მთავარი საზოგადოება 9 მაისს საზეიმო განწყობით უნდა შევხვდეთ

9 მაისს საზეიმო განწყობით უნდა შევხვდეთ

1079
გააზიარეთ
9 მაისი

კორონა „19“-ის საფრთხის არაჯეროვანმა შეფასებამ საწყის ეტაპზე, შემდეგ კი ამ საფრთხით გამოწვეულმა გადაჭარბებულმა ფსიქოზმა მთელი მსოფლიო არია. ამ უკიდურესად უარყოფით მოვლენაში, სიმართლე ითქვას, ზოგი არსებითად დადებითი მომენტიც გამოვლინდა, საშუალება მოგვეცა, გადავაფასოთ ბევრი რამ, უარი ვთქვათ ზედმეტობებზე, დავუბრუნდეთ ჩვენს ფესვებს, სოფელს, ბუნებას, ოჯახებს… მთავარია, ეს საშუალება გამოვიყენოთ.

ახლოვდება 9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების დღესასწაული, რომელსაც დიდი სამამულო ომის ვეტერანები ყოველთვის განსაკუთრებული ემოციებით ელიან. მაგრამ წელს ეს დიდი თარიღი საკარანტინო შეზღუდვების პერიოდში მოხვდა. არ ფუნქციონირებს საქალაქო ტრანსპორტი, ქალაქებს შორის მიმოსვლა აკრძალულია, ასევე აკრძალულია ერთდროულად სამ  ადამიანზე მეტის შეკრება. ამიტომ, წელს, სამწუხაროდ, ვერ შედგება „საქართველოს უკვდავი ჯარის“ მსვლელობა, როგორც ამას შარშან ჰქონდა ადგილი.

მაგრამ აკრძალული არ და ვერ იქნება ჩვენი საზეიმო განწყობა, რომელიც არა მხოლოდ ვეტერანებს უნდა გავუზიაროთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ყურადღების ცენტრში ისინი არიან და ეს ასეც უნდა იყოს.

მოხარული ვარ, ვაცნობო საზოგადოებას და პატივცემულ ვეტერანებს, რომ როგორც საქართველოს ხელისუფლება, ისე უცხოეთის ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობა, აგრძელებენ დიდი სამამულო ომის ცოცხალი მონაწილეებისადმი ყურადღების გამოჩენას და მათ, სიტყვიერ მილოცვებთან ერთად, მატერიალურ დახმარებას წლევანდელ წელსაც გაუწევენ.

საქართველოში რუსეთის ინტერესების წარმომადგენლობაში (სექციაში), რომელიც რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობაშია განლაგებული, მაცნობეს, რომ რუსეთის მთავრობა ქართველ ვეტერანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთჯერად ფულად დახმარებას მიმდინარე წელსაც გაუწევს. თითო პიროვნებაზე 200 ლარია გამოყოფილი.

თანხის მისაღებად ვეტერანებმა სექციის ხელმძღვანელს, ბატონ ევგენი ივანეს ძე კონიშევს, განცხადება უნდა გაუგზავნონ, რომელსაც თან დაურთავენ ვეტერანის მოწმობის ასლს და საკუთარი საბანკო (საპენსიო) ანგარიშის ნომერს. ამ განცხადებას ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ბატონი ტიტე ლეფსაია ან მე, თქვენი მონა-მორჩილი, ჩავიბარებთ და გადავცემთ ბატონ კონიშევს.

მინდა, გულითადად მივულოცო ყველა ვეტერანს და ასევე არავეტერანს, 9 მაისის დღესასწაული. განსაკუთრებით მსურს, თქვენი გაზეთის საშუალებით, გამოვეხმაურო შესანიშნავ პიროვნებას, ვეტერანს, ბატონ შოთა ბუაძეს, რომელიც დიდ სამამულო ომში კავკასიის მისადგომებს იცავდა და ჩვენი რეგიონიდან ფაშისტების ალაგმვაში აქტიურად მონაწილეობდა. კიდევ მრავალი წელი იყოს ჩვენთან ერთად და იმედი მოგვცეს, რომ ბოროტებაზე სიკეთე იმარჯვებს!

პატივისცემით,

გულბაათ რცხილაძე

გააზიარეთ

3 COMMENTS

  1. სრულიად გეთანხმებით ბატონო გულბაათ. ჩვენს ვეტერანებს საზეიმო განწყობასთან ერთად უნდა დავუბრუნოთ ღირსების განცდაც. იმედია, სულ მალე, ქალაქი გორიც თავის გადამწყვეტ სიტყვას იტყვის და ღირსეულად დააბრუნებს სტალინის ძეგლს თავის ადგილას. ვულოცავ ყველა ვეტერანს და სრულიად საქართველოს 9 მაისის დღესასწაულს.

  2. ბატონო ტიტე თუ შეიზლება თქვენი საკონტაქტო ნომერ? რეგიონსჰი მცხოვრები ვეტერანების ოჯახის წევრები როგორ შეგეხმიანოტ ამ პანდემიის პირობებში მადლობა წინასწარ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here