Home რუბრიკები საზოგადოება “სროკიც” რა პატარა ჰქონია…”

“სროკიც” რა პატარა ჰქონია…”

521

მოგესალმებით, ბატონო ბიძინა! საქმემ ისე მოიტანა, ამხელა კომბალი გვერდით გადავდე და კალამი ავიღე ხელში. ჰოდა, ყოველ კვირა მოგწერ ხოლმე წერილს. ყველაფერს მოგიყვები შეულამაზებლად, ისე, როგორც არის და არა ისე, როგორც გეუბნებიან. ვზივარ ახლა ჩემი ასწლოვანი ნაძვის ძირში და გწერ. არ გეწყინოს, ვერ გეტყვი, სად არის ეს ნაძვი, იმიტომ, რომ მეშინია, ეს ასწლოვანი ხე ბორბლებზე არ შეაყენო და შენს პარკში არ გადარგო. მე ხის გარეშე დავრჩები და ხალხსაც არ მოსწონს ეგ ამბები, ხეებს რომ დაატარებ აქეთიქით, თანაც ამაში მილიონებს იხდი. არა, მართალია, ბევრიხეგახვევია ირგვლივ, მაგრამ მაგათი შენახვა არ გიჯდება ძვირი და თანაც, სოფელს ერთიხეკი უნდაჰყავდეს”, “უხდება ნამეტნავად”… მაგრამ მხოლოდ ერთი!

ჯერ განათლების მინისტრზე გეტყვი, მე რომ მომდგა და ზარმაცი და უქნარა მიძახა. კი იცი შენ, არ ვარ პატარა, კომუნისტების პერიოდს მოვესწარი და მათ ერთი საინტერესო ჩვევა ჰქონდათ _ თანამდებობის პირებს, განათლების გარდა, გარეგნობითაც არჩევდნენ ხოლმე. ჰოდა, ეს შენი განათლების მინისტრი (არ მითხრა ახლა, ჩემი არ არისო), ხან დევს რომ ადარებენ და ხან _ მინიონებს და ხანაც _ სპანჩ-ბობს (ვეცნობი უცხო გმირებსაც, სხვაგვარად არ გამოდის), არ არის მაინცდამაინც ლამაზი, მაგრამ არც ისე უნდა მოიქცე, როგორც წინა მმართველი, რომელიც მკერდის ზომითა და უკანალის სიმრგვალით არჩევდა ხელისუფლების წარმომადგენლებს. მოკლედ, ეგ საკითხი ძალიან გაქვს არეული და დასახვეწია.

ახლა საქმეზე ვთქვათ: ფულის შოვნა არც ჩემგან გესწავლება და არც სხვისგან. ჰოდა, იმას ვერ მივხვდი, ეს ხელისუფლება ხალხის ხარჯზე რომ აპირებს ფულის შოვნას და ბიუჯეტის შევსებას, რატომ მოუწონე? არ მითხრა, შენი მოწონების გარეშე რამე ხდებოდეს ამ ქვეყანაში. საახალწლო სუფრაზე ხალხს, ინდაური და გოჭი კი არა, ერთი ცოცხალი მამალი ჰყავდათ და ოჯახიდან ოჯახში დაატარებდნენ, _ ეგებ სიკეთე დაგვებედოსო. შიმშილობს ხალხი, ბატონო ბიძინა, და ჩემს ცხვრებს გარეთ ახლა ნადირის კი არა, ხალხის შიშით ვერ ვუშვებ, არ დაიჭირონ და შემიჭამონ.

გიგი უგულავაზე უნდა გითხრა. ექსპერტობას რომ იბრალებენ, ის ადამიანები ამბობენ, შეგნებულად გამოაშვებინეს, _ იყიდა ბიძინამო. არ მჯერა მე მაგ ამბის. უფრო ის მგონია, ძველი შემადგენლოობა რომ დატოვეთ პროკურორ-მოსამართლეების, მაგის ბრალია ეგ, თორემ, თუ უგულავას ვერ უპოვეთ დანაშაული, სხვებს საერთოდ ვერ უპოვით. ცოდვა გამხელილი სჯობს და, ამბად გავიგე, ლელა კილაძეს უთქვამს ყოფილ ქმარზე, _ “სროკიც” რა პატარა ჰქონიაო… ისე, ნაციონალების ამბავი დიდად არ მწყინს, მეტის ღირსები არიან და, ერთმანეთს თუ დაჭამენ, არც ეგ მეწყინება. გაიგონ ერთმანეთის სისხლის გემო, მთელი ცხოვრება ხალხს რომ წოვდნენ სისხლს და ახლა რომ გვეუბნებიან, _ გვაპატიეთო. ეპატია კიდეც უგულავას, ასე ჩანს და რამდენიც უნდა ამტკიცონ ახლა, ყველაფერი რიგზეაო, ხალხი სხვას ფიქრობს, ბატონო ბიძინა. უნიათოებს უკვე, მხოლოდ ნაციონალები კი არა, ისინიც გეძახიან, 8 ოქტომბერს ყველაფერზე თვალი რომ დახუჭა და მაინც 41 შემოხაზა. უგულავამ ხომ გაიგონეთ, რა თქვა? პოლიტპატიმარი ვიყავი, პირადად ბიძინას პატიმარიომერე პარტია გაიხსენა, მომენატრა ეს ხალხიო, ოჯახი, შვილებიდედაც გაახსენდა ბოლოს უგულავასდედაც.

ცოტა ხანს თავი დავანებოთ ნაციონალებს და იმ მინისტრებს გადავხედოთ, შენი “ლიუბიმჩიკების” სტატუსი რომ აქვთ. დიმა ქუმსიშვილით დავიწყებ. ისეთი რამ არ უნდა თქვას კაცმა, მთელმა ერმა ჯერ რომ აგინოს და მერე დასცინოს (ან პირიქით). არადა, ეგ კაცი, ფინანსთა მინისტრობის გარდა, პირველი ვიცეპრემიერია და არაა ეგ პატარა თანამდებობა. არც ის არის ლამაზი, სესხი პრაქტიკულად აღარ მაქვს, სულ რაღაც, ორი ათასი დოლარი დამრჩა გადასახდელიო რომ გამოაცხადა. ეგ “სულ რაღაც” მოსახლეობის ძირითადი ნაწილის წლიური შემოსავალია და ნერვებზე იშლება ხალხი.

 ხალხი იმაზეც გაბრაზდა, ენძელა მაჭავარიანი პარლამენტის წევრად რომ აქციეთ და ერთგვარი ტრამპლინი გახდა “ჯი-დი-ეს-ის” პროდიუსერობა _ ენძელა პარლამენტში წავიდა, ვასიკო მაღლაფერიძე _ საზოგადოებრივი მაუწყებლის შეფად. არადა, თუ მეხსიერება არ მღალატობს, ეგ ის ვასიკოა, შევარდნაძეს რომ უკმევდა საკმეველს, მერე სააკაშვილს რომ უკმევდა… ჟვანიასაც უკმევდა, ოღონდ საკმეველს კი არა, სხვა რამეს და ახლა… რა კმევა იცის ასეთი ვასიკო მაღლაფერიძემ, არსად რომ არ დაიკარგა და ექვსი წელი, სულ ცოტა, ხუთი ათასი ლარი ხელფასი უნდა ჰქონდეს?.. ეგეც ჩვენს ხარჯზე. მანამ არ გეტკინოთ არაფერი, სანამ მაგან საზოგადოებრივი მაუწყებელი წამყვან ტელევიზიად აქციოს, არ გამოვა ეგ ამბავი რამდენიმე მიზეზის გამო და ეგ მიზეზები თქვენ ჩემზე უკეთ უნდა იცოდეთ.

აგერ ახლა, ლევან გაჩეჩილაძის შვილმა ნიკა გვარამიაზე გაიწია და რესტორანში უბრახუნა. მოსალოდნელი იყო, გაჩეჩილაძეები რომ გათავხედდებოდნენ, ვალში ხართ მაგათთან. რომელ ვალში? ფარშად რომ აქციეთმაესტრო”, მერე კოტლეტებად რომ შეწვით და გარნირადგრეჩიხამოაყარეთ, სწორედ მაშინ დაიდეთ გაჩეჩილაძეების ვალი და ერთი ხელის აქნევა უნდათ ხოლმე მაგ ძმებს, თავი ერის მამებად რომ წარმოიდგინონ, ეროვნულ დროშაზე ირბინონ და მერე, ვინმე თუ ეტყვის ტელევიზიით, “პაშოლ ნა იო”, გაოცებისგან პირი დააღონ, ეს როგორ გაგვიბედესო. ისიც არ გეცოდინებათ თქვენ, კანცელარიაში მთავრობის წევრები უფრო იშვიათად რომ დადიან, ვიდრე გაჩეჩილაძეები, რომლებიც პრემიერთან ჭუკჭუკებენ ხოლმე, იმ პრემიერთან, თქვენ რომ გვითხარით, კარგად უნდა ჩავეჭიდოთ, არ გაგვექცეს-თქო. არადა, არ ამართლებს ეს ჩაჭიდება ჩვენში, რამდენჯერაც ვინმეს ჩავეჭიდეთ, ბოლოს იმ “ხეებიდან” ერთ-ერთი შეგვრჩა, თქვენ რომ გახვევიათ ახლა ირგვლივ და, საზოგადოდ, ყველა ხელისუფლებას რომ ახვევია თუ უკეთია ბანტად.

მეორე მხრივ, არ იყო გვარამიას ცემა შემთხვევითი. არ გამიკვირდებოდა, სხვას რომ გაეწია მასზე და გაეწია იმიტომ, რომ დაპირებული სამართლიანობის აღდგენა არ ჩანს. მუნიციპალიტეტების დონეზეც კი ვერ დალაგდა სიტუაცია, ისევ ნაციონალებს მიჰყავთ აღლუმი და რომელ სამართლიანობის აღდგენაზეა საუბარი, როცა 2012 წელს ზურაბ ალავიძემ, ახლა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად რომ დანიშნეთ, ნაციონალების ყულაბაში 35 ათასი ლარი ჩააჩხრიალა?! ეს ის წელია, როცა საქართველო ორად გაიყო და ერთი ნაწილი თქვენს მხარეს დადგა, თქვენ დაგიჯერათ, მეორე ნაწილმა კი გადაწყვიტა, საფლავში ჩაჰყოლოდა ნაციონალებს. აკი გაუთხარა კიდეც ერმა საფლავი წინა ხელისუფლებას, მაგრამ თქვენ არ მიაყარეთ მიწა. ჰო, თქვენ და არა სხვამ და ეს არის ისეთივე ფაქტი, როგორიც ის, რომ მე ჯეჯელავას ჯინაზე ისევ სამი ცხვარი მყავს. აბა, რა განწყობაზე იქნებიან ახლა თქვენი მხარდამჭერები, 2012 წელს მათი მოწინააღმდეგე, კაცი, რომელიც მეტოქე ბანაკს აფინანსებდა, მინისტრად რომ დასვით?! თუ დავით ბაქრაძის გჯერათ, ხბოს თვალებით რომ ამბობს ხოლმე, შურისძიების დრო დასრულდა და ხელისუფლებაში რომ მოვალთ, “ოცნების” შემადგენლობიდან არავის არაფერს დავუშავებთო? სულს ამოხდიან, ბატონო ბიძინა, თქვენს მხარდამჭერებს და, თუ გაასწრებთ ქვეყნიდან, თქვენს ქონებას ისე გაანიავებენ, ვერაფერს გადაარჩენთ. მაინცდამაინც იმის იმედად ნუ იქნებით, ხალხს ნაციონალები არასდროს მოენატრება, იძულებული იქნება, ჩემს მხარეს დადგნენო. იძულებული რამდენჯერაც შეიქნა ერი, იმდენჯერ სხვანაირად შეატრიალა სიტუაცია ბოლოს და, თუ კვლავაც შეატრიალა, ვერც ბღუჯა გიშველით და ვერც საგარნირედ მუდმივად გამზადებული “გრეჩიხები”.

კეთილმოკითხვით, კომბლე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here