Home რუბრიკები პოლიტიკა კონსტიტუციის გაუპატიურება: 41-ე სერია

კონსტიტუციის გაუპატიურება: 41-ე სერია

1080

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს ყველა ხელისუფლება ცდილობდა კონსტიტუციის მორგებას საკუთარ ინტერესებზე. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მყარად დამკვიდრდა ტერმინიკონსტიტუციის გაუპატიურება”, ხოლო შესაბამისი პროცესი, სამართალდამცავების თქმის არ იყოს, განსაკუთრებული ცინიზმითა და სისასტიკით გამოირჩევა.

საკონსტიტუციო კომისიამ ცვლილებების პროექტი ამა წლის 30 აპრილამდე უნდა მოამზადოს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მისი მუშაობა სრულყოფილი ვერ იქნება. კომისიის წევრები ფიზიკურად ვერ მოახერხებენ შემოსული მრავალრიცხოვანი წინადადებების განხილვას, კვალიფიციური დასკვნების მომზადებასა და არგუმენტირებული მოსაზრებების შეჯერებას. კომისიის ხელმძღვანელები, სავარაუდოდ, იძულებულნი შეიქნებიან, სწრაფად მოიშორონ თავიდან ალტერნატიული ვარიანტები და მხოლოდ ხელისუფლებისათვის სასურველს დაეყრდნონ. შესაბამისად, ადგილი ექნება ჩვეულებრივი პოლიტიკური ბრძოლის პროეცირებას კონსტიტუციონალისტების მუშაობაზე, ეს კი ზემოთ ნახსენები გაუპატიურების უტყუარი ნიშანია.

საქართველოს დღევანდელი კონსტიტუცია 1994 წლის ოქტომბერში ჩიკაგოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საკონფერენციო დარბაზში დაიწერა, სადაც ათი ქართველი იურისტი, ამერიკელებთან ერთად, ორი კომპიუტერის გამოყენებით, ერთდროულად ქართულ და ინგლისურ ტექსტზე მუშაობდა. ლარი ლესიგი, რომელიც იმხანად “აღმოსავლეთევროპული კონსტიტუციონალიზმის შესწავლის ცენტრის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდათ, იხსენებდა, რომ სტუმრები ხშირად ეკითხებოდნენ მასპინძლებს, რა უნდა გაეკეთებინათ, თუმცა მათ ყოველთვის პასუხობდნენ, რომ ტექსტი თვითონ ქართველებმა უნდა დაწერონ (“იუნივერსიტი ოფ ჩიკაგო ქრონიკლ” 07.12.95). მაშინ ჩვენ ისეთი საპრეზიდენტო რესპუბლიკა მივიღეთ, რომელიც ამერიკელებს პოსტსაბჭოთა რეალიებისთვის საუკეთესოდ მიაჩნდათ. “ვარდების რევოლუციის” შემდეგ სააკაშვილმა “ჰიპერსაპრეზიდენტო მოდელი” შექმნა; პრეზიდენტს ლამის ძველი ეგვიპტის ფარაონის უფლებები მიენიჭა. 2010-ში მან დაიწყო მზადება იმისთვის, რომ პრემიერმინისტრის სავარძელში გადამჯდარიყო და მკვეთრად გააფართოვა პრემიერის უფლებები, ხოლო პრეზიდენტი “საპატიო ნოტარიუსად” აქცია. თუმცა მის მიერ შექმნილი მოდელი “კლასიკური საპარლამენტო” არ არის და მორგებულია იმ პოლიტიკურ ბალანსზე, რომელიც დღეს აღარ არსებობს.

კონსტიტუციის კორექტირება “სტანდარტულ” საპარლამენტო მოდელზე გადასასვლელად სრულიად ლოგიკურია, მაგრამ ეს პროცესი პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლასაც გულისხმობს, ის კი ბიძინა ივანიშვილის ოპონენტების მიერ წარმოჩენილია, როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტის დამორჩილების სურვილი და დემოკრატიის საწინააღმდეგო ნაბიჯი. ალბათ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო, რომელიც ახლახან თბილისში იმყოფებოდა, ამ თემაზე საუბრისას საკმაოდ ბუნდოვანი და ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა, რომელიც არასამთავრობო სექტორის ზოგიერთმა წარმომადგენელმა აღიქვა, როგორც ნეგატიური პოზიციის გამოხატვა. როგორც ჩანს, ხელისუფლების არც ერთმა წარმომადგენელმა არ აუხსნა ბუკიკიოს ამ ცვილებების არსი და არ აუფრიალა ვენეციის კომისიის 2010 წლის დასკვნა, რომელშიც შავით თეთრზე წერია, რომ ახალ პირობებში პრეზიდენტი შეიძლება ხელისუფლების სხვა შტოებთან კონფლიქტში შევიდეს და ამის ალბათობას სწორედ ის ზრდის, რომ მას პირდაპირი წესით აირჩევენ _ “მთავრობა შეიძლება იყოს საპარლამენტო უმრავლესობის გამოხატულება, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს იმ უმრავლესობისგან, რომელმაც მხარი არჩევნების დროს პრეზიდენტს დაუჭირა, რადგან საპარლამენტო არჩევნები ტარდება ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, ხოლო საპრეზიდენტო _ ყოველ ხუთ წელში ერთხელ”. იქვე იყო სხვა კრიტიკული შენიშვნები და ხელისუფლების წარმომადგენლებს ისინი არგუმენტებად უნდა გამოეყენებინათ, აგრეთვე, მიეთითებინათ სხვა საპარლამენტო რესპუბლიკების გამოცდილებაზე, რომლებშიც პრეზიდენტს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ირჩევს. მაგრამ ქართველი და უცხოელი დამკვირვებლების მეხსიერებაში დარჩა არა მსგავსი არგუმენტირებული საუბრები, არამედ ბიძინა ივანიშვილის თავდასხმები პრეზიდენტ მარგველაშვილზე, რომელიც, თავის დროზე, თავად შეარჩია და პრაქტიკულად აიძულა მხარდამჭერები, ხმა მისთვის მიეცათ. მიუხედავად იმისა, რომ მისი კრიტიკა მეტწილად სამართლიანი იყო, სწორედ ის იქცა მთავარ მიზეზად იმისა, რომ პროცესი წარმოჩენილია, როგორც საკონსტიტუციო კომისიის მიერ ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთის შესრულება, მეტიც _ ბრძოლა დემოკრატიის წინააღმდეგ და არა სისტემური ხარვეზის გამოსწორება. უჩვეულო ამაში არაფერია _ უნიათო ხელისუფლებამ საკუთარ თავს მორიგი პრობლემა შეუქმნა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ყურადღების ცენტრში მოექცა, საარჩევნო სისტემის შეცვლაა. ყველა თანხმდება, რომ დღევანდელი შერეული სისტემა, მის მაჟორიტარულ ნაწილში, მანკიერია. მას შემდეგ, რაც ბარიერი მაჟორიტარებისთვის 50%-მდე გაიზარდა, ის ხელისუფლებისათვის მანდატების ერთგვარ ყულაბად იქცა და სწორედ მისი წყალობით მიიღო “ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო უმრავლესობა. არადა, მისი მხარდამჭერების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ის ამას არ იმსახურებდა. განიხილება რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი, მათ შორის _ ჩვეულებრივ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ან ისეთზე, რომლის ფარგლებში დეპუტატების ნახევარს ძველი პროპორციული წესით, ხოლო ნახევარს სამხარეო-პროპორციული წესით ავირჩევთ. აგრეთვე, არის ვარიანტი, რომელიც ითვალისწინებს არჩევნების გადაყვანას სამხარეო-პროპორციულ მოდელზე და თითოეული ასეთი წინადადება ორპალატიანი პარლამენტის იდეის მიმართ უნდა განვიხილოთ, თუმცა ამ ეტაპზე, შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვანია სხვა რამ.

მაჟორიტარული სისტემა დღევანდელი სახით ხელს უწყობს რაიონებში ადგილობრივი გავლენიანი პირების, ერთგვარი “ახალი ფეოდალების” აღზევებას, რომლებიც ხმების მობილიზების სანაცვლოდ ხელისუფლებისგან სადეპუტატო მანდატებსა და სხვადასხვა პრივილეგიას იღებენ, მაგრამ მოდერნიზებული მოდელის დამკვიდრება ამ შემთხვევაში არაფერს შეცვლის; ასეთი ადამიანების ინტერესები გათვალისწინებული იქნება, როგორც პროპორციული, ისე სამხარეო-პროპორციული სისტემის ფარგლებში. ამასთანავე, ძველი მაჟორიტარული სისტემა ქმნიდა თუნდაც თეორიულ შანსს იმისა, რომ სუსტი პარტიის წარმომადგენელი ან დამოუკიდებელი კანდიდატი, ანუ “არასისტემური ელემენტი”, პარლამენტში მოხვედრას შეძლებდა, მაგრამ ბარიერის აწევამ (რაც უკვე მოხდა) და დაგეგმილმა გადასვლამ პროპორციულ ან სამხარეო-პროპორციულ მოდელზე ამის ალბათობა ნულამდე დაიყვანა.

დღეს, როდესაც ოპოზიციური პარტიები დაშლილი და დასუსტებულია, მათი წარმომადგენლები პარლამენტში ხელისუფლებისათვის სერიოზულ პრობლემას აღარ წარმოადგენენ. გაცილებით დიდი საფრთხე შეიძლება დამოუკიდებელმა კანდიდატებმა შეუქმნან, რომლებიც ანგარიშვალდებული მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლების წინაშე იქნებიან და არა ამა თუ იმ პარტიის კორუფცირებული ხელმძღვანელობის წინაშე. დღეს საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებამ მნიშვნელოვნად გააიაფა და გაამარტივა დამოუკიდებელი აქტივისტების, ექსპერტებისა და ბლოგერების “რასკრუტკა”, ხოლო ძველი პოლიტიკური ელიტა დაინტერესებულია, რომ მათ გზა გადაუღობოს. ამ შემთხვევაში ყველა ძველი ტიპის პარტია და პოლიტიკოსი ერთმანეთის მოკავშირე ხდება. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელ მაჟორიტარული სისტემა უამრავი მანკიერებასთან არის დაკავშირებული, პარადოქსულ ვითარებამდე მივდივართ – თუ დამოუკიდებელი კანდიდატების მდგომარეობა კონსტიტუციის ჩასწორების შემდეგ გაუარესდება, ეს იქნება არა დემოკრატიისკენ, არამედ საპირისპირო მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, მით უმეტეს, რომ ასპარეზი გაუმაძღარ, თხემით ტერფამდე კორუფცირებულ, ბელადზე ორიენტირებულ მსხვილ პარტიებს დარჩება. ახალი სისტემის აშკარა უსამართლობის ნაწილობრივ დასაბალანსებლად ხელისუფლებამ შეიძლება დასწიოს ბარიერი, მაგალითად, 3%-მდე, მაგრამ ამ მხრივ სასიკეთო ჯერჯერობით არაფერი ისმის. ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ბარიერის დაწევის წინააღმდეგია და, შესაძლოა, ის ხელისუფლების პირველი პირების შეჯერებულ პოზიციას ახმოვანებს.

ფრიდრიხ ებერტის ფონდის ბოლო კვლევამ აჩვენა – ახალგაზრდების მხოლოდ 25-26% ენდობა ადგილობრივ პოლიტიკურ ინსტიტუტებს –პარტიებს, პარლამენტს, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას. თბილისში გამოკითხული ახალგაზრდების 51% აცხადებს, რომ საერთოდ არ ენდობა პოლიტიკურ პარტიებს. ეს საკმაოდ საგანგაშო სიგნალია ელიტისთვის, რადგან აშკარაა, რომ “სოციალური ქსელების თაობის” წარმომადგენლები აუცილებლად იპოვიან ახალი ტიპის ლიდერებს, რომლებსაც სუფთა წარსული ექნებათ და არჩევნებში მხარს სწორედ მათ დაუჭერენ. მათთვის გზის გადაღობვის მცდელობა ქვეყანას რევოლუციამდე მიიყვანს, თუმცა, როგორც ჩანს, ივანიშვილის ხელისუფლებას ურჩევნია, მუშაობა ძველ პოლიტიკურ ელიტასთან განაგრძოს, ვინაიდან მისი მართვა (ყიდვაც) ძალიან იოლია.

კონსტიტუციის ჩასწორების პროცესში ხელისუფლება, სავარაუდოდ, შეეცდება, მოსახლეობის კონსერვატიული უმრავლესობის მოწონება დაიმსახუროს. ამისთვის ის, ლიბერალური ჯგუფების წინააღმდეგობის მიუხედავად, შეიძლება წავიდეს კონსტიტუციაში ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის, განსაზღვრაზე, უცხოელებს საქართველოში მიწის შესყიდვის შესაძლებლობა შეუზღუდოს და ა.შ. ამ დროს საზოგადოებამ არ უნდა დაუშავს შეცდომა და დისკუსიაში შესვლისას არ დაივიწყოს სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. საკმაოდ ბევრი დეტალი მიუთითებს იმაზე, რომ საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელობა მოწადინებულია, უზრუნველყოს ჰიბრიდული ოლიგარქიული რეჟიმის მდგრადობა და მრავალგზის გაუპატიურებული კონსტიტუცია მის ინტერესებს მოარგოს. ამიტომ, როდესაც მოგვეჩვენება, რომ მნიშვნელოვანი წარმატება მოვიპოვეთ, მიწის გაყიდვის ან ქორწინების არსის განსაზღვრის საკითხებში, უნდა მიმოვიხედოთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ამასობაში დემოკრატია და თავისუფლება არ დავკარგეთ.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here