Home რუბრიკები პოლიტიკა რა უნდათ საქართველოსგან ამერიკელ “ნეოკონებს”?

რა უნდათ საქართველოსგან ამერიკელ “ნეოკონებს”?

497

საქართველო კვლავ ამერიკელინეოკონსერვატორებისყურადღების ცენტრშია. აშშის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დონალდ რამსფელდმა ჩვენი ქვეყნის შესახებუოლ სტრიტ ჯორნალშისაკმაოდ დამაფიქრებელი წერილი გამოაქვეყნა. უახლოეს მომავალში კი საქართველოში სენატორი ჯონ მაკკეინი ჩამოვა. საინტერესოა, რამ განაპირობაძველი ნაცნობებისგააქტიურება.

რამსფელდის გეგმები და ილუზიები

დონალდ რამსფელდის ბოლო ვიზიტი საქართველოში ამა წლის ივნისში შედგა _ მისმა ფონდმა თბილისში “კავკასია-ცენტრალური აზია-ავღანეთი-მონღოლეთის რეგიონული ფორუმი” ჩაატარა. ამ ღონისძიებას საქართველოს პრემიერმინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრნენ. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა კი დონალდ რამსფელდს ავლაბრის რეზიდენციაში უმასპინძლა და ზალმაი მამოზი ხალილზადთან (“ხალილზად ასოსიეიტის” პრეზიდენტი) ერთად ის “საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში შეტანილი პირადი წვლილისთვის” ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.

დონალდ რამსფელდმა თანამდებობა 2006 წელს დატოვა, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან პირდაპირი კავშირი არ ჰქონია, ამიტომ ბუშის ადმინისტრაციაზე საუბრისას მას საქართველოში გაცილებით იშვიათად ახსენებენ, ვიდრე კონდოლიზა რაისს ან, მაგალითად, დიკ ჩეინის. უნდა აღინიშნოს, რომ ის ყოველთვის იყო საქართველოს ნატოში სწრაფი გაწევრების მომხრე და პირველად ამაზე ჯერ კიდევ 2003 წლის დეკემბრის დასაწყისში მიანიშნა, როდესაც თბილისში ახალი ხელისუფლების მიმართ თეთრი სახლის მხარდაჭერის გამოსახატავად ჩამოვიდა.

გასულ კვირას გამოქვეყნებულ წერილში რამსფელდი ახალ ადმინისტრაციას მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს საქართველოს ფორსირებულ ინტეგრაციას ნატოში. ,,პირველ რიგში, უნდა აღმოიფხვრას ყველა ბარიერი საქართველოს ნატოს წევრობის გზაზე და საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს მაპი. საქართველომ გადაიხადა თავისი საფასური _ ქართველი ჯარისკაცები ამერიკელ და ნატოელ ჯარისკაცებს გვერდით უდგანან ავღანეთსა და ერაყში. რუსეთი პრეტენზიებს აყენებს, რომ საქართველოს წევრობა ნატოში პროვოკაცია იქნება. რუსეთის შესაძლო რეაქციამ ნატოს ზოგიერთი წევრი დაარწმუნა, რომ საქართველოს სვლა ნატოსკენ უნდა გადაიდოს. ნატოს ბოლო სამიტებზე არაერთხელ აღინიშნა საქართველოს წვლილი დასავლეთის უსაფრთხოებაში. ახლა მოქმედების დროა. დასავლეთის უსაფრთხოების ინტერესები არ უნდა იქნას მძევლად აყვანილი რუსეთის უკმაყოფილების გამო… ამერიკის სასიცოცხლო ინტერესები ფსონზე დევს საქართველოში. საქართველო ის მოკავშირეა, რომელიც ჩვენ გვჭირდება”, _ წერს აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მინისტრი (“ინტერპრესნიუსის” თარმანი).

საგულისხმოა, რომ წერილში არაფერია ნათქვამი ევროპელი მოკავშირების წინააღმდეგობის დაძლევის გზებზე. ბუშის ადმინისტრაციამ ეს ვერ მოახერხა _ ვერც აგვისტოს ომამდე (ბუქარესტის სამიტზე) და მით უმეტეს _ მის შემდეგ. მსგავსი გადაწყვეტილებები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში კონსენსუსის საფუძველზე მიიღება და არანაირი მექანიზმი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ვაშინგტონს, გვერდი აუაროს გერმანია-საფრანგეთის არაფორმალურ ვეტოს, არ არსებობს. დონალდ რამსფელდი ტრამპის ადმინისტრაციას სთავაზობს, ფაქტობრივად, ჩიხში შევიდეს, რადგან მისი გეგმა სრულიად უპერსპექტივოა, ისევე, როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის _ მევლუთ ჩავუშოღლუს წინადადება ნატოში საქართველოს გაწევრებაზე მაპის მინიჭების გარეშე, რადგან “ძველი ევროპის” წარმომადგენლები მედგარ წინააღმდეგობას ამ შემთხვევაშიც გაწევენ. რა საჭიროა იდეა, რომლის ხორცშესხმა შეუძლებელია, და მასზე დაფუძნებული ილუზიები?

ამ გზავნილში ორი საინტერესო ქვეტექსტია _ რამსფელდი ცდილობს, ხელი შეუწყოს თეთრი სახლის ძალისხმევას და გარკვეული წვლილი შეიტანოს აშშ-ის პოსტსაბჭოთა პარტნიორების დამშვიდებაში, რომლებიც ტრამპის არჩევის შემდეგ შიშობენ, რომ ამერიკელებმა შეიძლება მიატოვონ. ამასთანავე, ამერიკული ისტებლიშმენტის ნაწილს სურს, გააღრმავოს “ახალი ცივი ომი” და ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთთან მწვავე კონფრონტაციაში ჩართოს. როგორც ჩანს, დონალდ რამსფელდიც ამ მიმართულებით მუშაობს.

მაკკეინის ჯვაროსნული ლაშქობა

ესტონეთი-უკრაინა-საქართველო _ ასეთი იქნება სენატორების _ ჯონ მაკკეინისა და ლინდსი გრემის ვიზიტის მარშრუტი; “ვაშინგტონ პოსტის” ცნობით, ისინი ჩამოთვლილ ქვეყნებში დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე ჩავლენ. იქვე ნათქვამია, რომ მნიშვნელოვან ბარიერად “ახალი გადატვირთვისთვის” შეიძლება სწორედ ამერიკელი კანონმდებლების პოზიცია იქცეს. აქ, ალბათ, მნიშვნელოვანია ერთი გარემოება _ რამსფელდი, მაკკეინი და სხვები ვერ მოუწოდებენ ტრამპის ადმინისტრაციას, აქტიურად იმოქმედოს რუსეთის საზღვრებთან, თუ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ხელმძღვანელობა შესაბამის სიგნალებს არ გააძლიერებს _ “გაგვაწევრეთ ნატოში!”, “მოგვეცით იარაღი!” და ა.შ., მაგრამ ამერიკელების შესაძლო უკანდახევით შეშფოთებული პროდასავლელი ლიდერები აღმოსავლეთ ევროპაში ცდილობენ, ზედმეტად არ გააღიზიანონ კრემლი მაშინ, როდესაც მიზნის მიღწევა (მაგალითად, ნატოში გაწევრება) შეუძლებელია. ეს რეალური პრობლემაა ნეოკონსერვატორებისთვის და მის გადაწყვეტას ცდილობენ.

ყველაზე კარგად მათ მიხეილ სააკაშვილი გაუგებდათ, მაგრამ ის ამჟამად “ოფსაიდშია”, როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში. საინტერესოა, რა რჩევას მისცემს ჯონ მაკკეინი გახლეჩის პირას მყოფი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს, რომლებთანაც მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებს. არც ისე მცირეა იმის ალბათობა, რომ გარკვეული ფორმით მხარდაჭერას ბოკერიას ჯგუფის მიმართ გამოხატავს, თუმცა მისი მთავარი ადრესატი ხელისუფლება იქნება, სწორედ მისგან შეეცდება, მიიღოს მკვეთრად ანტირუსული პოზიციის გამოხატვა, რომელიც ნატოში გაწევრებისა და იარაღის მოწოდების მოთხოვნით დაგვირგვინდება. “ნაცმოძრაობის” ფაქტორი ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია, რადგან ეს პარტია კრიზისშია და ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი ხელშესახებ პერსპექტივაში არ ექნება.

მსგავს სიტუაციებში ივანიშვილის ხელისუფლება, როგორც წესი, როლების განაწილების ტაქტიკას მიმართავს. რამდენიმე მაღალჩინოსანი, მაგალითად, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი მკვეთრ პროდასავლურ და ანტირუსულ განცხადებებს აკეთებენ, ხოლო პრემიერმინისტრი და კიდევ რამდენიმე ფიგურა მათ მოგვიანებით “აბალანსებენ”, არბილებენ და ცდილობენ, რომ ყველა დაინტერესებულმა მხარემ მისთვის სასურველი მესიჯი მიიღოს. ამასობაში, რეალურად შეჩერებულია როგორც “ნატოს კარზე კაკუნის”, ისე რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი – ხელისუფლება, ფაქტობრივად, ელოდება რეგიონში ძალთა ბალანსის შეცვლას და პასიურობს, რადგან საბედისწერო შეცდომის დაშვების ეშინია. ვინაიდან აშშ-ს არ შეუძლია ევროპელი მოკავშირეების წინააღმდეგობა დაძლიოს, ოფიციალური თბილისიც მაპზე საუბრით დიდად არ აწუხებს, რადგან ამ თემის მუდმივი პედალირება საქართველოში ანტიამერიკულ განწყობებს ზრდის, მაგრამ რამსფელდს, მაკკეინსა და მათ უკან მდგომ ძალებს სწორედ ახლა სჭირდებათ საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებების ისტერიკული მოწოდებები სასწრაფო დახმარებაზე, რის სანაცვლოდაც, მხარდამჭერი განცხადებებისა და საგაზეთო სტატიების გარდა, რეალურად არაფრის შემოთავაზება არ შეუძლიათ. თუ ივანიშვილის ხელისუფლება შესაბამისი როლის შესრულებაზე უარს იტყვის, მის წინააღმდეგ შეიძლება ერთი პრობლემური თემა გამოიყენონ, მით უმეტეს რომ ამის გაკეთებას, სავარაუდოდ, აშშ-ის ხელისუფლებაც აპირებს.        

ძია სემის ორმაგი თამაში

მას შემდეგ, რაც “რუსთავი 2”-ის სასამართლო პროცესი დასკვნით სტადიაში შევიდა, აშშ-ის ხელისუფლებამ სხვადასხვა ფორმით არაერთგზის მიანიშნა, წინასაარჩევნო პერიოდში ტელეკომპანიას არავინ უნდა შეეხოსო. ბიძინა ივანიშვილმა მიიღო ეს სიგნალი და განაცხადა, რომ იმედი აქვს, არჩევნებამდე სასამართლო საბოლოო ვერდიქტს არ გამოიტანს, მაგრამ, თუ ეს მოხდება, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიის მენეჯმენტი 8 ოქტომრამდე არ შეცვალოს.

არჩევნების შემდეგ, როდესაც ცხადი შეიქნა, რომ “რუსთავი 2”-თან დაკავშირებული იურიდიული პროცედურები დასკვნით სტადიაში შევიდა და ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ უზენაესი სასამართლო ძალაში დატოვებს ქიბარ ხალვაშისთვის სასურველ გადაწყვეტილებას, აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი “რუსთავი 2”-ში მივიდა, იქ დახურული შეხვედრა გამართა და განაცხადა, რომ “შეერთებული შტატები მხარს უჭერს მედიის მრავალფეროვნებას”. ტელეკომპანიის გენდირექტორმა ნიკა გვარამიამ და მისმა თანამოაზრეებმა აღიქვეს ეს, როგორც ერმნიშვნელოვანი მხარდაჭერა, ხოლო მათი ოპონენტების ნაწილმა _ როგორც ჯენტლმენური შეთანხმების დარღვევა ამერიკელების მხრიდან, რადგან წინასაარჩევნო პერიოდი დასრულდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიანიშნეს “რუსთავი 2”-ის ხელშეუხებლობაზე. ეს კი, მათი აზრით, ივანიშვილის ხელისუფლებას ორ გამოსავალს უტოვებს _ ან სასამართლოზე ზემოქმედება მოახდინოს, მისი დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობის პრინციპი უგულებელყოს და გადაწყვეტილება შეაცვლევინოს, ან წინასწარ შეეგუოს იმას, რომ “დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვისთვის” გააკრიტიკებენ, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლები, ისე სენატორ მაკკეინის მსგავსი ფიგურები. აშშ-ის ხელისუფლება ქართველ პარტნიორებზე ზემოქმედების კიდევ ერთი ბერკეტის მოპოვების შესაძლებლობას, სავარაუდოდ, ხელიდან არ გაუშვებს. ეს ისტორია, ალბათ, კიდევ ერთხელ ადასტურებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ჯენტლმენური შეთანხმება შეიძლება დადო მხოლოდ ჯენტლმენებთან.

ივანიშვილის მოწინააღმდეგეები დღეს ფრიად დასუსტებულები არიან, თუმცა მათი ძალების კონსოლიდაცია შეიძლება სწორედ “რუსთავი 2”-ის გარშემო მოხდეს, მით უმეტეს, თუ დასავლეთიდან სერიოზული მხარდაჭერის იმედი ექნებათ. ის ლიბერალური ჯგუფები, რომლებიც ქართველმა ამომრჩეველმა 8 ოქტომბერს ისტორიის სანაგვეზე მოისროლა, პოლიტიკურ ავანსცენაზე დაბრუნების გზებს ეძებენ და ვაშინგტონში ამას კარგად ხედავენ. ამიტომ ივანიშვილის ხელისუფლება არ არის დაზღეული იმისგან, რომ ამერიკული მხარე “რუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებული კრიზისისას მკვეთრ განცხადებებს არ გააკეთებს. არც ბიძინა ივანიშვილს, არც ქართულ საზოგადოებას, ალბათ, არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ ამერიკელები თამაშის წესებს ან ადრე მიღწეულ შეთანხმებებს დაიცავენ.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here