Home რუბრიკები პოლიტიკა ვასილ ჭიჭინაძე: ერთხელ და სამუდამოდ ნამდვილი, ობიექტური სახალხო გამოკითხვით უნდა გადაწყდეს, გვინდა...

ვასილ ჭიჭინაძე: ერთხელ და სამუდამოდ ნამდვილი, ობიექტური სახალხო გამოკითხვით უნდა გადაწყდეს, გვინდა თუ არა ნატო

582

დასავლეთში მიმდინარე ძირეული პოლიტიკური გარდაქმნების მიუხედავად საქართველოს ხელისუფლება ცალსახა პროდასავლურ კურსს განუხრელად ინარჩუნებს. ნატოსა და ევროკავშირში შესვლა ისევ ნომერ პირველ ამოცანად რჩება. სოციოლოგიური კვლევები კი ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ ხალხში ანტიდასავლური განწყობა დღითიდღე იზრდება. საზოგადოება ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებს და სახელმწიფოს მომავალს აღნიშნულ სტრუქტურებში ვერ ხედავს.

უნდა შეიცვალოს თუ არა ძირეულად საქართველოს საგარეო პოლიტიკა, კონკრეტულად რა ცვლილებებია საჭირო და აუცილებელია თუ არა ხელახალი საყოველთაო რეფერენდუმი ნატოში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით, აღნიშნულ საკითხებზე „საქართველო და მსოფლიომ“ კომენტარი დიპლომატ ვასილ ჭიჭინაძეს სთხოვა.

ვასილ ჭიჭინაძე:- იმ ცვლილებების ფონზე, რაც დღეს დასავლეთში მიმდინარეობს, სულ უფრო ხშირად მესმის შეფასებები, რომ საქართველომაც ადეკვატურად უნდა შეცვალოს საგარეო ორიენტირები. მე პირადად მსგავსი შეფასებები მაკვირვებს. სად აქვს საქართველოს ან საგარეო ან საშინაო პოლიტიკა, ვინმე რამეს გვეკითხება?! პრემიერი არაფერს წყვეტს და პარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტი ხომ საერთოდ ფორმალურად გვყავს. ვინ რა უნდა შეცვალოს ამ ქვეყანაში?!

ეს ერთი და მეორე, ჟივილ-ხივილი რომ ატეხეს ამ ვიზალიბერალიზაციის თემაზე, მოგვცეს და რა მერე? ვინმე ფიქრობს, რა მოჰყვება ამას?! ხალხი 3500 ევროს იხდიდა შენგენის ვიზის მისაღებად და გარბოდნენ ქვეყნიდან, ახლა რომ გაუხსენი კარები, დარჩება ვინმე?! რა უნდათ ამათ და რა უხარიათ, გაუგებარია. გეგონება, აშენდა ქვეყანა, აწი პრობლემები არ გვექნება.

_ რაც შეეხება ნატოს, დღეს ბევრი ფიქრობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს და მოსახლეობამ გადაწყვიტოს, უნდა თუ არა აღნიშნულ ალიანსში შესვლა. თქვენი აზრით, აუცილებელია თუ არა ეს რეფერენდუმი?

_ ის არჩევნები, რომლის პარალელურადაც თავის დროზე ნატოში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდა, ერთ-ერთ ყველაზე გაყალბებულ არჩევნებად შეფასდა. ამას ამბობდა მთელი მაშინდელი პოლიტიკური სპექტრი და მათ შორის ის სუბიექტებიც, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ხელახალი რეფერენდუმი აუცილებებლია და ერთხელ და სამუდამოდ ნამდვილი, ობიექტური სახალხო გამოკითხვით უნდა გადაწყდეს, გვინდა თუ არა ნატო. თუმცა არავინ ჩვენ იქ გვეპატიჟება და რა შედეგიც არ უნდა დაიდოს, ეს ბევრს არაფერს შეცვლის. უბრალოდ ჩვენთვის იქნება საბოლოოდ გარკვეული ეს საკითხი და ვიღაც-ვიღაცებს აღარ ექნებათ ამ თემით მანიპულირების საშუალება…

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here