Home რუბრიკები პოლიტიკა ზაზა ხატიაშვილი: დიახ, მე შევუშალე ხელი ევროსასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეების დანიშვნას, რადგან...

ზაზა ხატიაშვილი: დიახ, მე შევუშალე ხელი ევროსასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეების დანიშვნას, რადგან მურუსიძეები აქაც გვეყოფა

678

ერთად შეკრებილი ამდენი ადვოკატი რევოლუციასაც მოახდენს”, _ ასე მიმართა ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა ზაზა ხატიაშვილმა დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში 28 იანვარს შეკრებილ ასობით ადვოკატს, რომლებიც შეშფოთებას ვერ მალავდნენ ბოლო პერიოდში ადვოკატების დაკავების შემთხვევატა სიმრავლის გამო.

ზაზა ხატიაშვილი:

_ ბოლო პერიოდში ადვოკატების დევნა გახშირდა. 26 დეკემბერს დააკავეს ორი ადვოკატი. მათი დაკავება პოლიტიკური მოტივითაა განპირობებული. ჯერ ბრალი დამტკიცებული არ აქვთ და უკვე წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ბრალდებაში წერია _ “ჩაიდინა სავარაუდო დარღვევა, სავარაუდოდ, თაღლითობა”. თაღლითობად კი ნოტარიუსის შეცდომაში შეყვანა ჩაუთვალეს. ადვოკატებმა საჯარო რეესტრიდან გამოტანილი დოკუმენტები მიაწოდეს ნოტარიუსს.

_ თქვენნაცმოძრაობისადვოკატ ონიანსაც იცავდით

_ ონიანი პოლიტიკური ნიშნით იდევნებოდა. მას ეუბნებოდნენ, კანონიერი დაკავების უკანონო ორგანიზატორი ხარო და ეს ოფიციალურ დოკუმენტებში ეწერა. გეკითხებით: კანონიერ დაკავებას შეიძლება უკანონო ორგანიზატორი ჰყავდეს? მთავრობები სამართლის პრინციპებს ღალატობენ და მეც სწორედ ამის წინააღმდეგ ვიბრძვი. თუ მე მანქანა მოვიპარე, კოსმოსური რაკეტის მოპარვა არ უნდა დამაბრალო, მით უმეტეს, როცა ადვოკატი ვარ და კანონებში არავისზე ნაკლებად არ ვერკვევი, მეტად თუ არა.

ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი როცა გავხდი, საქართველოში 111 ადვოკატი იყო დაპატიმრებული. ბელარუსში წერილი გავგზავნე, რათა გამერკვია, რამდენი პატიმარი ადვოკატი ჰყავდათ. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 8 ადვოკატი იჯდა ციხეში. სწორედ მაშინ დავიწყე ამ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა. სანამ ისინი ციხიდან არ გამოვიყვანე, ვერ მოვისვენე.

ორი ადვოკატის დაკავების გამო 7 თებერვალს საფრანგეთის დედაქალაქში, პარიზში, ფრანგ ადვოკატებთან ერთად დიდ საპროტესტო აქციას ვმართავ. საფრანგეთიდან მივაწვდი მსოფლიოს ინფორმაციას, რა ხდება საქართველოში. ამ ქვეყანაში ადვოკატთა ინსტიტუტის დისკრედიტაცია და დევნა ხდება.

_ ასეთი საქციელისთვის დაგდოთ ბრალი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მან თქვა, ზაზა ხატიაშვილი ევროსასამართლოში ჩვენ მიერ წარდგენილი მოსამართლეების ფოტოებით დადიოდა და ყველას ეუბნებოდა, მხარი არ დაეჭირათო

_ ცხოვრებაში ერთხელ თქვა თეა წულუკიანმა სიმართლე. დიახ, მე შევუშალე ხელი ევროსასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეების დანიშვნას, რადგან მურუსიძეები აქაც გვეყოფა, ევროსასამართლოში რომ არ გავგზავნოთ. რიგითი მურუსიძის ევროპაში გაშვება ჩვენი ქვეყნის სირცხვილია. ევა გოცირიძე, რომლის იქ გაშვებაც უნდოდათ, არ შეესაბამება იმ მაღალ მორალურ სტანდარტებს, რომლებსაც მოსამართლე უნდა აკმაყოფილებდეს.

9 თვის შემდეგ ამ თანამდებობას დავტოვებ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ადვოკატი დაჩაგრული არ იყოს.

ადვოკატთა კორპუსის შეხვედრას უხუცესი ადვოკატი ქეთევან ჭაბუკიანიც ესწრებოდა, მას 50-წლიანი საადვოკატო გამოცდილება აქვს.

_ აქ მოვედი, რათა მომესმინა, რისთვის არიან დაკავებულნი ჩემი კოლეგები, _ თქვა მან, _ წაყენებულ ბრალს გავეცანი და მინდა გითხრათ, რომ აღშფოთებული ვარ, გული მტკივა, როცა დღეს მსგავს ინფორმაციას ვისმენ.

50 წელიწადია, ამ საქმეს ვემსახურები, რა არ მინახავს, მაგრამ ახლა დრო შეიცვალა, ინსტიტუტებს დიდ პატივს სცემენ ყველგან, ჩვენთან კი არაფერი იცვლება. დღეს დაპატიმრებული არიან ჩვენი კოლეგა ქალბატონები, რომლებიც უკვე პენსიონრები არიან. ასე არ შეიძლება. დავდგები იქ, სადაც სიმართლეა.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here