Home რუბრიკები პოლიტიკა ერთიანი ნაციონალური მარცხი

ერთიანი ნაციონალური მარცხი

499

ივანიშვილისსაოცნებო პარლამენტიდა უსუფაშვილისდიდი გაქცევა

არჩევნების მეორე ტური, როგორც მოსალოდნელი იყო, განსაკუთრებული სიურპრიზების გარეშე დასრულდა. “ქართულმა ოცნებამგაიმარჯვა, საერთო ჯამში, 115 მანდატი და, შესაბამისად, საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა. არჩევნებმა ნათლად აჩვენა, რომ ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილს ქართულ პოლიტიკაში რეალური კონკურენტი არ ჰყავს, მისი გავლენა ახლო მომავალში, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება.

ერთიანი ნაციონალური მარცხი

მეორე ტურში “ნაციონალურმა მოძრაობამ” სასტიკი მარცხი იწვნია და პარლამენტში თუნდაც ერთი მაჟორიტარის გაყვანაც ვერ მოახერხა. ნაციონალები უკლებრივ ყველა ოლქში დიდი სხვაობით დამარცხდნენ _ დაძაბული ორთაბრძოლა, როდესაც მნიშვნელობა პროცენტის მეათედებს ენიჭება, არსად ყოფილა. მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, ხვდებოდა, რომ მისი პარტიის მონაწილეობა მეორე ტურში ასეთი შედეგით დასრულდებოდა და სწორედ ამიტომ მოუწოდებდა “ნაცმოძრაობის” ლიდერებს, ბოიკოტი გამოეცხადებინათ, თუმცა მოგვიანებით პოზიცია შეცვალა. ასეთი შედეგი, აგრეთვე, ლიდერების დაპირისპირება, დიდი ალბათობით, ხელს შეუწყობს შიდაპარტიული კრიზისის განვითარებას. “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერთა დიდი ნაწილისთვის აშკარაა, რომ არსებული რესურსით ხელისუფლებაში დაბრუნება გამორიცხულია.

მეორე ტურში მოხდა საინტერესო, სხვა ქვეყნების პრაქტიკაში იშვიათი რამ: ოპოზიციური ძალების მხარდამჭერთა უმრავლესობა არა ოპოზიციის, არამედ ხელისუფლების კანდიდატების გარშემო გაერთიანდა ან ნეიტრალური პოზიცია დაიკავა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ “ნაცმოძრაობა” კვლავინდებურად იზოლაციაში რჩება და მასთან თანამშრომლობას არავინ ჩქარობს.

არჩევნების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი არის ის, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ვერც ერთ რეგიონში ვერ მოახერხა “საყრდენი პუნქტის” შექმნა, იქაც კი, სადაც უამრავი რესურსი დახარჯა _ ვერც სამეგრელოში, ვერც აჭარაში, სადაც ყველა მაჟორიტარული ოლქი “ოცნებამ” მოიგო, ხოლო ადგილები ავტონომიის უმაღლეს საბჭოში შემდეგნაირად განაწილდა: “ქართული ოცნება” _ 14 დეპუტატი, “ნაცმოძრაობა” _ 5, “პატრიოტთა ალიანსი” და ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიული მოძრაობა” _ თითო-თითო. შესაბამისად, შემცირდა საქართველოს რომელიმე რეგიონის ან რაიონის “ცხელ წერტილად” გადაქცევის საფრთხე იმ რევოლუციური სცენარების ფარგლებში, რომელსაც სააკაშვილი თავის თანამოაზრეებთან ერთად განიხილავდა.         

რა მოხდება შემდეგ?

მეორე ტურის წინ ნაციონალები ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ საზოგადოება, რომ “ქართული ოცნების” საკონსტიტუციო უმრავლესობა ქვეყანას უდიდეს პრობლემას შეუქმნის. ამ დროს მათ არ უხსენებიათ “კონსტიტუციის გაუპატიურება” _ ეს ტერმინი სააკაშვილის მმართველობის წლებში დამკვიდრდა, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა “ნაცმოძრაობას” ჰქონდა. “ნაციონალების” პროპაგანდამ განსაკუთრებული შედეგი ვერ გამოიღო, მაგრამ აშკარაა, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ძალთა ახალ ბალანსს შიშითა და უნდობლობით უყურებს, რადგან ყველა მმართველმა პარტიამ, რომელმაც ქართულ პოლიტიკაში ასეთ შთამბეჭდავ უპირატესობას მიაღწია, ცუდად დაამთავრა. აღმოჩნდა, რომ ყველაზე სწრაფად ქართველ პოლიტიკოსებს პროცესებზე აბსოლუტური კონტროლის ილუზია რყვნის.

პრემიერმინისტრმა კვირიკაშვილმა, როგორც ჩანს, სწორედ ამ კატეგორიის ამომრჩეველთა დამშვიდება სცადა: “ჩვენ არ ვაპირებთ, შევვარდეთ პარლამენტში და გამოვცვალოთ კონსტიტუცია. ეს არ არის ჩვენი მთავარი მიზანი. ვფიქრობ, ეს არის განხილვების დაახლოებით ერთწლიანი პროცესი. პარლამენტში არსებობს პროცედურა, რომელიც ითვალისწინებს, რომ ეს არ მოხდეს ჩქარა” (“ინტერპრესნიუსი”). მან, აგრეთვე, თქვა, რომ “პარლამენტის გადმოტანა არ დგას დღის წესრიგში. სულ ცოტა, უახლოესი პერიოდის განმავლობაში, მე რამდენიმე წელი მაქვს მხედველობაში” და დასძინა, რომ “აუცილებლად უნდა იქნას ქუთაისის მოსახლეობასთან ერთად ეს საკითხი აქტიურად განხილული და მიღებული მათგან თანხმობა”.

აშკარაა, რომ ორივე შემთხვევაში პრემიერმინისტრი საკითხის გადაწყვეტის გადადებაზე, პროცედურების გახანგრძლივებაზე საუბრობს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებებზე უარს ამბობს. თუ პარლამენტის დედაქალაქში გადმოტანის საკითხი მეტწილად სიმბოლურ ხასიათს ატარებს და ადგილობრივი არჩევნების წინ განხილული იქნება, როგორც სახელისუფლო პარტიის რეიტინგის კორექტირების ინსტრუმენტი თბილისსა და ქუთაისში, პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლას გაცილებით სერიოზული პოლიტიკური შედეგები მოჰყვება.

მთავარი სამიზნე პრეზიდენტია

საპარლამენტო რესპუბლიკებში პრეზიდენტს მთელი ერი არ ირჩევს (ავსტრია ამ მხრივ იშვიათი გამონაკლისია). ვენეციის კომისია ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სააკაშვილი კონსტიტუციას ცვლიდა, მიუთითებდა, რომ პრეზიდენტის საყოველთაო არჩევა მომავალში შეიძლება სერიოზული კრიზისის წინაპირობა შეიქნეს. საკითხი რომ გადასაწყვეტია, ეჭვი არც ერთი კონსტიტუციონალისტს ეპარება _ საქართველომ ან საპარლამენტო რესპუბლიკად ჩამოყალიბება უნდა დაასრულოს, ან საპრეზიდენტო მოდელს დაუბრუნდეს, მიუღებელია მხოლოდ დღევანდელი, გაურკვეველი შუალედური მდგომარეობის შენარჩუნება, მაგრამ ხელისუფლებას ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება რთული პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით მოუწევს.

ცხადია, ივანიშვილის ოპონენტები პრეზიდენტის არჩევის უფლების პარლამენტისთვის გადაცემას წარმოაჩენენ, როგორც დემოკრატიის შეზღუდვას და იმისთვის, რომ თავის გადაწყვეტილებას ლეგიტიმურობა (ფართო და არა ვიწრო იურიდიული გაგებით) შესძინოს, მას ან პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, ან მოქმედი პრეზიდენტის მიმართ ხელოვნური კრიზისის პროვოცირება მოუწევს. თუ ხელისუფლება იპოვის სერიოზულ საბაბს გიორგი მარგველაშვილის იმპიჩმენტისთვის, ამას მისი არჩევის წესის შეცვლა, უხეშად რომ ვთქვათ, “პრიცეპად” მიებმება. მარგველაშვილს, თავის მხრივ, შესაძლებლობა მიეცემა, უკმაყოფილოთა ჯგუფების მობილიზება და კონსტრუქციული პროდასავლური ოპოზიციის ფორმირება დაიწყოს, რაც არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი პროცესი ხელისუფლებისთვის, რადგან დღეს “თავისუფალი დემოკრატებისა” და რესპუბლიკური პარტიის რღევევის ფონზე პროდასავლელი ამომრჩევლების ნაწილი დაბნეულია და მისი ნაწილი მომავალში შეიძლება “ნაცმოძრაობას” ან მისი დაშლის შედეგად წარმოქმნილ ჯგუფებს მიემხროს, თუ მიმზიდველ ალტერნატივას არ შესთავაზებენ. გიორგი მარგველაშვილი, დავით უსუფაშვილი და ირაკლი ალასანია გარკვეულ პირობებში შეიძლება ასეთი ძალის დამფუძნებლებად მოგვევლინონ. საინტერესოა, ურჩევენ თუ არა დასავლელი მეგობრები ერთობლივად იმოქმედონ? წინააღმდეგ შემთხვევაში ამბიციების შეჯახება და კონკურენტებს შორის კონფლიქტის წარმოქმნა თითქმის გარდაუვალი ჩანს.

რესპუბლიკელების კრახი

ქართული პოლიტიკის პროდასავლურ ფლანგზე ცხრაბალიანი მიწისძვრაა, პარტიები ერთიმეორის მიყოლებით იშლებიან. თავისუფალი დემოკრატების დაშლის შემდეგ რესპუბლიკური პარტია დავით უსუფაშვილმა დატოვა, მას ზოგიერთი სხვა თანაპარტიელიც მიჰყვა და ეს პროცესი, სავარაუდოდ, მომავალშიც გაგრძელდება. ამის მიზეზი არა მხოლოდ არჩევნებში დამარცხება, არამედ, თვეების თუ არა, წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემებია. ერთ-ერთი ფაქტორი არის ის, რომ დავით უსუფაშვილისა და თინა ხიდაშელის კონფლიქტმა დავით და ლევან ბერძენიშვილებთან პარტია ჩიხში შეიყვანა.

2012 წლის შემდეგ რესპუბლიკელებს ჰქონდათ შესაძლებლობა ივანიშვილის კეთილგანწყობის პირობებში, გაზრდილი რესურსების გამოყენებით, პარტიის რეფორმირება და მისი გაძლიერება მოეხერხებინათ, მაგრამ ბრძოლამ გავლენისთვის პარტიის შიგნით ეს შეუძლებელი გახადა. ივანიშვილი ყოველთვის ამბობდა, რომ მისი ფავორიტი უსუფაშვილია, რაც შეეხება სხვებს, მან, სავარაუდოდ, არ დაივიწყა დავით ბერძენიშვილის 2012 წლის 15 ივნისის განცხადება, რომელსაც შანტაჟის ელფერი დაჰკრავდა. რესპუბლიკელებმა მაშინ თბილისის ზოგიერთ უბანში მაჟორიტარებად თავიანთი წარმომადგენლების დასახელება მოითხოვეს. ივანიშვილმა, სავარაუდოდ, შეაფასა ეს, როგორც ღალატი შუა ბრძოლაში და, დიდი ალბათობით, დღემდე არ დაივიწყა. ასე იყო თუ ისე, კოალიციაში ყოფნის პერიოდში უსუფაშვილი, მეუღლესთან ერთად, ივანიშვილთან მჭიდრო თანამშრომლობის (და თანამდებობის დაკავების) სურვილს გამოხატავდა, ბერძენიშვილები კი მკვეთრ ოპოზიციურ განცხადებებს აკეთებდნენ. მათი თანამოაზრეები დღეს ადანაშაულებენ უსუფაშვილსა და ხიდაშელს იმის გამო, რომ პარტიის გადასვლა ოპოზიციაში ძალიან გვიან, უშუალოდ არჩევნების წინ მოხდა და ამის გამო ვერ მოახერხა, თავი მთავრობის სრულფასოვან ოპონენტად წარმოეჩინა. უმძიმესი მარცხის შემდეგ უსუფაშვილმა, როგორც ჩანს, ბერძენიშვილებთან შემდგომი პოლიტიკური თანაცხოვრების აზრი ვერ დაინახა და “პროცენტნახევრიანი პარტია” დატოვა (ივანიშვილი ამ ნაბიჯს, სავარაუდოდ, მოწონებით შეხვდა). უსუფაშვილმა, შესაძლოა, ჩათვალა, რომ გაფანტული პროდასავლელი ამომრჩევლების კონსოლიდირებას ცალკე და სხვა ლიდერებთან კოორდინაციის რეჟიმში (მარგველაშვილი იქნება თუ ალასანია) გაცილებით უკეთ მოახერხებს, ვიდრე ბერძენიშვილებთან ერთად, რომელთა ხელში რესპუბლიკური პარტია ახლო მომავალში შეიძლება გადაიქცეს პოლიტიკური პენსიონერების სადისკუსიო კლუბად – გარკვეული თვალსაზრისით, ის, რაც პარტიაში მოხდა, შეიძლება შეფასდეს, როგორც პოლიტიკოსთა ორი თაობის წარმომადგენელთა კონფლიქტი.

2017 წლის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური პროცესი იქნება გაფანტული პროდასავლური ელექტორატის კონსოლიდაციის მცდელობა, რომელსაც სხვადასხვა პოლიტიკოსი მიმართავს და ის მნიშვნელოვან გავლენას არა მხოლოდ ცალკე აღებული უსუფაშვილის, ალასანიას ან მარგველაშვილის, არამედ “ნაციონალური მოძრაობისა” და მისგან გამოყოფილი ჯგუფების მომავალზეც იქონიებს.

ლუკა ნემსაძე

1 COMMENT

  1. დღეს რომ ჩატარდეს რეფერენდუმი დასავლეთი თუ რუსეტი ჩემი აზრიტ ძალთა ბალანსი არსებითად შეიცვლება რადგან დასავლეთისგან ცვენ ვერ ვიღრებთ ვერაფერს გარდა რისკებისა არც რ არაფრის მომცემი უვიზო მიმოსვლა რაც უბრალო ადამიანებისატვის არავიტარი შვება არ არის, რადგან ეს ვიზა სამუსაო ვიზა არ არის და მშიერ კაცს სამოგზაუროდ არ აქვს თანხები და შესაძლებლობა, ხოლო ისინ ვისაც ტუფრისტულად გადაადგილების სურვილი აქვთ არც დდღს ეშლებატ ხელი რამეში

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here