ იქნებოდა, სააკაშვილს პიარი არ გაეკეთებინა. პიარის მთავარი კომპონენტი კი ის იყო, რომ ელენეს უარი უნდა ეთქვა რუს მწვრთნელზე, საცხოვრებლად საქართველოში გადმოსულიყო და

ასე, მოულოდნელად აღმოჩნდა ელენე საქართველოში და მწვრთნელის გარეშე. რაც მთავარია, გედევანიშვილი ყინულს მაცივარში თუ ნახავდა, თორემ ჩვენთან არც დარბაზი იყო და არც მოლოდინი, რომ ასეთი რამ გაკეთდებოდა. სააკაშვილმა უკან არ დაიხია, სასწრაფოდ ჩამოიტანეს კონსტრუქცია და ყინულის სასახლე სპორტის სასახლის გვერდით წამოჭიმეს, პარალელურად კი ანალოგიური რამ ბათუმშიც გააკეთეს.

ელენე ძალიან, ძალიან ნიჭიერი გოგოა. აცადეთ ვარჯიში, აცადეთ, რომ მხოლოდ სპორტზე იფიქროს და შედეგს აჩვენებს. მართლა არ ვიცი, მე რა დავაშავე და რატომ ათქმევინეს ელენეს უარი ჩემზე, მაგრამ ეს გოგო მე გავზარდე და ვიცი, რასაც ვამბობ _ მას თუ პირობები ექნება, საქართველოს ასახელებს”, _ ეს სიტყვები რუსეთის დამსახურებულმა მწვრთნელმა, ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონების გამზრდელმა გალინა ზმიევსკაიამ პირადად მითხრა წლების წინათ და… იმხანად ელენემაც გამოიტირა პირადი მწვრთნელი, _ ძალიან კარგი ქალიაო, ჩურჩულით თქვა, ხმამაღლა კი ვერ გაბედა, რადგან სამშობლოს ღალატად ჩაუთვლიდნენ.

მოკლედ, როცა გედევანიშვილი მიხვდა, რომ საქართველოში ვერც ივარჯიშებდა და, დიდხანს თუ დარჩებოდა, სპორტიდან საერთოდ უნდა წასულიყო, ახალი მწვრთნელის (ხელისუფლების მოთხოვნით _ არარუსის) ძებნა დაიწყო და თავი ამერიკაში ამოჰყო. მას ამერიკელი მწვრთნელები დაუნიშნეს და ელენემაც ისევ მოინდომა. შედეგად, გედევანიშვილს საუკეთესო შედეგი აქვს საქართველოს ისტორიაში ქალ მოციგურავეთა შორის ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ თამაშებზე. ის კი არა, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალიც მოიგო, რაც ქართული საციგურაო სპორტის ისტორიაში ერთადერთი შემთხვევაა.

ეს ყველაფერი კი იმიტომ გავიხსენეთ, რომ დღეს საქართველოში ფიგურული ციგურაობის სახეობა, უბრალოდ, არ არსებობს. არა, როცა ბეისბოლის, სოფტბოლისა და ბადმინტონის ფედერაციები გვაქვს, სახელმწიფოსგან დაფინანსებას იღებენ (ამ თემაზე აუცილებლად დავწერთ), ფიგურული ციგურაობის ფედერაციაც იყოს, მაგრამ არავინ ამბობს, რომ საქართველოში პროფესიონალი სპორტსმენის გაზრდა, უბრალოდ, შეუძლებელია.

“ყველაზე დიდი ყინულის სასახლე ბათუმშია, მაგრამ ის ახლოსაც ვერ მივა საერთაშორისო სტანდარტებთან. საუბარი არ მაქვს ყინულის ხარისხზე, საუბარი მაქვს ზომებზე. სტანდარტული ყინულის მოედანი სხვა ზომისაა და აქ ვარჯიში შეუძლებელია. აჩქარებას რომ აკეთებ და ნახტომისთვის ემზადები, სივრცე, მანძილი გჭირდება. სხვაგვარად არაფერი გამოვა. ეს მანძილი კი ამ არასტანდარტულ ყინულის მოედნებზე არ არის. აქ რომ ვივარჯიშო, აზრი არ აქვს, დიდ შეჯიბრებაზე პირველივე ცდაზე ჩავფლავდები”, _ ესეც წლების წინ გვითხრა ელენე გედევანიშვილმა, როცა იმჟამინდელი ხელისუფლების წევრები სიამაყით გვარწმუნებდნენ, ბათუმის ყინულის სასახლეში მომავალ ჩემპიონებს გავზრდითო.

რამდენიმე დღეა, ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. საქართველოდან ამ შეჯიბრებაში ვაჟთა თანრიგში მორის ყვითელაშვილმა ისრიალა, სპორტული ცეკვების კატეგორიაში კი ტატიანა კოზმავაალექსეი შუმსკის წყვილი ასპარეზობდა. კოზმავა-შუმსკის წყვილმა, როგორც წესი, პირველად მოკლე პროგრამით იციგურავეს და 43,80 ქულა დაიმსახურეს. შედარებისთვის, პირველ ადგილზე გასულმა იტალიურმა წყვილმა ანა კაპელინიმ და ლუკა ლანოტემ 76,65 ქულა მიიღეს. შესაბამისად, ქართული წყვილი 30 წყვილს შორის 27 ადგილზე გავიდა და ასპარეზობას გამოეთიშა, რადგან თავისუფალ ცეკვებში ასპარეზობას 20 საუკეთესო განაგრძობს. ყვითელაშვილმა კი, საბოლოო ჯამში, მეექვსე ადგილი დაიკავა, მაგრამ… ნუ დავაბრალებთ ქართულ საციგურაო სკოლას ამ ყველაფერს, ყვითელაშვილი რუსეთშია დაბადებული, ციგურებზეც პირველად იქ დადგა, რუსი მწვრთნელი ჰყავს და საქართველოს სახელით რუსეთის ნაკრებში არაამქვეყნიური კონკურენციის გამო ასპარეზობს.

წინ მსოფლიოს ჩემპიონატი გველოდება, რომელზეც ჩვენი მოციგურავეები ისევ გამოვლენ და შეეცდებიან, შედეგი აჩვენონ, მაგრამ…

ეს ყველაფერი, იცით, რას ჰგავს? _ ყანაში სათოხნად რომ წახვიდეთ და ყანა არ გქონდეთ. ის ყინული, რომელიც გვაქვს, გასართობად თუ გამოდგება. არანაირი სტანდარტები, ასეთი ყინული რუსეთში ზამთარში პრაქტიკულად ყველა კორპუსის წინ არის და იქ ადამიანები, უბრალოდ, ერთობიან. თუ სერიოზულ შედეგზე გვინდა საუბარი, მაშინ ერთი სტანდარტული მოედანი მაინც უნდა გვქონდეს, რაც ამ ეტაპისთვის გამორიცხულია, რადგან სულ მცირე, ათი მილიონი დაჯდება მისი აშენება, შენახვა კი საკმაოდ ძვირია. ამიტომ, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, უმჯობესია, თანხები იქით მივმართოთ, რომ პერსპექტიული სპორტსმენები, მაგალითად, იმავე რუსეთში გავუშვათ მოსამზადებლად. კარგია ამერიკული სკოლაც, მაგრამ ამერიკაში ერთი სპორტსმენის შენახვა თვეში, სულ ცოტა, ათი ათასი დოლარი დაგვიჯდება, რაც ასევე ძალიან ძვირია”, _ გვითხრა ფედერაციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელმაც გვთხოვა, არ მახსენოთ, შეიძლება უსამსახუროდ დავრჩეო.

რაც შეეხება ელენე გედევანიშვილსმან ყველაზე უკეთ იცის, რომ მეტი შეეძლო და, რომ არა პოლიტიკური გადაწყვეტილებები, მეტსაც მიაღწევდა. ის 7 იანვარს 27 წლის გახდა, რაც ამ სახეობაში, განსაკუთრებით ერთეულთა თანრიგისთვის, დიდი ასაკი არ არის, თუმცა ამერიკული სკოლის ამომავალ ვარსკვლავს, კრისტენ ლაურას, დიდი სასოებითა და ასოებით უწერია: მწვრთნელი _ ელენე გედევანიშვილი! დიახ, 27 წლის ელენე ნიუ ჯერსიში, Ice House Hackensack აკადემიაში მწვრთნელად მოშაობს და კრისტენს პირველი მედალიც მოაგებინა.

და ერთიც: geoskating.ge საქართველოს ფიგურული ციგაობის ოფიციალური ვებგვერდია, უფრო სწორად _ მისამართი, თორემ ვებგვერდი, კარგა ხანია, გათიშულია.

ნიკოლოზ იაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here