Home რუბრიკები ისტორია სტალინი და რუზველტი

სტალინი და რუზველტი

1876

ყველაზე დიდი პოპულარობით საბჭოთა კავშირში რუზველტი სარგებლობს, მიუხედავად იმისა, რომ ის კაპიტალისტური ქვეყნის მეთაურია”, _ ამბობდა სტალინი. რუზველტი, თავის მხრივ, არ მალავდა, რომ უდიდეს პატივს სცემდა სტალინს: “იგი ჩამოსხმულია გრანიტისგან, რომელსაც ჩადგმული აქვს რუსული სული და გული”. სტალინისა და რუზველტის ურთიერთობიდან გამომდინარე, ჩერჩილი სინანულით წერდა, რომ იგი ყოველთვის მესამე კაცად მიიჩნევდა თავს კოალიციაში. რუზველტი სტალინთან შეხვედრის მიმართ ყოველთვის დიდ ინტერესს იჩენდა და არაერთხელ მიუმართავთ კიდეც ამ საკითხზე საბჭოეთის ბელადისთვის, მაგრამ რამდენიმე გარემოების გამო სტალინისა და რუზველტის ერთიერთზე შეხვედრა არ გამართულა.

ერთხელაც სტალინმა გამოიძახა ავიაციის მთავარი მარშალი ალექსანდრე გოლოვანოვი, რომელსაც გამორჩეულად ენდობოდა და უზიარებდა თავის საიდუმლო ჩანაფიქრს, და უთხრა, რომ გადაწყვეტილი აქვს, შეხვდეს რუზველტს, თან დასძინა, ეს ჩვენ შორის უნდა დარჩესო. 1942 წლის თებერვალ-მარტში გოლოვანოვს უნდა შეერჩია და დაეზუსტებინა ამერიკაში ჩასასვლელი მარშრუტი _ მოსკოვი-ალასკა-ვაშინგტონი, ან თურქეთის გავლით, ან, მიუხედავად საბრძოლო მოქმედებებისა, ევროპის საჰაერო სივრცით. წარმოუდგენელია ის სიზუსტე და გასაიდუმლოება, რომელიც ამ მგზავრობასთან იყო დაკავშირებული.

როდესაც რუზველტი დარწმუნდა, რომ სტალინს გადაწყვეტილი ჰქონდა ამერიკაში ჩასვლა და მასთან შეხვედრა, საიდუმლო მიმოწერითა და სატელეფონო კავშირით, უდიდესი პატივისცემის ნიშნად სთხოვა სტალინს, რომ ვიზიტად ვაშინგტონში ვიაჩესლავ მოლოტოვი ჩასულიყო, სტალინი დიდი ხნით რომ არ დაშორებოდა ფრონტის ხაზს.

ენით აუწერელია ფათერაკებიანი გზა, რომელიც მოლოტოვმა ვაშინგტონამდე გაიარა, მაგრამ ეს დღევანდელი წერილის თემა არ არის და ამიტომ არ შევეხები.

რუზველტმა მეორედაც სცადა სტალინთან ერთი-ერთზე შეხვედრა მსოფლიოს ნებისმიერ ადგილზე, მაგრამ სტალინმა ჩვეული ტაქტით გარკვეული დროით გადადო, რადგან სტალინის ბუნებას არ შეეფერებოდა თანამზრახველის გარეშე მესამე პირთან შეხვედრა, რაც სტალინს, ალბათ, ქართულმა ხასიათმა უკარნახა.

დიდი ძალისხმევის შედეგად შეხვედრა მაინც გაიმართა, მაგრამ სამი პირის მონაწილეობით _ რუზველტის, სტალინისა და ჩერჩილის. ეს 1943 წლის ნოემბერში მოხდა ირანის დედაქალაქ თეირანში.

თუ ინგლისელების აქტიურობა თეირანის შეხვედრის მიმართ იმით იყო გამოწვეული, რომ ინგლისის თავზე რეგულარულად დაფრინავდნენ გერმანული “მესერშმიტები” და ბომბავდნენ ქალაქებს, ამის საშიშროება ამერიკელებს ჯერ არ დადგომოდათ, მაგრამ 1941 წლის 7 ოქტომბერს იაპონიის მიერ ამერიკული ბაზის დაბომბვამ რუზველტი სერიოზულად ჩააფიქრა და უკმაყოფილება, რომელსაც სტალინისა და მისი ქვეყნის მიმართ გამოხატავდა, დავიწყებას მიეცა. აშშ-ის პრეზიდენტი სტალინსა და საბჭოეთს პარტნიორად განიხილავდა იაპონიასთან მომავალ საბრძოლო მოქმედებებში.

თეირანის კონფერენციამდე რუზველტის, როგორც პრეზიდენტის, წარმატებები დიდად იყო დამოკიდებული სტალინისა და საბჭოეთის უდიდეს გამოცდილებასა და პრაქტიკაზე. კატასტროფის წინაშე მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა, რომელიც ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ჩაიბარა 1933 წელს, “დიდი დეპრესიისგან” მხოლოდ სტალინისეულმა ცენტრალიზაციამ იხსნა. 1935 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის _ ფრანკლინ რუზველტის მიერ ქვეყნის ეკონომიკაში განხორციელებული ვეფხისებური ნახტომი სტალინური სოციალური უზრუნველყოფის გამართულ მექანიზმზე იყო აწყობილი.

რუზველტი ათვითცნობიერებდა, ვისთან მოუწევდა ომის პერიოდში თანამშრომლობა და ხვეწდა და ამუშავებდა მეთოდებს, როგორ უნდა მოქცეულიყო მასთან არა მხოლოდ ომის, არამედ ომის შემდგომ პერიოდშიც.

რუზველტის სურვილი, სტალინისთვის ეცნობებინა 1940 წელს დაწყებული ატომური ბომბის შექმნის მანჰეტენის პროექტის შესახებ, რომელიც წინასწარი შეთანხმებით კოალიციის წევრებს შორის ცნობილი უნდა ყოფილიყო, ჩერჩილის დაჟინებული წინააღმდეგობის გამო არ განხორციელდა.

მიუხედავად იმისა, რომ 1945 წელს, იალტის კონფერენციის მიმდინარეობისას, ატომური ბომბის შექმნის საკითხი თითქმის დასრულებული იყო, და რუზველტს ახლა მაინც განეცხადებინა, რომ ამერიკამ ზემძლავრი ბომბი შექმნა, ჩერჩილი ამ შემთხვევაშიც წინ აღუდგა ამ უაღრესად საიდუმლო იარაღის შექმნაზე ინფორმაციის გამჟღავნებას სტალინისთვის. იალტის კონფერენციაზე ამერიკასა და ინგლისს ხელში ეჭირათ კომბალი “რუსი ბიჭებისთვის”, სტალინი კი ზედიზედ იპყრობდა მსოფლიო პოლიტიკის ჯერ კიდევ დაულაშქრავ სიმაღლეებს, როგორც ტანკი T-34 მიარღვევდა მამაის ყორღანს სტალინგრადში.

კონფერენციაზე, რომელიც ყირიმის ნახევარკუნძულზე, ქალაქ იალტაში ლივადიის სასახლეში მიმდინარეობდა, მოხდა დედამიწაზე გავლენის სფეროების გადანაწილება მოკავშირეებს შორის. ამ გადანაწილების შემდეგ გერმანული ფაშიზმის დამარცხებაში ლომის წილის შემტან სტალინს ლომის წილი ერგო.

ორივე კონფერენციას (თეირანისა და იალტის) სტალინის ინიციატივით რუზველტი თავმჯდომარეობდა და აშშ-ის პეზიდენტი ისე იყო აღფრთოვანებული სტალინის დიპლომატიით, თავმდაბლობითა და რაინდობით, რომ მას, მიუხედავად პოლიტიკური მარცხისა, კმაყოფილებას ჰგვრიდა სტალინის ნათელი გონება და და სხარტი აზროვნება.

რით მოაწონა სტალინმა თავი რუზველტს?

დავუბრუნდეთ თეირანის კონფერენციას. ირანში კოალიციის წევრთა უსაფრთხოების მიზნით საქართველოდანაც ჩავიდნენ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები 12 კაცის შემადგენლობით. მათ შორის იყვნენ უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და შინაგან საქმეთა მინისტრი _ გრიშა კარანაძე და კაპიტონ ნაჭყებია.

თეირანის აეროდრომზე ქართველთა დელეგაციას სტალინი ხელაწეული მიესალმა _ “საქართველოს გაუმარჯოს!”

“საბჭოთა საელჩოსკენ მიმავალ მანქანების კოლონას ჩვენც მივყვებოდით. წარმომადგენლობაში მივედით, ვისადილეთ. სტალინმა ბაღში გასეირნება მოისურვა. ცოტა ხანში რეზიდენციას ჩერჩილი მოადგა თავისი დაცვით. სტალინმა თავისთან მიხმო, _ იგონებს კაპიტონ ნაჭყებია, _ და დამავალა პრეზიდენტ რუზველტთან გამოცხადება, რათა მივხმარებოდი მას საბჭოთა საელჩოში მოსვლაში, თუ ის ისურვებდა. მეც პრეზიდენტ რუზველტთან გამოვცხადდი და სტალინის სურვილი გადავეცი. რუზველტმა თანხმობა განაცხადა წამოსვლაზე და ორმა დამხმარემ ის მის სამოძრაო ეტლში გადაიყვანა. როდესაც ეტლში მოთავსდა, მკითხა, _ ხიზილალა ხომ არ ჩამოგიტანიათო? ერთი ქილა ხიზილალა წამოღებული მქონდა და მას მივართვი, რის გამოც მადლობა გადამიხადა და რუსულად დასძინა, ცოტააო. ეს ამბავი ჩემს მეგობრებს მოვუყევი საელჩოში და სტალინის ყურამდეც მიაღწია, რის გამოც სტალინმა გამომიძახა და მიბრძანა, რუზველტს ერთი კასრი ხიზილალა მიართვითო. იქვე ამიხსნა, თევზი, ძირითადად, საბჭოეთის ნაპირებზე ყრის ქვირითს და ამიტომ არის ამერიკაში ხიზილალა დეფიციტიო”.

დიდი სამეულის თეირანში თავმოყრის ამბავი მსოფლიოსთვის შეიქნა ცნობილი. მიუხედავად კონსპირაციისა, ჰიტლერმა ძალიან კარგად იცოდა არა მხოლოდ ადგილი, სადაც კონფერენცია უნდა ჩატარებულიყო, არამედ ყველა წვრილმანი, რომლებიც დიდი სამეულის დაბინავებასა და დაცვასთან იყო დაკავშირებული. ნაცისტურ გერმანიას ორმოცდაათამდე სხვადასხვა ხერხი ჰქონდა გათვლილი და დაგეგმილი დიდი სამეულის სალიკვიდაციოდ, მათ შორის იყო რუზველტის გატაცების ოპერაციაც.

საბჭოთა კონტრდაზვერვამ თეირანში დიდი სამეულის ჩასვლამდე იცოდა ყველა დაგეგმილი ხაფანგისა და მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და მიღებული იყო კონტრზომები მათ სალიკვიდაციოდ. სწორედ ამით იყო გამოწვეული, რომ სტალინმა თეირანში ჩასვლისთანავე მიიწვია რუზველტი თავისთან და ურჩია, გადასულიყო საბჭოთა საელჩოს შენობაში სამუშაოდ და საცხოვრებლად, რადგან მისი უსაფრთხოება იქ გაცილებით უკეთ იქნებოდა დაცული.

რუზველტი სიამოვნებით დათანხმდა სტალინის შემოთავაზებას და გადაბარგდა საბჭოთა საელჩოში. ამის გამო ძალიან გაღიზიანდა ჩერჩილი, რადგან იცოდა, რომ სტალინის ქართული სტუმართმოყვარეობა ძალზე მოხიბლავდა ამერიკის პრეზიდენტს, რაც დააზიანებდა დიდი ბრიტანეთის ინტერესებს. მოსახდენი მოხდა და ამერიკის პრეზიდენტი საბჭოთა საელჩოს დროებითი ბინადარი გახდა.

“მზადდებოდა პირველი ოფიციალური შეხვედრა სტალინსა და რუზველტს შორის, _ იგონებს სტალინის თარჯიმანი, _ მე ერთი დღით გვიან ჩავედი თეირანში. ჩასვლისთანავე პირდაპირ პლენარული სხდომების ჩასატარებელ დარბაზს მივაშურე, რადგან ისედაც დაგვიანებით ვიყავი ჩასული.

დარბაზში სტალინი მარტო იყო. როგორც კი შევედი ოთახში, მან გამჭოლი მზერა მომაპყრო და ვიგრძენი, რომ ჩემი დაგვიანებით გაბრაზებული ჩანდა. ჯიბიდან პაპიროსის კოლოფი ამოიღო და ასანთს ნელა გაჰკრა, შემდეგ დარბაზში ბოლთის ცემა დაიწყო.

_ გზაზე ძალიან ხომ არ დაიღალე? მზად ხარ თარგმნისათვის? საუბარი ძალიან საპასუხისმგებლო იქნება.

_ მზად ვარ, ამხანაგო სტალინ! ღამე ბაქოში ნორმალურად გავათენე, თავს კარგად ვგრძნობ.

სტალინი მაგიდასთან მივიდა, პაპიროსის კოლოფი დააგდო მაგიდაზე და ზედ ასანთის კოლოფი დადო, თვითონ კი დივანთან მივიდა და მითხრა:

_ აქ ბოლოში მე დავჯდები. რუზველტს ეტლით შემოიყვანენ და იგი განთავსდება იმ სავარძლის მარცხნივ, რომელშიც თქვენ მოთავსდებით.

_ გასაგებია, _ მივუგე მე.

 ხშირად მიმიღია მონაწილეობა სტალინთან მოლაპარაკებებში, მაგრამ არ მახსოვს, მას ასეთი წვრილმანისთვის ყურადღება მიექციოს. ეს, ალბათ, რუზველტისადმი განსაკუთრებული ყურადღების გამოხატულება იყო.

თეთრი მუნდირი ოქროს სამხრეებითა და ოქროს ვარსკვლავით, აგრეთვე, თხელძირიან ქართულ ჩექმაში ჩატანებული წითელლამპასებიანი შარვალი სულ სხვა ბრწყინვალებას ჰმატებდა ბრწყინვალე დიპლომატსა და უზარმაზარი ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველს.

აშშ-ის პრეზიდენტს ის ქართული სტუმარმასპინძლობის წესის დაცვით დახვდა, უპირველესად მოიკითხა, როგორ მოეწყო და ხომ არ გამორჩენიათ რაიმე წვრილმანი, რომელიც უხერხულობას უქმნის მას და რომელსაც დაუყონებლივ გამოასწორებენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა უდიდესი კმაყოფილება გამოთქვა სტუმარმასპინძლობისთვის და სტალინს პატივისცემის ნიშნად მოკრძალებით გაუწოდა თავისი ძვირფასი სიგარა, სტალინმა კი მრავალმნიშვნელოვნად განაცხადა: “ჩემსას ვარ შეჩვეული”. რუზველტმა სტალინს ჰკითხა მის ლეგენდარულ ჩიბუხზე. ყოვლისშემძლე ბელადმა დანანებით თქვა, ექიმები მიკრძალავენო და ხელი ჩაიქნია.

_ ექიმებს უნდა მოუსმინო, _ შეგონებით წარმოთქვა რუზველტმა.

 ისინი დიდხანს საუბრობდნენ ნიკოტინის მავნე თვისებებზე და სუფთა ჰაერზე გასეირნების აუცილებლობაზე. ორივე ისე თავისუფლად და გულითადად საუბრობდა, რომ გეგონებოდათ, ძველი მეგობრები გარკვეული ხნის განშორების შემდეგ კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს”, _ იგონებს თარჯიმანი.

აშშ-ის პრეზიდენტმა სთხოვა სტალინს, მოეთხრო მისთვის ომის ბოლო მოვლენებზე. სტალინი დაუფარავად ელაპარაკა რუზველტს ბრძოლების რთულად მიმდინარეობაზე, განსაკუთრებით _ უკრაინაში, რადგან ჟიტომირის, როგორც რკინიგზის ძირითადი კვანძის, დაკარგვის შემდეგ კვლავ საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა უკრაინის დედაქალაქი კიევი.

 “რუზველტი, თავის მხრივ, მოუყვა სტალინს წყნარ ოკეანეში მიმდინარე ცხარე ბრძოლებზე, შემდეგ კი საუბარი ჩამოუგდო კოლონიური იმპერიების მომავალზე.

_ მე ამის შესახებ ვესაუბრე ჩვენს მეგობარ ჩერჩილს. მას არ უყვარს ამ საკითხზე საუბრის გაგრძელება და არც უნდა განვიხილოთ ეს საკითხი მასთან. ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი არ არიან იმპერიული სახელმწიფოები და ამიტომ იოლია ჩვენი მხრიდან ამაზე საუბარი, მაგრამ ომის დამთავრების შემდეგ, გვინდა თუ არა, ამ საკითხზე აუცილებლად მოგვიწევს საუბარი.

_ მომავალში ეგ საკითხი, _ განაგრზო რუზველტმა, _ აუცილებლად უნდა განვიხილოთ ჩერჩილის დაუსწრებლად, რომელსაც არავითარი გეგმა არ აქვს და არც განიხილავს ინდოეთის საკითხს. სტალინი დაეთანხმა პრეზიდენტს, განსახილველად წამოიწეულიყო ეს დელიკატური თემა. სტალინი იმაშიც დაეთანხმა რუზველტს, რომ კოლონიური იმპერიების საკითხი უნდა განიხილებოდეს თვით იმპერიების მონაწილეობის გარეშე. მან პრეზიდენტს ისიც შეახსენა, როგორ ურიგდებოდა 1940 წელს ჰიტლერი მოლოტოვს ბერლინში მოლაპარაკებისას, რომ საბჭოთა კავშირს, გერმანიას, იტალიასა და იაპონიას გაენაწილებინათ დიდი ბრიტანეთის იმპერიის მემკვიდრეობა.

ვუსმენდი და ვფიქრობდი, _ იგონებს თარჯიმანი, _ სტალინი და რუზველტი შესანიშნავად უგებენ ერთმანეთს, მაგრამ ძნელია, განსაზღვრო, როგორ განვითარდება ეს ურთიერთობა.

მიუხედავად რუზველტის დიდი პატივისცემისა, საბჭოთა ლიდერს გული მაინც არ ულბებოდა იმ ორპირობის გამო, რომელსაც კოალიციის წევრები ამჟღავნებდნენ თავიანთი ფარული თუ გაცხადებული ინტერესების თაობაზე.

სტალინი მოლოტოვს კერძო საუბარში ეუბნებოდა:

_ გჯერა, რომ რუზველტს თავისი კონგრესის ეშინია და ამიტომ ვერ იღებს გადაწყვეტილებას საბჭოთა კავშირის დახმარების შესახებ? არა, ამას ის თავის გასამართლებლად მეუბნება. ის ხომ მთავარსარდალია და ომის მიმდინარეობისას მთავარსარდალს შეუძლია ინდივიდუალურად თუ ზეწოლით მიაღებინოს სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლო საკითხებზე გადაწყვეტილება. მას არ უნდა ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტა და ამიტომ თავის დასაცავად იშველიებს კონგრესს.

სტალინი, ასევე, ბრალს სდებდა რუზველტსა და ჩერჩილს, რომ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ამერიკული და ინგლისური პრესის უარყოფითი დამოკიდებულება მხოლოდ და მხოლოდ პრესის თავისუფლებით არ იყო გამოწვეული. ამას სტალინი უწოდებდა ბურჟუების ორმაგ თამაშსა და გაიძვერობას.

როდესაც საბჭოთა პრესა სამართლიანად აკრიტიკებდა პრეზიდენტ რუზველტსა და ჩერჩილს მეორე ფრონტის გაუხსნელობისთვის, მასალებისა და საკვები პროდუქტების მიუწოდებლობისთვის, რუზველტიც და ჩერჩილიც პროტესტს უცხადებდნენ სტალინს საბჭოთა პრესის მიერ პოლიტიკური სკანდალის აგორების გამო.

ამერიკისა და ინგლისის კრიტიკის ქარცეცხლი საბჭოთა ხელისუფლების საინფორმაციო წყაროებიდან რომ არ წამოსულიყო, სტალინმა გადაწყვიტა, დაეარსებინა ახალი გაზეთი “ომი და მუშათა კლასი”. ამ გაზეთს უშვებდა საბჭოთა პროფკავშირული ორგანიზაცია, რომლის უფლებებშიც ვერ შეიჭრებოდა საბჭოთა ხელისუფლება. გაზეთის ფაქტობრივი რედაქტორი მოლოტოვი იყო, ხოლო რედაქტორად ხელს აწერდა პროფკავშირის რომელიღაც წარმომადგენელი.

გაზეთში უცხოეთზე გამოქვეყნებულ კრიტიკულ მასალებს აკონტროლებდა არა მხოლოდ მოლოტოვი, არამედ თვით სტალინი.

რუზველტი და ჩერჩილი ხვდებოდნენ, რომ აქ სტალინის ხრიკები იყო ჩადებული, მაგრამ საპრეტენზიო არაფერი ჰქონდათ, რადგან სტალინი მათ თავიანთი ხერხით შეებრძოლა.

პრეზიდენტმა რუზველტმა საბჭოთა კავშირის ახალდანიშნულ ელჩს ამერიკაში, მიხეილ ლიტვინოვს, 1942 წლის იანვარში საბჭოთა მთავრობისთვის გადასაცემად განუცხადა, რომ მზად იყო ამერიკის ჯარის ნაწილების გასაგზავნად კავკასიაში, აგრეთვე, მურმანსკში, რათა გამოეთავისუფლებინა საბჭოთა ჯარისკაცები და ჩაბმულიყვნენ ფაშისტებთან ბრძოლაში, აგრეთვე, ჯარი განეთავსებინა ნორვეგიისა და ფინეთის ტერიტორიაზე.

სტალინმა მოლოტოვის მიერ გაგზავნილი წერილით უპასუხა ლიტვინოვს, გადაეცა ამერიკის პრეზიდენტისთვის, რომ მას დახმარება არ სჭირდება იქ, სადაც საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს, მაგრამ მზად არის, მიიღოს ამერიკის ჯარის ნაწილები იქ, სადაც წითელი არმიის ჯარიკაცების მხარდამხარ იბრძოლებენ გერმანელი ფაშისტების წინააღმდეგ.

საბჭოთა ლიდერი არა მხოლოდ ხვდებოდა დასავლეთის ხრიკებს, არამედ მათ ბოროტ განზრახვას ძირშივე ანადგურებდა.

1942 წელს ჰიტლერმა დაიწყო გერმანიის სამხედრო მანქანის მობილიზება, რათა გამანადგურებელი დარტყმა მიეყენებინა საბჭოთა კავშირისთვის. 1942 წლის 31 იანვარს საბჭოთა ელჩი ლიტვინოვი ამერიკიდან ატყობინებდა მოსკოვს, რომ განუსაზღვრელია ის შესაძლებლობები, რომლებიც ჰიტლერს აქვს შეტევის განსახორციელებლად საბჭოთა კავშირზე, და, შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, ხომ არ სთხოვოს პრეზიდენტ რუზველტს, კიდევ ერთხელ განიხილოს მეორე ფრონტის გახსნის საკითხი.

იმავე წლის 4 თებერვალს ლიტვინოვმა მოსკოვიდან დაშიფრული ტელეგრამა მიიღო: “მივესალმებით ევროპაში მეორე ფრონტის გახსნას მოკავშირეების მიერ, მაგრამ თქვენთვის ცნობილია, რომ ჩვენ სამჯერ მივიღეთ უარი მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნაზე, ამიტომ არ დააყენოთ პრეზიდენტ რუზველტის წინაშე საკითხი მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე; დაველოდოთ მომენტს, როდესაც მოკავშირეები თვითონ მოიფიქრებენ და გადაწყვეტენ მეორე ფრონტის გახსნას. არ გვინდა, მეოთხედაც მოტყუებული დავრჩეთ”.

ამ პასუხით თავისი უკმაყოფილება აგრძნობინა ამერიკის პრეზიდენტს. სტალინის ამ მკვახე განცხადებას რუზველტი მშვიდად არ შეხვედრია. მიუხედავად იმისა, რომ სტალინის განზრახვას ვერც თავი მოუნახა და ვერც ბოლო, საუკეთესო გამოსავლად მაინც კომპრომისი არჩია და 1942 წლის 12 აპრილს რუზველტმა სტალინს აცნობა:

“მიზანშეწონილად მიმაჩნია, მოხდეს სერიოზული წარმომადგენლობითი შეხვედრა, რომელზეც სასწრაფოდ ჩამოყალიბდება ერთიანი საბრძოლო მოქმედების გეგმა საერთო მტრის წინააღმდეგ”.

რუზველტი დაინტერესდა, დართავდა თუ არა სტალინი მოლოტოვს ნებას, ჩასულიყო ვაშინგტონში და მონაწილეობა მიეღო ამ თათბირში.

საბჭოთა მთავრობა დათანხმდა მოლოტოვის ვაშინგტონში გამგზავრებას და თათბირზე დასწრებას. ვიზიტს დაედო გრიფი “სრულიად საიდუმლოდ” და უწოდეს კოდური სახელი “მისტერ ბრაუნის მისია”.

ვაშინგტონში გამართულ თათბირზე მოლოტოვმა განაცხადა: “თუ მოკავშირეები 1942 წლის განმავლობაში ევროპაში გადმოსხამენ თუნდაც 40 დივიზიას, მდგომარეობა ფრონტზე სწრაფად შეიცვლება ჩვენ სასარგებლოდ და ჰიტლერის ბედიც გადაწყდება.

მოისმინა რა მოლოტოვის ეს განცხადება, რუზველტმა იქვე მყოფ გენერალ მარშალს მიმართა: “გვაქვს თუ არა იმის პირობები, ვაცნობოთ სტალინს, რომ ჩვენ მიმდინარე წელს გავხსნით მეორე ფრონტს”? გენერალის დადებითი პასუხის შემდეგ რუზველტმა საზეიმოდ განაცხადა:

_ “მოახსენეთ თქვენს მთავრობას, რომ მიმდინარე წელს აუცილებლად გაიხსნება მეორე ფრონტი”. ამერიკის პრეზიდენტს დაეთანხმა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ჩერჩილი და გადაწყდა, რომ იმავე წელს აუცილებლად დაიწყებოდა ჯარების გადასხმა ევროპაში. განისაზღვრა, აგრეთვე, მოქმედების დაწყების თვე და რიცხვი.

კომუნიკე, რომელზეც ხელი მოაწერეს მხარეებმა, ასეთი შინაარსის იყო:

მიღწეული იქნა ურთიერთშეთანხმება 1942 წელს ევროპაში მეორე ფრონტის გახსნის გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ”. მაგრამ, როგორც მოგვიანებით შეიქნა ცნობილი, რუზველტმა და ჩერჩილმა ამჯერადაც გატეხეს სიტყვა და უღალატეს მოკავშირეს. მიუხედავად ამისა, ღალატსა და ფლიდობას შეჩვეული სტალინი სტრატეგიას არ ცვლიდა და მოკავშირის მოვალეობას ისე ასრულებდა, როგორც ფოლადის კაცს შეეფერებოდა.

რუზველტის “კეთილგანწყობას” მოკავშირის მიმართ დაუფარავად გადმოგვცემს თვით პრეზიდენტის შვილი ელიოტ რუზველტი, რომელიც პირადად იცნობდა სტალინს და მამის გარდაცვალების შემდეგ, როგორც ჟურნალისტმა, ინტერვიუც კი ჩამოართვა საბჭოეთის ბელადს.

ელიოტ რუზველტი წერს:

იცოდე შენთვის, _ მიხსნიდა მამა, _ ეს ომი საფეხბურთო მატჩია, ჩვენ კი, როგორც იტყვიან, სკამზე ჩამომსხდარი სათადარიგო მოთამაშეები. დღეს ძირითადი მოთამაშეები არიან რუსები, ჩინელები და, უმნიშვნელო ხარისხით, ინგლისელები. ჩვენ გვევალება, თამაშში ჩავერთოთ მაშინ, როდესაც გადამწყვეტი მომენტი დადგება. ვფიქრობ, რომ დრო უნდა შევარჩიოთ სწორად”.

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here