Home რუბრიკები საზოგადოება ვახტანგ ადამიას 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო

ვახტანგ ადამიას 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო

966

ქართველმა საზოგადოებამ პატივი მიაგო ცნობილ ქართველ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, არაჩვეულებრივ მოქალაქესა და რაფინირებულ ინტელიგენტს _ ვახტანგ ადამიას

17 ნოემბერს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ცნობილი მეცნიერის, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორის, საზოგადო მოღვაწის _ ვახტანგ ადამიას 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. მეცნიერის სახელთან დაკავშირებულია უნიკალური ნაშრომები. განსაკუთრებით აღსანიშნავია შრომა, რომელშიც ავტორი 1918-1920 წლებში საქართველოში ინგლისის ჯარის საოკუპაციო საქმიანობაზე მოგვითხრობს. ვახტანგ ადამიას მეორე ნაშრომი ეხება საქართველოს სოციალურეკონომიკურ განვითარებას მე-19 საუკუნისა და მე-20 საუკუნის მიჯნაზე. ღონისძიება აკადემიკოს როინ მეტრეველის, ცხუმაფხაზეთის აკადემიის პრეზიდენტ ოთარ ჟორდანიას, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და ექვთიმე თაყაიშვილის საისტორიო საზოგადოების ინიციატივითა და ძალისხმევით გაიმართა. საიუბილეო საღამოს სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორმასწავლებლები, საზოგადო მოღვაწეები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

ბორის კვარაცხელია, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი:

_ ასეთი საღამოები ძალიან გვჭირდება. აქ ერთმანეთს ვნახულობთ, წარსულ, ლამაზ დღეებს ვიხსენებთ, ერთმანეთს ვეფერებით. ჩვენ ხომ ჯოჯოხეთი, გოლგოთის გზა გამოვიარეთ და აქამდე მოვედით. ახლა ერთად ყოფნა გვჭირდება, გვჭირდება, გავიხსენოთ ის ადამიანები, რომლებიც გვეამაყებოდა

დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ აფხაზეთის და არა მხოლოდ აფხაზეთის, საქართველოს უთვალსაჩინოეს წარმომადგენელს, ცნობილ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, არაჩვეულებრივ მოქალაქესა და რაფინირებულ ინტელიგენტს _ ვახტანგ ადამიას. ამ ადამიანმა თავისი ცოდნა და გამოცდილება ახალგაზრდების აღზრის კეთილშობილურ საქმეს მოახმარა.

ბატონი ვახტანგის ცხოვრება იავარდით მოფენილი არ იყო. მან გამოიარა დიდი სამამულო ომი, ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა, შემდეგ მშობლიურ სოხუმს დაუბრუნდა და აქტიურად ჩაერთო სამეცნიერო საქმიანობაში. ორი დისერტაცია დაიცვა და ორივეს უმაღლესი შეფასება მისცეს ოპონენტებმა და საკავშირო პრესამ.

ვახტანგ ადამია გამორჩეული იყო არა მხოლოდ როგორც უდიდესი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, მისი ცხოვრების წესიც გამორჩეული იყო _ მუდამ შემართული, მოწესრიგებული, რაც ჩვენთვის სამაგალითო იყო. მას ჰყავდა არაჩვეულებრივი მეუღლე, რომელიც ისე გარდაიცვალა, რომ აფხაზეთში დაბრუნების იმედი არ დაუკარგავს; მისი ორი შვილი წარმატებული ექიმები არიან. (ბატონი ვახტანგის უფროსი ვაჟი კი, ცნობილი ბიზნესმენი, აწ გარდაცვლილი არჩილ ადამია ბოლო წლებში მოსკოვში მოღვაწეობდა, ეწეოდა ქველმოქმედებას, აქტიურად ეხმარებოდა აფხაზეთიდან დევნილებს, გახლდათ გულანთებული პატრიოტი და ქართული კულტურის დიდი ქომაგი _ რედ.).

ვახტანგ ადამიას გახსენებისა და ამ არაჩვეულებრივი საღამოს მოწყობისთვის უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა აფხაზეთის ეროვნულ აკადემიას, ცხუმ-აფხაზეთის აკადემიას და მის ხელმძღვანელ ოთარ ჟორდანიას, აკადემიკოს როინ მეტრეველსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას. ვახტანგ ადამია ასეთ პატივისცემას ნამდვილად იმსახურებდა. დღეს ასი წელი გავიდა მისი დაბადებიდან. მართალია, ჩვენ გვერდით აღარ არის, მაგრამ მისი სახელი დარჩა და მუდამ იქნება მადლიერი თაობების გულში.

ავთანდილ კილასონია, სოხუმის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი:

_ ბატონი ვახტანგ ადამია 1974-75 წლებში ჩემი ლექტორი გახლდათ. საოცრად კეთილშობილი ადამიანი, სიმპათიური, მოწესრიგებული, წარმოსადეგი ვაჟკაცი, სხვა რომ არაფერი გაგეგო მისგან, მხოლოდ გარეგნობით შეეძლო ადამიანების მოხიბვლა, მაგრამ საკმარისი იყო, ხმა ამოეღო და მის გარშემო მონუსხული იდგა ყველა.

დღეს მისი დაბადებიდან ას წლისთავს აღვნიშნავთ, მე აქ ვარ და ძალიან ვამაყობ, რომ მის აღზრდილთა და მადლიერთა შორის ვდგავარ. ვამაყობ, რომ დღეს აქ ვარ და მოხსენებითაც გამოვდივარ. ჩემი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი ეტაპი მასთან ერთად გავიარე, მამასავით დამყვებოდა, პატარა ბავშვივით უხაროდა თავისი აღზრდილების წარმატება.

სოხუმის უნივერსიტეტის წინაშე მას უდიდესი დამსახურება აქვს, ვახტანგ ადამიას დროს გაიხსნა მსოფლიო ისტორიის კათედრა. ის სასახელო თაობების აღმზრდელია. სამწუხაროდ, დევნილობას მოესწრო, თითქოს შეუდრეკელი იყო, მაგრამ აფხაზეთიდან წამოსვლამ, საკუთარი მიწისა და სახლ-კარის დაკარგვამ დაღი დაასვა, ჯანმრთელობა შეურყია და ამ ქვეყნიდან აფხაზეთსა და სოხუმს მონატრებული წავიდა.

ოთარ ჟორდანია, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ცხუმაფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი და საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის ვიცეპრეზიდენტი:

_ დღეს საზოგადოება პატივს მიაგებს ცნობილ ქართველ ისტორიკოსს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, ლამაზ სოხუმელ კაცს, ბატონ ვახტანგ ადამიას.

ვახტანგ ადამიამ ქართულ ისტორიოგრაფიაში ადგილი, დიდი ხანია, დაიმკვიდრა, რაც მოგეხსენებათ, იოლი არ არის. ვახტანგ ადამიას შრომები ცნობილია არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მისი ნაშრომებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია, 1918-1920 წლებში საქართველოში ინგლისის საოკუპაციო საქმიანობასთან დაკავშირებული ისტორია, ის ნათლად აღწერს იმ პერიოდის საქართველოს მდგომარეობას, თუ როგორ იდგამდა ფეხს ახალი დემოკრატიული საქართველო და ცდილობდა გარეშე მტრის მოგერიებას. ვახტანგ ადამიამ ამ ნაშრომში აღწერა, როგორ არ დაეხმარა ჩვენს ქვეყანას ინგლისი, საფრანგეთი და აშშ.

ვახტანგ ადამიას მეორე უდიდესი ნაშრომი ეხება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას მე-19 საუკუნისა და მე-20 საუკუნის მიჯნაზე. ვახტანგ ადამიამ ნათლად აღწერა, თუ როგორ ვითარდებოდა და ღრმავდებოდა კაპიტალიზმი და როგორ აუცილებლობას წარმოადგენდა რევოლუცია. ამ ნაშრომით მეცნიერმა დაამტკიცა, რომ საქართველომ უდიდეს სახელმწიფოს უამრავი რევოლუციონერი აღუზარდა.

* * *

საიუბილეო საღამო თბილ, სიყვარულითა და მონატრებით გაჟღენთილ გარემოში წარიმართა, რომელიც მსუბუქი ვახშმით დასრულდა. “ვემვოტუათ ჯიმალეფი ართიანი~, _ შეკრების მონაწილეები ასე ლოცავდნენ და ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here