Home რუბრიკები საზოგადოება მანდარინის მოვლა-მოყვანის ინტენსიური ტექნოლოგია

მანდარინის მოვლა-მოყვანის ინტენსიური ტექნოლოგია

2351

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის ერთერთი ძირითადი და წამყვანი დარგია. სასიამოვნო გემოს ოქროსფერი ნაყოფი არომატული თვისებებით ყოველთვის იპყრობდა ადამიანის ყურადღებას. განსაცვიფრებელია ამ კულტურის მრავალფეროვნება, მუდმივი ევოლუცია, ახალი ფორმების წარმოქმნის ფართო დიაპაზონი. ჩვენში ციტუსოვნებიდან მანდარინის კულტურას წამყვანი ადგილი უჭირავს, ამიტომ მკითხველს ვთავაზობთ მანდარინის მოვლამოყვანის ინტენსიურ ტექნოლოგიას.

მანდარინის ბაღების გაშენებისას დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილის შერჩევას და მის სწორ ორგანიზებას. არჩევენ ვაკე და მცირე დაქანების (0-50 გრადუსი), აგრეთვე, საშუალო დაქანების (5-200 გრადუსი) ფერდობებს, ძლიერად დაქანებული ფერდობის დახრილობა კი 20-30 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს.

მანდარინის ჯიშები განსხვავდება განვითარების სიძლიერითა და ხანგრძლივობით, ამიტომ ისინი სხვადასხვა კვების არეს მოითხოვს. მცენარეთა განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საძირეები, ადგილის კლიმატური და ნიადაგური პირობები და სხვა ფაქტორები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სუბტროპიკულ ზონაში, სადაც მცენარეები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ყინვისგან არ ზიანდება, ხშირი ნარგავების გაშენება მიზანშეწონილი არ არის. ამიტომაა, რომ, აგროწესების მიხედვით, მანდარინის კვების არედ მიღებულია 5X2 მეტრი ფართობი, .. 1000 ძირი _ ჰექტარზე. ნერგების დასარგავად ორმოების ამოღების ვადები და მათი ზომები დამოკიდებულია ნაკვეთის მომზადების წესზე. მანდარინს რგავენ შემოდგომაზე _ ოქტომბერში ან გაზაფხულზე _ ვეგეტაციის დაწყებამდე.

შემოდგომაზე დარგვა კარგ შედეგს იძლევა განსაკუთრებით იმ რაიონებში, რომლებშიც თბილი და ხანგრძლივი შემოდგომა იცის. ასეთი ჰავის პირობებში უკეთ ხდება დაფესვიანება და მცენარე ზრდას ადრე გაზაფხულზე იწყებს.

გაზაფხულზე დარგული მცენარე კი სუბტროპიკული რაიონებისთვის დამახასიათებელი გვალვების მავნე მოქმედებას განიცდის. შემოდგომაზე რგვის უარყოფითი მხარე არის ის, რომ შესაძლებელია გამოზამთრების პირველსავე წელს მცენარე ყინვამ დააზიანოს. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ, თუ მცენარეები ადრე შემოდგომაზე გაშენდა, არაუგვიანეს 25 ოქტომბრისა, და მათ დარგვისთანავე შემოეყარა საკმარისი მიწა, დაღუპვისგან დაცული იქნება. ყინვების შემთხვევაში დაზიანდება მიწისზედა ნაწილი, რომელიც პირველ წელს სწრაფად აღდგება.

* დარგვამდე 2-3 კვირით ადრე ორმოებიდან ამოღებული მიწის ზედა ფენას შეურევენ ორგანულ და მინერალურ სასუქებს. მათი დოზები დამოკიდებულია ნიადაგის შედგენილობაზე. თუ სასუქი ნიადაგის დამუშავებამდე არ იყო შეტანილი, დარგვისას შეაქვთ 10-25 კგ-მდე გადამწვარი ნაკელი და 500-800 გრამამდე სუპერფოსფატი. მძიმე თიხნარ ნიადაგებს უმატებენ 30 კგ ქვიშას, მჟავე ნიადაგებზე კი _ კირს.

* ნერგი არ უნდა დაირგას ღრმად ან ზერელედ, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს მცენარის მომავალი განვითარებისთვის. ნარგავის ფესვის ყელი 2-3 სმ-ით მაღლა უნდა იყოს, რაც საჭიროა იმისათვის, რათა მიწის დასკდომის შემდეგ ნერგი ნიადაგში ნორმალურად მოთავსდეს. ახალგაზრდა მცენარე საიმედოდ უნდა მივაკრათ ჭიგოს, რადგან აუკვრელი ნერგი ქარის დროს ქანაობს, ფესვები ერყევა და ცუდად ვითარდება.

მანდარინის ნარგავების განვითარების მთელი ციკლი შეიძლება დაიყოს სამ ძირითადად პერიოდად:

პირველი _ ახალგაზრდა მცენარეების ფორმირება მსხმოიარობის დაწყებამდე, რომლის განმავლობაში ხეები ინტენსიურად იზრდება; მეორე _ გაძლიერებული მსხმოიარობა, მცენარის ვეგეტაციურ ზრდასთან ერთად ვითარდება გენერაციული ორგანოები; მესამე _ იკლებს მცენარეთა ზრდისა და მსხმოიარობის ტემპი, რომელიც საბოლოოდ მათი დაღუპვით მთავრდება.

* ახალგაზრდა ნარგავების ზრდა-განვითარება, მსხმოიარობა, აგრეთვე, ყინვაგამძლეობა დიდადაა დამოკიდებული მწკრივთაშორისებში ნიადაგის მოვლის ხერხებზე. მწკრივთაშორისებში მრავალწლიანი ბალახების თესვა რეკომენდებულია მანამ, სანამ ნარგავები ხუთი წლისა გახდება. ითესება ხის შტამბიდან 75-100 სმ-ის დაშორებით.

ციტრუსოვნები, განსაკუთრებით კი მანდარინი, უხვად მსხმოიარე მცენარეებს მიეკუთვნება. ისინი ერთსა და იმავე ნაკვეთზე დიდხანს იზრდება. ყოველწლიურად მოსავალთან ერთად ნიადაგიდან გამოაქვს საკმაო რაოდენობით საკვები ნივთიერებები და აღარიბებს მას.

მანდარინის ზრდა-განვითარების თავისებურებებიდან გამომდინარე, აგროტექნიკის ამოცანაა კვების გაძლიერება ზრდის დასაწყისში ვარჯის ფორმირების დასაჩქარებლად. შემდგომში სასუქები, განსაკუთრებით კი აზოტიანი, გამოიყენება ზრდის ტალღების დაწყების წინ.

მანდარინის პლანტაციაში საჭიროა აზოტიანი სასუქების ყოველწლიური შეტანა _ მისი წლოვანების, მოსავლის დონისა და ნიადაგის ნაყოფიერების გათვალისწინებით. ნეშომპალა-კარბონატულ, ალუვიურ, გაეწრებულ, წითელმიწა, ყომრალ ნიადაგებზე გაშენებულ ბაღებში შეაქვთ: 1-3 წლამდე _ 30-40 გ/მცენარეზე; 4-5 წლამდე _ 60-80 გ/მცენარეზე; 6-8 წლამდე _ 100-150 გ/მცენარეზე; 9 წელზე მეტი – 200-250 გ/მცენარეზე.

ფოსფორიანი სასუქები ადიდებს და აჩქარებს მანდარინის მსხმოიარობას, ხელს უწყობს მცენარეში აზოტის შეღწევას და არეგულირებს აზოტურ კვებას, ფოსფორი ხნოვანი ნაწილებიდან ადვილად გადაინაცვლებს ახალგაზრდაში, ამიტომ მასში იგი ყოველთვის მეტია. ფოსფორის სიმცირე აფერხებს მცენარის ზრდა-განვითარებას, ყვავილობასა და ნაყოფმსხმოიარობას, უვითარდება მცირე ზომის მუქი მწვანე ფოთლები.

ფოსფორიანი სასუქების შეტანის ოპტიმალურ ვადად ითვლება დეკემბერი-მარტი, ნიადაგის დამუშავების წინ. ფოსფორიანი სასუქების გმოყენება ხდება რეკომენდირებული დოზებით: 1-5 წლამდე 150 გრ მცენარეზე; 6 და მეტი წლისაზე კი _ 300 გრ მცენარეზე.

კალიუმი მნიშვნელოვანი რაოდენობით შედის ნაყოფში და ვეგეტატიურ ორგანოებში. მისი შეტანა მანდარინის პლანტაციაში ხდება ნიადაგში გაცვლითი კალიუმის შემცველობის საფუძველზე. ღარიბ, ალუვიურ, ეწერ და წითელმიწა ნიადაგებზე 1-5 წლამდე შეიტანება 50 კგ/ჰა, ხუთ წელზე მეტი ხნის ნარგაობაში 100 კგ, მდიდარ კარბონატულ ნიადაგებზე 1-5 წლის ასაკში შეიტანენ 60 კგ, ხოლო 5 წლის შემდეგ ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ 100 კგ/ჰა. კალიუმიანი სასუქების შეტანის საუკეთესო ვადებია დეკემბერი და მარტი, გადაბარვისას ნიადაგში ჩაკეთებით 15-20 სმ-ის სიღრმეზე.

მიკროელემენტების _ თუთიისა და მანგანუმის _შეტანა უნდა მოხდეს ყოველწლიურად გაზაფხულზე ფოთლებზე შესხურებით, შემდეგი ნარევით: თუთია (500 –1000 მგ/ლიტ).+მანგანუმი (300–700მგ/ლიტ), შესაძლებელია მათი ცალ-ცალკე შესხურება.

ორგანულ სასუქებს მანდარინის მცენარების განოყიერების სისტემაში პირველი ადგილი უკავია. ნიადაგში ორგანული ნივთიერებების სიმცირის დროს მცენარეს ინტენსიურად ცვივა ყვავილები და ნასკვები. მანდარინის ნარგაობაში სასუქად შეიძლება გამოვიყენოთ ორგანული სასუქის ყველა ფორმა: ნაკელი, ბიოჰუმუსი, ტორფკომპოსტები და სხვა, რომელთა ნორმები ცვალებადობს მცენარის ასაკისა და ნიადაგის ნაყოფიერების მიხედვით. ნაკელი ნიადაგში მანდარინის რიგთაშორისებში უნდა შევიტანოთ: 1-დან 5 წლამდე _ 25; 5-10 წლამდე _ 40; ათზე მეტი წლის პლანტაციაში კი 60 ტონა ჰექტარზე.

ციტრუსოვანთა ბაღების ნაყოფიერების აღდგენაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მწვანე სასუქებს. ახალგაზრდა პლანტაციის დამუშავებულ ზოლში, აგრეთვე, მსხმოიარე პლანტაციების მწკრივთაშორისებში, სადაც ნიადაგი დაფარული არ არის ხის ვარჯით, შემოდგომა-ზამთრის სიდერატები 20 ივლისიდან 15 აგვისტომდე უნდა დავთესოთ. თუ რაიმე მიზეზით სიდერატები ვერ დავთესეთ, მაშინ 1 აგვისტოდან მწკრივთაშორისებში უნდა დავტოვოთ ბუნებრივი ბალახი, რომელიც ითიბება, როცა 30-40 სმ-ის სიმაღლეს მიაღწევს.

მჟავე რეაქციისა და ჩარეცხილ ნიადაგებზე შემოდგომაზამთრის სიდერატებად გამოიყენება: ყვითელი, ლურჯი და თეთრი ხანჭკოლა, ბარდა და ჩიტფეხა, ხოლო კარბონატული და ტუტე რეაქციის ნიადაგებზე _ მუხუდო, ცერცვი, ცერცველა და ცულისპირა.

ეკოლოგიურად სუფთა მანდარინის მოსავლის მისაღებად აუცილებელია მათი განოყიერების სისტემაში, მწვანე სასუქებთან ერთად, ჩავრთოთ ბიოჰუმუსი და ბიოკომპოსტები. ბიოჰუმუსის შეტანა ხდება სამ წელიწადში ერთხელ _ 15-20 ტ/ჰა-ზე, რაც საშუალებას გვაძლევს მთლიანად გამოვრიცხოთ მინერალური სასუქების გამოყენება და მხოლოდ რომელიმე საკვები ელემენტის დეფიციტის გამოვლინებისას შევიტანოთ მათი შემცირებული დოზები.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნიადაგის დამულჩვით მოსავლიანობის გადიდებასაც. დამულჩვის შემდეგ აღარ არის საჭირო ნიადაგის ოთხჯერადი გათოხნა, ვინაიდან მას უკვე შენარჩუნებული აქვს საკმარისი ტენი და შესაბამისი ტემპერატურა. ამ პირობებში მცენარე გაცილებით მეტ ნასკვს ინარჩუნებს და მოსავლის ნამატი 30%-ს აღწევს.

სუბტროპიკული ხეხილოვნებიდან განსაკუთრებით დაბალი ყინვაგამძლეობით გამოირჩევიან ციტრუსები, მათ შორის მანდარინი, მათი ყინვაგამძლეობა არ წარმოადგენს მყარ სიდიდეს, იგი იცვლება სხვადასხვა ფაქტორთა ზემოქმედებით.

ყინვებისგან დაცვის ღონისძიებებია: საზამთროდ მიწის შემოყრა, ინდივიდუალური და ჯგუფური შეფუთვა და ღია გათბობა. მიწის შემოყრა შეიძლება ფესვის ყელიდან 30-35 სმ სიმაღლეზე 10 წლამდე ლიმონსა და ფორთოხალზე, ხოლო მანდარინზე _ 5 წლის ასაკამდე.

მანდარინის პლანტაციაში მოსავლის რაოდენობას წინასწარ საზღვრავენ. პირველი პროგნოზირება ჯერ კიდევ ყვავილობის პერიოდში ხდება, ხოლო შედარებით უფრო რეალური სურათი ნასკვების ცვენის შემდეგ გამოიხატება. დროული კრეფა საჭიროა, რათა, სუსტ ყინვაგამძლე მცენარეთა სახეობანი უკეთ მომზადებული შეხვდეს ზამთარს და შევძლოთ ყინვისგან დაცვის ყველა ღონისძიებების ჩატარება.

მანდარინის კრეფისას დაცული უნდა იქნას კრეფის წესები, რათა ხარისხიანი ნაყოფი არ დაზიანდეს. სარეალიზაციოდ არ უნდა მოიკრიფოს ისეთი ნაყოფი, რომელსაც აქვს ვიზუალური დაზიანებები. ნაყოფის ხარისხის განმსაზღვრელია სიმწიფე, შაქრიანობა, წვენის შემცველობა, სიმკვრივე, ნაყოფის ზომა და მჟავიანობა. ნაყოფი მოსაკრეფად მზადაა, როცა მისი ზედაპირის 75 % გაყვითლებულია. არ არის მკრივი, თითის დაჭერით იგრძნობა მცირე სირბილე, კანი ადვილად სცილდება რბილობს.

კრეფის დაწყებამდე მცენარეს უნდა მოშორდეს დაავადებული ნაყოფები, მიწაზე დავარდნილი არ უნდა შეერიოს ხეზე მოკრეფილ ნაყოფებს. დაავადებულ ნაყოფზე ხელის შეხების შემდეგ საჭიროა, გამოყენებული იქნას ხელსაწმენდი. არ უნდა გადავავსოთ ყუთები. ყუთში ნაყოფების რიგები უნდა იყოს 3 ან 4. შეინახება მხოლოდ მშრალი ნაყოფი. საცავში ოპტიმალური ტემპერატურა უნდა იყოს 7,2 გრადუსი. ოპტიმალური ტენიანობა 85-90%, ხშირად უნდა განიავდეს, არ უნდა მოხდეს ეთილენის დაგროვება, ნაყოფი ინახება იატაკიდან 20-25 სმ-ის სიმაღლეზე.

მანდარინის ნაყოფი შეიძლება შერჩევით მოიკრიფოს ან მთლიანად. ვკრეფთ სპეციალური სეკატორით და ვაწყობთ სპეციალურ ყუთებში, ვახარისხებთ ზომების მიხედვით. მანდარინის ნაყოფი ხარისხდება ორ ჯგუფად: სტანდარტულად და არასტანდარტულად.

რეზო ჯაბნიძე,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here