Home რუბრიკები საზოგადოება ძლიერი ხანძრის შედეგად „ბავშვთა სამყაროს“ შენობა მთლიანად განადგურებულია

ძლიერი ხანძრის შედეგად „ბავშვთა სამყაროს“ შენობა მთლიანად განადგურებულია

502

დამწვარია ათეულობით მოვაჭრის სავაჭრო ინვენტარი და პროდუქცია. ადგილზე ჯერ კიდევ სამაშველო ბრიგადები მუშაობენ. ტერიტორია სამართალდამცავების მიერ კვლავ გადაკეტილია. „ბავშვთა სამყაროს“ მზიდმა კონსტრუქციამ დაზიანება მიიღო და ამჟამად შენობა ავარიულია, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა დავით გელაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს. 

როგორც დავით გელაშვილმა აღნიშნა, ხანძრის შესახებ ინფორმაცია 04:10 საათზე შევიდა, ხოლო პირველი დანაყოფი 3 წუთში მივიდა ადგილზე. მისივე თქმით, ცეცხლი თითქმის მთლიან შენობას ეკიდა.

„3 წუთში მოვიდა პირველი დანაყოფი, დადასტურდა ფაქტი, რომ იწვოდა „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე ღია სავაჭრო ფართი, 3 000 კვ. მეტრზე მეტი. ადგილზე მუშაობდა 31 სახანძრო დანაყოფი, თუმცა 5 წუთში, ხანძრის ქრობიდან ცეცხლი გავრცელდა „ბავშვთა სამყაროს“ მთლიან შენობაზე, რომლის ფართი 10 000 კვ. მეტრია, ხოლო ცეცხლის ქრობიდან 10-12 წუთში, 18 000 კვ.მეტრი ღია ცეცხლის ფართობი იწვოდა. ამ მომენტისათვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ცალკეული ობიექტების დამუშავება“, – განაცხადა დავით გელაშვილმა.

ადგილზე მისვლის შემდეგ ცეცხლი მთელ ტერიტორიაზე იყო გავრცელებული.

”ბავშვთა სამყაროს” მოვაჭრეების ნაწილის ვარაუდით, სავაჭრო ცენტრში ხანძარი განზრახ გააჩინეს. როგორც ისინი აცხადებენ, ცეცხლი რომ სპეციალურად არ გაეჩინათ, ის ყველგან ერთდროულად არ მოეკიდებოდა.  ”სპეციალურად გააჩინეს, ერთდროულად როგორ უნდა მოკიდებოდა ცეცხლი ყველაფერს? – გაუბედურებულია ხალხი”, – აცხადებენ მოვაჭრეები.  მათივე ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის აშენება უნდოდათ.

”მიზეზებზე არავინ საუბრობს. ვინ იტყვის რამეს? ვინ რას აგვინაზღაურებს? ვინ რას ჩამოგვაწერს? გათბობა ჩვენ არ გვქონდა და არაფერი, ვიყინებოდით იქ. დენი მაშინვე ითიშებოდა. როგორც კი ვამთავრებდით მუშაობას. ჯერ შუქები ქრებოდა და მერე გავდიოდით შენობიდან. იყო საუბარი, რომ აქ აშენება უნდოდათ რაღაცის. გაიჟღერა რომ “კარფურის” მსგავსი ცენტრი უნდა აშენებულიყო. კი ბატონო. აშენებულიყო, მაგრამ ჩვენ რას გვერჩოდნენ? – ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე”.  მოვაჭრეების განცხადებით, თითოეულ დაზარალებულს ათასობით ლარი აქვს ვალი.

“თითო ადამიანის უკან 10 და 15 კაცი დგას. ულუკმაპუროდ დავრჩით, ათი ათასობით ლარი გვაქვს ვალი. ეს ყველაფერი მოწყობილია! ჩამრთველით ითიშებოდა სინათლე 19.00 საათზე და როგორ გაჩნდა ხანძარი ღამის 2 საათზე? ამბობენ, რომ აუქიონზე იყო ტერიტორია გატანილი და გაიყიდა. ეთქვათ და დავტოვებდით ტერიტორიას, საქონელს მაინც გადავარჩენდით”, – აღნიშნავს კიდევ ერთი მოვაჭრე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ “ბავშვთა სამყაროში” ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

საქმე „სისხლის სამართლის კოდექსის“ 187-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. უწყებაში მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.  “ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ძლიერი ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მაშველთა 26 მანქანა მუშაობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ჯერჯერობით ვერ საუბრობენ, რამდენ კვადრატულ მეტრ ფართობზეა გავრცელებული ხანძარი, თუმცა არსებული ინფორმაციით, ცეცხლი მთელ შენობას უკიდია. „შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. წუთი-წუთზე ველოდებით ხანძრის ლოკალიზებას“, – განაცხადეს უწყებაში.  ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. “ბავშვთა სამყაროში” ცეცხლი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა.

დიდუბის რაიონის გამგებელი ვარაუდობს, რომ “ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალი „ფართო მასშტაბის“ იქნება. როგორც ირმა ზავრადაშვილმა ჟურნალისტებს “ბავშვთა სამყაროსთან” განუცხადა, სავარაუდოდ, ზარალის ანაზღაურება მხოლოდ გამგეობის ბიუჯეტიდან რთული იქნება.

„პოლიცია აქაა, ყველა აქაა. ალბათ, გაარკვევენ, რა იყო მიზეზი. იმედს ვიტოვებ, რომ დაზღვევა არსებობს. ანაზღაურებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, ჯერ ცეცხლი უნდა ჩავაქროთ და მოხდეს ხანძრის ლოკალიზება, დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ. გამგეობის მასშტაბებს ეს აღემატება. ეს უფრო ფართო მასშტაბის პრობლემაა, რადგან ძალიან დიდი ცეცხლია“, – განაცხადა დიდუბის გამგებელმა.

ადგილზე მაშველთა 26 მანქანა მუშაობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ჯერჯერობით ვერ საუბრობენ, რამდენ კვადრატულ მეტრ ფართობზეა გავრცელებული ხანძარი, თუმცა არსებული ინფორმაციით, ცეცხლი მთელ შენობას უკიდია.

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სამომავლოდ ერთგვარი ვალდებულებაც კი უნდა იყოს სავაჭრო ცენტრების, ბაზრობების აუცილებელი დაზღვევა.

კახა კალაძის განცხადებით, პირველ რიგში აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება და მიზეზები გაირკვეს.  „ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, ძალიან დამთრგუნველია ის ყველაფერი, რაც ვიხილეთ. შევდივარ იმ ადამიანების მდგომარეობაში, ძალიან მძიმეა ეს მათთვის. პირველ რიგში აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება, უნდა გაირკვეს მიზეზები. სამომავლოდ მე ვფიქრობ, ერთგვარი ვალდებულებაც კი უნდა იყოს სავაჭრო ცენტრების, ბაზრობების აუცილებელი დაზღვევა. ვფიქრობ, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და ეს უნდა იყოს კატეგორიული მოთხოვნა, გამკაცრებული უნდა იყოს ამ მიმართულებით მიდგომები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here