Home რუბრიკები პოლიტიკა მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის თანამდებობა დატოვა

მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის თანამდებობა დატოვა

538

ინფორმაცია სააკაშვილის პოსტიდან გადადგომის თაობაზე ოფიციალურად დადასტურდა. მანამდე კი საზოგადოებისთვის ცნობილი შეიქნა ოდესის ოლქის პოლიციის უფროს გიორგი ლორთქიფანიძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ, ამ ფაქტს სააკაშვილმა უსამართლო უწოდა.

მიხეილ სააკაშვილი ოდესის საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის პოსტს 2015 წლის 30 მაისიდან იკავებდა. ოდესის ოლქის უკვე ყოფილმა გუბერნატორმა გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას თავისი მიმართვით ამცნო. “მე გადავწყვიტე, გადავდგე და დავიწყო სრულიად ახალი ეტაპი ბრძოლისთვის. ხელების ჩამოყრას არ ვაპირებ. მე არ დავიღლები. მტრები ნუ ჩათვლიან, თითქოს თავიდან მომიცილეს. მე ვარ ჯარისკაცი, რომელიც წინ მიდის იქამდე, სანამდეც შეუძლია წინსვლა და შემდეგ მიდის იქამდე, სანამდეც საჭიროა, რამდენიც საჭიროა გამარჯვებისთვის და იმისათვის, რათა უკრაინელები გავათავისუფლოთ ამ მურტალი ძალისგან, ამ კორუფციული სიბინძურისგან, რომლებიც კაპიტალიზაციას ახდენდნენ ჩვენი ჯარისკაცების სისხლით, მაიდანზე დაღუპულთა სისხლით, რომლებმაც უღალატეს უკრაინული რევოლუციის იდეას და, რომლებსაც მხოლოდ ერთადერთი მოტივაცია ჰქონდათ, შეევსოთ საკუთარი ჯიბეები, გაეძლიერებინათ საკუთარი კლანი და საბოლოოდ გაექურდათ უკრაინა”, _ დაწერა სააკაშვილმა. უფრო ადრე კი მან მედიას განუცხადა, რომ ის არ აპირებს საქართველოში დაბრუნებას, რადგან გეგმავს, დარჩეს უკრაინაში და განაგრძოს თავისი საქმიანობა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა “პალიტრანიუსის” გადაცემაში განაცხადა, რომ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად ამდენი ხანს იმიტომ ამყოფეს, რომ მისულიყვნენ დასკვნამდე: სააკაშვილი მათ არ სჭირდებათ. მისი თქმით, სააკაშვილი ბრალდებულია და ქვეყანაში შემოსვლის შემთხვევაში მის წინააღმდეგ სამართლებრივი ბერკეტები ამოქმედდება. “სააკაშვილი არ არის საქართველოს პოლიტიკის ფიგურანტი, არ ვიცი და არ მაინტერესებს, იქ რას გააკეთებს. საქართველოში სააკაშვილი არის ბრალდებული, სამართალდამცავი ორგანოები უნდა მოიქცნენ შესაბამისად. თუ ის საქართველოში ჩამოვა, ჩვენი სამართალდამცავები მათ კომპეტენციაში არსებულ მექანიზმებს გამოიყენებენ. სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად ამდენ ხანს ამყოფეს, მაგრამ დაინახეს და მივიდნენ ამ დასკვნამდე. მინდა, მივულოცო უკრაინის მთავრობას!” _ განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

“ოდესის გუბერნატორობა არ არის მაღალი პოლიტიკური თანამდებობა”, _ განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა აკაკი ბობოხიძემ გადაცემა “360 გრადუსში”. მისი თქმით, სააკაშვილს ჰქონდა იმედი, რომ პოროშენკო ახალ გამოწვევებს უპასუხებდა, თუმცა უშედეგოდ. ბობოხიძის განცხადებითვე, სააკაშვილის პოლიტიკურ წონას არა მისი თანამდებობა, არამედ მისი პოლიტიკური პოზიციები განაპირობებს. “მიხეილ სააკაშვილს არასდროს განვიხილავდი ოდესის გუბერნატორად. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ოდესის გუბერნატორი არ არის რაიმე მაღალი პოლიტიკური თანამდებობა. უკრაინაში, ზოგადად, გუბერნატორებს ნიშნავს პრეზიდენტი და იურიდიულად ძალიან ცოტა უფლებამოსილება აქვთ. მიშას ბოლომდე ჰქონდა იმედი, რომ პოროშენკო ახალ გამოწვევებს უპასუხებდა. მან ბოლომდე იპარტნიორა პოროშენკოსთან. მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ წონას არა ოდესის გუბერნატორობა, არამედ მისი პოზიციები აძლევდა”, _ განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

“მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში ქართული რეფორმების წარმატებით განმეორება გუნდის არარსებობის გამო ვერ შეძლო, პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი ის საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა. ამ მოსაზრებას უკრაინელი დეპუტატი, “სახალხო ფრონტის” წევრი ანტონ გერაშენკო სოციალურ ქსელში წერს.

გერაშენკოს აზრით, გუნდის დაშლა 2007 წელს სააკაშვილის ეგოიზმმა და “ტოტალიტარულმა გამოხდომებმა” გამოიწვია. ანტონ გერაშენკო აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, ერთი მხრივ, სააკაშვილის პოპულარობის გამოყენება სურდა; მეორე მხრივ კი, სააკაშვილი პრეზიდენტის პოლიტიკური მტრების მოსაშორებლად გამოიყენა. კერძოდ, ოდესის გუბერნატორად სააკაშვილი იმისთვის დაინიშნა, რომ ოლქი უკრაინელი ოლიგარქის _ იგორ კოლომოისკის გუნდისგან გაეთავისუფლებინა, რაც გააკეთა კიდეც. შემდეგ კი სააკაშვილი უკრაინის ექსპრემიერ არსენი იაცენიუკის წინააღმდეგ გამოიყენეს. ამ მიზნების მიღწევის შემდეგ სააკაშვილი “ზედმეტი” შეიქნა. “საქართველოში არჩევნებში მარცხის შემდეგ და პრეზიდენტის მხარდაჭერის სრული არარსებობის ფონზე, სააკაშვილს წასვლის გარდა, სხვა გამოსავალი არ ჰქონდა”, _ მიიჩნევს უკრაინელი დეპუტატი.

მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, პოლიტიკური პარტიახვილიას” (“ტალღა”) შექმნის პროცესი, შესაძლოა, დაჩქარდეს”, _ განაცხადა პარტიის შექმნის საინიციატივო ჯგუფის წევრმა, სახალხო დეპუტატმა ნატალია ნოვაკმა. კითხვაზე _ შესაძლებელია თუ არა, რომ გადადგომის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ამ პარტიას ჩაუდგეს სათავეში, ნოვაკმა უპაუხა: “რა თქმა უნდა, მე ამას ვუშვებ. პარტია არ არსებობს. არსებობს საინიციატივო ჯგუფი. შესაძლოა, პროცესი დაჩქარდეს, რომლის შედეგად მას მიხეილ სააკაშვილი ჩაუდგება სათავეში”, _ განაცხადა ნოვაკმა. მისივე თქმით, ჯერ საინიციატივო ჯგუფს ეს საკითხი არ განუხილავს. ნოვაკის ინფორმაციით, შესაძლოა, ყრილობა თებერვალში გაიმართოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here