Home რუბრიკები ისტორია თავისუფლების მოედანი

თავისუფლების მოედანი

3481

მოედანმა თავისი არსებობის მანძილზე არაერთი სახელი გამოიცვალა. თავდაპირველად მოედანს შტაბის მოედანს უწოდებდნენ. 1825 წლიდან ამიერკავკასიის ჯარების სარდალი, ხოლო 1827 წლიდან კავკასიის მეფისნაცვალი იყო გენერალი პასკევიჩი. 1828-1829 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში პასკევიჩმა სასტიკად დაამარცხა თურქეთის მრავალრიცხოვანი არმია და გაათავისუფლა მისგან მიტაცებული ქართული ტერიტორიები _ ახალციხე და ახლქალაქი, აგრეთვე, თურქები გარეკა სომხეთის დედაქალაქ ერევნიდან. 

1828 წელს რუს გენერალ პასკევიჩს ერევნის ციხესიმაგრის აღების გამო ერევნის გრაფის _ პასკევიჩერევანსკის წოდება მიანიჭეს. 1851 წელს მოედანზე დასრულდა თეატრისა და ქარვასლის შენობა, ამიტომ მოედანს ერთხანს თეატრალურს უწოდებდნენ. როცა 1856 წელს პასკევიჩი გარდაიცვალა, მის პატივსაცემად ცენტრალურ მოედანს თბილისში ყოფილი მეფისნაცვალის _ გრაფ პასკევიჩერევანსკის სახელი უწოდეს. ამის შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში, ამ მოედანს თბილისში შემოკლებით ერევანსკის მოედანს უწოდებდნენ. ხოლო უფრო გვიან, საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში, დაუმკვიდრდა სახელი ერევნის მოედანი. 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად მოედანს სახელი შეეცვალა და თავისუფლების მოედანი ეწოდა. საქართველოს გასაბჭოების შემდგომ მას ჯერ ზაკფედერაციის მოედანი (ამიერკავკასიის მოედანი) ერქვა (ამიერკავკასიის სფსრის შექმნის გამო), შემდეგ კი _ ლენინის მოედანი. ძალიან მოკლე დროით მოედანმა იარსება ბერიას მოედნის სახელით (1953 წლამდე). 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ინიციატივით მოედანს დაუბრუნდა ძველი სახელი _ თავისუფლების მოედანი.

თბილისის მთავარ მოედანს დაახლოებით ორი საუკუნის ისტორია აქვს. მოედანი არცთუ შორეულ წარსულში ქალაქის გალავნის გარეთ მოქცეულ უკაცრიელ ადგილს წარმოადგენდა, მეფეთა ბაღებით გარშემორტყმული და ლეღვის ხეებითა და შირაზის ვარდებით დამშვენებული. გალავნის კედელი დაახლოებით დღევანდელი მოედნის აღმოსავლეთ მხარის განაშენიანების ხაზს გასდევდა (ოდნავ სიღრმეში) და პუშკინის ქუჩის მოშენების სწვრივად ეშვებოდა. იქ კი, სადაც დღეს ლესელიძის ქუჩა ერწყმის მოედანს, ქალაქის ერთ-ერთი მთავარი კარიბჭე კოჯრის კარი იყო. აქედან ორი გზა იწყებოდა. ერთი ჩრდილოეთისკენ მიემართებოდა (ამჟამინდელ რუსთაველის გამზირის ხაზზე), მეორე კი კოჯრისკენ მიდიოდა დღევანდელი ლეონიძის ქუჩის გაყოლებით.

XIX საუკუნის ცნობილი ქართველი ისტორიკოსის _ პლატონ იოსელიანის ცნობით, დღევანდელი მოედნის ჩრდილოეთ მხარეზე, დაახლოებით იქ, სადაც ახლა ხელოვნების მუზეუმია, XVII საუკუნის მიწურულს მეფის ქარვასლა მდგარა. იგი საკმაოდ დიდი ყოფილა და ოთხმოცამდე სადგომს მოიცავდა. მისივე ცნობით, ქარვასლა თურქებს დაუნგრევიათ 1724 წლის შემოსევისას. ვახუშტის და XVIII საუკუნის 80-იან წლებში შედგენილ თბილისის გეგმებზე მოედნის ტერიტორია სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან ბაღებითაა გარშემორტყმული. ვახუშტის მიხედვით, აქ იყო მეფის, დედოფლისა და მამასახლისის ბაღები, ხოლო პიშჩევიჩის 1785 წლის გეგმაზე, მეფისა და დედოფლის ბაღების გარდა, გიორგი ბატონიშვილის ბაღიც არის აღნიშნული. ვახუშტი ბატონიშვილს ამ ადგილებში ერთადერთი შენობა აქვს ნაჩვენები, რომელსაც იგი ბეჟანის ქარვასლას უწოდებს. იგი დაახლოებით იქ იდგა, სადაც ქალაქის თვითმართველობის შენობა.

ვრცელ მინდორს სოლოლაკის ხევი (გვიანდელი ავანაანთ ხევი) კვეთდა. ხევს სოლოლაკის ქედის ფერდობიდან წამოსული ნიაღვარი ჩაუყვებოდა მტკვრისკენ. ძალიან ღრმა და განიერი ხევი იყო.

ერევანსკის მოედანზე ხევის არსებობის ხანაში მოედანი პრაკტიკულად ორად იყო გაყოფილი. უფრო სწორად კი მოედანი რეალურად 1824_1825 წლებში აგებული “საქალაქო სახლის” (მოგვიანებით “კავკასიის კორპუსის შტაბი”) წინ ჩამოყალიბდა (დღევანდელი პუშკინის სკვერის ტერიტორიაზე). იგი სამი მხრიდან მოშენებული იყო, ხოლო სამხრეთიდან ხევი საზღვრავდა, რომელიც მოგიანებით თეატრის შენობამ ამოავსო. შედეგად თეატრსა და საქალაქო პოლიციის შენობას შორის გაჩნდა ახალი მოედანი, რომელსაც უწოდებდნენ სწორედ “თეატრალურს”. უკვე 1934 წელს, როდესაც დამწვარი თეატრის შენობა აიღეს, მოედანი გაერთიანდა და შეიქმნა ის ურბანული სივრცე, რომელსაც დღეს უკვე თავისუფლების მოედანი ჰქვია.

1847-1851 წლებში გადაიხურა სოლოლაკის ხევის ერთი ნაწილი (ლეონიძის ქუჩა და მოედანი). ეს გამოწვეული იყო ამავე წლებში მოედანზე თეატრისა და ქარვასლის მონუმენტური შენობის აგებით (იტალიური კლასიციზმი; არქ. ჯოვანი სკუდიერი). ერევანსკის მოედნის ქვეშ გაიყვანეს ვეებერთელა ხვრელი წყლის გასასვლელად. ერთ-ერთი თანამედროვის მოგონებით, ერთხელ ურემი ჩავარდნილა ცხენით და მუხრან ბატონის ბორანთან ამოუყვია თავი.

1850 წლის გაზეთ “კავკაზსში” ვკითხულობთ: “26 ივლისს, ნაშუადღევის 5 სთ-ზე თბილიში მოვიდა კოკისპირული წვიმა, წყალმა სოლოლაკში მოიტაცა ძროხა, გაატარა ერევნის მოედნის ქვეშ გაყვანილ ვეებერთელა ხვრელში და ჩაიტანა მუხრანის ხევთან”. ეს ხევი იწყებოდა სოლოლაკის ყელიდან (ამაღლების ეკლესიის ტერფი, ამჟამად დავითაშვილის ქუჩა), კვეთდა გუდოვიჩის (ჭონქაძის), რტიშჩევის (ჯაფარიძის), პასკევიჩის (მახარაძის), სერგიევის (მაჩაბლის) დაუსახლებელ ქუჩებს, გზას იკაფავდა ერევნის მოედნისკენ და ჩადიოდა მტკვარში მუხრანის (ბარათაშვილის) ხიდის ქვეშ.

XIX საუკუნის 30-იან წლებში ერევანსკის მოედნის შუაგულში გასაყიდი შეშის ურმების გასაჩერებელი იყო, კვირაობით კი დიდი და აურზაურიანი ბაზრობა იმართებოდა. რა არ იყიდებოდა აქ: მწვანილი და ფართალი, ავეჯი და ოთხფეხი საქონელი, ქათიბი და მუნდირი, შეშა და თივა, ყარამანიანის პორტრეტები და ბუკინისტური წიგნებიც.

პუშკინის ქუჩაზე ძველად ჩაიხანები და მიკიტნის დუქნები მეფობდა, სადაც ყომარი და სხვა აზარტული თამაშები იყო გავრცელებული. ქუჩებში საზანდარი თავისუფლად მღეროდა ქალაქურ მუსტაზადებს.

როცა ვორონცოვის ბრძანებით 1847 წელს თამამშევმა მოედანზე თეატრი და ქარვასლა ააგო, ბაზარი ცოტა ქვევით დასწიეს, სწორედ იქ, სადაც ახლა პუშკინის სკვერია. ბაზრის ხალხის მოსაზიდად და გასართობად ბალაგანები იყო გამართული. აქ იაფფასიანი ცირკის არტისტები ოინბაზობდნენ (პ. უმიკაშვილი, ივერია, 1899 წ.). ერთ მხარეს ჯამბაზი გადიოდა თოკზე, მეორე მხარეს ცნობილი აბელა იდგა ოჩოფეხებზე და ხალხს აცინებდა. ამ უბანს ჩოჩქოლი და ღრიანცელი არ აკლდა. დღე ბაზრობა იყო, საღამოთი – ცირკი. პოლიცია, რომელიც ჯარში ნამყოფი ინვალიდებისგან შედგებოდა, ყურსაც არ იბერტყავდა ქალაქში წესრიგის დასაცავად. ერევნის მოედანი სრულიად მოუვლელი და უყურადღებოდ იყო მიგდებული. უჩვეულო ბაზარს ზედ ერთვოდა ჭუჭყი, ტალახი. ქვაფენილები ცოტა მოგვიანებით გაჩნდა. ნამტვრევი წვეტიანი ქვები ისე უშნოდ იყო მიყრილ-მოყრილი, რომ ადამიანს უჭირდა მასზე სიარული.

ერევნის მოედნის ეს ბაზარი 1885 წლამდე ბოგინობდა. 1885 წლის 23 ივნისიდან ბაზარი ვერაზე გადაიტანეს. მოვაჭრეებს ყაზახები ძალისძალათ ერეკებოდნენ. ურმები, პოვოსკები გარეკეს ვერაზე, კვერცხის, ქათმისა და მაწვნის გამყიდველებიც მიაყოლეს. “სოლოლაკში მცხოვრებს ერთი ქილა მაწონი რომ უნდოდეს, ვერაზე უნდა წავიდეს”, _ წერდა თანამედროვე.

ბაზრის ადგილზე ბაღი გაშენდა, რომელსაც ხალხი ახალ ბაღს უწოდებდა. 1892 წლის 25 მაისს ერევანსკის მოედნის ახალ ბაღში ქართული საზოგადოების შეწირულობის ხარჯზე დაიდგა პუშკინის ბრინჯაოს ბიუსტი (მოქანდაკე რ. ხუდოროვიჩი), რის შემდეგაც მას პუშკინის სკვერი დაერქვა. ბაღის ხშირი სტუმრები იყვნენ სემინარიის მოწაფეები, რომლებიც თავისუფალ დროს საუბრობდნენ პოეზიაზე, პოლიტიკაზე.

მოედნის ინტენსიური განაშენიანება XIX საუკუნის პირველ მეოთხედში დაიწყო. მოედნის დღევანდელი მოშენება, ერთი-ორი ნაგებობის გარდა, XIX საუკუნეში ჩამოყალიბდა და სტილისტურად საკმაოდ ჭრელ სურათს ქმნის.

1824_1825 წლებში აიგო საქალაქო სახლი (შემდგომ კავკასიის კორპუსის შტაბი). 1825 წელს იაკობ ზუბალაშვილის მიერ ვინმე თურქესტანიშვილისგან გამოსყიდულ მიწის ნაკვეთზე აშენდა სასტუმრო “პალასი”. 1838 წელს შენობა საეკლესიო უწყებამ შეიძინა სასულიერო სემინარიის განსათავსებლად.

1830-იან წლებში მოედნის სამხრეთ მხარეზე, იქ, სადაც ადრე ბეჟანის ქარვასლა იდგა, ააგეს ქალაქის პოლიციის განყოფილების შენობა (ყოფილი მერია), პოლიცმეისტერის კანცელარიით.

1851 წელს ერევანსკის მოედანზე, ქალაქის პოლიციის წინ გაკეთდა შადრევანი. წყალი გამოყვანილი იყო სოლოლაკის წყაროებიდან. 1878_1879 წლებში პოლიციის შენობა საფუძვლიანად გადაკეთდა და გადმოვიდა საქალაქო სახლი. 1921 წლიდან შენობაში განთავსდა სახალხო დეპუტატების თბილისის საქალაქო საბჭო, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ – თბილისის მერია.

თეატრი-ქარვასლის შენობის წინ, შესასვლელთან რკინის ლომები დადგეს (ახლა ამ ლომების ნახვა შეგიძლიათ სიონის ცენტრალური შესასვლელის მახლობლად, ქარვასლის წინ). 1874 წელს ხანძრის შემდეგ აღადგინეს მარტო ქარვასლა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1930-იან წლებში, მოედნის ძირფესვიანი რეკონსტრუქცია ჩატარდა, რამაც იმსხვერპლა ქარვასლის შენობაც (1934 წ.). 1956 წლის 21 აპრილს საზეიმოდ გაიხსნა ვ. ი. ლენინის ძეგლი (მოქანდაკე ვ. თოფურიძე, უ. ჯაფარიძის მონაწილეობით, არქოტექტორები: გ. მელქაძე, კ. ჩხეიძე, კ. ხეჩინაშვილი, შ. ყავლაშვილი). ძეგლი 1991 წელს პარადულად ხალხის თანდასწრებით მოანგრიეს. მისი ადგილი მოგვიანებით შადრევანმა დაიკავა. 1967 წელს მოედნის ქვეშ ამოქმედდა ამავე სახელწოდების მეტროსადგური.

მოედნის მოპირდაპირე მხარეს, გალავნის დასწვრივ ერთ-ორ სართულიანი სახლები აშენდა, იმდროინდელი თბილისისთვის დამახასიათებელი შეკიდული აივნებით, რომელთაც აჟურული ორნამენტებით შემკობილი მოაჯირები და ტიმპანები ჰქონდა. ერთ ასეთ სახლში, რომელიც ყოფილი მეგობრობის მუზეუმის ადგილას იდგა, 1829 წელს ალექსანდრე პუშკინი გაჩერებულა. ეს სახლები XIX საუკუნის მეორე ნახევარში სხვა ნაგებობემა შეცვალა, რომელთა დიდმა ნაწილმა დღემდე მოაღწია.

მოედნის შუაგულში 1956 წლის 21 აპრილს ლენინის მოედანზე დაიდგა ლენინის მონუმენტი.

1991_1992 წლების ე. წ. თბილისის ომის დროს მოედანზე რამდენიმე შენობა განადგურდა. 1992 წელსვე გამოცხადდა საავტორო უფლებების მოსაპოვებელი არქიტექტურული კონკურისი დანგრეული კვარტლის რეკონსტრუქციაზე, რომელიც განხორციელდა კიდეც 1999 წლიდან 2 საცხოვრებელი სახლის აშენებით (ლეონიძის ქ.) და საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი კორპუსის რეკონსტრუქციით (არქ. გიორგი გეგეშიძე). თუმცა იმავე წელსვე გამოცხადდა ახალი კონკურსი უკვე მრავალფუნქციურ ნაგებობაზე, უშუალოდ მოედნის მიმდებარედ. შედეგად 2002 წელს მოედანზე გაიხსნა ახალი სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტი”.

2006 წლის 23 ნოემბერს მოდანზე საზეიმოდ გაიხსნა სვეტზე აღმართული წმინდა გიორგის ქანდაკება (რომელიც მოქანდაკე ზურაბ წერეთლის საჩუქარია ქალაქისთვის). 27-ტონიანი 9 მეტრი სიმაღლის ქანდაკებაზე ორი კგ ოქრო დაიხარჯა.

ჟურნალიისტორიული მემკვიდრეობა” #10

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here