Home რუბრიკები საზოგადოება სად დასაქმდნენ პარტიებიდან წასული ლიდერები

სად დასაქმდნენ პარტიებიდან წასული ლიდერები

467

პოლიტიკურად და ფინანსურად გაკოტრების შემდეგ პაატა ბურჭულაძის პარტია გამოსავლის ძიებაშია და მის გუნდთან ერთად ახალ იდეებზე მსჯელობს. როგორც ჩვენთვის შეიქნა ცნობილი, მსოფლიო ბანს მეტად გასჭირვებია და ფინანსების მოსაზიდად ბიზნესის წამოწყებას გეგმავს

ჩვენი კორწყაროს ცნობით, ბურჭულაძე მოსწავლეებს ფორტეპიანოს დაკვრაში მოამზადებს, წლოვანება _ 10-დან 18 წლამდე. როგორც შევიტყეთ ბატონი პაატა არც შინ მომზადებაზე ამბობს უარს და მზად არის, საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეებთან სახლში იაროს. ფასები კი მოთხოვნის შესაბამისად სხვადასხვაა. მუსიკა+ფორტეპიანო+სელფი პაატასთან ღირს 100 დოლარი, შესაძლებელია 6-თვიანი განვადება. სამუსიკო სკოლა თბილისის ერთერთ გარეუბანში, მიტოვებულ შენობაში მდებარეობს და სარემონტო სამუშაოებს პარტიის თანაგუნდელები საკუთარი ძალებით ატარებენ.

ხათუნა ლაგაზიძე იმ დღეს წყევლის, როცა ის ბურჭულაძის გუნდში მივიდა. ამის შესახებ მან სააგენტო “რაკეტას” განუცხადა.

“რატომ მიწა არ გამისკდა და ჩამიტანა, როცა ამ პარტიაში მივედი. თავდაპირველად ყველაფერი მართლა კარგად იყო, ყოველდღე ჰამბურგერებს ვჭამდით, რესტორნებში დავდიოდით, “კოკა-კოლას” ვსვამდით და ბოლოს შევამჩნიე, რომ გაწუწკდა, წუწუნებდა, _ ფული აღარ არის და, რაც გვაქვს, ის ჭამეთო. არადა, ერთხელ ჩუმად დავინახე, ოთახში როგორ აწობდა მაიონეზში პურს და როგორ ჭამდა. წარმოიდგინეთ, თანაგუნდელებისთვის ენანებოდა და ქვეყნისთვის გაიღებდა რამეს? უი, ის დღე დაიწვას, როცა მე მანდ ფეხი შევდგი”, _ განაცხადა ლაგაზიძემ.

მერაბ მეტრეველის შეფასებით, ბურჭულაძის ახალი ბიზნესწამოწყება ურიგო არ არის და მას წარმატებებს უსურვებს.

“ვფიქრობ, ყველას აქვს შანსი, დაიწყოს ახალი ცხოვრება ახალი ფურცლიდან. მეც ასე მოვიქეცი, როცა მედიიდან წამოვედი და პარტიაში მივედი, შემდეგ კი ისევ წამოვედი. სერიოზული დეპრესია მქონდა, რამდენიმე დღე ბაზრობაზეც ვიდექი, მედიაში დაბრუნებამდე თავი რომ გამეტანა. მადლობა ღმერთს, ისევ დამიძახეს ყოფილ სამსახურში და დღეს პურის ფულის პრობლემა არ მაქვს. ასე რომ, შრომა სულაც არ არის სათაკილო და მიხარია, თუ ბატონმა პაატამ ახალი გზა იპოვა”, _ ამბობს მეტრეველი გაზეთ “დილის საუზმისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

რაც შეეხება ეროვნულ ფორუმს”, გასულ კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუბაზ სანიკიძემ დეზერტირების ბაზრის დირექტორის თანამდებობაზე შეთავაზება მიიღო, თუმცა მედიაში ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ მან ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა და სხვა თანამდებობა ითხოვა. როგორც ჩვენი კორწყარო გვაუწყებს, ბატონ გუბაზს ხორცის სექციის მეთვალყურედ დანიშვნა მოუთხოვია და თანაც _ ანონიმურობის სრული დაცვით, რაზეც ბაზრის დირექცია დაფიქრებულა და უთქვამს, მოვიფიქრებთ და დაგირეკავთო.

პარტიის კიდევ ერთი აქტიური “სახე” ანი მიროტაძე კი უკვე დასაქმდა და, როგორც შევიტყვეთ, ნამეტანი კმაყოფილია ახალი სამსახურით, ის ტანსაცმლის მაღაზიაში უფროს მოლარე-კონსულტანტის თანამდებობას იკავებს, სამუშაო გრაფიკი დილის 10-დან საღამოს 7 საათამდეა, რომლის შემდეგ ქალბატონი ანი მეორე სამსახურში ინაცვლებს და ეს სამსახური ერთ-ერთი საშაურმეა, რომელშიც ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ჩაუდგა სათავეში.

მოკლედ, დამარცხებული პოლიტიკური პარტიები და მათი ლიდერები უსამსახურობას არ უჩივიან, სამაგიეროდ, ზურგიდან მოიცილეს ქვეყანაზე დარდი და უძილო ღამეები, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, დარწმუნებული ვარ, ბევრი ექნებოდათ.

გრიგოლ ინგაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here