Home რუბრიკები ისტორია ქართველ პოლიტიკოსებს “თურქული” შეეყარათ

ქართველ პოლიტიკოსებს “თურქული” შეეყარათ

1574

როგორ შეიძლება, მგელი და კრავისტრატეგიული პარტნიორებიიყვნენ?!

სანამ სელჩუკებზე განვაგრძობთ თხრობას, მცირე განმარტება მკითხველისთვის: თურქი ერის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს და არც .. თურქოფობია გვაწუხებს, უბრალოდ, ვწერთ ისტორიულ სიმართლეს, რათა ისტორიული წარსულიდან მოხმობილ ფაქტებზე დაყრდნობით სწორი დასკვნები გავაკეთოთ. როგორც ბალზაკი წერდა: “სიმართლე მწარე წამალია, არ გესიამოვნება, მაგრამ მოგარჩენს”.

არც ჩვენი ჰეროიკული წარსულის განდიდება არის ამ წერილის მიზანი, ეს არაფერში წაგვადგება. უბრალოდ, ისტორიული ფაქტები მოგვყავს მხოლოდ და მხოლოდ იმის საილუსტრაციოდ, მომავალში რა საშინელება ელოდება სამმილიონიან საქართველოს, თუ ის მარტოდმარტო, ძლიერი მოკავშირის გარეშე, პირისპირ დარჩება 80-მილიონიან აგრესიულ თურქეთთან.

რაც შეეხება სელჩუკებს, მათი თავდასხმები კიდევ უფრო ინტენსიური გახდა მას შემდეგ, რაც მათი სულთანი ალფარსლანი (1063-1072) გახდა. თუ მანამდე სელჩუკების შეტევის ძირითადი ობიექტები სომხეთი და აზერბაიჯანი იყო, ალფ-არსლანმა მთავარ ამოცანად ამიერკავკასიის ერთადერთი დამოუკიდებელი სახელმწიფოს _ საქართველოს, დახარკვა-დამორჩილება დაისახა. ამ მიზნით ორჯერ დალაშქრა საქართველო 1064 და 1068 წლებში. დიდი მცდელობის მიუხედავად, ალფ-არსლანმა მაინც ვერ გადაწყვიტა ეს ამოცანა, საბოლოოდ ისე დატოვა საქართველო, რომ ბაგრატისგან ხარკის გადახდას ვერ ეღირსა, თუმცა დიდად კი დაგვაზარალა.

1064 წელს ალფ-არსლანმა სომხური ანისი მიწასთან გაასწორა. მემატიანე წერს: “მთელი ქვეყანა გვამებით აივსო: ნაშენი და უშენი, გზები და უდაბური ადგილები, ქვიანი და კლდოვანი, ტყიანი და გაშიშვლებული და ყველა სამოსახლო ადგილი ცეცხლს მისცეს. გადაწვეს სახლები და ეკლესიები, რომელთა ცეცხლის ალი უფრო მაღლა მიემართებოდა, ვიდრე ბაბილონისა. და ამგვარი მოქმედებით ააოხრეს მთელი ქვეყანა, სანამ სრულიად არ ამოწყდა მოსახლეობა და დადუმდა პირუტყვთა ხმა”. ტყვედ ჩავარდნილ ქრისტიანებს საშინელი ბედი ერგოთ. სულთანმა დიდი ორმო გაათხრევინა, ათასზე მეტი ყელგამოჭრილი ქრისტიანის სისხლით გაავსო და შიგ საბანაოდ გადაეშვა. ამის შემდეგ ქრისტიანთა სისხლით “ცოდვებისგან გაწმენდილი” სულთანი საქართველოში შემოიჭრა: გადაწვა რუსთავი, აიღო სამშვილდე, თრიალეთი, შავშეთი, კლარჯეთი დაარბია და მოაოხრა, შემდეგ კი ჯავახეთში გადავიდა სათარეშოდ და ნაცარტუტად აქცია ყველაფერი. ვერავინ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა. სელჩუკთა სისასტიკეს მემატიანე ასე აღწერს: იქ ნახავდით ყოველი ასაკის ადამიანის გლოვასა და მწუხარებას, რადგანაც დედებს მკერდიდან აგლეჯდნენ ყრმებს და შეუბრალებლად ქვებს ურტყამდნენ, ხოლო დედები სისხლით და ცრემლით ასველებდნენ პირმშოებს. ერთი მახვილი სპობდა მამასა და შვილს. მოხუცებულებმა და ახალგაზრდებმა, მღვდლებმა და დიაკვნებმა ერთი მახვილის სასიკვდილო საკვები მიიღეს. გვამებით აივსო ქალაქი კიდით კიდემდე ისე, რომ გზა მოკლულთა გვამებზე გადიოდა”.

მხოლოდ ახალქალაქი დაუდგა მედგრად. ახალქალაქს ზღუდე დიდხანს არ ჰქონდა და, სანამ პატარა იყო ქალაქი, ერთი ციხეც ყოფნიდათ დასაცავად. ბაგრატ მეოთხის მეფობისას, მოსახლეობის ზრდასთან ერთად, საჭირო შეიქნა რამდენიმე კოშკისა და გალავნის აშენებაც. მეფის ბრძანებით, ფარსმან თმოგველმა და ბეშქენ ჯაყელმა “იწყეს ახალქალაქისა ზღუდეთა შენებად, რამეთუ მას ჟამსა უზღუდო იყო”. სამწუხაროდ, ქალაქის დამცავი გალავნისა და კოშკების აგება ბოლომდე არ იყო დასრულებული, ალფ-არსლანი რომ გამოჩნდა. მიუხედავად ამისა, ქალაქის დამცველები თავგანწირული ბრძოლით ახერხებდნენ მტრის მოგერიებას.

ვინაიდან გალავანმორღვეული და სუსტად დაცული ქალაქი ადრე თუ გვიან მაინც დაეცემოდა, ქართველებმა ტაქტიკურ ხერხს მიმართეს, რათა მტრისთვის დიდი ზიანი მიეყენებინათ. ფარსმან თმოგველმა ორი მოციქული გაგზავნა სულთანთან და მორჩილება გამოუცხადა. როგორც ჩანს, ბოლომდე არ ენდნენ ქალაქის დამცველებს და ალფ-არსლანმა ქალაქის ჩასაბარებლად არცთუ დიდი ჯარით ემირ იბნ მუჯაჰიდი და ებუ სუმრე გაგზავნა. ქართველებმა სელჩუკებს კარი გაუღეს და ქალაქში შეუშვეს. ქალაქის დამცველებმა ალყაში მოაქციეს თურქები და, სანამ ალფ-არსლანი ძირითადი ლაშქრით მიეშველებოდა, ერთიანად გაჟუჟეს.

ბოლოს მტრის ლაშქრის სიმრავლემ მაინც თავისი გაიტანა და ალფ-არსლანი ქალაქში შეიჭრა. გადარჩენილ მეომართა მცირე ჯგუფი ერთ-ერთ კოშკში გამაგრდა და იქიდან განაგრძობდა წინააღმდეგობას. სელჩუკებმა კოშკს ცეცხლი წაუკიდეს და ქალაქის უკანასკნელი დამცველები გამოწვეს. “მესხნი აზნაურნი ძლიერად დგეს ახალქალაქს და ჰბრძოდეს სამ დღეს. რამეთუ არა ზღუდითა მტკიცითა განსრულებულიყო, ვერღარა დაუდგმიდეს ბრძოლითა ძლიერითა. აღიჭურნეს მყოფნი ქალაქისანი და განახუნეს კარნი და შეებნეს ძლიერად, მოსრნეს პირითა მახვილისაითა. და შევიდეს ქალაქად თურქნი და ტყვე ყვნეს ურიცხუნი სულნი ქრისტიანეთანი, აღიღეს განძი და ტყუე ძლიერი, და შეიღება წყალი ახალქალაქისა ქრისტიანთა სისხლითა”, _ წერს მემატიანე.

ფარსმან თმოგველი ბრძოლაში დაიღუპა, დაჭრილი ბეშქენ ჯაყელი კი მტერს ჩაუვარდა ხელში. ჯაყელმა მაჰმადიანობა მიიღო და ალფ-არსლანის სამსახურში ჩადგა. კმაყოფილმა სულთანმა რჯულშეცვლილი ჯაყელი ადარბადაგანის (ისტორიული აზერბაიჯანი) მმართველად დანიშნა და ასე დაედო საფუძველი ბეშკენიკთა დინასტიას, რომელიც ას წელზე მეტხანს მართავდა ადარბადაგანს. ბეშკენიკთა გვარს მიეკუთვნებოდა აბუ-ბაქრიც, რომელსაც ქართველებმა 1193 წელს შამქორთან “კუდით ქვა ასროლინეს”, თუმცა ამ საკითხზე უფრო ვრცლად მოგვიანებით ვისაუბრებთ.

მიუხედავად გამარჯვებისა, ახალქალაქთან ალფ-არსლანმა ისეთი დიდი ზარალი განიცადა, რომ იძულებული შეიქნა, საქართველოს გასცლოდა, ხოლო ბაგრატთან დესპანი გაგზავნა დასაზავებლად. სულთანი ქართველთა მეფეს არა მხოლოდ ზავს, არამედ მოყვრობასაც სთავაზობდა _ ალფ-არსლანს ბაგრატის დისწულის ცოლად შერთვა ჰქონდა განზრახული. მართალია, ამის წინააღმდეგი წავიდა ბაგრატის სიძე მსბატი, სომეხთა მეფის ძმა, _ არ მივათხოვებ ქალიშვილს ურჯულოსო, მაგრამ დიდი სულთნის ნებას წინ ვინ დაუდგებოდა, და ძალით მიჰგვარეს ბაგრატის დისწული “მამაც ლომს” (ასე ითარგმნება ალფ-არსლანის სახელი).

თუმცა ამ დამოყვრებას ჩვენი ქვეყნისთვის ხეირი მაინც არ მოუტანია. 1065 წლის ივნისში სულთანმა ანისის გამგებელი მანუჩერ ბენ აბულ-ასვარი გამოგზავნა “მოყვარე” ბაგრატის სამფლობელოს ასაოხრებლად და დასარბევად. აბულ-ასვარმაც გაამართლა დიდი სულთნის იმედები _ ქვემო ქართლი მოაოხრა და უკან გაბრუნდა.

1065 წლის ოქტომბერში ბაგრატმა თავის ცოლისძმას, ოსთა მეფეს _ დორღოლელს უხმო და გაერთიანებული ძალებით განძას დაეცა, ვინაიდან იმხანად აბულ-ასვარი განძაში იმყოფებოდა. ანისის გამგებელმა ვერ გაბედა, ბაგრატს შებრძოლებოდა და ქალაქის გალავანს შეაფარა თავი. მართალია, ქართველებმა განძა ვერ აიღეს, მაგრამ ხელთ იგდეს ქალაქი ბარდავი, მთელი არანის ოლქი დაარბიეს და ასე იძიეს შური.

ალფ-არსლანის პასუხმაც არ დააყოვნა და 1068 წელს დიდი ჯარით ისევ მოადგა საქართველოს. ბაგრატი კახეთ-ჰერეთის შემოერთებით იყო დაკავებული. კახეთის ხელისუფალი აღსართანი მაშინვე ალფ-არსლანის ბანაკში გაიქცა, სულთანს მორჩილება გამოუცხადა, დიდძალი ძღვენი მიართვა და გამუსლიმანდა. გახარებულმა ალფ-არსლანმა კი აღსართანს კახეთისა და ჰერეთის ყველა ციხე გადასცა.

ბაგრატი ჯერ ქართლში გამაგრდა, შემდეგ კი ქუთაისს შეაფარა თავი. მტერიც ფეხდაფეხ მიჰყვა და აღმოსავლეთი საქართველო თითქმის მთლიანად მოაოხრა. სულთანი გამოემართა აფხაზთა მეფე ბაგრატის წინააღმდეგ და თავის ჯარებს მისცა თავისუფლება ამ ვილაიეთებში, რათა ეხოცათ და გაენადგურებინათ. ბოლოს თბილისში ჩამოვიდა. სულთანმა ეს ქალაქიც დაიპყრო. იმდენი სიმდიდრე ჩაიგდო ხელში, რომ მისი აღწერა შეუძლებელია”. მტრის ხელში გადავიდა ხორნაბუჯი, გაგი, აგარანი, რუსთავი, არადეთი, ქავაზინი. სელჩუკთა ლაშქრობამდე ქართლი ღვინითა და პურით იყო მდიდარი, მაგრამ დამპრობლებმა ექვსი კვირის განმავლობაში ქვეყანა მიწასთან გაასწორეს, ვინც მთაში გახიზვნა მოასწრო, მკაცრი ზამთრისგან დაიღუპა. მემატიანე ამ ამბავს ასე მოგვითხრობს; და იყო ქართლსა შინა პური და ღვინოი. და დაყო ექუსი კვირაი, და იწყო ოხრებად და ხოცად კაცისა, და გარდავიდა მარბიელი მისი არგუეთს. მიუწიეს და დაარბივეს ვიდრე სუერის ციხემდე. და მოისრა ურიცხვ სული ქრისტიანეთა და ტყუე იქმნა; და იქმნა საძაგელ ქუეყანაი ქართლისაი სახილველად კაცთა. მოოხრდეს ყოველნი ეკლესიანი და სიმრავლითა მძორისაითა არღარა დაედგმოდეს ქუეყანასა თვალნი. და ცოდვათა ჩუენთა მოსაგებელსა რისხვასა ღმრთისასა ზეცით ცაი წამებდა, და სისხლის მწველი ღრუბელი აღმოსავლეთით მოეფინა ქართლსა ზედა. და იქმნა ღამე უკუნი”.

ქართველები სელჩუკებს სვერის ციხესთან დაუხვდნენ. კლდოვან ფერდობზე აგებული სვერის ციხე აუღებელ ციხედ ითვლებოდა. მიუხედავად დიდი მცდელობისა, ვერც ალფ-არსლანმა აიღო ეს ციხე, მაგრამ მიმდებარე ტერიტორია ერთიანად მოსრა და მოაოხრა. სვერის ციხის დამცველთა წინააღმდეგობამ, ცივმა და სუსხიანმა ზამთარმა, სულთანს ხელი ააღებინა ლაშქრობის გაგრძელებაზე. ზავი ბაგრატსაც სურდა და დასაზავებლად სელჩუკთა ბანაკს მეფის დესპანი ივანე ბაღვაში ესტუმრა. ალფ-არსლანმა ქართველთა მეფესთან დაზავების მთავარ პირობად ხარკის გადახდა დააყენა, თუმცა არც დალოდებია ბაგრატის პასუხს, სასწრაფოდ გაეცალა საქართველოს.

ალფარსლანი მემკვიდრემ, სულთანმა მალიქშაჰმა (1072 –1093) კიდევ უფრო გააფართოვა სელჩუკთა სახელმწიფოს საზღვრები. ტყუილად როდი ბაქიბუქობდა სულთანი, _ შუა აზიიდან წამოსული ცხენი ხმელთაშუა ზღვაში შეიყვანეო. მისი მეფობა განსაკუთრებით სავალალო გამოდგა ჩვენი ქვეყნისთვის. მალიქშაჰმა დაასრულა ალფარსლანის დაწყებული საქმე, საბოლოოდ გატეხა წელში ქართველთა წინააღმდეგობა და ქვეყანა დაიპყრო.

ტახტზე ასვლისთანავე მალიქ-შაჰმა სამხედრო ბანაკს მიაშურა და დაპყრობითი ომები განაახლა. რამდენიმე წარმატებული ლაშქრობის შემდეგ დიდი სულთანი 1073 წელს ამიერკავკასიას მოადგა. მას პირველი შეეგება მოღალატე ერისთავი კლდეკარისა ივანე ლიპარიტის ძე ბაღვაში. მალიქ-შაჰმა შეიწყნარა იგი და საჩუქრებითაც აავსო. ბაღვაშმაც, თავის მხრივ, სულთანს დაუდასტურა მზადყოფნა, თავისი ჯარით ებრძოლა მეფე გიორგის წინააღმდეგ, მაგრამ მეორე დღეს სულთნის ბანაკიდან მოულოდნელად გაიპარა, თუ რატომ _ ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, მაგრამ ფაქტია: განძისაკენ მიმავალი სელჩუკთა ურდო საქართველოსკენ შემობრუნდა. ივანე ბაღვაშის საქციელით გაცოფებულმა სულთანი ფეხდაფეხ მიჰყვა კლდეკარის ერისთავს და მის სამფლობელოს დაესხა თავს. დაარბია სამშვილდე, მოაოხრა ქვემო ქართლი და კლდეკარის საერისთავოდან განძისკენ დაძრა ლაშქარი, მას არ გაჭირვებია კარგად გამაგრებული ქალაქის აღება და ამირა ფადლონის დატყვევება. სულთანმა ფადლონის ნაცვლად განძის მმართველად ერთგული სარანგი დანიშნა, საქართველოს ასაოხრებლად დაუტოვა დიდი გარნიზონი და უკან გაბრუნდა.

1074 წელს განძის სარანგმა მოიმხრო დვინისა და დმანისის ამირები და საქართველოში შემოიჭრა. ფარცხისთან დაბანაკებული მეფე გიორგი მომზადებული დაუხვდა მას და კახეთის მეფის _ აღსართანის დახმარებით მტერი დაამარცხა. ეს იყო უდიდესი, მაგრამ ერთადერთი გამარჯვება, ვინაიდან ამის შემდეგ მეფე გიორგის აღარასოდეს გაუმარჯვია.

ერთი წლის შემდეგ ამირა ახმედი შემოიჭრა საქართველოში, ცეცხლითა და მახვილით გაიარა ტაო-კლარჯეთი და მიწასთან გაასწორა ეს აყვავებული მხარე. ახმედმა იავარჰყო სამხრეთ საქართველო და დიდი ნადავლით დატვირთული უკან გაბრუნდა.

XI საუკუნის 80-იანი წლებიდან საქართველოს ისტორიაში დაიწყო ახალი ეტაპი, რომელიცდიდი თურქობისსახელით შევიდა. სელჩუკები განსხვავდებოდნენ სხვა დამპყრობებისგან. სელჩუკების მეჯოგურმომთაბარლი მეურნეობა შეუთავსებელი იყო ქართული ფეოდალური მეურნეობისთვის. პრიმიტიული მეურნეობა მკვიდრდებოდა მტკვრის, ალაზნის, ივრისა და არაქსის სანაპირო ჭალებზე. მაღალგანვითარებული კულტურები (ბაღვენახები, პურეული და სხვ.) ადგილს უთმობდა საძოვრებს. თურქსელჩუკთა დაპყრობები გაცილებით უფრო დამანგრეველი და დამღუპველი იყო, ვიდრე არაბთა ან ბიზანტიელთა შემოსევები და ბატონობა. “თურქობასაქართველოს ფეოდალურ მეურნეობას საფუძველს აცლიდა _ მიწას, და უმიწაწყლოდ დარჩენილ ქართველობას გადაშენების საფრთხეს უქმნიდა. ანუ, თანამედროვე ტერმინით რომ ვთქვათ, მოხდა არა მხოლოდ ტერიტორიის ოკუპაცია, არამედ გენოციდი და ეთნოწმენდაც.

თურქთა დამანგრეველი ძალა უდაბნოდ გადაქცევას უპირებდა წალკოტს. ქვეყანაც იბრძოდა იმ ხერხებით, რომლებითაც ოდითგანვე იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები. თუ შესაძლებლობა მიეცემოდათ, მტერს ამარცხებდნენ და ერეკებოდნენ საზღვრებს იქით, თუ არა, მაშინ არსებობის შენარჩუნებისა და შესაფერისი ჟამის დადგომის მოლოდინში ხარკს უხდიდნენ ძლიერ მტერს.

თურქებთან ეს მეთოდი არ ჭრიდა, ყოველი დამარცხება იყო უფსკრულისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. სელჩუკები, სპარსელების ან ბიზანტიელების მსგავსად, არ იყვნენ მხოლოდ დასაპყრობად მოსულები, თურქთა თითოეული ურდო იყომოხეტიალე სახელმწიფო”, “ქვეყანა”, რომელიც გადაადგილდებოდა სხვა სახელმწიფოების ტერიტორიების მისატაცებლად და სადაც სხვა ერების ადგილი არ იყო.

გაჩნდა ნასახლარები, ნასოფლარები. სელჩუკთა ურდოები არავის ინდობდნენ, შეუბრალებლად უსწორდებოდნენ დიდსა და პატარასაც. გადარჩენილები მიუვალ მთებს აფარებდნენ თავს, საუკეთესო მიწებს კი თურქი მომთაბარეები ითვისებდნენ. ასეთიმცოცავი ანექსიითთურქებმა დაიკავეს ჰერეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, ტაოკლარჯეთი. აივსო მტკვრისა და იორის მიდამოები თურქთა კარვებით, საბარგულსაზიდრებით, ჩარდახებით (რომლებიც გადაძეძგილი იყო ქალებითა და ბავშვებით), უთვალავი ცხვრით, ცხენით, ჯორით, აქლემით. “აქ ჰქონდათ ცხოვრება სანატრელი, განისუენებდიან და იხარებდიან, ხოლო ჩვენისა ნაპირთა რბევდიან ტყვითა და ალაფითა სავსეთა”.

ქვეყანაში უიმედობამ დაისადგურა, “დიდმა თურქობამ” წელში გატეხა ქართველი კაცი, სულიერად დააბეჩავა. დიდი დაცემისა და უკიდურესი შეჭირვების საუკუნეებმაც კი ვერ შეძლო მისი დემორალიზება, მაგრამ “დიდი თურქობის” ჟამს კატასტროფული ძვრები მოხდა ქართველი კაცის ცნობიერებაში. მან დაკარგა საკუთარი ძალების რწმენა და დაიწყო არა მტრისგან ქვეყნის გამოხსნაზე ფიქრი, არამედ თავშესაფრის ძებნა. ბუნებრივია, მორალურად დაცემული და თავშესაფრის მაძიებელი ხალხი თურქებს ვერ გაუმკლავდებოდა.

ეს კარგად ესმოდათ სამეფო კარზე და შექმნილი ვითარების გამო, მეფე გიორგი II (1072–1089) იძულებული შეიქნა, მორჩილების გამოსაცხადებლად სელჩუკთა სულთანს ისფაჰანში ხლებოდა. მან ყოველწლიური ხარკის საფასურად ზავი და მშვიდობა ითხოვა, მალიქ-შაჰიც დაჰპირდა ქართველთა მეფეს, რომ სელჩუკები აღარ შეაწუხებდნენ მის ქვეყანას, მაგრამ დაპირება ცარიელ დაპირებად დარჩა. მიუხედავად დაზავებისა, არ შემწყდარა საქართველოში თურქთა ურდოების უკონტროლო გადაადგილება, პირიქით ამ პროცესმა კიდევ უფრო დამანგეველი ხასიათი შეიძინა. ეს იყო სახელმწიფო დონეზე აყვანილი პოლიტიკა, რომლის უკან სულთნის პირველი ვაზირის _ ნიზამ ალ მულკის პერსონა იდგა. ნიზამი წარმოშობით ირანელი იყო და, ირანელთა გადარჩენის მიზნით, ყველაფერს აკეთებდა თურქთა ურდოების ირანიდან გასაყრელად. ამიტომაც პირველი ვაზირი ამ “უკონტროლო ურდოებს” ყველანაირად უწყობდა ხელს ბიზანტიისა და საქართველოს მიწების ათვისებაში. ბუნებრივია, ისინი საქართველოს მანამ არ დაეხსნებოდნენ, სანამ ქართველობას მთლიანად არ ამოჟლეტდნენ.

ამას თან ერთვოდა უაზრო ომი კახეთ-ჰერეთის სამეფოსთან. ცბიერმა მალიქ-შაჰმა გიორგის დაუტოვა თავის სამფლობელო და დამატებით კახეთ-ჰერეთიც უფეშქაშა (ანუ მისცა ის, რაც არ ეკუთვნოდა), ჯარიც გამოაყოლა კახეთ-ჰერეთის დასამორჩილებლად და დასახარკად. ამით მან ერთბაშად ორი კურდღელი დაიჭირა: ერთი მხრივ, “მოიმადლიერა” მეფე გიორგი და “აჩუქა” ის, რაც სელჩუკებს არ ეკუთვნოდა; მეორე მხრივ, კიდევ უფრო დასუსტების მიზნით შუღლი ჩამოაგდო ყოფილ მოკავშირეებში და დანასისხლად გადაამტერა ისინი ერთმანეთს.

ქართველთა მეფეც იძულებული შეიქნა, დამორჩილებოდა სულთნის ნებას და წამოიწყო უპერსპექტივო ომი ყოფილი მოკავშირის წიანააღმდეგ, მაგრამ გიორგიმ ვერ შეძლო კახელთა მთავარი ციხის _ ვეჟინის აღება, ზამთრის დადგომისთანავე ციხეს ალყა მოხსნა და ქუთაისში დაბრუნდა. მეფე გიორგი კი დაბრუნდა ქუთაისში, მაგრამ მის ბანაკში მყოფმა თურქებმა, დრო იხელთეს და, მთელი კახეთი აიკლეს. კახეთ-ჰერეთის ხელისუფალი აღსართანიც მალიქ-შაჰს ეახლა, მორჩილება გამოუცხადა და ხარკის გადახდაც იკისრა.

(გაგრძელება იქნება)

ვანო სულორი

1 COMMENT

  1. ლ.ვარშალომიძის ბაბუა იყო თურქი ,რომელიც ჩაესიძა ვარშალომიძეებს . მისი მამაც
    თურქობდა ,სეპარატისტული ე.წ. \\\”აჭარის გადარჩენის\\\” კომიტეტს ედგა სათავეში!!!!!!!!!!
    ეს ყველამ იცის აჭარაში ,და რა გასაკვირია თვითონაც,რომ თურქული შეეყარა !!!!!!!!!!!!!!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here