Home რუბრიკები პოლიტიკა რუსეთი და ნატოს წევრი თურქეთი, რომლებიც შარშან ერთმანეთს ებრძოდნენ, ახლა ერთობლივ ავიადარტყმებს...

რუსეთი და ნატოს წევრი თურქეთი, რომლებიც შარშან ერთმანეთს ებრძოდნენ, ახლა ერთობლივ ავიადარტყმებს ახორციელებენ სირიაში

585

ცნობილი ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწის, ლორდი ჰენრი ჯონ ტემპლ პალმერსტონის მოსაზრება, რომ ქვეყანას არ ჰყავს მუდმივი მოკავშირეები ან მუდმივი მტრები, და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებია უცვლელი და მუდმივი, კიდევ ერთხელ დაადასტურა ორიოდე დღის წინათ სირიაში მომხდარმა:

რუსეთის და თურქეთის სამხედრო მფრინავებმა პირველი ერთობლივი ავიადარტყმები განახორციელეს სირიაში დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს” პოზიციებზე.

რუსებმა და თურქებმა „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები დაბომბეს ქალაქ ელ-ბაბის გარეუბნებში, აგრეთვე, ალეპოს პროვინციაში, სადაც თურქეთმა სახმელეთო ბრძოლებში მძიმე დანაკლისი განიცადა გასულ თვეს.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“, რომელიც თურქეთის სამხედროების ციტირებს, წერს, რომ რუსეთმა განახორციელა საჰაერო დარტყმები „თურქეთთან კოორდინირებით“. ალ-ბაბი, რომელიც თურქეთის საზღვრიდან დაახლოებით 20 კილომეტრში მდებარეობს, თურქეთის მთავარი სამიზნეა ბოლო 5 თვის განმავლობაში. თურქული სამხედრო კამპანიის მიზანია, განდევნოს ტერიტორიიდან როგორც „ისლამური სახელმწიფო“, ისე ქურთული ძალები.

ამ ფონზე ბრიტანული  “ბი-ბი-სი“ სვამს რიტორიკულ შეკითხვას _ რუსეთი და თურქეთი საჰაერო სივრცეში ერთმანეთს არ ებრძოდნენ ერთი წლის წინათ? – რასაც თვითონვე პასუხობს _ დიახ, თურქეთის ავიაგამანადგურებელმა რუსული „სუ-24“ -ის ტიპის ბომბდმაშენი 2015 წლის 24 ნოემბერს სირიის საზღვართან ჩამოაგდო, ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა, მეორის გადარჩენა კი მოხერხდა.

ეს შეჯახება რუსეთსა და ნატოს წევრ ქვეყანას შორის კრიზისის გამომწვევის მიზეზი შეიქნა. მოსკოვმა ანკარას ეკონომიკური სანქციები დაუწესა, რამაც თურქეთის ეკონომიკა დააზარალა. ეს კი მხოლოს მას შემდეგ დასრულდა, რაც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საჯაროდ გამოხატა სინანული მომხადრის გამო და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ბოდიშის წერილი გაუგზავნა, მოგვიანებით კი რუსეთში ჩავიდა და პუტინს  მეგობარი უწოდა. მას შემდეგ, ორმა ქვეყანამ არა მხოლოდ გააღრმავა ეკონომიკური კავშირები, არამედ კოორდინირებულად თანამშრონლობენ ერთად სირიაში, რათა ცეცხლის შეწყვეტის საბოლოო წერტილამდე მივიდნენ.

2016 წლის 29 დეკემბერს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაიჩივლა, რომ ელ-ბაბში თურქეთის ოპერაციას მხარი არ დაუჭირა ნატომ. ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ თუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნები ანკარის მოკავშირეები არიან, მაშინ მათ თურქეთის დახმარებაზე უარი არ უნდა თქვან. თურქეთის ლიდერმა დასავლური კოალიცია აშშ-ის მეთაურობით “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

რამდენიმე დღის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთმა დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლა ნატოში წარგზავნილი პროდასავლელი ოფიცრები და მათ ადგილას დანიშნა სამხედროები, რომლებიც ლოიალურად არიან განწყობილნი რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მიმართ.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here