Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ გვატყუებს ევროკავშირი?

რატომ გვატყუებს ევროკავშირი?

511

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გაჭიანურების გამო საქართველოში შეიძლება ევროსკეპტიკური განწყობები გაღვივდეს, _ განაცხადა გასულ კვირას საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. რატომ ვერ ხერხდება გადაწყვეტილების მიღება და რა პოლიტიკური ეფექტი შეიძლება მოუტანოს საქართველოს ევროსკეპტიციზმმა, რომელსაც, როგორც ჩანს, “ოქროს ხანადაუდგა.

მიზეზი არ ელევათ

ჩვენი ხელისუფლება, საზოგადოდ, ბევრ შეცდომას უშვებს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მან პირნათლად, დათქმულ ვადებში შეასრულა ევროპელი მაღალჩინოსნების ყველა მოთხოვნა და მას, საქართველოში ევროპის საბჭოს წარმომადგენლის კრისტიან ურსეს თქმის არ იყოს, “ვიზალიბერალიზაციის გაჭიანურებაში არანაირი ბრალი არ მიუძღვის”, _ ურსემ ეს განცხადება ჯერ კიდევ ივნისში გააკეთა, როდესაც ყველა თვლიდა, რომ საკითხი ძალიან მალე, დიდი-დიდი, ოქტომბერში, გადაწყდებოდა. თუმცა, როგორც ცნობილია, სწორედ ივნისში გერმანიამ, საფრანგეთისა და იტალიის მხადაჭერით, უვიზო რეჟიმის შემოღება მისი სწრაფი შეჩერების მექანიზმის შექმნას დაუკავშირა. ამის შემდეგ პროცესი, რომელიც ჯერ კიდევ 2013 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც ევროკომისიამ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა წარადგინა, შეფერხდა. საკითხის მორიგი განხილვა ევროპარლამენტში 18 იანვარს იგეგმება, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას არც იქ მიიღებენ.

“არ ვარ დარწმუნებული, რომ თანხმობას უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის თაობაზე 2016-ში მიაღწევენ. შესაძლოა, მოგვიწევს დალოდება საფრანგეთის არჩევნებამდე, რომელიც აპრილსა და მაისში (იგულისხმება პირველი და მეორე ტური) ჩატარდება”, _ წერს “რადიო თავისუფლების” კორესპონდენტი ბრიუსელში _ რიკარდ იოზევიაკი. პესიმისტური და ჯანელიძის განცხადებასთან შედარებით საკმაოდ მკვეთრი პოზიცია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოხატა. მინისტრის მოადგილის _ ელენე ზერკალის თქმით, რომელიც უკრაინის ევროინტეგრაციის საკითხებს კურატორობს, “ეს ხდება იმის გამო, რომ არ შეუძლიათ გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება, რათა არ მოახდინონ გავლენა არჩევნებზე საფრანგეთსა და გერმანიაში… ჩვენ, ფაქტობრივად, გერმანიისა და საფრანგეთის შიდაპოლიტიკური პრობლემების მძევლები გავხდით”. როგორც ცნობილია, არჩევნები გერმანიაში მომავალი წლის აგვისტოში ან სექტემბერში გაიმართება.

ჯერ კიდევ 24 ნოემბერს უკრაინა-ევროკავშირის სამიტზე ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟანკლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაცია რამდენიმე კვირაში მოხდება, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ეს განცხადება შეაფასა, როგორც “ზედმეტად ამბიციური”. მან, აგრეთვე, თქვა, რომ “ევროპას ექნება პრობლემები ნდობასთან დაკავშირებით, თუ დაპირებას არ შევასრულებთ და უვიზო რეჟიმს არ შემოვიღებთ”.

ჩიხშია შესული ევროკავშირისა და თურქეთის მოლაპარაკებაც; პრეზიდენტი ერდოღანი იმუქრება, რომ იმ შემთხვევაში, თუ თურქეთი წლის ბოლომდე უვიზო რეჟიმს არ მიიღებს, უარს იტყვის მიგრანტების შესახებ შეთანხმების შესრულებაზე და მათ ევროპისკენ მიმავალ გზას გაუხსნის. ეს პრობლემა, აგრეთვე, ახდენს ნეგატიურ გავლენას უკრაინისა და საქართველოს საკითხის გადაწყვეტაზე, თუმცა ევროპელი მაღალჩინოსნები ამ თემაზე ღია საუბარს ერიდებიან, რადგან ეს მეტისმეტად ცინიკური იქნებოდა.

უბრალო ქართველები და უკრაინელები უყურებენ ყოველივე ამას და ევროკავშირის წარმომადგენელთა მოქმედებაზე კარგს, სავარაუდოდ, არაფერს ფიქრობენ, რადგან აშკარაა წინასწარი შეთანხმების დარღვევა, ხოლო ევროპელი მაღალჩინოსნების დაბნეული განცხადებები სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს. სკეპტიკური განწყობებისა და გაღიზიანების ზრდა ამ ნიადაგზე არათუ მოსალოდნელი, არამედ სავსებით ლოგიკურიცაა.

ნაციონალისტური რენესანსი

რაოდენ საწყენიც უნდა იყოს უკრაინელებისა და ქართველებისთვის, მათთვის სავიზო რეჟიმის შერბილება ევროკავშირისთვის მეათეხარისხოვანი პრობლემაა. ევროპა ჯერ კიდევ ვერ მოეგო გონს ბრიტანული რეფერენდუმის შოკისმომგვრელი შედეგების შემდეგ და ახლა ახალი გამოწვევების წინაშე დგას, რომელთაც დღის წესრიგში ევროსკეპტიკური, ნაციონალისტური ძალების მკვეთრი გაძლიერება აყენებს.

როდესაც საქართველოში ამ თემას ეხებიან, როგორც წესი, ერთმანეთისგან არ მიჯნავენ “ხისტ” და “რბილ” ევროსკეპტიციზმს _ პირველი მათგანი ევროკავშირიდან ამა თუ იმ ქვეყნის გასვლის იდეას ეფუძნება და შედარებით ნაკლები მიმდევარი ჰყავს; მეორის მიდგომის ფარგლებში ხდება არა ევროკავშირში წევრობის, არამედ ცალკეული წესებისა თუ რეგულაციების უარყოფა, თუმცა კრიტიკულ მომენტებში (ისე, როგორც ეს დიდ ბრიტანეთში მოხდა), “რბილებმა” და “ხისტებმა” შეიძლება ერთი პოზიცია დაიკავონ და ევროპული ინტეგრაციის პროცესს სასიკვდილო საფრთხე შეუქმნან.

ამა წლის ივნისში ამერიკულმა “პიუ რისერჩ ცენტრმა” ევროკავშირის 10 ქვეყანაში მასშტაბური სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ ფრანგების მხოლოდ 38% მიიჩნევს, რომ მათი ქვეყნის წევრობა ევროკავშირში სასარგებლოა, ესპანეთში ეს აზრი გამოკითხულთა 47%-მა გაიზიარა, გერმანიაში კი 50%-მა. “ევროოპტიმისტები”, როგორც აღმოჩნდა, პოლონეთსა (72%) და უნგრეთში (61%) ცხოვრობენ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ 2015 წლის გამოკითხვის შედეგებთან შედარებით, ევროსკეპტიკოსების რაოდენობამ საფრანგეთში 17%-ით მოიმატა, ესპანეთში _ 16%-ით, ხოლო გერმანიაში _ 8%-ით. ცხადია, მათი დიდი ნაწილი “რბილი” ევროსკეპტიკოსია, თუმცა გარკვეულ პირობებში, შეიძლება რადიკალური პოზიციაც გამოხატოს. ამასთანავე, ექსპერტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ აშშ-ის არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროპის ქვეყნებში ნაციონალიზმისა და ევროკავშირის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულების ზრდას და ხელისუფლებაში შეიძლება ის პოლიტიკოსები მოვიდნენ, რომლებიც ევროპულ ერთობას ბოლოს მოუღებენ. არც ისაა გამორიცხული, რომ რეალობად იქცეს ცნობილი ხუმრობა: “საქართველო და უკრაინა ევროკავშირში მაშინ შევლენ, როდესაც იქ აღარავინ დარჩება”.

მიუხედავად იმისა, რა შედეგს მიაღწევს მარინ ლე პენი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში და პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” _ ბუნდესტაგის არჩევნებში, რევოლუციური ხასიათის გარდატეხა უკვე მოხდა. ლიბერალები ათწლეულების განმავლობაში ცდილობდნენ, ევროპელი ნაციონალისტები მარგინალებად წარმოეჩინათ, მაგრამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში მათ პოლიტიკურ სპექტრში სავსებით ლეგიტიმური ადგილის დამკვიდრება მოახერხეს და ეს, უპირველეს ყოვლისა, ევროსკეპტიციზმის, აგრეთვე, ულტრალიბერალური წესების დამკვიდრებზე კონსერვატორების თავდაცვითი რეაქციის გამო მოხდა. “საფრანგეთის ეროვნული ფრონტი”, “ალტერნატივა გერმანიისთვის”, “შვედი დემოკრატები”, “დანიის სახალხო პარტია”, “უკეთესი უნგრეთისთვის” (იობიკი), “ჭეშმარიტი ფინელები” (ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული “ევროსკეპტიკური პარტია”) და ა. შ. დღეს განიხილებიან, როგორც სავსებით რეალური პრეტენდენტები გამარჯვებაზე, მაშინ, როდესაც ათიოდე წლის წინათ მსგავსი იდეოლოგიის მქონე პარტიები უიმედო აუტსაიდერებად ითვლებოდნენ. ორ მათგანზე, იტალიურ “ხუთი ვარსკვლავის მოძრაობასა” და “ავსტრიის თავისუფლების პარტიაზე”, სჯობს, ცალკე ვისაუბროთ, რადგან გასულ კვირას ორივე მნიშვნელოვანი მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდა.

მატჩის ანგარიშია 1:1

რვა წლის წინათ შექმნილმა “ხუთი ვარსკვალავის მოძრაობამ” სენსაცია იტალიის პარლამენტის 2013 წლის არჩევნებზე მოახდინა, როდესაც ყველასათვის მოულოდნელად ამომრჩეველთა ხმების 25% მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით მის შიგნით განხეთქილება მოხდა, ის მმართველი “დემოკრატიული პარტიის” მთავარ ალტერნატივად ჩამოყალიბდა. მნიშვნელოვან წარმატებას მან, აგრეთვე, ამა წლის ივნისში გამართულ ადგილობრივ არჩევნებზე მიაღწია. გასულ კვირას გამართულ რეფერენდუმის შესახებ ის მოსახელობას მოუწოდებდა, უარი ეთქვა საკონსტიტუციო რეფორმისთვის, რომლის ინიციატივით პრემიერმინისტრი მატეო რენცი და “დემოკრატიული პარტია” გამოვიდნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ დღევანდელი სისტემა, როდესაც კანონპროექტს სჭიდება დამტკიცება პარლამენტის ორივე პალატაში, ქვეყნის მართვას ართულებს, ამიტომ გამოვიდნენ წინადადებით, ეს მხოლოდ ქვედა პალატას გაეკეთებინა, რაც, თავის მხრივ, შექმნიდა წინაპირობას საარჩევნო სისტემის რეფორმისთვის. რენციმ წინასწარ განაცხადა, რომ რეფერენდუმზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში გადადგებოდა, რაც პრაქტიკულად გარდაუვალს გახდიდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გამართვას. როდესაც კვირას, გვიან საღამოს ცხადი შეიქნა, რომ რეფერენდუმი “ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის” დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა, პრემიერმინისტრმა მატეო რენციმ მარცხი აღიარა და განაცხადა პოსტიდან წასვლის შესახებ. ევროპული ერთიანობის მოწინააღმდეგეები იტალიაში თავიანთ მიზნებს კიდევ ერთი ნაბიჯით მოუახლოვდნენ.

ავსტრიაში დასრულდა საპრეზიდენტო მარათონი, რომელიც ექვს თვეს გაგრძელდა. მაისში მეორე ტურში “მწვანეთა პარტიის” ყოფილმა თავმჯდომარემ (ფორმალურად ის მონაწილეობდა არჩევნებში, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი) ალექსანდრე ვან დერ ბელენმა გაიმარჯვა (51,9%), მაგრამ მისმა ოპონენტმა ნაციონალისტური და ევროსკეპტიკური “ავსტრიის თავისუფლების პარტიიდან” _ ნორბერტ ჰოფერმა (48,1%) არჩევნების შედეგები გააპროტესტა და უხეშ დარღვევებზე მიუთითა. ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ 78 ათასი ბიულეტენი საეჭვოა და არჩევნების ხელახალი ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. ის სექტემბერში უნდა გამართულიყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბიულეტენების ნაწილი (ის, რომელიც ფოსტით ხმის მიცემისთვის გამოიყენება) უვარგისია და არჩევნები 4 დეკემბისთვის გადაიტანეს. ასეთი მანიპულაციები საქართველოში რომ მომხდარიყო, ევროკავშირი, ალბათ, სანქციებს დაგვიწესებდა, მაგრამ ავსტრიელებს, როგორც ჩანს, ეპატიებათ.

გასულ კვირას ისევ ვან დერ ბელენმა გაიმარჯვა (53,6%), თუმცა ის, რომ ნაციონალისტების კანდიდატს გაპრეზიდენტებამდე ძალიან ცოტა დააკლდა, მიუთითებს იმაზე, რომ ავსტრიამ ევროკავშირის სტაბილურობასა და ერთიანობასაც კი მომავალში შეიძლება არაერთი საფრთხე შეუქმნას.

ასეა თუ ისე, წინააღმდეგობები ევროკავშირში ღრმავდება და მას სულ უფრო ნაკლები შესაძლებლობა რჩება, სამეზობლოში გავლენის ზონა აქტიურად გააფართოვოს. ამასთანავე, ძალიან სწრაფად უარესდება ევროკავშირის ურთიერთობა თურქეთთან, რაც უდავოდ აისახება საქართველოზეც. ასეთ დროს მნიშვნელოვანია სიტუაციის ადეკვატური შეფასება და, ილუზიებში ცხოვრების ნაცვლად, რეალობისთვის თვალის გასწორება, მიუხედავად იმისა, ცალკე აღებულ ვიზალიბერალიზაციას ეხება ეს თუ ზოგადად საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივას.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here