Home რუბრიკები პოლიტიკა სად არის ევროპა?

სად არის ევროპა?

696

ეს კითხვა უკვე სერიოზულად აშფოთებთ როგორც ქართველ, ასევე თვითონ უცხოელ, კერძოდ, ევროპელ ექსპერტებს. საქმე ის არის, რომ განგაში ევროპაში სწორედ საქართველოდან ატყდა და ამ განგაშის წამომწყები ის ევროპელი დამკვირვებლები არიან, რომლებიც საქართველოში არჩევნების პროცესს აკვირდებოდნენ.

მოვლენები კი ისე განვითარდა, ვიღას ეცალა არჩევნების დასაკვირვებლად. უცხოელი დამკვირვებლები პირველად იმან გააკვირვა, რომ ქართული პოლიტიკური პარტიების ლიდერები სათითაოდ მიდიოდნენ მათთან და საიდუმლოდ ეუბნებოდნენ, _ ჭეშმარიტი პროევროპელები მხოლოდ ჩვენი პარტიის მხარდამჭერები არიან, სხვა ყველა პარტია სინამდვილეში რუსეთის შენიღბული მომხრეაო.

მათი ასეთი უცნაური საქციელით გაკვირვებულმა ევროპელებმა არჩევნების დაკვირვებას თავი დაანებეს და ამ პარტიების ლიდერების სრულიად უაზრო განცხადებებზე დაიწყეს დაკვირვება.

სწორედ ამან გამოიწვია პანიკა ევროპელებში. მათ შენიშნეს, რომ თითოეული ქართული პოლიტიკური პარტიის ლიდერი საკუთარ ამომრჩეველს ევროპისა და ევროპელობისკენ მოუწოდებდა, თუმცა ყოველი მათგანი სხვადასხვა მიმართულებით ექაჩებოდა მხარდამჭერებს.

“ჩვენ წაგიყვანთ ევროპისკენ!” _ ამ ერთი და იმავე ლოზუნგის წარმოთქმის შემდეგ ხსენებული პარტიები აბსოლუტურად სხვადასხვა მხარეს იწყებდნენ მოძრაობას და ცდილობდნენ, ქართველი საზოგადოებაც იმ მიმართულებით წაეყვანათ.

რაც მთავარია, ეს მიმართულება არ იყო არც დასავლეთი, არც აღმოსავლეთი, არც სამხრეთი და მით უმეტეს _ არც ჩრდილოეთი.

ქართული პოლიტიკური ლიდერები რაღაც გაურკვეველი, მხოლოდ მათთვის ცნობილი მიმართულებით მოუთითებდნენ “ევროპისკენ”, ხოლო ზოგი მათგანი, სულაც, ზეცისკენ იშვერდა ხელს და ამტკიცებდა, _ ევროპა სწორედ აქეთ არის, წამოდით, მხოლოდ მე შემიძლია ევროპაში შეგიყვანოთო.

ამ ფონზე ევროპელ დამკვირვებლებს ნერვული აშლილობა დაეწყოთ, _ რაღაც მოჯადოებულ მხარეში მოვხვდით და იქნებ მართლა ვეღარც გავარკვიოთ, საით არის ევროპა და შინ ვეღარც დავრბრუნდეთ ვერასოდესო!

ასე დაპანიკებული და დაბნეული ევროპელი დამკვირვებლები ისევ და ისევ ვლადიმერ პუტინმა იხსნა, უფრო ზუსტად, ისინი გონს მოიყვანა და სერიოზული დეპრესიისგან იხსნა რუსეთის პრეზიდენტის არსებობამ. საქმე ის არის, რომ ევროპელმა დამკვირვებლებმა მალე შენიშნეს ერთი უცნაური ფაქტი: მართალია, ქართველი პოლიტიკური ლიდერები ვერაფრით თანხმდებიან, საით არის რეალურად ევროპა და ევროპისკენ რომელი მათგანის მიმართულებაა სწორი, მართალია, ისინი ევროპად სრულიად სხვადასხვა მიმართულებას ასახელებენ, მაგრამ, სამაგიეროდ, ყველა მათგანმა ზუსტად იცის, საით, რომელი მიმართულებით და რომელ მხარეს არის პუტინი.

ანუ დაბნეულ ევროპელ დამკვირვებლებს, თუკი ისინი ქართველ პოლიტიკურ ლიდერებთან ურთიერთობისას ვერ გაარკვევენ, საით არის მათი სამშობლო ევროპა, ამ შემთხვევაში შეუძლიათ ჰკითხონ მათ, საით არის პუტინი?

ასეთ კითხვაზე ყველა ქართველი პოლიტიკოსი ერთხმად მხოლოდ ერთი და იმავე მხარეს მიუთითებს.

ასეთი მეთოდით ევროპელ დამკვირვებლებს უკვე თავისუფლად შეუძლიათ განსაზღვრონ ჩრდილოეთის მიმართულება, რადგან ყველამ იცის, რომ პუტინი, კრემლი და მოსკოვი ჩრდილოეთშია.

ხოლო თუ იცი, სად არის ჩრდილოეთი, მეექვსე კლასის გეოგრაფიის ცოდნაც საკმარისია იმისთვის, რომ დაადგინო, საით არის დასავლეთი, ანუ ევროპა.

აი, ამ აღმოჩენის შემდეგ ევროპელი დამკვირვებლები დამშვიდდნენ, თავდაპირველი სტრესიდანაც გამოვიდნენ და უკვე აუღელვებლად განაგრძეს ქართული არჩევნების დაკვირვება.

ხოლო იმ შემთხვევისთვის, თუ პოლიტიკური ლიდერების ტუტუცობით დაბნეული რომელიმე უბრალო მოქალაქე, ანუ ჩვეულებრივი ამომრჩეველი ჰკითხავს ევროპელ დამკვირვებლებს:

_ თქვენი ჭირიმე, თქვენ მაინც გვითხარით, საით არის ევროპა, თორემ ეს ჩვენი ლიდერები სულ სხვადასხვა მხარეს გვითითებენო, დიპლომატიაში გამოცდილ ევროპელ დამკვირვებლებს ნეიტრალური პასუხიც უკვე ნასწავლი აქვთ. რათა არც ერთი “პროევროპელი” პოლიტიკური ლიდერის უკმაყოფილება არ გამოიწვიონ, ისინი ქართველ ამომრჩეველს შეწუხებულ-შეშფოთებული, მზრუნველი სახით პასუხობენ:

_ ვაიმე, არ ვიცი, ძმაო, მე ამ უბნელი არ ვარ!

ვავა გადირია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here