Home რუბრიკები პოლიტიკა კახა კალაძე: ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც არ ყვება პოპულიზმს

კახა კალაძე: ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც არ ყვება პოპულიზმს

503

საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მედიასთან საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებზე „გაზპრომის“, მის შესაძლო მერობასთან დაკავშირებით გაჩენილ ინფორმაციაზე, ოპონენტთა სახეცვლილებაზე, პრეზიდენტსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე.  

”ქვეყანაში მიმდინარე დინამიური და პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, გამარგინალებული და მოსახლეობაში არაპოპულარული პირები თუ ჯგუფები ძველი ინერციით მოქმედებენ და საკუთარი უსარგებლობის გადასაფარად ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს იყენებენ და დეზინფორმაციულ ისტერიას აწყობენ. წესით დღეს ბრიფინგს არ უნდა ვატარებდე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მოსახლეობის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მთავრობამ რაციონალური და სწორი ნაბიჯები გადადგა „გაზპრომთან“ მიმართებაში. არა ვიწრო პოლიტიკური ინტერესების ჯგუფებისთვის, არამედ ჩვენი მოსახლეობისთვის კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო ამ მოლაპარაკებების შედეგი. ამ მოლაპარაკებებით ჩვენ შევინარჩუნეთ ენერგოდამოუკიდებლობის იგივე ხარისხი, ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია რეგიონში და სტაბილური განვითარება, შეიცვალა მხოლოდ გადახდის ფორმა, სწორედ ესაა ფაქტი, არც მეტი, არც ნაკლები, ჩვენ ეს მოსახლეობას პირველივე დღეს ვაცნობეთ და ამაზე პოპულისტური ქულების დაწერა ისტერიისა და პოლიტიკური დემაგოგიის ნაწილია”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მინისტრის მტკიცებით, შეთანხმების შესახებ სრული ინფორმაცია გავრცელდა მედიის საშუალებით, შედგა კომუნიკაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, გაიმართა შეხვედრები ექსპერტებთან და არასამთავრობოებთან.

”ძალიან სამწუხაროა, რომ გვიწევს ცალკეული პოლიტიკოსების თუ პოლიტიკური ჯგუფების მათთან ასოცირებილი ორგანიზაციების საზოგადოებისგან გამიჯვნა და მათთვის განმარტებების გაკეთება. ეს არ არის ახალი, თუ როგორ იყენებენ მსგავს თემებს და ამით რისკის ქვეშ აყენებენ ქვეყნის სტაბილურ განვითარებას”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მინისტრის თქმით, ნებისმიერ თემაზე აჟიოტაჟის ატეხვა ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ მიიქციონ ყურადღება, დაიწერონ პოლიტიკური ქულები, ან მიიღონ ბენეფიტები, მსგავსი პოპულისტური განცხადებებით.

კალაძე მიმართავს ყველა იმ პირს, ვინც ამ თემაზე აჟიოტაჟი ატეხა, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში ადგილის დამკვიდრება შესაძლებელია სასარგებლო საქმეებითაც.

”პოლიტიკური პოპულიზმის დრო წარსულს ჩაბარდა. თუ მოსახლეობის ნდობის და გვერდით დგომის მოპოვება გსურთ, ეს სხვა გზით უნდა გააკეთოთ და არა დესტრუქციული, აბსურდული ქმედებებით. იმედს ვიტოვებ, ეს ხარვეზი ისევ მოსახლეობის ჯანსაღი პოზიციით გამოსწორდება. ჩვენს გუნდს ძალიან კარგად აქვს გააზრებული პასუხისმგებლობა ქვეყნის შიგნით და მის ირგვლივ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც არ ყვება პოპულიზმს და გათვლილ, ქვეყნისთვის ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს იღებს, პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგების გათვალისწინებით”, – აღნიშნა კალაძემ.

ვიცე-პრემიერი მინისტრი კახა კალაძე მზად არის, უმრავლესობის დეპუტატების დაინტერესების შემთხვევაში, პარლამენტში მივიდეს.

კალაძე გამოეხმაურა „გაზპრომთან“ გაფორმებული შეთანხმების საკითხზე ”ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრების მოთხოვნას, მინისტრის პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით.

”ზოგადად, რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, ვინ არიან ეს ადამიანები? ისინი არიან ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები, ადამიანები, რომლებმაც 2008 წელს ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილი ჩააბარეს რუსეთს თავისი გაუაზრებელი პოლიტიკით და დღეს გამოდიან და ჩვენს ხელისუფლებაზე ამბობებნ, რომ გაფორმებული ხელშეკრულება არის ღალატი. აბსოლუტურად მიუღებელია ამ ადამიანების მხრიდან ეს განცხადებები. თუ უმრავლესობის დეპუტატებს ექნებათ სურვილი იმისა, რომ უფრო დეტალებში მიიღონ ინფორმაცია ამ კონკრეტულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, მე მზად ვარ მივიდე ჩემი გუნდით, მოადგილეებით და მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია”, – განაცხადა კალაძემ.

ვიცე-პრემიერი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის შესაძლოა თბილისის მერი გახდეს.

როგორც მინისტრმა განაცხადა, აღნიშნულ თემაზე გუნდში ჯერ მსჯელობა არ ყოფილა.

”გუნდში არ ყოფილა ამაზე მსჯელობა, ძალიან ბევრი საქმე გვაქვს არჩევნებამდე გასაკეთებელი და როცა ამის დრო დადგება, რა თქმა უნდა წარმოდგენილი იქნება კანდიდატი, რომელიც იქნება შერჩეული”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

„საკმარისად ვილაპარაკე პრეზიდენტზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისგან“, – 80 არასამთავრობო ორგანიზაცია კახა კალაძეს შეთანხმების გასაჯაროების მოთხოვნით მიმართავს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here