Home რუბრიკები სამართალი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 4 კანდიდატურა განიხილება, რომელთა შორისაც 3 უმრავლესობის წევრია

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 4 კანდიდატურა განიხილება, რომელთა შორისაც 3 უმრავლესობის წევრია

617

საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურას 23 იანვარს წარადგენს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა, მმართველი გუნდი აღნიშნულ პოსტზე 4 კანდიდატურას განიხილავს, რომელთაგან სამი საპარლამენტო უმრავლესობის წევრია. ამასთან, მდინარაძე ადასტურებს, რომ ერთ-ერთი მათგანი მანანა კობახიძეა.

„ჩვენ ორშაბათს დილით, ბიუროს სხდომამდე კანდიდატურის წარდგენას ვაპირებთ. 4 კანდიდატზე ვმსჯელობთ, რომელთაგან ერთი უნდა ამოვარჩიოთ. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მათ შორის, მანანა კობახიძეზე არის საუბარი. კიდევ ორი ამ ოთხიდან არის უმრავლესობის წევრი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე ღირსეულ კანდიდატურას წარვადგენთ და მისი საქმიანობა იქნება ნაყოფიერი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის ერთი თანამდებობა, რომელზეც კანდიდატურა პარლამენტმა უნდა წარადგინოს, სექტემბრიდან ვაკანტურია. წარდგენის ვადა და ამ თვალსაზრისით ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონით დადგენილი ნორმა კანონმდებლებმა დაარღვიეს, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრის გამწესება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს ერთი თვისა და არაუგვიანეს ათი დღისა უნდა მოხდეს. პარლამენტის კვოტით საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here