Home რუბრიკები საზოგადოება ლიმონის კულტურა და მისი მოვლა

ლიმონის კულტურა და მისი მოვლა

10937

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და გაზეთსაქართველო და მსოფლიოსერთობლივი პროექტი

რუბრიკას უძღვება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი.

ლიმონი (Citrus Limon) ყველგან ითვლება ძვირფასი სამკურნალო თვისებების ნაყოფად. სხვა ციტრუსოვნებთან შედარებით მდიდარია ვიტამინით და ორგანული მჟავებით. მარადმწვანე საშუალო ზომის მცენარეა. ტროპიკული ჰავის პირობებში წარმოშობის გამო მას საზამთრო შესვენების პერიოდი არ აქვს. ხელსაყრელ გარემოში მთელი წლის განმავლობაში შეუძლია აქტიური ვეგეტაცია, ყვავილობა, ნაყოფის მომწიფება.

ლიმონი ციტრუსოვნებს შორის ყველაზე ნაკლებად უძლებს ყინვას. ახალგაზრდა ყლორტები, ყვავილი და ნაყოფი მინუს 2-3 გრადუს ტემპერატურაზე, ხოლო ფოთლები და ერთწლიანი ტოტები მინუს 5-6-ზე იღუპება. კანი, ზომიერად სქელი ან თხელი, მომწიფებისას ყვითლდება, რბილობი ნაზი აქვს, უხვწვნიანი, გემო _ სასიამოვნო, წილაკი _ 9-12 ცალი, თესლი _ მრავალი. რბილობის ქიმიური შედგენილობა: შაქარი _ 1,7%, მჟავიანობა _ 6-7%, წყალი _ 87,5%.

ვეგეტაციურად ნამრავლი მცენარეები (დამყნილი და კალმით გამრავლებული) დათესლთან შედარებით ადრე იწყებს მსხმოიარობას. მყნობით მიღებული ნერგები პირველ ნაყოფს IV-V წელს იძლევა, ხოლო სრულ მსხმოიარობას ლიმონი მე-8 წელს იწყებს. თესლით ნამრავლი მცენარეები მსხმოიარობას მე-10 წელს იწყებს.

ლიმონის ხეების სიცოცხლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პირობებზე _ კლიმატზე, საძირეზე, აგროტექნიკასა და სხვა ფაქტორებზე, მაგრამ მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა, ნორმალური აგროტექნიკური მოვლის პირობებში, 80-100 წლამდეა უზრუნველყოფილი, ლიმონის მოსავლიანობა 45 წლამდე იმატებს, ხოლო შემდეგ იკლებს.

ლიმონი უნდა მოიკრიფოს მაშინ, როდესაც ნაყოფი მიიღებს ღია მწვანე შეფერილობას, ოდნავ გაყვითლდება და მიაღწევს სტანდარტულ სიდიდეს ე. ი. 4-6 სმ-ის დიამეტრს.

მომწიფებული ნაყოფი შეიძლება შერჩევით მოიკრიფოს ან მთლიანად. კრეფა წარმოებს სეკატორით და ნაყოფი უნდა ჩაიდოს სპეციალურ ყუთში. კრეფა უნდა აწარმოონ მშრალ ამინდში, ფრთხილად, კანის დაზიანების გარეშე. ახარისხებენ ზომების მიხედვით.

* ყინვისგან დაცვის ღონისძიებებს ყოფენ ორ ჯგუფად: არაპირდაპირ და პირდაპირ ღონისძიებებად. არაპირდაპირს მიეკუთვნება ყველა ის ღონისძიება, რომლებიც მიმართულია მცენარეთა ყინვაგამძლეობის უნარის მომატებისკენ, მაგალითად, კულტურების სწორი დარაიონება და ადგილის მოძებნა, გართხმული ფორმის გამოყენება, შემჭიდროებული ნარგავები, ყინვაგამძლე საძირეზე მყნობა, საშემოდგომო სიდერატების თესვა, დამულჩვა, მორწყვა, ზრდის პროცესების რეგულირება, ნაზარდების წაჩქმეტა, მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა და სხვ. ყინვისგან დაცვის პირდაპირ ღონისძიებებს წარმოადგენს საზამთროდ მიწის შემოყრა, ინდივიდუალური და ჯგუფური შეფუთვა და ღია გათბობა.

ლიმონის კულტურაზე მიწის შემოყრა შეიძლება ფესვის ყელიდან 30-35 სმ სიმაღლეზე 10 წლამდე, რომლის მნიშვნელობა არის ის, რომ მკაცრი ყინვებისას შეიძლება დაიღუპოს მიწის ზევით დარჩენილი მცენარის ნაწილი, ხოლო მიწით დაფარული ნაწილი დარჩეს დაუზიანებელი, რომლისგანაც შესაძლებელია მცენარის სწრაფი აღდგენა.

* მიწის შემოყრა წარმოებს ნოემბრის მეორე ნახევარში, არაუგვიანეს 1 დეკემბრისა. ამისათვის მცენარეს უნდა გაუკეთდეს დეზინფექცია 3%-იანი ბორდოს ხსნარით. შემოსაყრელი მიწა უნდა იყოს სუფთა, ზომიერად ტენიანი. მიწის შემოცლა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 1 აპრილისა.

ლიმონი ოთახის პირობებში

ლიმონი მეტად სუსტი ყინვაგამძლე მცენარეა, მაგრამ, თუ ოთახის პირობებში მის მოვლა-მოყვანას შევისწავლით, კარგ მოსავალს მივიღებთ (20-35 ცალს ძირიდან) და, როგორც იაპონელმა მეცნიერ-ფსიქოლოგებმა დაადგინეს, ოთახში არა მხოლოდ სასიამოვნო სუნი დადგება, არამედ ის ხელს შეუწყობს ატმოსფეროს გაჯანსაღებას. ფიტონციდები კი მრავალი დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს მოსპობს.

ლიმონის საოთახე კულტურისათვის ზოგიერთი მკვლევარი ირჩევს თესლნერგს ან კალმების დაფესვიანებით მიღებულ ნერგებს. როგორც ცნობილია, თესლნერგი გვიან (10-12 წელი) ისხამს ნაყოფს, აგრეთვე, უმეტეს შემთხვევაში ვერ იძლევა ისეთ ნაყოფს, როგორიც გვსურს, ამიტომ საოთახო კულტურისათვის უმჯობესია ლიმონის ნერგების კალმების დაფესვიანებით გამოყვანა. შერჩეული ჯიშისათვის უნდა იყოს დამახასიათებელი კომპაქტური, კარგად შეფოთლილი ვარჯი, ზრდის შედარებით დაბალი ენერგია. კასრებში ლიმონის დასარგავად რეკომენდებულია 50% ბაღის მიწა, 25% ნეშომპალა (გადამწვარი ნაკელი) და 25% ქვიშის ნაზავი.

ნერგი უნდა ჩაირგას დაახლოებით 30 სმ სიმაღლისა და 30 სმ სიგანის ჭურჭელში, რომელსაც უკეთებენ 4-5 ერთეულ 5 მმ-იან ნახვრეტს. დარგვის შემდეგ უნდა დაისვას ჭიგო და აიკრას. ჭურჭლის ზომა და მოცულობა იცვლება მცენარის ხნოვანების მიხედვით, 6-8-წლიანი ნერგებისთვის საჭიროა 40X55 სმ ჭურჭელი, რომელიც შეიძლება იყოს თიხის, ხის, ლითონის, პლასტმასის. მცენარის ტენით უზრუნველსაყოფად აუცილებელია მორწყვა საჭიროების მიხედვით, ასევე ჰაერაცია, ამიტომ ოთახში აუცილებელია ჰაერის შეფარდებითი ტენიანობის ამაღლება.

დადგენილია, რომ ერთი ნაყოფის წარმოსაქმნელად 8-10 ფიზიოლოგიურად აქტიური ფოთოლია საჭირო. თუ ეს ასე არ არის, იმ წელს ლიმონი ნაყოფს არ იძლევა _ საკვები ნივთიერებების უკმარისობის გამო ყვავილები და ნასკვები არ ვითარდება და ცვივა.

* გადარგული მცენარე პირველ ხუთ დღეს უნდა დაიდგას ჩრდილში, შემდეგ მოირწყას. მორწყვა უნდა ჩატარდეს 2-3 დღეში ერთხელ, სასურველია დაწვიმებით, საღამოს ან ადრე დილით.

* ნერგების პირველი გასხვლა უნდა მოხდეს 20-25 სმის სიმაღლეზე, რის შემდეგაც მცენარე გამოიღებს პირველი რიგის 3-5 ტოტს. მასზე ჩნდება მეორე რიგის ყლორტები და . . მეოთხე რიგის ყლორტებზე უკვე ნაყოფი წარმოიქმნება. პირველი, მეორე და მესამე რიგის ყლორტები ისხვლება 20-25 სმ სიგრძეზე და ამით, ძირითადად ვარჯის ფორმირება დამთავრებულია. გასხვლას აწარმოებენ ადრე გაზაფხულზე, ვეგეტაციის დაწყების წინ.

* ნიადაგის გასანოყიერებლად საჭიროა ორგანული სასუქები _ გადამწვარი ნაკელი, ნეშომპალა. მინერალური სასუქები, სჯობს, შეტანილ იქნას ხსნარის სახით: ერთ მცენარეზე ერთი სუფრის კოვზი აზოტი, ერთი ჩაის კოვზი კალიუმის მარილი, ორი სუფრის კოვზი ფოსფორი. სასუქების შეტანა უნდა მოხდეს გაზაფხულზე, გასხვლის შემდეგ, ვეგეტაციის დაწყებამდე და მეორე ვეგეტაციის დაწყების წინ (ივლისი). გასხვლისა და განოყიერების შემდეგ საჭიროა ნიადაგის ზედაპირის გაფხვიერება, რომელიც უნდა განმეორდეს გაზაფხულის პერიოდში რამდენიმეჯერ, ისე, რომ ნიადაგის ზედაპირს არ ჰქონდეს ქერქი.

* გაზაფხულზე, როცა ჰაერის ტემპერატურა პლუს 10 გრადუსზე ზევით აიწევს, მცენარე გარეთ უნდა გავიტანოთ, რამდენიმე დღეს უნდა მოვარიდოთ მზის პირდაპირ დასხივებას. მცენარეების ოთახის პირობებში შეტანა უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც ჰაერის ტემპერატურა პლუს 10 გრადუსია და იწევს დაბლა.

* თუ მცენარეს გაუჩნდა მავნებლები, წამლობა უნდა ჩაუტარდეს. 10 გრამი საპონი უნდა გაიხსნას 1 ლიტრ წყალში და გაიწმინდოს მცენარე რბილი ნაჭრით. წამლობა ტარდება ყვავილობამდე და გამონასკვის შემდეგ. ნაყოფის გამონასკვის შემდეგ კარგ შედეგს იძლევა ბორდოს ხსნარით შეწამვლა.

* ოთახის პირობებში კარგ მოსავალს იძლევა ლიმონის შემდეგი ჯიშები: “ქართული”, “მეიერი”, “ვილაფრანკა”.

ახალგაზრდა მცენარეების ზრდა-განვითარება, მსხმოიარობა, აგრეთვე, ყინვაგამძლეობა დიდად არის დამოკიდებული მწკრივთაშორისებში ნიადაგის მოვლის ხერხებზე.

* მწკრივთაშორისებში მრავალწლიანი ბალახების თესვა რეკომენდებულია მანამ, სანამ ნარგავები ხუთი წლისა გახდება.

წითელმიწა ნიადაგებზე ახალგაზრდა ნარგავების მოვლის ძირითადი ღონისძიებებია:

1. მწკრივთაშორისებში ნიადაგის მოვლის ხერხების დიფერენცირებულად გამოყენება პლანტაციის ადგილმდებარეობის, რელიეფისა და ნიადაგური პირობების გათვალისწინებით;

2. ნიადაგის დამულჩვა (ტორფი, მწვანე ორგანული მასა) შავი პოლიეთილენის აფსკით, ტოლით ან რეზინის საფარით;

3. ფერდობებზე გაშენებულ ახალგაზრდა ბაღებში ნიადაგის ეროზიასთან საბრძოლველად და ნაყოფიერების ასამაღლებლად მიზანშეწონილია მრავალწლიანი ბალახნარევების, მარცვლოვან-პარკოსანთა თესვა. ამასთანავე, მცენარეებზე ბალახების უარყოფითი გავლენის შესამცირებლად საჭიროა:

_ ზედმეტად დასარევლიანებულ ბაღებში, მრავალწლიანი ბალახებისა და სიდერატების ჩაბარვა;

_ დამულჩვისა და ბალახთესლიან სიდერატებზე ან ანეულზე გადასვლისას ნიადაგის დამუშავება მცენარეთა ფესვთა სისტემის განლაგების გათვალისწინებით.

ლიმონის კულტურის ნიადაგის განოყიერება

ლიმონი უხვად მსხმოიარე მცენარეებს მიეკუთვნება. ის ერთსა და იმავე ნაკვეთზე დიდხანს იზრდება. ყოველწლიურად მოსავალთან ერთად ნიადაგიდან გამოაქვს საკმაო რაოდენობის საკვები ნივთიერებები და აღარიბებს მას.

განოყიერებაში ცალკეული საკვები ნივთიერებების როლის შესაფასებლად დიდი მნიშვნელობა აქვს ელემენტის იმ რაოდენობის ცოდნას, რომელსაც გამოიტანს მცენარე ნიადაგიდან მოსავლის სახით. მაშასადამე, ნაყოფის მიერ ნიადაგის ასეთი გაღარიბება უნდა შეივსოს მათი განოყიერების საფუძველზე.

აზოტიანი სასუქები. ლიმონის კულტურისთვის აგროწესების მიხედვით საჭიროა ბაღში აზოტიანი სასუქების ყოველწლიური შეტანა – მისი წლოვანების, მოსავლის დონისა და ნიადაგის განოყიერების გათვალისწინებით. ნეშომპალა-კარბონატულ, ალუვიურ, გაეწრებულ, წითელმიწა, ყომრალ ნიადაგებზე გაშენებულ ბაღებში შეაქვთ:

1-3 წლამდე – 30-40 /მცენარეზე; 4-5 წლამდე – 60-80 /მცენარეზე; 6-8 წლამდე – 100-150 /მცენარეზე; 9 წელზე მეტი – 200-250 /მცენარეზე.

აზოტიანი სასუქების დასახელებული ნორმა ლიმონ “ქართულის” ყველა წლოვანების ბაღში 20-25 პროცენტით უნდა გადიდდეს.

ფოსფორიანი სასუქები. ფოსფორზე მცენარის მოთხოვნა დამოკიდებულია მის ბიოლოგიურ თავისებურებებზე, აზოტით კვების წყაროსა და ნიადაგში მის შემცველობაზე, რომლის გარეშე არც ერთ ცოცხალ უჯრედს არსებობა არ შეუძლია. ფოსფორის დეფიციტის პირობებში მკვეთრად მცირდება ან საერთოდ ჩერდება რეპროდუქციული ორგანოების წარმოქმნა.

კალიუმიანი სასუქები. კალიუმი მნიშვნელოვანი რაოდენობით შედის ნაყოფში და ვეგეტატიურ ორგანოებში. ამ ელემენტის სიმცირის შემთხვევაში მცენარეებს უვითარდება წვრილი ფოთლები, რომლებზეც შეინიშნება კალიუმის სიმცირის სიმპტომი – “კიდეების სიდამწვრე”. ნაყოფები წვრილია, თხელი და სრიალა კანით, მუქი ფერის ლაქებით. კალიუმით შიმშილის დროს კიდევ უფრო ძლიერდება ეს სიმპტომები, რომელთა გამოც მინიმუმამდე ეცემა მათი მოსავალი და უარესდება ნაყოფის ხარისხი.

ორგანული სასუქები. ლიმონის კულტურის განოყიერების სისტემაში პირველი ადგილი უკავია ორგანულ სასუქებს. ნიადაგში ორგანული ნივთიერებების სიმცირისას ხდება ყვავილებისა და ნასკვების ინტენსიურ ჩამოცვენა. ორგანულ სასუქად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მისი ყველა ფორმა: ნაკელი, ბიოჰუმუსი, ტორფკომპოსტები, ტორფფეკალური კომპოსტები და სხვა, რომელთა ნორმები იცვლება მცენარის წლოვანებისა და ნიადაგის ნაყოფიერების მიხედვით.

რეზო ჯაბნიძე,

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი

1 COMMENT

  1. ქოთნის ლიმონი შემოდგომაზე რომ ამოვიღო ფესვები დაბიფერთხო და გავუსხლა …ახალნიადაგში ჩავრგო თუ შეიძლება და რა ტიპის ნიადაგი გამოვიყენო მადლობა ….

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here