Home რუბრიკები საზოგადოება უნივერსიტეტის პირველი პროფესორები

უნივერსიტეტის პირველი პროფესორები

1061

მიხეილ კონიაშვილი _ საქართველოში მათემატიკის სწავლების მეთოდიკის ფუძემდებელი

მიხეილ კონიაშვილი, როგორც კარგად მომზადებული და ფართოდ მოაზროვნე მათემატიკოსი, მშვენიერი პედაგოგი და მათემატიკის მეთოდიკის საუკეთესო სპეციალისტი, გახლდათ მათემატიკის ერთერთი საუკეთესო მასწავლებელი უნივერსიტეტში. ტყუილად კი არ ამბობდნენ: “მიხეილ კონიაშვილი თუ მოინდომებს, ხუთი წლის ბავშვსაც კი გააგებინებს ალგებრასო”.

გამოჩენილი ქართველი პედაგოგი თბილისში დაიბადა 1896 წელს. 1896 წელს დაამთავრა თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზია. გიმნაზიაში საუკეთესო სწავლით, გულმოდგინებითა და სამაგალითო ყოფაქცევით პედაგოგთა გულისხმიერი დამოკიდებულება დაიმსახურა; ჯერ კიდევ ბავშვი, საუკეთესო “მათემატიკოსად” ითვლებოდა, რომელმაც საკუთარი დებულებებიც კი ჩამოაყალიბა. უთუოდ ამ მდგომარეობამ განაპირობა გიმნაზიის დირექტორის _ გ. მარკოვის გულთბილი დამოკიდებულება მისდამი, რომელსაც მადლიერების გრძნობით იგონებდა ხოლმე ბატონი მიხეილი ხანდაზმულობის პერიოდში.

გიმნაზიის დამთავრებისთანავე მიხეილ კონიაშვილი ჩარიცხულა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის მათემატიკის განყოფილებაზე. უნივერსიტეტში სწავლის მთელ პერიოდში იგი ყოფილა კავკასიის სასწავლო ოლქის სტიპენდიანტი. ასეთი ყურადღება სტიპენდიანტს სავსებით გაუმართლებია _ უნივერსიტეტი დაუმთავრებია 1990 წელს პირველი ხარისხის დიპლომით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იგი, როგორც სტიპენდიანტი, ვალდებული იყო, ემუშავა კავკასიის ოლქის მზრუნველის ბრძანების შესაბამისად; ამის გამო მას უარი უთქვამს წინადადებაზე, დარჩენილიყო იქვე, პროფ. ლახტინის კათედრაზე, სამუშაოდ. პირველი დანიშვნა მიუღია სამაზრო ქალაქ შუშაში რეალური სასწავლებლის მათემატიკის მასწავლებლად. ორი წლის შემდეგ გადაუყვანიათ სტავროპოლში იმავე თანამდებობაზე, ხოლო 1904 წელს _ თბილისში ვაჟთა მესამე გიმნაზიაში მათემატიკის მასწავლებლად.

აქედან დაწყებული მიხეილ გრიგოლი ძე განუწყვეტლივ მუშაობს თბილისში და 1921 წლამდე ასწავლის მათემატიკასა და ფიზიკას სხვადასხვა სასწავლებელში _ 1907 წლიდან 1914 წლამდე თბილისის ქალთა პირველ გიმნაზიაში. აქ იგი მათემატიკისა და ფიზიკის სწავლებასთან ერთად პედაგოგიურ საბჭოს თავმჯდომარეობს; 1918 წლიდან ამავე გიმნაზიის დირექტორია. შემდგომში გიმნაზია გადაკეთდა XI ტექნიკუმად, რომლის დირექტორადაც დარჩა ბატონი მიხეილი 1921 წლამდე.

მიხეილ კონიაშვილის ქალთა პირველ გიმნაზიაში მუშაობის პერიოდს ეკუთვნის პროფესორ რუსუდან ნიკოლაძის მოგონება.

“იმხანად მიხეილ გრიგოლის ძე ფიზიკას ასწავლიდა და საუკეთესო მასწავლებლის სახელი ჰქონდა მოხვეჭილი _ მოგვითხრობს პროფ. რ. ნიკოლაძე. _ ჩვენს კლასს სხვა მასწავლებელი (ფილიმონოვი) ჰყავდა ფიზიკაში; რადგან მე ფიზიკით ძალიან ვიყავი დაინტერესებული, მოვინდომე, კონიაშვილის გაკვეთილებს დავსწრებოდი, მაგრამ თხოვნაზე მიხეილ გრიგოლის ძისაგან უარი მივიღე. საშინლად მეწყინა. მაშინვე გადავწყვიტე, უარის მიუხედავად, სურვილი დამეკმაყოფილებინა, რაც საკმაოდ მარტივად მოვახერხე. საკლასო ოთახში კარადა იდგა, ამხანაგების დახმარებით გავითავისუფლე მასში ადგილი და, ამგვარად, კარადაში დამალული ვისმენდი მიხეილ კონიაშვილის მიერ ჩატარებულ ფიზიკის გაკვეთილებს. ამხანაგებმა საიდუმლო შემინახეს და მასწავლებელს ბოლომდე არ გაუგია არაფერი”.

1909 წელს მიხეილ კონიაშვილი მონაწილეობს თბილისის ქალთა უმაღლესი კურსების ორგანიზაციაში. კურსები გაიხსნა თბილისში 1909 წლის სექტემბერში (ეს იყო კავკასიაში პირველი უმაღლესი სასწავლებელი). აქ დაინიშნა მიხეილ გრიგოლის ძე ფიზიკისა და მათემატიკის კათედრის გამგედ და 6 წლის განმავლობაში კითხულობდა დიფერენციალურ აღრიცხვას, ინტეგრალურ აღრიცხვას, ფიზიკას. მისივე ინიციატივით მოეწყო ფიზიკის ლაბორატორიები ქალთა უმაღლესი კურსებისთვის.

1913 წელს მიხეილ კონიაშვილი მონაწილეობს ბუნებისმეტყველთა და ექიმთა XIII ყრილობის ორგანიზაციაში, რომელიც ამავე წელს ჩატარდა თბილისში. იგი იყო ამ ყრილობის განმკარგულებელი კომიტეტისა და პრეზიდიუმის წევრი, ამავე დროს, მათემატიკური სექტორის გამგე.

1921 წელს მიხეილ კონიაშვილი თავისივე თხოვნის საფუძველზე, საქართველოს განათლების კომისარიატის აკადემიური ცენტრის გადაწყვეტილებით, გაუთავისუფლებიათ XI ტექნიკუმის დირექტორის მოვალეობისგან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს აურჩევია იგი უნივერსიტეტის ლექტორად. უნივერსიტეტში მუშაობდა მიხეილ კონიაშვილი პენსიაზე გასვლამდე. აქ წლების მანძილზე კითხულობდა ელემენტარული მათემატიკის დამატებით თავებს, დიფერენციალური და ინტეგრალური აღრიცხვის კურსებს, მათემატიკის სწავლების მეთოდიკას. 1935 წელს მიღებულ დახასიათებაში ვკითხულობთ: მიხეილ გრიგოლის ძე კონიაშვილი არის მათემატიკის ერთერთი საუკეთესო მასწავლებელი უნივერსიტეტში. უნივერსიტეტში მოღვაწეობის დროს მან გამოიჩინა თავი როგორც კარგად მომზადებულმა და ფართოდ მოაზროვნე მათემატიკოსმა, მშვენიერმა პედაგოგმა და ამასთანავე მათემატიკის მეთოდიკის საუკეთესო სპეციალისტმა”.

ამასთან ერთდროულად, რამდენიმე წლის განმავლობაში მიხეილ კონიაშვილი ასწავლიდა მათემატიკასა და ფიზიკას წითელარმიელთა უნივერსიტეტში; იყო განათლების სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო სამეცნიერო საბჭოს წევრი. აქ მას უხდებოდა მათემატიკისა და ფიზიკის სახელმძღვანელოთა რეცენზირება; მიუღია, აგრეთვე, მონაწილეობა მათემატიკური ტერმინოლოგიის შექმნაში.

ბატონი მიხეილ ასწავლიდა, აგრეთვე, “26 კომისრის” სახელობის ამიერკავკასიის კომუნისტურ უნივერსიტეტში. მუშაობის პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება, ჩვეული გულისხმიერება აქაც გამოუჩენია და, რადგან კომუნისტური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ღარიბი ყოფილა, განსაკუთრებით მათემატიკური და ფიზიკური ხასიათის ლიტერატურით, აუღია თავის თავზე ამ საქმის ხელმძღვანელობა. შემონახულია ფიზიკის მეთოდკომისიის სხდომის ოქმი (ამ კომისიის თავმჯდომარე თვითონვე ყოფილა), სადაც ამის დამადასტურებელი ფაქტებია აღწერილი.

უნივერსიტეტიდან თავისუფალ დროს მიხეილ კონიაშვილი ახმარდა მუშაობას მუშფაკსა და პოლიტიკურ ინსტიტუტში. ზაფხულის თვეებში სისტემატურად მონაწილეობდა მასწავლებელთა გადასამზადებელ კურსებზე, კითხულობდა მათემატიკის მეთოდიკის ამა თუ იმ ნაწილს: სურამში, ბორჯომში, მახარაძეში, ბოლო დროს, ეს იყო 1949 წელს _ ხარაგოულში.

1938 წლიდან დაწყებული მიხეილ გრიგოლის ძე კონიაშვილი შეთავსებით მუშაობს საქართველოს განათლების სამინისროს პედაგოგიკურ მეცნიერებათა სამეცნიერო-საკვლევ ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად მათემატიკისა და ფიზიკის სწავლების მეთოდიკის სექტორში.

არ შეიძლება განსაკუთრებით არ აღვნიშნოთ ამ ინსტიტუტში მისი მოღვაწეობა. ამ ინსტიტუტში მოხდა მთელი მისი ცოდნისა და გამოცდილების ფართო რეალიზაცია. აქ დაიწყო მიხეილ კონიაშვილმა მეთოდური სახელმძღვანელოების წერაგამოცემა. აქვე 1948 წელს დაიცვა სამეცნიერო ხარისხი (დოცენტის წოდება მას ადრევე ჰქონდა უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს მიერ მინიჭებული) და, გარდა ამისა, აქვე დაიწყო ასპირანტების მომზადება მათემატიკის სწავლების მეთოდიკის სპეციალობით.

58 წლის მანძილზე არ მოშორებია მიხეილ კონიაშვილი თავის საყვარელ, მოზარდი თაობის სწავლების, რთულ საქმეს. მან, პირველმა საქართველოში, მისცა სწორი მეცნიერული გეზი მათემატიკის სწავლების მეთოდიკას. თავისი ნათელი აზროვნება, მდიდარი სამეცნიეროპედაგოგიური გამოცდილება და საგნის ღრმა ცოდნა ნაყოფიერად მოახმარა მათემატიკის სწავლების მეთოდიკის მეცნიერული პრობლემების გადაჭრასა და ახალგაზრდა მეცნიერული კადრების აღზრდას. მისი მრავალრიცხოვანი შრომები, რომლებმაც რესპუბლიკის მასწავლებელთა მოწონება დაიმსახურეს, განვითარების მკვიდრ საფუძველს უქმნის მათემატიკის სწავლების მეთოდიკას საქართველოში.

 ყველგან, სადაც კი მუშაობდა მიხეილ კონიაშვილი, დიდი, მოკრძალებული პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა. მას ახასიათებდა დიდი შრომოსმოყვარეობა, საოცარი პუნქტუალობა და მეტისმეტი სიმკაცრე. დიდი ერუდიციის მქონე, შესანიშნავი პედაგოგი შეუდარებელი იყო, როგორც ლექტორი _ საუკეთესო უნარით ყველასათვის გაეგებინებინა მის მიერ გამოთქმული დებულება, როგორი რთულიც უნდა ყოფილიყო ის. ტყუილად კი არ ამბობდნენ: “მიხეილ კონიაშვილი თუ მოინდომებს, ხუთი წლის ბავშვსაც კი გააგებინებს ალგებრასო”. უბადლო მეთოდისტი, ამა თუ იმ საკითხის სწავლების ხერხებისა და გზების მიგნების გასაოცარი ნიჭით დაჯილდოვებული, მკაცრი, მაგრამ სამართლიანი, იგი ყოველთვის მოითხოვდა საქმისადმი სერიოზულ დამოკიდებულებას, ღრმა ცოდნას, შემოქმედებით მუშაობას. შესანიშნავად იცოდა ახალი პრობლემების მიგნება, დასმა. ყოველ ახალს მეთოდიკაში საოცარი შინაგანი ალღოთი ეხმაურებოდა. ყოველივე ეს მეტად კარგ შედეგს იძლეოდა ასპირანტებთან მუშაობაში, რომელიც ასე ნაყოფიერი აღმოჩნდა მისი მოღვაწეობის ბოლო წლებში. 1948 წლიდან სიკვდილამდე, 12 წლის განმავლობაში, მან აღზარდა არაერთი ასპირანტი: ნ. თოფურიძე, გ. გორგოძე, ოთ. როინიშვილი, გ. ტაბიძე, ი. ჯაშიაშვილი და სხვ. აღსანიშნავია, რომ ყველა მის მიერ მომზადებულმა ასპირანტმა დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და წარმატებით განაგრძობენ მუშაობას მათემატიკის მეთოდიკის სპეციალობით.

ზღაპრულად პუნქტუალური იყო ბატონი მიხეილი. ზუსტად დანიშნულ დროს მიდიოდა ყველგან. საათის გასწორება შეიძლებოდა მის მისვლაზე პედაგოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტში, სადაც ის ყოველ ორშაბათს ზუსტად დღის 2 საათისთვის ცხადდებოდა. მის სიმკაცრეზე ყველა მისი ყოფილი მოსწავლე ლაპარაკობს. ეს სიმკაცრე არ შენელებულა მისი ხანდაზმულობის პერიოდშიც და ასპირანტებთან მუშაობის დროსაც ისეთივე სიძლიერით იჩენდა თავს. მახსოვს, ძალიან მეშინოდა მისი კონსულტაციებისა, მეტად დიდ მასალას მაძლევდა დასამუშავებლად და, რა თქმა უნდა, მკაცრად მოითხოვდა შესრულებას. ერთხელ ავად გავხდი გრიპით, მაღალი სიცხე მქონდა. შევუთვალე ბ-ნ მიხეილს ჩემი ამბავი. “სიცხე წიგნის კითხვაში ხელს ვერ შეუშლის ახალგაზრდას, მითუმეტეს გრიპის შემთხვევაში”, _ უთქვამს მას და სამი წიგნი გამომიგზავნა ავადმყოფობის პერიოდში დასამუშავებლად. ავადმყოფობის შემდეგ კი ასე განმიმარტა თავისი მოქმედება: თუ გინდათ, იყოთ სპეციალისტი, ამ სიტყვის სრული აზრით, რა დარგშიაც არ უნდა იყოს ეს, აუცილებელია (დაიხსომეთ!), აუცილებელია ყოველდღიურად იმუშაოთ თქვენს თავზე არანაკლებ 2-3 საათისა _ იკითხოთ ლიტერატურა თქვენს დარგში. არაფერი უნდა დარჩეს თქვენი ყურადღების მიღმა თქვენს სპეციალობაში, ყოველი გამოტოვებული დღე რამდენიმე თვით ჩამორჩენას უდრის”.

ელენე იმერლიშვილი,

1979 .

ჟურნალიისტორიული მემკვიდრეობა” #10, 2016 .

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here