Home რუბრიკები საზოგადოება მამა დავითი (ქვლივიძე): გარყვნილებისა და ნარკომანიის პროპაგანდა კი არ უნდა მძვინვარებდეს ქვეყანაში,...

მამა დავითი (ქვლივიძე): გარყვნილებისა და ნარკომანიის პროპაგანდა კი არ უნდა მძვინვარებდეს ქვეყანაში, არამედ სოფლის მეურნეობაში უნდა ჩაიდოს თანხა

1003

საქართველო და მსოფლიოსესაუბრება თბილისის ვაშლიჯვრის ნათლისღების ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი დავითი (ქვლივიძე).

_ მამაო, 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, პარტიაგირჩმადა მისმა თანამოაზრეებმა პირდაპირ ეთერში კანაფი დათესეს და განაცხადეს, რომ მსგავს აქციებს მომავალშიც მოაწყობენ, თუ ხელისუფლება ნარკოპოლიტიკას არ შეამსუბუქებს. აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე აღძრა და გამოძიება დაიწყო, მაგრამ დღემდე პასუხისგებაში არავინ მიუციათ, და, როგორც ჩანს, არც აპირებენ. შეიძლება ითქვას, რომ მარიხუანის მოხმარებისა და კულტივირების ლეგალიზება ერთგვარად უკვე მოხდა. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?

_ როდესაც ქრისტესთან მივიდნენ და ჰკითხეს, გადაეხადათ თუ არა ხარკი კეისრისთვის, მაცხოვარმა პირდაპირ უპასუხა: “კეისარსა _ კეისრის, ღმერთისა _ ღმერთს”. კანონები ყველაზე უნდა ვრცელდებოდეს, რომ ყველამ ერთნაირად აგოს პასუხი დანაშაულზე. ვინც დღეს მარიხუანის ლეგალიზებას ითხოვს, განა ის ხალხი არ იყო, სააკაშვილის პერიოდში რვაწლიან და ცხრაწლიან სასჯელს რომ აძლევდა ადამიანებს სწორედ მარიხუანის მოხმარებისა და გასაღების გამო?! ან თუ ასე ძალიან უნდა ხაჩიძეს ამ ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკის დათესვა, გარემოს დაცვის მინისტრი რომ იყო, რატომ არ თესავდა?! მეორეც, სახელმწიფო უნდა იდგეს თავის სიმაღლეზე. არ შეიძლება, ვიღაცამ კანონი ფეხქვეშ გათელოს დემონსტრაციულად და ამას გამოხატვის უფლება დაარქვას. როდესაც საზოგადოება ამას ხედავს, უჩნდება განცდა, რომ ქვეყანაში განუკითხაობაა.

სახელმწიფოში, სადაც ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს ყოველგვარი შიშისა და კანონის პატივისცემის გარეშე შეუძლია, შეგნებულად დაარღვიოს კანონის კონკრეტული მუხლი, მართლმსაჯულება, ფაქტობრივად, მკვდარია; ხოლო იქ, სადაც მართლმსაჯულება თავის საქმეს ვერ აკეთებს, ცხადია, წესრიგი არ არის, სრული ქაოსია…

_ ერთერთი მიზეზი, რომლის გამოც მარიხუანის ლეგალიზება აუცილებელია, თურმე არის ის, რომ კანაფის მასობრივი მოყვანა ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს

_ ნარკოტიკით გაბრუებულები რომ დადიან და ჭკუა არ მოეკითხებათ, მათი მსჯელობიდანაც ჩანს. საქართველოში ყაყაჩოს მოყვანაც შეიძლება და მარიხუანასთან შედარებით ის გაცილებით მეტ შემოსავლს მოიტანს, მაგრამ რა ვქნათ _ ავღანეთი ჩავანაცვლოთ მსოფლიო ნარკობაზარზე და ომის პოლიგონად ვაქციოთ საქართველო? ნარკოტიკზე დავსვათ ხალხი?

როგორ შეიძლება, ასე მოაზროვნე ადამიანს მისცე ძალაუფლება? მათთვის სამშობლო იქნება ფულის მოსაჭრელი დაზგა, რათა თვითონ გამდიდრდნენ. ვფიქრობ, ამ ხალხს საზოგადოებამ უნდა გამოუტანოს განაჩენი და გამოტანილიც აქვს უკვე. ვხედავთ, რა დღეშიც არიან. უბრალოდ, საწყენია, რომ ძალოვანი სტრუქტურები ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას და კანონი უგულებელყოფილია…

_ ერთერთ გამოსვლაში ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, დღეს საქართველოში ნახევარი მილიონი ადამიანია მარიხუანის მომხმარებელიო. რეალურია ეს ინფორმაცია?

_ შეიძლება უფრო მეტი მომხმარებელიცაა, მაგრამ მერე რა, ნახევარმა მილიონმა ქურდობა რომ დაიწყოს, უნდა დავაკანონოთ?! არიან ერები, უფრო ჩრდილოეთის ხალხები, რომლებსაც აქვთ ალკოჰოლის მიმართ მიდრეკილება და იმ ქვეყნების ხელისუფლებას აქვს ალკოჰოლური სასმელებისადმი შესაბამისი მკაცრი მიდგომა. მაგალითად, ფინეთში მშრალი კანონი მოქმედებს. ჩვენ რა, ფინეთზე უკეთესი დემოკრატია გვაქვს? ადამიანს ათასი ვნება აწუხებს და, ყველაფრის უფლება თუ მივეცით თავს, ეშმაკის მონა გავხდებით. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკის ლეგალიზებას ითხოვენ, ისინი ემსგავსებიან ქართველ ბოლშევიკებს, რომელებმაც პირადი ინტერესების გამო, თანამდებობა რომ ჰქონოდათ საბჭოთა იმპერიაში, საქართველოს მიწები გააჩუქეს _ საქართველო რუსეთს შეუერთეს და ქვეყანა დაღუპეს. ეს ადამიანები დღეს მიწებს კი არა, ადამიანების სულებს იტაცებენ, რაც ღვთის წინაშე გაცილებით დიდი დანაშაულია. ადრეც მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: ნებისმიერი ნარკოტიკის მოხმარება _ ეს არის ეშმაკთან კავშირის დამყარება და სულიერი ცოდვა. გახსოვთ, ალბათ, კინოფილმებიდან, როდესაც ინდიელები თეთრკანიანებთან შერიგდებოდნენ, დასხდებოდნენ წრეში და “მშვიდობის ყალიონს”, ე.წ. მსუბუქ ნარკოტიკს ეწეოდნენ. ამის შემდეგ ტომის ბელადი დგებოდა და იწყებდა “ტომის მფარველ სულთან”, ანუ ეშმაკთან საუბარს. აქედან მოდის დღეს დამკვიდრებული ნარკოტიკის წრეში დატრიალება და ერთმანეთისთვის გადაწოდება, რომელიც სატანური რიტუალია. როგორც მარხვა და ლოცვა ამზადებს ადამიანს ზიარებისთვის, ასე ნარკოტიკის მიღება ამზადებს ადამიანს ეშმაკთან ურთიერთობისთვის. ნარკოტიკის ზეგავლენით ეწყებათ მოჩვენებები, სმენითი ჰალუცინაციები. ზოგი ვერ უძლებს ამას, ვეღარ გამოდის ამ ზემოქმედებიდან და მთელი ცხოვრება ამ მდგომარეობაში ჩარჩენილი დადის.

მარიხუანა მხოლოდ დასაწყისია. ნარკომანი ამაზე არ გაჩერდება. წამლის ასი მომხმარებლიდან 95 პროცენტმა მარიხუანით, ანუ “მსუბუქი ნარკოტიკით” დაიწყო.

_ რა შეიძლება მოუხერხდეს ამ ადამიანებს, არის კი ციხე გამოსავალი?

_ ციხე აუცილებლად უნდა არსებობდეს. ამაზე იესო ქრისტემაც ბრძანა, როდესაც პატიმართა მონახულება დაგვავალა, მაგრამ ყველა ნარკოდამოკიდებული მაშინვე არ უნდა ჩასვა. პირველ ჯერზე შეიძლება ჯარიმის გამოწერა და, თუ არ გადაიხდის, შეუძლია, ქუჩები დაგავოს ან სხვა სახის სამუშაო შეასრულოს. თუ ამასაც არ შეასრულებს, მაშინ, როგორც დასუფთავება და წყალი არის მიბმული დენის გადასახადზე, აქაც შეიძლება ასეთი გამოცდილება გამოიყენონ. მოკლედ, ოჯახის წევრებმა უნდა იცოდნენ, რომ სახლში ჰყავთ “ხორცმეტი”, რომელიც პრობლემაა არა მხოლოდ მათთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც და თვითონ მიხედონ. როგორც სიმთვრალისთვის ართმევენ მართვის უფლებას, ნარკოტიკების მომხმარებლებსაც უნდა აეკრძალოთ საპასუხისმგებლო თანამდებობების დაკავება. ეს კანონი დასავლეთის ბევრ ქვეყანაში მოქმედებს, ხოლო, თუ ვინმეს კანაფის დათესვა და გავრცელება მოუნდება, ის, რა თქმა უნდა, შესაბამისი კანონით უნდა გაასამართლო. ეს არის სახელმწიფო, ამიტომ, ვინც დააშავებს, პასუხი უნდა აგოს _ გინდ პარტია იყოს და გინდ პარტიების გაერთიანება. რაც შეეხება პიროვნებებს, ყველა, ვინც დღეს ნარკოტიკის ლეგალიზებას ითხოვს, საქართველოს მტერია, ხოლო ვინც ამაზე თვალს დახუჭავს, ქვეყნის დანგრევისა და განადგურების თანამონაწილე.

_ ნარკოტიკების ლეგალიზებას მხარს უჭერს და შესაბამის მოთხოვნას აქტიური პროპაგანდით ეხმარება სატელევიზიო მედიის უდიდესი ნაწილი, საპირისპირო მხარეს კი მხოლოდ თითოოროლა გამოცემა და ცალკეული პიროვნებებია. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ პროცესში მეტი აქტიურობა შეუძლია ეკლესიას?

_ მეტი რა უნდა ვქნა, რა შემიძლია?! თოხით ვერ გამოვალ და მათ მიერ დათესილს ვერ ამოვძირკვავ. ჩემი ძალა სიტყვაშია _ მოხვედით, ინტერვიუ მთხოვეთ, მოგეცით. გამოვალ, ჩემს სათქმელს ვიტყვი, ვიქადაგებ და გავავრცელებ. ღმერთია მოწმე, რაც შემიძლია და როგორც შემიძლია, ძალ-ღონეს არ ვიშურებ და ჩემნაირად იქცევა კიდევ უამრავი მღვდელი, რომლებიც ასევე უარყოფითად უყურებენ ამ ყველაფერს. თუ ვინმეს არასწორი და არაჯანსაღი პოზიცია უკავია, ეს მისი პრობლემაა. ამაზე ვერც მე და ვერც სხვა რომელიმე მღვდელი პასუხისმგებელი ვერ იქნება…

_ კულუარული ინფორმაციით, პარლამენტშიც არიან მარიხუანის მომხმარებლები.

_ და გიკვირთ, რომ არიან? აბა, ნორმალური პარლამენტი რომ გვყავდეს, პრეზიდენტი და სამართალდამცავი ორგანოები, პირდაპირ ეთერში გაბედავდა ვინმე ნარკოტიკის დათესვას და მოხმარებას?! თვითონაცდაბოლილიდა გაბრუებული სხედან. ვერ ხედავთ, რა სახეები აქვთ ხოლმე? ერთადერთი, რაც ევალებათ, ღილაკზე თითის დაჭერაა და ისიც ერევათ. მერე გამოდიან და აცხადებენ, შემთხვევით დავაჭირე, არ მინდოდაო. ესენი არიან სახელმწიფოს მტრები და, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ საკითხზე წაყრუებით პასუხისმგებლობას აიცილებს, ძალიან ცდება. ასე იყო მაშინაც, როცა ანტიდისკრიმინაციული კანონი განიხილეს და დაამტკიცეს _ ზოგი კენჭისყრაზე არ მივიდა, ეგონა, სუფთად გამოვიდოდა ამ საქმიდან…

_ იმხანად დასავლეთიდან სერიოზული პოლიტიკური წნეხი იყო და გადაწყვეტილების მიღება დიდწილად ამანაც განაპირობა. როგორ ფიქრობთ, დღესაც არის მსგავსი ზეწოლა?

_ რა წნეხი და ზემოქმედებაც უნდა იყოს, ეს გამართლება ვერ იქნება. აქ ლაპარაკია ქვეყნისა და ხალხის მომავალზე. არაერთი ადამიანი ვიცი ნარკოტიკისადმი მიდრეკილი, მაგრამ დღეს ისინი ნარკოტიკს მხოლოდ იმიტომ არ მოიხმარენ, რომ მართლმსაჯულებასთან პრობლემები არ სურთ. ახლა წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუკი მათ ეს ბარიერი მოეხსნებათ. რა თქმა უნდა, დაიწყებენ ნარკოტიკების მოხმარებას და ძალიან მალე გახდებიან ნარკოდამოკიდებულნი. აი, ყველა იმ ადამიანისა და მათი ოჯახების წინაშეა პასუხისმგებელი დღეს მარიხუანის ლეგალიზების მომხრე ხალხი. რაც შეეხება პარლამენტსა და მმართველ გუნდს, თუ ისინი ამ კანონს მიიღებენ, საშვილთაშვილოდ ჩავარდებიან ცოდვაში. მათ მოდგმას გაჰყვება ეს ცოდვა. ეს იქნება ერისა და სახელმწიფოს ღალატი და ხალხის მეხსიერებაში ამ კანონის მიმღები დარჩება, როგორც ქვეყნის მტერი, მიწაწყლის გამყიდველი და დამაქცევარი

_ მიწაწყალი რადგან ახსენეთ, ამას წინათ პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ არავის აქვს ქართული მიწის გაყიდვის უფლება _ არც მეფეს, არც პრეზიდენტს და არც პატრიარქს, თუმცა დღეს სასოფლოსამეურნეო მიწების საკმაოდ დიდ ნაწილს უცხოელები ფლობენ. საჭიროა თუ არა ამ მხრივ საკანონმდებლო ცვლილებები?

_ ევროპაში დღეს მიწას ვერ იყიდი, არა იმიტომ, რომ აკრძალულია, არა! კანონით გაქვს ამის უფლება, მაგრამ რეგულაციებია ისეთი, მიწას ვერაფრით შეიძენ. ვფიქრობ, საქართველოშიც ასე უნდა იყოს, უცხოელებს გარკვეული ბარიერები უნდა დაუწესდეთ. სხვანაირად ქართველი გლეხი ვერ გაუწევს კონკურენციას იმ ფულიან უცხოელს და საარსებო წყაროს დაკარგავს.

წინა ხელისუფლება ამბობდა, სოფლის მეურნეობა არარენტაბელურიაო. ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს. გარყვნილებისა და ნარკომანიის პროპაგანდა კი არ უნდა მძვინვარებდეს ქვეყანაში, არამედ სოფლის მეურნეობაში უნდა ჩაიდოს თანხა _ მოეწყოს სარწყავი სისტემები, შემოვიდეს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და განვადებით გადაეცეს გლეხებს, გაკეთდეს ის, რაც თურქეთში დაინერგა. აი, ეს არის სახელმწიფოებრივი მიდგომა და არა ის, რომ ვიღაცას უნდა, სრულიად საქართველომ ნარკოტიკით გაბრუებულმა იაროს. ამას საქართველოს მტრები ითხოვენ.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here