Home რუბრიკები პოლიტიკა ჰილარი კლინტონის საბედისწერო შეცდომები

ჰილარი კლინტონის საბედისწერო შეცდომები

954

დღეს ამერიკული ისტებლიშმენტის დიდი ნაწილი შეშფოთებით ადევნებს თვალს ახალი პრეზიდენტის რადიკალურ ნაბიჯებს, ხოლო ექსპერტები კვლავ უბრუნდებიან წინასაარჩევნო პერიოდს და ცდილობენ, დაადგინონ, რატომ გაიმარჯვა დონალდ ტრამპმა. ბევრი მიდის დასკვნამდე, რომ მნიშვნელოვანი წვლილი ამაში კლინტონების ოჯახის სტრატეგიულ შეცდომებს მიუძღვის.

ბილ კლინტონმა, თავის მეუღლესა და გარემოცვასთან ერთად, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში შექმნა ერთგვარი კლანი, რომელიც არა მხოლოდ დემოკრატიულ პარტიაში, არამედ ამერიკულ ელიტაში დიდი გავლენით სარგებლობს. მის მთავარ მიზანი, დიდი ხანია, ჰილარი კლინტონის გაპრეზიდენტებაა. პირველი ცდა წარუმატებელი გამოდგა _ 2008-ში შიდაპარტიულ ბრძოლაში, პრაიმერის ეტაპზე, ჰილარი კლინტონი დამარცხდა და დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ბარაკ ობამა გახდა. საგულისხმოა, რომ მნიშვნელოვანი როლი ობამას დაწინაურებაში სწორედ ბილ და ჰილარი კლინტონებმა შეასრულეს. 2004 წელს, როდესაც ობამამ დააპირა, გამხდარიყო სენატორი ილინოისის შტატიდან, მათ ბევრი იზრუნეს მისი საარჩევნო ფონდის შევსებაზე და იმაზე, რომ ობამა მედიის ყურადღების ცენტრში დარჩენილიყო. კლინტონებს მიაჩნდათ, რომ ენერგიული, პერსპექტიული აფროამერიკელი გააძლიერებდა დემოკრატიულ პარტიას და მათი ერთგული “უმცროსი პარტნიორი” გახდებოდა. სწორედ ამიტომ ობამას გადაწყვეტილება, პრეზიდენტი გამხდარიყო, მათ აღიქვეს, როგორც უკიდურესი უმადურობა. მას შემდეგ, რაც ობამამ არჩევნები მოიგო, ჰილარი კლინტონს სახელმწიფო მდივნის პოსტი შესთავაზა. ორივე მხარე იქცეოდა ისე, თითქოს კონფლიქტი ამოიწურა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, კლინტონები შურისძიებისთვის ხელსაყრელ მომენტს ელოდებოდნენ. ისინი შეცდნენ, როდესაც 2004-ში ობამას ამბიციები არასწორად შეაფასეს და ამას ნამდვილი “ჯაჭვური რეაქცია” მოჰყვა.

2012-ში, როდესაც ობამა კენჭს მეორედ იყრიდა, წამყვან მედიასაშუალებებში წინა პლანზე გამოვიდა თემა, რომელიც ადრე მხოლოდ მარგინალურ საიტებზე განიხილებოდა. საუბარი ეხებოდა იმას, რომ ობამა აშშ-ის ფარგლებს გარეთ დაიბადა და, შესაბამისად, უფლება არ ჰქონდა, პრეზიდენტობის. მნიშვნელოვანი როლი ამ თემის აქტუალიზებაში დონალდ ტრამპმა შეასრულა, რომელიც კლინტონების ოჯახის, მეგობარი თუ არა, ძველი ნაცნობია. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ინფორმაცია ობამას დაბადების შესახებ კლინტონების გარემოცვიდან მიაწოდეს.

პრეზიდენტი იძულებული შეიქნა, დაბადების მოწმობა წარმოედგინა. სკანდალი ჩაცხრა, მაგრამ ობამას ადმინისტრაციასა და კლინტონების ოჯახს შორის ფარული საინფორმაციო ომი დაიწყო. მისი ერთ-ერთი გამოვლინება, სავარაუდოდ, ის “გაჟონვაც” იყო, რომლის შედეგად იფეთქა სკანდალმა ჰილარი კლინტონის ელექტრონული ფოსტის გამო, რაც პრეზიდენტობის კანდიდატის რეიტინგზე უარყოფითად აისახა. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ობამას გუნდის ერთ-ერთი “საპასუხო დარტყმა” იყო. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ შურისძიების სურვილით შეპყრობილმა კლინტონებმა კიდევ ერთი სერიოზული შეცდომა დაუშვეს.

ბოლო არჩევნების წინ მათ მოახერხეს შიდაპარტიული ბრძოლის მოგება, რადგან ობამას ჯგუფმა პრეზიდენტობის კარგი კანდიდატი ვერ იპოვა. ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენს 2015-ში ვაჟი გარდაეცვალა, ის დეპრესიაში ჩავარდა და პოლიტიკური ბრძოლის ინტერესი დაკარგა. სხვა კანდიდატები ნაკლებად ძლიერი იყვნენ და ობამა, თავის გარემოცვასთან ერთად, იძულებული შეიქნა, მხარი ჰილარი კლინტონის კანდიდატურისთვის დაეჭირა. მან კი, თავის მხრივ, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ალტერნატიული დემოკრატი კანდიდატები რაც შეიძლება სუსტები ყოფილიყვნენ, რათა პრაიმერი უპრობლემოდ მოეგო.

მაგრამ ბერნი სანდერსმა, რომელსაც კლინტონები სწორედ ასეთ “კომფორტულ კონკურენტად” განიხილავდნენ, კინაღამ სასწაული მოახდინა, რის გამოც მის წინააღმდეგ საჭირო გახდა აკრძალული ილეთების გამოყენება. ცნობილი ჰაკერული შეტევის შემდეგ “ვიკილიქსმა” გამოაქვეყნა დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრთა მიმოწერა, რომელშიც ისინი მსჯელობდნენ, როგორ შეეჩერებინათ სანდერსი. ამ სკანდალმა, აგრეთვე, დიდი ზიანი მიაყენა ჰილარი კლინტონის კამპანიას, თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანი სხვა რამ იყო _ სანდერსის წარმატება გახდა მკაფიო სიგნალი იმისა, რომ კლინტონის ბანაკში რაღაც ისე არ მიდიოდა, როგორც საჭირო იყო; რომ ის, კონსულტანტების ძალისხმევის მიუხედავად, კვლავინდებურად საკმაოდ სუსტ კანდიდატად რჩებოდა. ამ პრობლემის გააზრებამ კლინტონების ოჯახი კიდევ ერთ, ამჯერად საბედისწერო შეცდომამდე მიიყვანა.

კლინტონები კიდევ ერთხელ მივიდნენ დასკვნამდე, რომ საუკეთესო გამოსავალი სუსტი მოწინააღმდეგის მოძებნა იქნებოდა და ასეთად თავისი ძველი ნაცნობი დონალდ ტრამპი ჩათვალეს. მათი აზრით, გავლენიანი რესპუბლიკელების ნეგატიური დამოკიდებულება მის მიმართ გამოიწვევდა მოწინააღმდეგე პარტიის ორ ბანაკად გაყოფას და წინასაარჩევნო პერიოდში უეფექტოს გახდიდა. ამასთანავე, ისინი ვარაუდობდნენ, რომ ტრამპის გასვლა საპრეზიდენტო მარათონის ფინალში, გააერთიანებდა ყველა იმ ამომრჩეველს, რომელთათვის მიუღებელი იყო მისი იდეები, ჰილარი კლინტონის როგორც “ნაკლები ბოროტების” გარშემო. ეს სტრატეგია ექსპერტებმა ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინათ გაშიფრეს და სწორედ ის ფიგურირებს გასულ კვირას “ვიკილიქსის” მიერ გამოქვეყნებულ კიდევ ერთ წერილში, რომელიც კლინტონის შტაბმა დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრებს 2015 წლის 7 აპრილს გაუგზავნა. დემოკრატების ან ცალკე აღებული კლინტონების ოჯახის გავლენის ქვეშ მყოფმა ლიბერალურმა მედიასაშუალებებმა დაიწყეს ტრამპის სკანდალური გამოსვლების ტირაჟირება და მისი უდიდეს საფრთხედ წარმოჩენა. ამ დროს იმუშავა ცნობილმა ფორმულამ “ანტიპიარიც პიარია” და საუბარმა ტრამპზე, როგორც საფრთხეზე, ხელი შეუწყო მის გამარჯვებას რესპუბლიკურ პრაიმერში.

თავდაპირველად სხვაობა კლინტონისა და ტრამპის რეიტინგებს შორის საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ თანდათან შემცირდა. მნიშვნელოვანი როლი ამაში ელექტრონულ ფოსტის გარშემო ატეხილმა სკანდალებმა შეასრულა, აგრეთვე, ჰილარი კლინტონის, როგორც საჯარო კანდიდატის, სისუსტემ. მას, ტრამპისგან განსხვავებით, მარტივად რომ ვთქვათ, ამომრჩეველთა ენაზე ლაპარაკი უჭირდა. ამასთანავე, მის კამპანიაში იყო რამდენიმე სხვა, უპირველესად, ფსიქოლოგიური ხასიათის ქვეტექსტი. მაგალითად, კლინტონის შტაბმა საკმაოდ ბევრი რესურსი დახარჯა იმ შტატებში, რომლებშიც დემოკრატიული პარტიის კანდიდატი აპრიორი იმარჯვებდა, იმისთვის, რომ იქ ძალიან დამაჯერებლად მოეგო _ უფრო მეტი ხმა მიეღო, ვიდრე თავის დროზე ბარაკ ობამას ერგო, მაშინ, როდესაც საჭირო იყო კონცენტირება სადავო შტატებზე, რომლებშიც ტრამპის პოზიციები თანდათან უმჯობესდებოდა. რაღაც მომენტში ცხადი შეიქნა, რომ საფრთხე რეალურია, მაგრამ ამის გამოხატვა კლინტონებისთვის საკუთარი სტრატეგიული შეცდომის აღიარების ტოლფასი იყო, რადგან ტრამპი ყველაზე უსაფრთხო კონკურენტი როდი აღმოჩნდა. ამიტომ ჰილარი კლინტონი და მისი გარემოცვა საარჩევნო შტაბში გარდაუვალი გამარჯვების ატმოსფეროს ამკვიდრებდნენ, მისი გავლენის ქვეშ თავადვე ექცეოდნენ და საკმაოდ ბევრს საუბრობდნენ იმაზე, ვინ რა თანამდებობას დაიკავებდა მას შემდეგ, რაც კლინტონი პრეზიდენტი გახდებოდა. სულ სხვა საბრძოლო განწყობა სუფევდა ტრამპის შტაბში, სადაც მარცხის რეალურმა საფრთხემ ძალთა სრული მობილიზება გამოიწვია.

დონალდ ტრამპს საკმაოდ ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს და არსებობს არაერთი წინაპირობა იმისთვის, რომ დემოკრატებმა 2020-ში სერიოზული ბრძოლა გაუმართონ, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ დემოკრატიული პარტიის ელიტა ერთიანი არაა. ჰილარი კლინტონი ისევ რევანშზე ფიქრობს, მიუხედავად იმისა, რომ 2020-ში მას, სავარაუდოდ, გაცილებით სუსტი პოზიციები ექნება, ვიდრე 2008-ში ან 2016-ში. ძნელი სათქმელია, შეძლებენ თუ არა რეალისტი თანაპარტიელები, რევანშისა და შურისძიების სურვილით განპირობებული გადაწყვეტილება შეაცვლევინონ. საინტერესოა, რომ ბილ და ჰილარი კლინტონები აპირებენ, პოლიტიკურ ავანსცენაზე თავიანთი ქალიშვილი ჩელსი გამოიყვანონ (სხვათა შორის, ის ტრამპის ქალიშვილის _ ივანკას ახლო მეგობარია) და უზრუნველყონ მისი არჩევა კონგრესში, თუმცა ცხადია, ჩელსის მრავალწლიანი მომზადება დასჭირდება იმისთვის, რომ მაღალი პოსტებისთვის იბრძოლოს. ამასთანავე, ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ცდილობს, შეინარჩუნოს თავისი გუნდის ბირთვი და კლინტონების კლანის საპირწონედ დემოკრატიულ პარტიაში საკუთარი კლანი შექმნას, შესაძლოა, არა იმდენად გავლენიანი და გამოცდილი, მაგრამ გაცილებით ენერგიული. ობამას ჯგუფის კანდიდატი მომავალ არჩევნებში შეიძლება გახდეს ჯო ბაიდენი, მიუხედავად იმისა, რომ ასაკი ამაში ხელს ნამდვილად არ უწყობს. აგრეთვე, საუბრობენ იმაზე, რომ ბარაკ ობამა შეიძლება ბილ კლინტონის გზით წავიდეს და ავანსცენაზე მეუღლე გამოიყვანოს, თუმცა ორივე ნახსენებ კანდიდატს სერიოზული მინუსები აქვს და იმის ალბათობა, რომ ობამას ჯგუფი მხარს დემოკრატიული პარტიის სხვა წარმომადგენელს დაუჭერს, საკმაოდ დიდია.

ბრძოლამ დემოკრატიული პარტიის შიგნით, რომელშიც მნიშვნელოვან როლს კლინტონების დაუკმაყოფილებელი ამბიცია ასრულებს, შეიძლება ხელი შეუწყოს დონალდ ტრამპის გამარჯვებას 2020 წლის არჩევნებშიც, მიუხედავად იმისა, რომ დღეს საკმაოდ ბევრი რადიკალურად განწყობილი ოპონენტი ჰყავს.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here