Home რუბრიკები პოლიტიკა მაოხრებელი მეკვლე და ნაკლებად ერთიანი “ნაცმოძრაობა”

მაოხრებელი მეკვლე და ნაკლებად ერთიანი “ნაცმოძრაობა”

495

გიგი უგულავამ საპატიმრო დატოვა და აქტიურად ჩაერთო პარტიულ დაპირისპირებაში, თუმცა, ალბათ, აჯობებს, საუბარი ყოფილი მმართველი პარტიის დაშლაზე 1 იანვრის ეპიზოდიდან დავიწყოთ, როდესაც თბილისს სენატორი ჯონ მაკკეინი ესტუმრა. სოციალურ ქსელებში ბევრს ხუმრობდნენ იმის თაობაზე, თუ რა შეიძლება დაებედოს საქართველოს ესოდენ არასასურველი სტუმრის ვიზიტის შემდეგ. თუმცა ის ქვეტექსტი, რომელიც მაკკეინის შეხვედრებისა და განცხადებების უკან იკითხებოდა, ნაკლებად სასაცილოა და სერიოზულ დაკვირვებას საჭიროებს.

მტერი თუ მოყვარე?

რა განცხადებებიც უნდა გააკეთოს ჯონ მაკკეინმა და რამდენჯერაც უნდა ჩავიდეს კონფლიქტის ზონაში, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წინა ხელისუფლებას ებრძოდნენ, ის სამუდამოდ დარჩება ქართველი ერის მტრად, რადგან მხარს უჭერდა სააკაშვილის სადისტურ რეჟიმს და მის ძალადობას “აპრავებდა”. რამდენიც უნდა ილაპარაკოს ამერიკელმა სენატორმა საქართველოს თავისუფლების მხარდაჭერაზე, არავის დაავიწდება, რომ რეალურად მხარს “ნაცმოძრაობის” მიერ ქართველების დამონებას უჭერდა. დროთა განმავლობაში ეს დამოკიდებულება, ალბათ, შეიცვლებოდა, მაგრამ სენატორის ბოლოდროინდელმა ქცევამ ამის შესაძლებლობა გამორიცხა.

საქართველოში ჩამოსვლამდე ჯონ მაკკეინი უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, რომელიც ქართველი სამართალდამცავების მიერ იძებნება. ეს ნაბიჯი წარმოადგენდა ქართული სახელმწიფოს (და არა მმართველი პარტიის, როგორც ზოგს ჰგონია) მძიმე შეურაცხყოფას, მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ, მაკკეინმა ის ფეხებზე დაიკიდა. საგულისხმო იყო ოპოზიციასთან გამართული შეხვედრის ფორმატიც _ ამერიკელი სენატორები “ნაციონალებს” შეხვდნენ, მაშინ, როდესაც ასეთ დროს მიღებულია შეხვედრა ან სხვადასხვა (როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო) ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან, ან პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების ლიდერებთან. შეხვედრა მხოლოდ “ნაცმოძრაობასთან”, აგრეთვე, წარმოადგენდა მკაფიო მესიჯს, რომ ამერიკულ დელეგაციას აინტერესებს არა რეალური, არამედ მათ წარმოსახვაში არსებული საქართველო, რომელშიც მათი ძველი პარტნიორები “ნაცმოძრაობიდან” მთავარ როლს ასრულებენ.

როგორ მოიქცეოდნენ ასეთ სიტუაციაში მეზობელი ქვეყნის ლიდერები? როდესაც 2008-ში ილჰამ ალიევმა ჩათვალა, რომ ამერიკელები მის ქვეყანას სათანადო პატივისცემით არ ეპყრობიან, ვიცეპრეზიდენტ დიკ ჩეინის აეროპორტში არ დახვდა და პრემიერმინისტრის ნაცვლად იქ პირველი ვიცეპრემიერი მიავლინა. ამერიკელები იძულებულნი შეიქნენ, ეს “გადაეყლაპათ”. ჩვენ შემთხვევაში კი საუბარია გაცილებით დაბალი რანგის პერსონაზე; მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებს მცირედი შეშფოთებაც კი არ გამოუხატავთ _ ისინი აღტაცებულნი დახტოდნენ ამერიკელი სტუმრების გარშემო, როგორც კარგო-კულტის მიმდევარი პაპუასი ბელადები.

ვითარებას ართულებდა ის გარემოება, რომ ჯონ მაკკეინი და მისი თანამოაზრეები დაპირისპირებულნი არიან ახალ პრეზიდენტთან _ დონალდ ტრამპთან და მის გუნდთან, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ერთ პარტიას წარმოადგენენ. საგარეო პოლიტიკაზე მათ დიამეტრულად განსხვავებული თვალსაზრისი აქვთ. მაკკეინი ჩამოვიდა რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან კონტაქტი დაამყარა და ამის გამო გარკვეული უხერხულობა შეიქმნა, რადგან მაკკეინი რუსეთის მიმართ მკვეთრად კონფრონტაციულ რიტორიკას იყენებდა, რომელიც ტრამპის პოზიციას ნაკლებად შეესაბამება. ამ სიტუაციამ შეიძლება მონღოლთა ბატონობის პერიოდი გაგვახსენოს, როდესაც საქართველოს მმართველები იძულებულნი იყვნენ, მაქსიმალური სიფრთხილე გამოევლინათ ყაენისა და გავლენიანი ნოინების კონფლიქტის დროს. დღეს მაკკეინის განცხადებები მხოლოდ ცარიელი სიტყვებია, რეალური ბერკეტები ათიოდე დღეში ახალი ადმინისტრაციის ხელში გადავა, მაგრამ არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ მაკკეინი და მისი თანამოაზრეები (ტრამპმა ლამის მთელი ამერიკული ისტებლიშმენტი გადაიმტერა) ახალ პრეზიდენტს მალე მოუწყობენ იმპიჩმენტს და ვაშინგტონში რუსეთთან მწვავე დაპირისპირების მომხრეები იმძლავრებენ. ყოველივე ეს ჩვენს ხელისუფლებას იძულებულს ხდის, გააკეთოს ისეთი განცხადებები, რომლებსაც ორივე მხარე მისაღებად ჩათვლის _ შეზღუდული სუვერენიტეტის პირობებში ის სხვაგვარად ვერ მოიქცევა.

შეშლილი მარიონეტების თეატრი

ამერიკელი სენატორებისა და “ნაცმოძრაობის” ლიდერების შეხვედრის შემდეგ ძალიან ზოგადი განცხადებები გაკეთდა, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ისინი ამა თუ იმ ფორმით აუცილებლად შეეხებოდნენ ორ მნიშვნელოვან თემას _ “ნაცმოძრაობის” ერთიანობასა და “რუსთავი 2”-ის პრობლემებს. მათ შესაქმნელად ამერიკელებმა თავის დროზე ძალიან ბევრი რესურსი დახარჯეს და შექმნილი სიტუაცია, დიდი ალბათობით, აშფოთებთ.

“ნაცმოძრაობის” ყრილობამდე ათიოდე დღე რჩება. მას შემდეგ, რაც ამ პარტიის პოლიტსაბჭომ ყრილობის გამართვის თაობაზე მიხეილ სააკაშვილის იდეები გაიზიარა, “ბოკერიას ჯგუფი” შეეცადა, პროცედურულ ნიუანსებს ჩაბღაუჭებოდა, რათა შეეცვალა სააკაშვილისეული სცენარი ან, უკიდურეს შემთხვევაში, ყრილობის ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დაეყენებინა. ჯერჯერობით არაფერი გამოსდით, მაგრამ მცირე დრო და რამდენიმე სათადარიგო ვარიანტი ჯერ კიდევ აქვთ. უგულავას გამოსვლამ ციხიდან წყალი ამ ჯგუფის წისქვილზე დაასხა, მან შეიძლება სერიოზულად შეცვალოს ყრილობის დრამატურგია. მხარეები ერთმანეთს მწვავედ უპირისპირდებიან და ხშირად მიუთითებენ პარტიის დაშლის რეალურ შესაძლებლობაზე, რაც მის რეიტინგზე უდავოდ ნეგატიურ გავლენას ახდენს. მათი ამერიკელი პარტნიორები რთულ მდგომარეობაში არიან _ მათ შეუძლიათ ხელოვნურად შეაფერხონ პარტიის რღვევის პროცესი, მაგრამ ძნელი სათქმელია, უღირთ კი ამის გაკეთება _ “სამოქალაქო ომი” “ნაცმოძრაობის” შიგნით მის ეფექტიანად მართვის შესაძებლობას გამორიცხავს და ელექტორალურ პერსპექტივებს ძალზე ბუნდოვანს ხდის. აშკარაა, რომ დანაკარგების გარეშე “ნაცმოძრაობა” ამ კრიზისიდან ვერ გამოვა და მისი ამერიკელი პარტნიორები თუ პატრონები, სავარაუდოდ, ზარალის მინიმიზაციაზე ფიქრობენ.

ყველაზე ნაყოფიერი კომუნიკაცია ჯონ მაკკეინთან და რამდენიმე ფიგურასთან მის გარშემო წლების განმავლობაში სწორედ ბოკერიას ჯგუფს ჰქონდა. გამორიცხული არ არის, რომ მათ დაარწმუნეს სენატორი, მხარი “ნაცმოძრაობის” რეკონსტრუქციის მათი გეგმისთვის დაეჭირა და დაემშვიდებინა სააკაშვილი, რომელიც დღეს მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ ჩაახშოს ბუნტი პარტიაში და თან რაც შეიძლება დამამცირებლად მისი ორგანიზატორებისთვის – ზოგიერთი მისი მხარდამჭერი იქამდეც კი მივიდა, რომ თანაპარტიელებისთვის ყრილობაზე “სირცხვილის დერეფნის” მოწყობას გეგმავს და, შესაძლოა, ვერ აცნობიერებს, რა გამანადგურებელ გავლენას მოახდენს ეს პარტიის იმიჯზე. ნაკლებად სავარაუდოა, სააკაშვილმა “სამშვიდობო გეგმა” მიიღოს ან მისი ერთგული დარჩეს, თუნდაც შუამავლობა ჯონ მაკკეინმა იკისროს და ეს “ნაცმოძრაობის” დაშლის ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის.

მიუხედავად იმისა, რომ პარტიის დაშლის შემთხვევაში “ბოკერისტებს” დარჩებათ უფრო მრავალრიცხოვანი წარმომადგენლობა პარლამენტში და მნიშვნელოვანი მედიარესურსი “სააკაშვილის პარტია” მაინც მასზე ძლიერი იქნება. ამიტომ მათ შეიძლება გაუჩნდეთ ცდუნება, ხელისუფლებასთან ერთად ორმხრივ სასარგებლო კომბინაცია გაითამაშონ, რომელიც შეიძლება “მიშისტების” “ჩარეცხვით” დასრულდეს.

არ გათეთრდების ყორანი

“ბოკერისტების” მთავარი პრობლემა რეიტინგული ლიდერების ნაკლებობაა, მაგრამ საპატიმროდან გიგი უგულავას გამოშვების შემდეგ მათი მდგომარეობა ნაწილობრივ გაუმჯობესდა, ხოლო ადგილობრივ არჩევნებზე, “მიშისტებთან” შედარებით, გარკვეულ უპირატესობას მოიპოვებენ და (“ნაცმოძრაობის” დაშლის შემთხვევაში) შესაძლებლობა მიეცემათ, ოდესღაც ერთიანი “ნაციონალური ელექტორატის” მნიშვნელოვანი ნაწილი ახალი პარტიისკენ მოიზიდონ. სააკაშვილს თბილისში უგულავას მსგავსი მერობის კანდიდატი არ ჰყავს _ ნიკა მელიასა და (მაგალითად) სანდრა რულოვსს ყოფილ მერთან კონკურენცია გაუჭირდებათ.

აძლევს კი ეს ხელს ხელისუფლებას? თუ ის დაეხმარება ბოკერიას ჯგუფს “მიშისტებთან” ბრძოლაში, ამით არა მხოლოდ “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერთა ხმების ფრაგმენტაციას მოახდენს, არამედ საქმეს გაურთულებს დემოკრატიული ოპოზიციის ჰიპოთეზურ ერთიან კანდიდატს (ან ძლიერ დამოუკიდებელ კანდიდატს, რომელსაც მხარს დაუჭერს რამდენიმე ოპოზიციური პარტია), დააახლოებით იმავე სცენარით, როგორც ეს საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას მოხდა, როდესაც “ნაციონალების” (“ფრთას” მნიშვნელობა არ აქვს) შესაჩერებლად თბილისელი ამომრჩევლების უმრავლესობა სახელისუფლო პარტიის გარშემო გაერთიანდა, მიუხედავად იმისა, რომ ადრე, შესაძლოა, “მესამე ძალის” მხარდაჭერაზე ფიქრობდა.

ხელისუფლებისა და ბოკერიას ჯგუფის ინტერესების თანხვედრა შეიძლება “რუსთავი 2”-თან დაკავშირებითაც მოხდეს, თუ “ბოკერისტები” მის გადაცემას ქიბარ ხალვაშისთვის მხოლოდ სიმბოლურ წინააღმდეგობას გაუწევენ. ეს, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ივანიშვილს დასახული მიზნის მიღწევაში, ხოლო, მეორე მხრივ, შესაძლებლობას მისცემს ბოკერიას ჯგუფს, ქუჩაში დარჩენილი თანამშრომლები თავის მედიასაშუალებებში წაიყვანოს. მათი გავლენა მიზნობრივ აუდიტორიაზე დღეს არც ისე დიდია, მაგრამ მკვეთრად გაიზრდება, თუ სააკაშვილი საქართველოში თავის მთავარ მედიარესურსს დაკარგავს, რაც, დიდი ალბათობით, რევოლუციური სცენარისკენ უბიძგებს, ეს კი “მიშისტურ ფრთას” საბოლოოდ დაასამარებს. “ბოკერისტები” ამ შემთხვევაში ძველი “ნაცმოძრაობის” ერთადერთ “კანონიერ მემკვიდრეებად” დარჩებიან.

აქ, ალბათ, კიდევ ერთხელ უნდა დავუბრუნდეთ “ნაცმოძრაობის” ამერიკელი პარტნიორების როლს – მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, უღირთ თუ არა სააკაშვილის გადაყვანა სათადარიგოთა სკამზე ან (რაც უფრო სავარაუდოა) მისი გაყვანა თამაშიდან, რადგან ის ბოლო პერიოდში არაადეკვატურად იქცევა; მისი წვლილი “ნაცმოძრაობის” საარჩევნო მარცხსა და მის ფაქტობრივ დაშლაში ძალიან დიდია. საქმე ის არის, რომ ამას ვერ გადაწყვეტს რამდენიმე მაღალჩინოსანი სახელმწიფო დეპარტამენტში და მით უმეტეს ჯონ მაკკეინი, ამ საკითხზე აუცილებელია კონსენსუსის მიღწევა ახალი ადმინისტრაციის ხედვის საფუძველზე, თუმცა, სანამ ეს მოხდება (და თუ მოხდება) სააკაშვილს არაერთი შესაძლებლობა მიეცემა, ყოფილ თანაპარტიელებს სერიოზული პრობლემა შეუქმნას.

რაც შეეხება ხელისუფლებას, ძნელი სათქმელია, უღირს თუ არა მას “ბოკერისტებთან” ფარულ ტაქტიკურ ალიანსზე წასვლა. ერთი მხრივ, ეს ხელს შეუწყობს სააკაშვილის გაყვანას თამაშიდან და “ნაცმოძრაობის” მკვეთრ დასუსტებას. მაგრამ, მეორე მხრივ, ივანიშვილის ხელისუფლებამ შეიძლება დაკარგოს შესაძლებლობა “ნაციონალების” ეს ჯგუფი სააკაშვილის რეჟიმის სადისტურ პრაქტიკას დაუკავშიროს, რაც მას წარსულისგან ერთგვარი გათავისუფლების, შესაბამისად, პოლიტიკური იზოლაციის გარღვევის და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ალიანსის შექმნის შესაძლებლობას მისცემს. ეს კი ივანიშვილს მომავალში სხვა ტიპის პრობლემებს შეუქმნის და შესაძლებელს გახდის პროდასავლური ოპოზიციის ერთიანი ფრონტის შექმნას, რომელსაც, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერენ ამერიკელები, რომელმაც ქართველი პოლიტიკოსების ამ ნაწილში შეიძლება “ფერადი რევოლუციის” მოწყობის სურვილი და შესაბამისი ილუზიები გააჩინოს.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here