Home რუბრიკები ისტორია ქართველ პოლიტიკოსებს “თურქული” შეეყარათ

ქართველ პოლიტიკოსებს “თურქული” შეეყარათ

2547

ტყუილმართალი ერთმანეთში ავურიეთ და ხალხმაც დაიჯერა ზოგიერთი გარეკილი პოლიტიკანის დემაგოგია

როდესაც ვსაუბრობთ თურქებზე, გვერდს ვერ ავუვლით .. ყივჩაღთა თემას, ვინაიდან ყივჩაღებიც თურქული მოდგმის ხალხია და ობივატელი შეიძლება შემომედავოს საქართველოს ვაიპრეზიდენტის მიერ თავის დროზე წამოროშილი ფრაზებით: “ყივჩაღებმა გადაარჩინეს საქართველოანჩვენს ძარღვებში ყივჩაღთა სისხლი ჩქეფს” (ეს სიტყვები დორბლიანმა მიშამ წამოაყრანტალა 2005 წლის 3 ოტომბერს ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევთან შეხვედრისას საპატიო სტუმრის საამებლად). ჩვენი მიზანი არ არის ისტორიის სანაგვეზე მოსროლილ სააკაშვილთან პოლემიკა, უბრალოდ, ჩვენდა სამწუხაროდ, ბევრი ქართველი იზიარებს მიშას უაზრო ფრაზებს და სწორედ მათთვის ვისაუბრებ ამ თემაზე უფრო დეტალურად.

ქართველ საზოგადოებაში ასეთი მცდარი ვერსიების პოპულარობა, სამწუხაროდ, ქართველი ისტორიკოსების დიდიდამსახურებაა”, ვინაიდან ძალიან გადავამლაშეთ ყივჩაღების როლის შეფასებაში. რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფოებრიობის თითქმის 30-საუკუნოვანი ისტორიის ერთ კონკრეტულ მონაკვეთში (საუბარია, სულ რაღაც, 10-15 წელზე) ყივჩაღებმა გარკვეული პოზიტიური როლი შეასრულეს (ამას მათ არც არავინ უკარგავს), მაგრამ ტყუილმართალი ერთმანეთში ავურიეთ და ხალხმაც დაიჯერა ზოგიერთი გარეკილი პოლიტიკანის დემაგოგია.

 და მაინც, ვინ არიან ყივჩაღები და საიდან მოვიდნენ?!

ყივჩაღები თურქული მოდგმის ხალხია, რომლებიც ხაზარებს შემოჰყვნენ აზიიდან ევროპაში. ხაზართა ხაკანატის დასუსტების შემდეგ ყივჩაღებმა სამხრეთ ვოლგისპირეთში გადაინაცვლეს. IX საუკუნეში მათ შეურთდა ალტაიდან წამოსული ყივჩაღთა მეორე ნაკადი და ასე შეიქმნა ორი შტო. IX-X საუკუნეებში ყივჩაღები მაინცდამაინც მრავალრიცხოვანნი არ ყოფილან და დიდ ტერიტორიებსაც არ ფლობდნენ, იმხანად ისინი პაჭანიკების მიერ იყვნენ შევიწროებულნი. სურათი დიამეტრალურად იცვლება XI საუკუნის პირველი ნახევრიდან, მას შემდეგ, რაც პაჭანიკებმა დატოვეს ყირიმი, დონისა და დნეპრის მიმდებარე მიდამო და “გამოთავისუფლებული” ტერიტორია ყივჩაღებმა “შეავსეს”.

XI-XII საუკუნეებისა მიჯნა ყივჩაღთა ოქროს ხანად ითვლება. ამ პერიოდში ყივჩაღები მომთაბარეობდნენ ვრცელ ტერიტორიაზე _ ყაზახეთიდან ბესარაბიამდე. ისინი იპყრობდნენ და ანადგურებდნენ რუსეთის სამთავროებს, არაერთხელ ააოხრეს ქალაქი კიევიც. არის ცნობები იმის თაობაზე, რომ ყივჩაღები რუს ტყვეებს აზოვის ზღვის პირას არსებულ პორტ ტმუტარაკანში მონებად ჰყიდნენ გენუელ და ვენეციელ ვაჭრებზე.

როგორც სხვა თურქები, ყივჩაღებიც ცხოვრობდნენ ველად, მომთაბარეობდნენ სტეპებში და თავს ამით ირჩენდნენ. იყვნენ სრულიად უწიგნურნი, ჭუჭყიანები და ველურნი. ყივჩაღებს სწამდათ, რომ უძველესი დროიდან მოიპოვეს მარადიული ბედნიერება, რომელიც ჩვილს დედის რძესთან ერთად აქვს შეთვისებული. მიაჩნდათ, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ებანავათ, თორემ ამით ბედნიერებას ჩამოირეცხდნენ. ჭამდნენ ყველაფერს, თანაც უმს, და ხშირად გაუტყავებლადაც კი. მათი რელიგია იყო წარმართული, ეთაყვანებოდნენ მზესა და მთვარეს.

და ასეთი ხალხის პირისპირ დადგა დავით აღმაშენებელი. ასეთი ხალხის მორჯულება და გაქრისტიანება გადაწყვიტა საქართველოს მეფემ. თუ რატომ გადადგა ეს ნაბიჯი, ამის უამრავი მიზეზი არსებობს, მაგრამ მათგან გამოვყოფთ 4 ძირითადს:

1. ყივჩაღებმა ძალიან შეავიწროეს ოსებიც და დიდი საძოვრები დაათმობინეს. მოგეხსენებათ, ოსები იმხანად საქართველოს ყმადნაფიცებად ითვლებოდნენ და ამიტომ მათი შემაწუხებლებისთვის პასუხი უნდა გაეცა დავით აღმაშენებელს. ყივჩაღთა თარეშის რეაგირების გარეშე დატოვება ვასალი ოსების დაკარგვას ნიშნავდა. ყივჩაღებთან დაპირისპირება კი დიდი სისულელე იქნებოდა, ვინაიდან სამხრეთით საქართველო დიდ ომს აწარმოებდა თურქ-სელჩუკებთან. ამ დროს “ჩრდილოეთის ფრონტის” გახსნა ასევე მომთაბარე თურქულ ტომთან _ ყივჩაღებთან გაუმართლებელი იქნებოდა. ამიტომ მიღებული იქნა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ყივჩაღების საქართველოში გადმოსახლების თაობაზე.

გაცილებით უკეთესი იქნებოდა, თუ საქართველოში ერთმორწმუნე ჩრდილოკავკასიელებს ჩამოასახლებდნენ, მაგრამ მათი მასობრივი მიგრაციის შემთხვევაში “გამოთავისუფლებულ” ტერიტორიებს მომთაბარე ყივჩაღები დაიკავებდნენ, რაც ნამდვილად დაუშვებელი იყო.

2. “დიდმა თურქობამ” და სელჩუკების წინააღმდეგ წარმოებულმა ინტენსიურმა ომებმა ასიათასობით ქართველის სიცოცხლე შეიწირა. დავით მეფეს ისედაც მცირერიცხოვანი ჯარი ჰყავდა და ყოველი ახალი ციხე-ქალაქის აღება და მასში გარნიზონის ჩაყენება კიდევ უფრო ამცირებდა ქართულ ლაშქარს. “ხედავდა მეფე ამ მრავალ ღვთის წყალობას, საკვირველ გამარჯვებებს, რომ ღმერთი აძლევდა ქვეყნებს, ქალაქებსა და ციხეებს, მაგრამ არ იყო მის სამეფოში იმდენი სიმრავლე ლაშქრისა, რომ ქალაქებში და ციხეებში ჩაეყენებინა და სალაშქროდაც საკმარისი ყოფილიყო”, _ წერს მემატიანე.

მეფეს იმდენი მოლაშქრე კი ჰყავდა, რამდენიც ესაჭიროებოდა ახალი ქვეყნების შემოსაერთებლად, მაგრამ, თუ ამ ლაშქარს ციხეებში ჩააყენებდა, სალაშქროდ საკმარისი ძალა აღარ დარჩებოდა. დავითს ან მუდამ უნდა ელაშქრა და ერთხელ აღებული ქვეყანა ხელმეორედ აეღო, ან უნდა გამოეძებნა ახალი ლაშქარი, რომელსაც მათ შესანარჩუნებლად აღებულ ციხე-ქალაქებში ჩააყენებდა.

მემატიანე წერს: “მეფემ შარვანში სალაშქროდ გაგზავნა თავისი ძე დემეტრე “სპითა ძლიერითა”, გაიმარჯვა “საკვირველ ომში”, აიღო ციხე ქალაძორი და უკან დაბრუნდა”. შარვანი კი აიღო, მაგრამ მიატოვა, ვინაიდან ქვეყნის დამჭერი ძალა არ ჰყავდა. მეორე წელს მეფემ სომხეთში ილაშქრა, არაქსის პირას, აქაც გაიმარჯვა, მაგრამ ქვეყანა მიატოვა და უკან დაბრუნდა.

ასე რომ, მხოლოდ რომელიმე ქვეყნის დალაშქვრა თუ ქალაქის აღება არ იყო საკმარისი; აუცილებელი იყო, მეფეს ჰყოლოდა ციხეთა და ქალაქთადამჭირავი ძალა”, მეომრები, რომლებსაც ქალაქის აღების შემდეგ ადგილზე დატოვებდნენ მისდასაჭერად”. ეს მოითხოვდა ჯარის რაოდენობის მნიშვნელოვნად მომატებას. სამწუხაროდ, მაშინდელი საქართველოს დემოგრაფიული რესურსი ძალიან მწირი იყო და ამის საშუალებას არ იძლეოდა. არადა, ქვეყანას ახალი სისხლი, ახალი ენერგია სჭირდებოდა, რათა წარმატებით დაგვირვინებულიყო კარგად დაწყებული მამულიშვილური საქმე, ამიტომ შექმნილ ვითარებაში ყივჩაღთა საქართველოში ჩამოსახლებას სხვა ალტერნატივა არ ჰქონდა.

3. აღმაშენებელმა აქცენტი პროფესიული ჯარის შექმნაზე გადაიტანა და ამ საქმის უბადლო ოსტატები ყივჩაღები იყვნენ. მომთაბარე ყივჩაღი, თავისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ბაშვობიდან ყალიბდებოდა პროფესიონალ მეომრად, რომელიც თავის ცხოვრებას მშვილდით ხელში ცხენზე ატარებდა. ამიტომაც იყვნენ ყივჩაღები განთქმული მეომრები და ბრწყინვალე ცხენოსნები. ველად გაზრდილი მომთაბარეები იბრძოდნენ ნებისმიერ კლიმატურ პირობებში. მათთვის პაპანაქება სიცხე, ქარბუქი და გრიგალი ან კოკისპირული წვიმა არ წარმოადგენდა ბრძოლისთვის ხელშემშლელ ფაქტორს.

4. დავითისდროინდელი საქართველოს მთავარი მოწინააღმდეგის _ სელჩუკთა არმიების ძირითადი უპირატესობა ქართულ, ჯვაროსნულ თუ ბიზანტიურ არმიებთან ბრძოლაში დისტანციური ბრძოლის უნარი და მობილურიბა იყო. ამას სელჩუკები მსუბუქი ცხენოსანი მოისრეებით აღწევდნენ, რაც ცივილიზებული სახელმწიფოს მცხოვრებთათვის შეუძლებელი იყო. შესაბამისად, როდესაც მომთაბარე იბრძოდა მის ბუნებრივ გარემოში, ანუ გაშლილ სივრცეში, სადაც მანევრირებისა და ელვისებური მოძრაობის შესაძლებლობა იყო, მას მეტოქე არ ჰყავდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ცივილიზებულ სახელწიფოთა მძიმედ შეიარაღებული მეომრები მათან მიახლოებასა და ხელჩართულ ბრძოლაში ჩაბმას ვერ ახერხებდნენ. ასეთ შემთხვევაში სელჩუკები, როგორც წესი, ყოველთვის იმარჯვებდნენ.

 ბუნებრივია, დღის წესრიგში დადგა სელჩუკთა არმიის ამ უზარმაზარი ტაქტიკური უპირატესობის განეიტრალების საკითხი. სანამ ბრძოლები ძირითადად საქართველოს მთაგორიანი რელიეფის პირობებში მიმდინარეობდა, დავითი სელჩუკთა უპირატესობას, რელიეფს მორგებული ტაქტიკით _ მთებიდან მოულოდნელი თავდასხმებისა და ჩასაფრების გამოყენებით, ქვეითი შუბოსნების, მშვილდოსნებისა და სხვა შენაერთების დროული მანევრებით ანეიტრალებდა (რისი საუკეთესო მაგალითია თრიალეთისა და დიდგორის ბრძოლები), მაგრამ გაშლილ სივრცეში ამის გაკეთება შეუძლებელი იყო. ასეთ შემთხვევაში საქართველოს ესაჭიროებოდა ზუსტად ისეთი ეფექტიანი მსუბუქი კავალერია, როგორიც სელჩუკებს ჰყავდათ. მომთაბარე ყივჩაღები სწორედ ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად ჩამოიყვანეს საქართველოში.

არც ის იყო შემთხვევითი, რომ დავითმა ყივჩაღები გადმოასახლა 1118 წელს, როდესაც მას უკვე აღებული ჰქონდა რუსთავი, ლორე და გიში, რის შემდეგაც მისი სამხედრო ამოცანები გაშლილ სივრცეებზე გადიოდა. დავითის სამხედრო გათვლები შესანიშნავად გამოჩნდა შირვანის ომში. როდესაც თავისი არმიის უპირატესობაში დარწმუნებულმა სულთანმა მაჰმუდმა (1117_1131) შეუთვალა დავითს, რომ “ის ტყეთა მეფე იყო და ვერასოდეს გაბედავდა ველზე გასვლას”. მაგრამ, როდესაც დაინახა შირვანში მის წინააღმდეგ ჩასული აღმაშენებლის არმია, თავისი ტაქტიკური შესაძლებლობებით, სელჩუკ სულთანს გამომწვევი ტონი უმალ გაუქრა, სამშვიდობო განწყობაზე დადგა და ყველაფერი დათმო, რის მიღებაც საქართველოს მეფეს სურდა.

 ასეა თუ ისე, 1118 წელს დაიწყო საქართველოში 200 ათასი ყივჩაღის გადმოსახლების პროცესი. თუმცა ამ პროცესს წინ უძღოდა დავით აღმაშენებლის დაქორწინება ყივჩაღთა მთავრის _ ათრაქა შარაღანის ძის ასულ გურანდუხტზე და მისი პირველი ცოლის _ მარიამ დედოფლის იერუსალიმში მონაზვნად აღკვეცა. ეს გაკეთდა ყივჩაღთა ნდობისა და ერთგულების მოპოვების მიზნით.

ნიშანდობლივია, რომ დავითმა ყივჩაღები საქართველოს ტერიტორიაზე კომპაქტურად კი არ ჩაასახლა, არამედ გაფანტა საზღვრის მთელ გაყოლებაზე. ყივჩაღების ქართულ მიწა-წყალზე დასახლების აუცილებლობა ნამდვილად არ იყო, მათ აქ არც არაფერი ესაქმებოდათ. ელემენტარულია: თუკი ყივჩაღების გარეშეც ქართული მიწა-წყალი თურქ-სელჩუკებისგან გათავისუფლებული იყო და მეფეს შიგა თუ გარე მტერი დამარცხებული ჰყავდა, მაშინ რა ფუნქცია უნდა შეესრულებინა ყივჩაღებს კონკრეტულად საქართველოს ტერიტორიაზე? _ არანაირი! მით უმეტეს, ისინი ვერც კი ასხვავებდნენ ერთმანეთისგან ქართველსა და არაქართველს, ქართველებსაც ატყვევებდნენ, რომელთაც შემდეგ მეფე ათავისუფლებდა და უკან აბრუნებდა. ყივჩაღებმა არა ერთხელ და ორჯერ მოუწყვეს აჯანყება აღმაშენებელს, მრავალჯერ სასიკვდილოდ გაიმეტეს, მით უფრო, არ ინდობდნენ რიგით ქართველებსაც. ბუნებრივია, ქვეყნის შიგა ტერიტორიებზე მათი ჩასახლება, სადაც წერიგი სუფევდა, დიდი სიულელე იქნებოდა.

 თანაც, ყივჩაღები მომთაბარეები, უკიდეგანო სტეპებში გაზრდილები იყვნენ და საქართველოს მთიანი რელიეფი საცხოვრებლად არ გამოდგებოდა. საქართველოს ბარი კი სასოფლოსამეურნეო სავარგულებს ჰქონდა დაკავებული და დავითი ვერც აქ დაასახლებდა ყივჩაღებს, რადგან მათი ძირითადი საქმიანობა მესაქონლეობა იყო და ერთი ხელის დაკვრით მიწათმოქმედები ვერ გახდებოდნენ. ამიტომ მათ გარდა, ვინც მეფემ ციხესიმაგრეებში ჩააყენა, დანარჩენებისთვისაც უნდა გამოეძებნა საძოვრები. იმხანად მართლაც კარგ საზამთრო საძოვრებს წარმოადგენდა ადგილი იორისა და მტკვრის შესართავიდან ბარდავამდე. ჩანს, მეფემ ყივჩაღებს აქ მისცა საზამთრო საძოვრები (მოგვიანებით ყივჩაღებმა გადაინაცვლეს ახალშემოერთებულ შირვანში, სადაც კიდევ უფრო უკეთესი საძოვრები იყო). ზაფხულობით კი ისინი სომხეთში, არარატის ველებზე გადადიოდნენ. “მოვიდა ქართლად და ყივჩაღთა თვისთა უჩინა საზამთროდ სადგური და საზრდელი და კაცნი ზედამდგომნი მათნი. და განაგო ყოველი საქმე ქართლისა, სომხითისა და ანისისა”.

აღმაშენებელს ყივჩაღები საზღვრების დასაცავად და უცხოეთში სალაშქროდ სჭირდებოდა, ამიტომაც განასახლა ისინი სომხეთსა და აზერბაიჯანში. აქ მათ უნდა მიეღოთ სელჩუკთა მარბიელი ურდოების პირველი დატყმები და დაეცვათ ქვეყნის საზღვარი. გარდა ამისა, ყივჩაღების დახმარებით დავით მეფე მეზობელ ქვეყნებს არბევდა ან იერთებდა. როგორც ერთი არაბი ისტორიკოსის ნაწერიდან ჩანს, დავით აღმაშენებლის გაწვრთნილიყივჩაღთა ლაშქრის ნავარდობა მეზობლებს შიშის ზარსა სცემდა”.

ამიტომ იმის თქმა, რომ ქართველების ძარღვებში ყივჩაღთა სისხლი ჩქეფს, ნამდვილად გადაჭარბებულია. სხვათა შორის, ყივჩაღთა ასიმილაცია ვერც სომხებსა და შირვანელებში მოხერხდა, რადგან მათი ჩამოსახლებიდან ძალიან მალე გარდაიცვალა დავით აღმაშენებელი, მის მემკვიდრეს _ დემეტრე პირველს კი მათთან ურთიერთობა დაეძაბა. რუსული წყაროების მიხედვით, დემეტრეს მეფობის დასაწყისში ყივჩაღებმა, ათრაქა შარაღანის ძის მეთაურობით, მასობრივად დატოვეს საქართველო და დარუბანდის გზით უკან გაბრუნდნენ. საქართველოში დარჩა ჩამოსახლებულ ყივჩაღთა უმნიშვნელო ნაწილი, ძირითადად, ისინი, რომელთა გაქრისტიანებაც მოესწრო ამ 10-15 წელიწადში.

ყივჩაღების წასვლა გარდაუვალი იყო, რადგან მათმა მომთაბარე ბუნებამ ვერ იგუა ქართული ცხოვრების წესი. ისინი, მართალია, სამხედრო სამსახურში ჩადგნენ, მაგრამ ისე იყო მათ სისხლსა და ხორცში გამჯდარი მოპარვა, წართმევა, ყაჩაღობა, რომ გაუჭირდათ სამხედრო დისციპლინის დაცვა. სანამ საქართველოს ისეთი ძლიერი მეფე მართავდა, როგორიც დავითი იყო, ყივჩაღები ავად თუ კარგად მაინც “კონტროლდებოდნენ”, დემეტრე პირველის მმართველობის ხანაში კი ისინი სამშობლოში გაეპარნენ საქართველოს მეფეს. სხვათა შორის, დემეტრეს მათთვის არ დაუხევია კალთები დასარჩენად. ჯერ ერთი, ეს უცხო ეთნოსი ვერ მიიღო ქართულმა სხეულმა და ვერ შეითვისა, რის გამოც ისინი საშიშ ძალად დარჩნენ. მათი უდისციპლინობა სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა მეფეს. ამას გარდა, იყო კიდევ ერთი დეტალიც: სანამ დავითი დაპყრობით ომებს აწარმოებდა, ყივჩაღები შეუცვლელი გახლდნენ. დემეტრე პირველის პერიოდში კი დაპყრობით ომებზე ხელი აიღეს და მეფე არსებულის შენარჩუნებაზე გადაერთო. ასეთ დროს ისეთი აგრესიული ძალის ყოლა, როგორებიც ყივჩაღები იყვნენ, საჭირო აღარ იყო.

 ისიც გასათვალისწინებელია, რომ დემეტრეს ჰყავდა ნეხევარძმა ცვატა, რომელიც დავით აღმაშენებელს ყივჩაღთა ბელადის _ ათრაქა შარაღანის ძის ასულისგან, გურანდუხტისგან შეეძინა. დემეტრეს შეეშინდა, გურანდუხტს არ გამოეყენებინა ყივჩაღთა დიდი ძალა მცირეწლოვანი ცვატას, იმავე ვახტანგის, გასამეფებლად, ამიტომაც შეუწყო ხელი ყივჩაღებს, დაეტოვებინათ საქართველოს ტერიტორია, ხოლო გურანდუხტი იერუსალიმში წავიდა, ღვთის საყდარს, ანუ ეკლესიას Fშეაფარა თავი და სიკვდილამდე იქ დარჩა. გურანდუხტის მონაზვნად აღკვეცა, რა თქმა უნდა, იძულებით ხასიათს ატარებდა.

ამის შემდეგ ყივჩაღები მხოლოდ ერთხელ გვახსენებენ თავს, 1177 წელს, როდესაც მეფე გიორგი მესამეს განუდგა ძმისწული დემნა ბატონიშვილი და მისი სიმამრი საქართველოს ამირსპასალარი ივანე ორბელი. ამ კრიტიკულ მომენტში ხელმწიფის დასაცავად, 500 ერთგულ ყმასთან ერთად, გაჩნდა ნაყივჩაღარი ყობასარი (ბუნებრივია, ამ 500 ყმაში ყივჩაღებიც ჰყავდა, თვითონაც წარმოშობით ყივჩაღს). ეს ერთგულება დაუფასდა ყობასარს, რომელიც 1177_1184 წლებში საქართველოს ამირსპასალარიც გახლდათ. ეს იყო და ეს, ამის შემდეგ ყივჩაღებს საქართველოს სამეფო კარზე სერიოზული გავლენა არ ჰქონიათ. თუ არ ჩავთვლით იმასაც, რომ არ გამორიცხავენ თამარის მეჭურჭლეთუხუცესის _ ყუთლუ-არსლანის ყივჩაღობას, თუმცა ეს ძალზე სადავო ვერსიაა და სინამდვილისგან შორს დგას.

რა ბედი ეწიათ ვოლგასა და დნეპრს შორის მომთაბარე ყივჩაღებს? ისინი XIII საუკუნის 30-40-იან წლებში მონღოლი ბათო ყაენის მახვილს ემსხვერპლნენ. გადარჩენილთა გარკვეული ნაწილი უნგრელებს შეერია, უმრავლესობა “ოქროს ურდოში” წაასხეს, სადაც მათი ასიმილაცია მოხდა მონღოლებთან, თუმცა, ყივჩაღთა მცირე ჯგუფი დარჩა ჩრდილოეთ კასპიისპირეთში, სადაც დღემდე არსებობენ მათი პირდაპირი შთამომავლები _ ყალმუხები, რომელთა წარმომადგენელიც არის მსოფლიოს საჭადრაკო ფედერაციის პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი.

(გაგრძელება იქნება)

ვანო სულორი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here