Home რუბრიკები ისტორია ქართველ პოლიტიკოსებს “თურქული” შეეყარათ

ქართველ პოლიტიკოსებს “თურქული” შეეყარათ

1020

დავითიზმიდანგადახვევა

ომის მოგება შეგიძლია, ჰანიბალ, მაგრამ გამარჯვების შენაჩუნება _ არა!”

მართალია, ჯვაროსნებთან ბრძოლაში ძალიან დასუსტდნენ სელჩუკები, მაგრამ დიდი იმპერიის ნამსხვრევებზე ახალაღმოცენებული თურქული საამიროსასულთნოები არ თმობდნენ პოზიციებს და ბოლომდე იბრძოდნენ თითოეული ქალაქისთვის, თითოეული ციხისთვის. ამ პერიოდში საქართველოში გიორგი მესამე მეფობდა (1156-1184). აი, რას წერს მემატიანე მასზე: “აღიჭურნა მკლავნი და მუსრევად და მოწყუდად წინააღმდგომთა ქრისტეს სჯულისათა აგარიანთა, ისმაიტელთა და მაჰმადიანთა…”

მეფე გიორგი ძალასა და ენერგიას არ იშურებდა საქართველოს საზღვრების გასაფართოებლად. მან პირველი იერიში ანისზე მიიტანა, რომელსაც საქართველოს სამეფოს ყმადნაფიცი ფაჰრ ად-დინ შადადი მართავდა. ყმადნაფიცი კი იყო, მაგრამ ფაჰრ ად-დინი ღალატსაც არ თაკილობდა. მან მოციქული გაუგზავნა არზრუმის (ერზინკას) ამირას _ იზ ად-დინ სალდუხს და ქართველთაგან თავის დახსნაში დახმარება ითხოვა. როდესაც სალდუხი შადადის დასახმარებლად ანისისკენ დაიძრა, ფაჰრ ად-დინმა ეს ამბავი დემეტრეს შეატყობინა (თავისი ჭკუით ცბიერმა შადადმა სალდუხიც და ქართველთა მეფეც ერთმანეთს წაჰკიდა და თან ორივეს გული მოიგო). დემეტრემ გაიმარჯვა, სალდუხი ტყვედ ჩაიგდო, მაგრამ, როდესაც შეიტყო შადადის მზაკვრობა, სალდუხი 100 ათასი დინარის საფასურად გაათავისუფლა. აქ საქმეში ჩაერია თბილისის ამირა ვასაკი, რომელმაც დაარწმუნა მეფე, რომ დიდი გამოსასყიდის საფასურად გაეთავისუფლებია არზრუმის ამირა. გარდა ამისა, ვასაკი გაიძვერა ანისის მმართველსაც გადაეფარა.

მართალია, დემეტრემ “დაუჯერა” ვასაკს და მას არც სალდუხი დაუსჯია და არც ანისის მმართველი, მაგრამ მათთვის “ჭკუის სწავლება” ტახტზე ასულმა გიორგი მესამემ გადაწყვიტა, საბაბად კი თბილისის ამირა ვასაკის სალდუხთან გაქცევა გამოიყენა. გამეფებისთანავე გიორგიმ გარდაცვლილი მეფის _ დავით მეხუთის მომხრეების შევიწროება დაიწყო: ზოგი თანამდებობიდან გადააყენა, ზოგი დილეგში ჩააგდო, ზოგიც სიკვდილით დასაჯა. გაქცეულ ვასაკს კი გიორგი ფეხდაფეხ მიჰყვა და, სანამ ვასაკთან და მის მფარველთან გაასწორებდა ანგარიშს, ანისი დაიკავა.

ანისელები ფაჰრ ად-დინის წინააღმდეგ აჯანყდნენ და ქალაქიდან გააძევეს. ფაჰრ ად-დინის ნაცვლად მისი ძმა ფადლონი მიიწვიეს. როგორც ჩანს, ვერც მან გაამართლა იმედი და ანისელებმა დახმარებისთვის საქართველოს მეფეს მიმართეს. 1161 წელს გიორგი მესამემ აიღო ანისი, ფადლონთან ერთად მთელი ოჯახი შეიპყრო და ქალაქის ამირად სადუნი დანიშნა, მაგრამ, როდესაც მან ქალაქის დამცავი კედლების გამაგრება დაიწყო, ქართველთა მეფე დაეჭვდა, შეიპყრო სადუნი და სიკვდილით დასაჯა.

ანისი მანდატურთუხუცესსა და ამირსპასალარს _ ივანე ორბელს გადაეცა, ხოლო თანაშემწედ ქალაქის ამირად სარგის მხარგრძელი დანიშნა. მეფემ ანისის მცხოვრებთა გამოსასყიდად 40 ათასი დრაჰკანი გადაიხადა და ტყვედ აყვანილი ქრისტიანებიცა და მუსლიმებიც გაათავისუფლა.

ანისის დაკარგვას ვერ შეურიგდნენ თურქები და დიდი ლაშქარი შეკრიბეს. ანტიქართულ კოალიციაში თავი მოიყარეს ხლათის სულთანმა და შაჰარმენად წოდებულმა ნასირ ალდინ სუქმან მეორემ; დიარბაქირის მმართველმა არდოხის ძემ, კოტბ ადდინ ილღაზმა; არზრუმის მთავარმა ალმალიქ სალდუხმა და სხვებმა. ქართველთა მეფეს ბრძოლაში თან ახლდნენ მწიგნობართუხუცესი იოანე, ამილახორი ლიპარიტ სუმბატის ძე, ბეგა სურამელი, ქირქიშ აბულეთის ძე და სხვა დიდებულები. უშეღავათო ბრძოლაში გაიმარჯვეს ქართველებმა.

წარმატებული გამოდგა არზრუმზე ლაშქრობაც. ამირას ჯარი განადგურდა, თავად სალდუხი ტყვედ ჩავარდა და ტყვეობიდან მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, როდესაც მისმა დამ, შაჰ-ბანუვარმა, ძმის ტყვეობიდან დახსნის სანაცვლოდ, ძვირფასი საჩუქრები გაუგზავნა ქართველთა მეფეს.

1162 წლის აგვისტოში მეფე გიორგიმ სტრატეგიული ქალაქი დვინი აიღო: “მიმართა დიდად ქალაქად და სახელგანთქმულ დვინად აწ რომელ არს არარატსა ძირად ზღვარი სომხეთისა და ადარბადაგანისა”. ქართველებს უდიდესი ნადავლი ჩაუვარდათ ხელთ. აღებული ქალაქის მმართველად მეფე გიორგიმ ადგილობრივი მკვიდრი _ აზნაური ანანია დატოვა.

საპასუხოდ სამხრეთ აზერბაიჯანის, ალ-ჯაბალისა და ისფაჰანის გამგებელმა შამ ად-დინ ილდეგიზმა აიყოლია ხლათის სულთანი და შაჰ-არმენი სუქმან კუტუბის ძე, მარაღის პატრონი აყსანკორის ძე და 50-ათასიანი ლაშქრით გაგის ციხეს მიადგნენ. აქ გამართულ ბრძოლაში ქართველები სასტიკად დამარცხდნენ. თურქებმა აიღეს გაგის ციხე, აიკლეს გაგის მხარე, დაარბიეს გელაქუნი და მრავალრიცხოვანი ტყვითა და ალაფით დატვირთულნი ანისისკენ წავიდნენ.

 ამ გამარჯვებამ მაჰმადიანურ სამყაროში ზეიმი გამოიწვია, მაგრამ, როგორც შემდეგ გამოჩნდა, _ ნაადრევი. დიდი ლაშქარი მეფე გიორგიმაც შეყარა, გახსნა დარიალის კარი გადმოიყვანა ოსები და გაერთიანებული ძალებით განძისკენ დაიძრნენ. როდესაც თურქებმა გიორგის ლაშქარი იხილეს, ბრძოლის ველიდან გაიქცნენ: “მეფემ გამოასხნა ოვსი და ქუეყნანი დიდძალნი და მომართა სულტანსავითარცა ცნა ესე სულტანმან, ათაბაგმან და ყოველთა ფალავანთა და დიდებულთა მათთა, თქვეს ვითარმედ: “არა არს კაცი დღეს პირისპირ შემბმელი გიორგისი და მისთა ლაშქართა ქუეყანასა ზედა: მოვრიდოთ თავი და ვეფაროთ”.

რაკი მაჰმადიანებმა უკან დაიხიეს, ქართველები აღარ დაედევნენ მტერს და გაცლის საშუალება მისცეს. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, თურქებს ხელი არ აუღიათ ანისზე და ამ ქალაქისთვის უშეღავათო ბრძოლა თითქმის ოთხ წელიწადს გაგრძელდა. ამ ბრძოლების შედეგად დაიკარგა ქალაქი დვინი, რომელიც არსლან მუჰამედის ძემ მიიტაცა.

1165 წელს გიორგი მესამე და ილდეგიზ ათაბაგი დაზავდნენ. ზავის სანაცვლოდ, ილდეგიზ ათაბაგს უწყალობეს ანისი და ქალაქი სამართავად ისევ შადადიანებს გადაეცათ. თავის მხრივ, ანისის მუსლიმი მმართველი საქართველოს ყმადნაფიცი გახდა. სამწუხაროდ, მეფე გიორგიმ ვეღარ დაიბრუნა დვინი.

რაც შეეხება შირვანს, დაახლოებით 1130 წელს ეს ქვეყანა ორად გაიყო: “შირვანი ორად გაყვეს _ აღმოსავლეთ ნაწილში შირვანშაჰის უფლება აღადგინეს და ეს ქვეყანა ისევე, როგორც დარუბანდის ქვეყანა საქართველოს მეფის ყმადნაფიცი იყო. შარვანის დასავლეთი ნაწილი კი საარიშიანოს შემოუერთეს და საქართველოს საზღვრებში შემოიყვანეს. საზღვარი საქართველოსა და შირვანს შორის მდინარე თეთრ წყალზე (თანამედროვე აყსუ) გადიოდა”.

1167 წელს მეფე გიორგიმ შირვანში ილაშქრა, რომელსაც დემეტრეს დისშვილი აღსართანი მართავდა. შირვანშაჰს ძალზე ავიწროებდნენ დარუბანდელები და მის დასახმარებლად მოაწყო მეფე გიორგიმ ეს ლაშქრობა.:

დარუბანდი საქართველოს ყმადნაფიცი ქვეყანა იყო, ამას ადასტურებს არაბი მემატიანე ალ-ფარიკიც, რომელიც 1154_1155 წლებში იმყოფებოდა დემეტრე პირველის კარზე და მეფესთან ერთად დარუბანდსაც სტუმრობდა (ალ-ფარიკმა დარუბანდის ციხეში ნახა დიდგორის ომის დროს დატვევებული ილღაზის ერთ-ერთი თანამებრძოლი). ერთი სიტყვით, იმხანად დარუბანდი, როგორც შირვანი, ქართველთა მეფეს ყმადნაფიცი და მოკავშირე იყო. მაგრამ მოგვიანებით, როგორც ჩანს, ისარგებლეს იმით, რომ გიორგი მესამე პერმანენტულ ბრძოლებს აწარმოებდა თურქებთან, დარუბანდელებმა უღალატეს ქართველთა მეფეს და შირვანი ააოხრეს.

გიორგის პასუხმაც არ დააყოვნა: “მივიდა კართამდის დარუბანდამდის, მოაოხრა ქვეყანა მუსკურისა და შარაბამისა და აღიღო ქალაქი შაბურანი. და უბოძა ქალაქი იგი მამის დიწულს მისსა შირვანშაჰს”. ამ ლაშქრობაში თავი გამოიჩინა ბიზანტიის მომავალმა იმპერატორმა ანდრონიკე კომნენოსმა, რომელიც იმხანად მეუღლესთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა სამეფო კარზე. ქართველებმა აიღეს დარუბანდი, შაბურანი და ეს ციხეები შირვანშაჰს გადასცეს.

 ანისის დათმობისა და შირვანში წარმატებული ლაშქრობის შემდეგ მშვიდობიანი წლები დაიწყო. ეს კი მიუღებელი აღმოჩნდა ჯარისთვის. მათ მეფეს ახალი ლაშქრობისკენ მოუწოდეს: “არა არს ღონე დარჩომისა ჩუენისა თვინიერ ლაშქრობისა და რბევისა”.. ანუ ჯარი “უსაქმოდ” ყოფნას ვერ ეგუებოდა (“ვეღარ ითმენდა”) და ლაშრობას ითხოვდა. თითოეული წარმატებული ლაშქრობა დიდ ნადავლთან იყო დაკავშირებული და გიორგიც იძულებული შეიქნა, აბუნტებული მეომრების მოთხოვნა შეესრულებინა. მეფემ: “უბრძანა ტაოელთა, კლარჯთა და შავშთა _ მოერბია ოლთისისა და ბანისა, მესხთა და ტორელთა _ კარისა და აშორნიასი და ამირსპასალართა და სომხითისათა _ მტკუარსა აქეთ, ვიდრე განძამდის; თვით ხასიგიანთა, ლიხთ-იმერთა და ქართველთა განძასა დამარტებით მტკუარსა პირი იმიერ და ამიერ ხოლთამდის, ჰერთა და კახთა ალაზნის შესართავით ვიდრე შირვანამდის”.

ამ ლაშქრობებს ორმაგი დატვირთვა ჰქონდა:

1. ნადავლის ხელში ჩაგდება;

 2. შიშის დათესვა მეზობელ სახელმწიფოებში, განსაკუთრებით _ მუსლიმანურ ქვეყნებში.

1173 წელს გიორგიმ ანისი აიღო, დაატყვევა ანისის ამირა და ქალაქი ისევ ივანე ორბელს ჩააბარა. 1174 წელს ილდეგიზ ათაბაგი და არსლან მუჰამედის ძე ისევ დაესხნენ თავს ანისს. მათ მთელი შირაქის ველი მოარბიეს და ივანე ამირსპასალარს ანისის დატოვება მოსთხოვეს, რაზეც ორბელმა კატეგორიული უარი განაცხადა და მეფის მოსვლამდე ქალაქი შეინარჩუნა. როდესაც დამხმარე ძალა მოვიდა, ქართველებმა დაამარცხეს და უკუაქციეს თურქები.

ანისისათვის ბრძოლაში საქართველოს მეფეს მხარს უჭერდა სომეხი სამღვდელოება და პირადად ანისის ეპისკოპოსი ბარსეღი. თავის მხრივ, გიორგი მესამემაც დიდი დახმარება გაუწია ბარსეღს: ტყვეობიდან გამოისყიდა მისი ძმა აპირატი და დანიშნა ანისის ამირად.

1175 წელს ილდეგიზ ათაბაგი და არსლან მუჰამედის ძე მარბიელი ჯარით ამჯერად საქართველოში შემოიჭრნენ, ააოხრეს ლორესა და დმანისის მიდამოები და დვინისკენ გაბრუნდნენ.

სახელგანთქმულ კართაგენელ სარდალ ჰანიბალზე ტიტუს ლივიუსი წერდა: “ომის მოგება შეგიძლია, ჰანიბალ, მაგრამ გამარჯვების შენაჩუნება _ არა!”. ანალოგიური რამის თქმა შეიძლება მეფე გიორგიზეც, რომელიც ძლიერი სარდალი კი იყო, მაგრამ შედარებით სუსტი პოლიტიკოსი გამოდგა. ამიტომაც, მიუხედავად დიდი მცდელობისა, მან ვერ გამოიხსნა თურქებისგან ამიერკავკასიის რეგიონი. სამწუხაროდ, ქვეყნაში დაგროვებულმა პრობლემებმა არ მისცა მეტის გაკეთების საშუალება. პრობლემა კი უამრავი ჰქონდა:

1. გიორგი მესამემ ვერ შეძლო გამკლავებოდა მისი ხელისუფლების მნიშვნელოვნად დასუსტებასა და დეცენტრალიზაციას, რომელიც დემეტრეს მეფობის ხანაში დაიწყო. ამ ნეგატიურმა პროცესმა განსაკუთრებით შეუქცევადი ხასიათი მიიღო მისი მეფობის პერიოდში. კერძოდ:

ა. დეცენტრალიზაციის პირველი ნიშანი იყო ყმადნაფიცობის ინსტიტუტის არსებობა. დავითი დაპყრობილ ქვეყნებს (შირვანი, ანისი) სამეფო ტახტს უმორჩილებდა და სამართავად თავის მოხელეს აბარებდა. ანისის, შირვანისა და დარუბანდის ყმადნაფიცობა კი მათ დამოუკიდებლობას ნიშნავდა, უბრალოდ, ისინი აღიარებდნენ ქართველთა მეფის სუზერენობას. ომიანობის პერიოდში მათ დასახმარებლად გამოჰყავდათ ჯარი, მაგრამ დამოუკიდებელნი იყვნენ სხვა საკითხებში (“ყმადნაფიცობა”, თანამედროვე ტერმინი რომ ვიხმაროთ, წარმოადგენდა ერთგვარ თანამეგობრობას, კონფედერაციას);

ბ. დავით აღმაშენებელმა მინიმუმადე შეზღუდა დიდი ფეოდალების უფლებები. თუ ადრე ფეოდალს მემკვიდრეობით გადაეცემოდა მიწა და სავარგულები თავისი ციხესიმაგრეებით, დავითმა ეს წესი შეცვალა და ფეოდალები მოხელეებად აქცია (ანუ ჯამაგირზე, “მოსაკარგავებზე” დასვა), რომლებსაც ნებისმიერ დროს ნებისმიერ რეგიონში გადაიყვანდა. მაგალითად, კახეთის დიდი ფეოდალი აბულეთი ანისის მმართველად გადაიყვანა, ხოლო ისეთი სტრატეგიული დანიშნულების რეგიონები, როგორიც იყო კლდეკარი და შირვანი, სასულიერო პირს _ მწიგნობართუხუცეს ჭყონდიდელს ჩააბარა სამართავად და ა. შ. ეს ყველაფერი კეთდებოდა ქვეყნის ცენტრალიზაციის მიზნით.

დავითის მემკვიდრეებმა კი მეფის ხელისუფლების დასუსტებას შეუწყვეს ხელი. დემეტრე პირველსა და გიორგი მესმესაც ტახტის შემცილებლებთან (უფლისწული ცვატა, დავით მეხუთე, დემნა ბატონიშვილი) ბრძოლაში სჭირდებოდათ დიდებულთა მხარდაჭერა, ამიტომ ერთგულ ფეოდალთა მიმართ მეფეები დიდ დათმობაზე წავიდნენ. დავით აღმაშენებლის მეფობის პერიოდში მოხელეებად ქცეულმა დიდებულებმა კვლავ დაიბრუნეს ძველი გავლენა და, რაც მთავარია, მათ საშვილთაშვილოდ გადაეცათ ადგილმამულები, სახნავსათესი მიწები, საძოვრები და ციხექალაქები. მათვე მიეცათ თავიათ საერისთავოებში ჯარის შეკრებისა და გადასახადის აკრების უფლება;

გ. დავითი კარდაკარ დადიოდა და ეძებდა კადრებს, მისი ძალისხმევით აზნაურის ყმები დიდებულები ხდებოდნენ, უგვაროები წინაურდებოდნებოდნენ და ვეზირობასაც კი აღწევდნენ. მთავარი იყო, ადამიანი ყოფილიყო კომპეტენტური და მეფის ერთგული, მათ წარმომავლობას კი მნიშვნელობა არ ექცეოდა. დემეტრე პირველისა და გიორგი მესამის მეფობის პერიოდში ეს წესიც მოიშალა და კვლავ დიდებულებმა წამოიწიეს წინ, მათ ჩაიგდეს ხელში ყველაფერი და ისე გათავხედნენ, რომ მოგვიანებით თამარ მეფესაც კი ჰკარნახობდნენ, ვინ დაენიშნა ვეზირად და ვინ _ არა.

2. როდესაც ვამბობთ, “დავითიზმმაგაგრძელება ვერ ჰპოვა, ვგულისმობთ, რომ აღმაშენებელმა მიძინებულ, გათითოკაცებულ, დაშინებულ ქართველობას ფუნქცია მისცა და დინამიზმი მიანიჭა. ჩვენმა დიდმა მეფემ კარგად უწყოდა ქართველთა ხასიათი, ამას აღნიშნავს კიდეც დავითის მემატიანე: “ნათესავი ქართველთა ორგულ ბუნება არს, პირველითაგანვე თვისთა უფალთა, რამეთუ, რაჟამს განდიდნენ, განსუქნენ და დიდება პოონ და განსუენება, იწყებენ განზრახვად ბოროტისა”.

ამიტომ, დავით აღმაშენებელი აიძულებდა ქართველობას, ემოძრავათ, ყოფილიყვნენ საკუთარი ბედის გზამკვლევნი. იგი მათ მოცლას არ ანებებდა, განცხრომას არ აცლიდა, ძალმომრეობდა სიზარმაცეზე, გაუტანლობაზე, შურზე, ღვარძლზე და ქვეყნის სამსახურში აყენებდა დაუნჯებულ ენერგიას. დავითის მეფობის პერიოდში ქვეყანამ არ იცოდა, რა იყო მშვიდობა, იმ ეპოქის ქართველს ან ხმალი უჭირავს ხელში, ან გუთანი, ან კალამი (იმის მიხედვით, ვის რისი შნო და მარიფათი ჰქონდა). “დავითიზმი” ნიშნავდა პროფესიონალიზმს, ანუ კაცი აკეთებდა იმას, რისი კეთებაც შეეძლო. ქართველობა დიდი მესაჭის ხელში ერთად შენივთებულ კოლოსალურ ძალად, უზარმაზარ სტიქიად იქცა.

სამწუხაროდ, დავითის სიკვდილმა დაასრულა ეს პროგრესული პროცესები და მხოლოდ ინერციით მიდიოდა ყველაფერი, რამაც სუსტი გამოძახილი ჰპოვა კიდეც ჯარის ბუნტში, როდესაც გიორგი მეფეს შესჩივლეს, მოგვწყინდა მშვიდობა და უსაქმურობა და გვაომეო.

 “შედეგმაც” არ დააყოვნა და დიდმა ფეოდალებმა მეფეს, დემნა ბატონიშვილის (დავით მეხუთის შვილის) ტახტზე ასაყვანად შეთქმულება მოუწყვეს. მსგავსი რამ აღმაშენებლის პერიოდში წარმოუდგენელი იყო. როგორც მემატიანე წერს: “პირველად ორგულობასა და ზაკვასა და ღალატსა რისამე ვერავინ დიდთა ანუ მცირეთაგანი იკადრებდა მოგონებიდცა”.

1177 წელს კი სამი ვაზირი, ათი დიდი ერისთავი, 30 ათასამდე შეიარაღებული პირი ისე შეიკრა მეფის დასამხობად, რომ გიორგის წარმოდგენაც არ ჰქონდა.

 ხელისუფლების დასუსტების შედეგად ქვეყანა აივსო ავაზაკებითა და მეკობრეებით. რა არ სცადა, რა არ გააკეთა მათ წინააღმდეგ გიორგი მეფემ: კანონებიც გაამკაცრა, “მპარავთმძებნელთა” და “ჩენილთა” რიცხვიც გააათმაგა (“მპარავთმძებნელთა” ფუნქცია მეკობრეების, მკვლელების, ქურდებისა და ავაზაკების დაპატიმრება იყო, ხოლო “ჩენილებს” მათი სიკვდილით დასჯა ევალებოდათ), მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ვინაიდან მეფე ებრძოდა შედეგს და არა მიზეზს. მიზეზი კი “დავითიზმიდან” გადახვევა იყო, ამიტომაც დაუტოვა თავის მემკვიდრეს “კრაზანების ბუდედ” ქცეული ქვეყანა.

ვანო სულორი

(გაგრძელება იქნება)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here