Home რუბრიკები საზოგადოება ოდესური ოპერაციის დასასრული

ოდესური ოპერაციის დასასრული

614

როგორც გახსოვთ, ირინეს, მეგისა დაიმისოდესური ოდისეა იმით დასრულდა, რომ სამეულმა გაბრაზებული და უხასიათო ექსპრეზიდენტის უკრაინული რეზიდენციიდან გაპარვა მოიწადინა და პრეზიდენტის სეიფის გატეხვა გადაწყვიტა, რათა თვითმფრინავის ბილეთების შესაძენი ფული ჩაეგდოთ ხელში. ვნახოთ, რით დასრულდა ყოველივე.

მოსაღამოვდა, ირინე, მეგი და “ის” მიხეილის საგუბერნატოროში ბრუნდებიან. გარეთ თოვს, ქარი ზუზუნებს.

_ გოგო, ძალიან ვნერვიულობ, რა გეგმა გაქვს, არ გადამრიო, როგორ აპირებ მაგის სეიფში შეძრომას, იქნებ სიგნალიზაცია აქვს დაყენებული ან კამერა? მერე ხომ იცი, რომ ცოცხლები ვერ გამოვალთ იქიდან”, _ უთხრა ირინეს შეწუხებულმა მეგიმ.

_ დაწყნარდი მეგული, მენდე, _ მიუგო ირინემ და თავდაჯერებული გამომეტყველებით გააბოლა.

გოგონები შენობაში შევიდნენ, კიბეზე ფეხი არ ჰქონდათ დადგმული, რომ მიხეილის ოთახიდან საშინელი ღრიალი შემოესმათ, ისმოდა გინება, ლანძღვა და ათასი უშვერი სიტყვა.

_ ვაიმე, გოგო, მგონი, დაგვერხა, არ გინდა ახლა იქ შეხვიდე? _ თქვა მეგიმ და ტუჩზე იკბინა.

შეეცადნენ, ჩუმად შეეღოთ კარი, მაგრამ დასაზეთი იყო და ანჯამებმა გაიჭრიალა, თავჩაქინდრულები შეიპარნენ და სწრაფად ჩავიდნენ სარდაფში. მიხეილმა თვალი გააყოლა შემოპარულ ქალბატონებს და დამცინავად შეხედა.

_ უჰ, ამოვისუნთქე. სანამ შემოვიდოდი, მგონი, 5 კილო დავიკელი, _ თქვა მეგიმ.

_ ახლა ცოტა მივალაგოთ აქაურობა და ღამის ოპერაციისთვის მოვემზადოთ, თქვენი დახმარება დამჭირდება, დანარჩენს მე გავაკეთებ, _ თქვა ირინემ და კარის ჭუჭრუტანას შეხედა, საიდანაც მიხეილის ოთახი მოჩანდა.

_ მეგი! _ დაიძახა მიხეილმა. მეგი უმალ წამოდგა და მისკენ გაეშურა.

_ დიახ, ბატონო პრეზიდენტო!

_ ყავა მომიდუღე.

_ ახლავე, _ თქვა მეგიმ და სამზარეულოსკენ გაემართა.

_ საძინებელში ამომიტანე, იქ ვიქნები, _ თქვა მიხეილმა და ზევით ოთახისკენ გაეშურა. მეგი სწრაფად ცდილობდა ყავის ადუღებას, თან ნერვიულობდა, წინ დიდი ოპერაცია ელოდათ.

_ ბატონო პრეზიდენტო, თქვენი ყავა!

_ მანდ დადე და, ვინც უნდა მიკითხოს, არ ვარ.

მეგიმ ელვის სისწრაფით ჩაირბინა კიბეზე და სარდაფში ჩავიდა.

_ დაწვა? _ იკითხა ირინემ.

_ კი, დაწვა, ყავა ლოგინში მივართვი, არა მგონია, დაბლა ჩამოვიდეს.

_ ჰოდა, ძალიანაც კარგი. ახლა შენ დადგები მისი საძინებლის კართან, “ის” შემოსასვლელ კართან დადგეს და მე სეიფს გავხსნი.

_ ვაიმე, ირინე, ფრთხილად, ჭირიმე, ნამეტანი მეშინია.

_ ზატკნის! მოკლედ, თუ გამოსვლა დააპირა, ეს შეასხი სახეში და განგაშის ნიშნად დამისტვინე, _ ირინემ მეგის რაღაც სითხე მიაწოდა.

ოპერაცია დაიწყო, მეგი საძინებლის კართან დადგა და სახელურს ჩაეჭიდა. ირინე სეიფს მიადგა და რაღაც ჩაიბუტბუტა.

“ის” შემოსასვლელ კართან იდგა და სახელურს იყო ჩაფრენილი.

_ აიღე-მაიღე, სეიფო გაიღე! _ ჩაიბუტბუტა ირინემ და სეიფიც გაიღო. ირინეს თვალები შუბლზე აუვიდა და თმა ყალყზე აიყოლა, როცა ფულით სავსე ყუთი დაინახა.

ლილოს დიდი პარკი ჰქონდა თან, მოხვეტა მთელი ფული და სწრაფად ჩაალაგა შიგ.

სეიფის კარი კი ჯადოსნური სიტყვებით დახურა.

_ აიხურე-მაიხურე, სეიფის კარო, დაიხურე! _ ამის თქმა და სეიფის კარის დახურვა ერთი იყო.

ირინემ დაუსტვინა, ნიშნად იმისა, რომ ოპერაცია დასრულებული იყო. მეგი ფეხაკრეფით ჩამოვიდა კიბეზე და ამ დროს მიხეილის ოთახის კარი გაიღო, გუბერნატორი საპირფარეშოში გამოვიდა.

ამის დანახვაზე ქალები უკანმოუხედავად გაიქცნენ, ქუჩაში გამოსულებს შავმა “ვოლგამ” მოაკითხათ, სასწრაფოდ ჩასხდნენ და გაუჩინარდნენ.

(გაგრძელებ ააღარ უნდა იყოს)

გრიგოლ ინგაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here