Home რუბრიკები საზოგადოება პოლიციური წყობა, ანუ ჭიდაობას რა უნდა

პოლიციური წყობა, ანუ ჭიდაობას რა უნდა

695

უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს ძალისმიერი სპორტის ფედერაციის გაკონტროლებას (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) და სწორედ ამიტომ ფედერაციის პრეზიდენტები ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად იცვლებიან. თუ ცვლილება ნებით არ განხორციელდა, ლელო ძალით გააქვთ და შემდეგ ბრტყელბრტყელი სიტყვები გვესმის, გაიმარჯვა ჭიდაობის ოჯახმა, ყველა ერთად ვიქნებით დაარც ყველაა ერთად და ახალმოსულმაც იცის, რომ სათავეში მანამ იქნება, სანამ მისი მომყვანი ხელისუფლება არ წავა.

ბოლო მაგალითი ავიღოთ. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები ახალ წლამდე ცოტა ხნით ადრე გაიმართა. წესითა და რიგით, მოქმედ პრეზიდენტს, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ მანუჩარ კვირკველიას არაფერი უნდა დამუქრებოდა, რადგან მის ხელში ჭიდაობაში მსოფლიოსა და ევროპის ოქროებიც მოვიპოვეთ, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა რიოს ოლიმპიადიდან წამოიღო ოქრო და… სწორედ ამით ფასდება პრეზიდენტის მოღვაწეობა, მაგრამ ნურას უკაცრავად _ კვირკველია გეგა გეგეშიძემ შეცვალა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში სპორტის მიმართულებით მუშაობდა, ანუ ძალოვან სტრუქტურაში სპორტი ებარა. ისიც ვთქვათ, რომ გეგა გეგეშიძის ძმა ვლადიმერ გეგეშიძე კორცხელის (და არამხოლოდ) ინციდენტის ერთ-ერთი “გმირი” იყო.

და მაინც _ რა ხიბლი აქვს ჭიდაობის, ძიუდოს ან რაგბის ფედერაციის პრეზიდენტობას?! ეს “ხიბლი” წინა ხელისუფლებამ დაამკვიდრა და, თუ ვინმე შეგვედავება, სახელებითა და გვარებით ვეტყვით: წინა ხელისუფლების პირობებში მოქმედი თუ ვეტერანი სპორტსმენების უმრავლესობა, ზონდერჯგუფების წარმომადგენელი იყო და მშვიდობიანი მიტინგების დარბევაში აქტიურად მონაწილეობდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ თითქოს ეს ტენდენცია გაქრა, მაგრამ მოქმედ ხელისუფლებას ისე ეშინია (სხვა სახელს ვერ დავარქმევთ) იმის, რომ სპორტსმენები, შესაძლოა, კონტროლიდან გავიდნენ და სხვა მხარეს დადგნენ, რომ მაქსიმალურად ცდილობს, ისინი ჩარჩოებში მოაქციოს და ასეც არის. მოჭიდავეები უკვე ამბობენ, რომ გეგეშიძემ ჭიდაობის ფედერაციაში დიქტატურა დაამყარა და, სამწუხაროდ, ამის შესახებ საჯაროდ არ საუბრობენ ის ვეტერანი სპორტსმენები, რომელთა მხრებზეც ყველა ქარტეხილმა გადაიარა. არ საუბრობენ იმიტომ, რომ ჭიდაობის პრეზიდიუმიდან მოიშორებენ და ულუკმაპუროდ დატოვებენ, ისე, როგორც დატოვეს, ჩვენი აზრით, ყველა დროის საუკეთესო ქართველი ფალავანი, ჭიდაობის მსოფლიო ლეგენდა ლევან თედიაშვილი.

ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ არაერთი ქართველი მოჭიდავე საზღვარგარეთ მიდის და ბედს იქ ეძებს. თუნდაც ის რად ღირს, რომ იმავე რიოს ოლიმპიადაზე, თავისუფალ ჭიდაობაში სომხეთის ნაკრებს ოთხი საგზური ჰქონდა და… ოთხივე ქართველის მოპოვებული იყო. სომხეთის ღირსება ლევან ბერიანიძემ, გიორგი ქეთიშვილმა, ვალერი ყაზიშვილმა და ასლან კახიძემ დაიცვეს. რუსეთის სახელით იჭიდავა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმიპურმა ჩემპიონმა დავით ჩაკვეტაძემ. ქართველებმა იჭიდავეს უკრაინის ნაკრებშიც, მაგრამ არის ერთი საინტერესო დეტალი _ პოსტსაბჭოთა სივრცეში წასულ ქართველებს გვარების გადაკეთებას არ აიძულებენ, სხვა ქვეყნებში კი გვარ-სახელებს უცვლიან. უკვე წლებია, ასე გვარგადაკეთებული _ ილიას ილიადისის სახელით ჭიდაობს ჯარჯი ზვიადაური, ხოლო თურქეთის სახელით მოჭიდავე ბეკირ ოზლუ ჩვენი ბეთქილ შუკვანია. ის შუკვანი, 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადიდან რომ გამოიქცა, “ქართული ოცნებისმხარდაჭერის გამო ნაკრებში მდევნიანო, ბიძინა ივანიშვილმა რომ შეიფარა და არჩევნების შემდეგ მისი არსებობა, უბრალოდ, დაივიწყეს. ჰოდა, წავიდა ბიჭი ბედის საძიებლად აზერბაიჯანში, ახლა კი თურქეთშია. ჯარჯი ზვიადაური კი საერთოდ ორ ტატამიში გავცვალეთ და პირველი ძიუდოისტიც გახდა, რომელმაც ბერძნებს სპორტის ამ სახეობაში ოლიმპიური ოქრო მოუტანა.

სხვათა შორის, რუსულ ჭიდაობაში ქართულ გვარებს ხშირად შეხვდებით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მათი ნაკრების მთავარი მწვრთნელი გოგი კოღუაშვილია და სწორედ მისი ხელმძღვანელობით რამდენიმე წლის წინათ რუსეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე შვიდი წონიდან შვიდი ოქროს მედალი მოიპოვა; ჩვენთან კი სერიოზულად განიხილებოდა საკითხი, მწვრთნელად უცხოელი მოგვეწვია.

ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ რუსეთში ჭიდაობის სამყაროს ერთ-ერთ გავლენიან ფიგურად გურამ გედეხაური ითვლება. მსოფლიოს ჩემპიონი გედეხაური კარიერის დასრულების შემდეგ საქართველოდან წასვლას არ აპირებდა, 1993_94 წლებში ჭიდაობის ფედერაციასაც პრეზიდენტობდა, მაგრამ შემდეგ წასვლა აიძულეს, რუსეთში კი სიხარულით მიიღეს და ფედერაციაში მაღალი თანამდებობაც შესთავაზეს. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებამ მოისურვა გედეხაურის სამშობლოში დაბრუნება, მაგრამ მან პოლიტიკისა და სპორტის გამიჯვნის პირობა დააყენა და, რა თქმა უნდა, უარი მიიღო. უარი მიიღო ახლაც, როცა მეორედ შესთავაზეს სამშობლოში ჩამოსვლა, რადგან პოლიტიკაში ჩართვას კვლავ არ აპირებდა. გედეხაურის შვილები, სამწუხაროდ, რუსეთის სახელით ჭიდაობენ და უფროს ვაჟს მამაზე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ _ პატარა გედეხაურს ყველა ასაკობრივ ნაკრებში პრაქტიკულად ყველა ტიტული აქვს მოგებული.

“ლეკიანობა” საქართველოში კვლავ გრძელდება. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები არაერთ ნიჭიერ ბავშვს თავისთან ეპატიჟებიან და ისინიც ხშირად უარს არ ამბობენ. მიზეზი კი ის არის, რომ თავს დაჩაგრულად გრძნობენ, ნაკრებისკენ სვლას ვერ ახერხებენ და… ბარემ ისიც ვთქვათ, რაზეც ხმამაღლა არ საუბრობენ, მაგრამ ინფორმაცია საჯაროა და, თუ დაძებნით, მოიპოვებთ. მაგალითად, ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ახლა ინდოეთშია საჭიდაოდ წასული საკლუბო დონეზე. ის დღეს ყველაზე ძვირად ფასობს და ტურნირში მონაწილეობის სანაცვლოდ 70 ათასი დოლარიც ერგება, ამ თანხიდან 20 პროცენტი გადასახადებს მიაქვს, 10 პროცენტი _ მწვრთნელს, დანარჩენი კი ოფიციალურად მოჭიდავისაა, მაგრამ ეს ოფიციალურად; არაოფიციალურად კი, ამბობენ, რომ ვისაც არ ეზარება, ყველა წილში უზის მოჭიდავეებს და საჯილდაო ქვად ქცეული პრეზიდენტობის მიზეზი ესეც არის. თუ სხვებს დაავიწყდა, ჩვენ გვახსოვს, რომ თავის დროზე პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გამოწერილი 90-ათასლარიანი პრემია ძიუდოს ფედერაციამ “მოტეხა”, მაგრამ მერე სპორტსმენები აჯანყდნენ და ეს ყველაფერი მწვრთნელისა და ფედერაციის პრეზიდენტის გაშვება-გადადგომით დასრულდა, თუმცა… ახლა ერთი პარლამენტარია, მეორე _ ბიზნესმენი.

ფურცელზე ყველაფერი ისეა ჩაწიკწიკებული, მტერს შეშურდება, მაგრამ ფეხბურთის დარად, რეგიონებში სპორტის ეს სახეობა მკვდარია. ბავშვები ენთუზიაზმზეც კი ვეღარ ვარჯიშობენ, რადგან კვალიფიციური მწვრთნელების ხელფასი 200-დან 300 ლარამდეა, ამ თანხისთვის კი დღედაღამ დარბაზში ყოფნა, ცოტა არ იყოს, მოსაბეზრებელია. მით უმეტეს, რომ მაგალითები იმისა, როგორ ვერ ხვდებიან ის ბიჭები ნაკრებში, რომლებიც იმსახურებენ, თვალწინ აქვთ.

დაძველებმა თუ არა, ახლებმა მაინც რომ ისაუბრონ ერთხელ მაინც პრობლემებზე საჯაროდ, არა?!

ნიკოლოზ იაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here