Home რუბრიკები პოლიტიკა კოლუმბიური გაკვეთილები საქართველოსთვის

კოლუმბიური გაკვეთილები საქართველოსთვის

804

კოლუმბიაში კრიზისული სიტუაციაა _ 26 სექტემბერს ქვეყანა ხელისუფლებასა და პარტიზანებს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებასა და 52-წლიანი სამოქალაქო ომის დასრულებას ზეიმობდა, 2 ოქტომბერს გამართულ რეფერენდუმზე კი ამ სამშვიდობო შეთანხმების მოწინააღმდეგეებმა გაიმარჯვეს. განახლდება თუ არა ომი? – ექსპერტების უმრავლესობას ამ კითხვაზე მკაფიო პასუხის გაცემა უჭირს.

ლა ვიოლენსია

დაპირისპირება ხელისუფლებასა და კოლუმბიის რევოლუციურ შეიარაღებულ ძალებს (შემდგომ “ფარკ”) შორის 1964 წელს დაიწყო, მაგრამ ამ კონფლიქტს წინ უძღოდა 1948-58 წლების სამოქალაქო ომი, რომელშიც ერთმანეთს ლიბერალები და კონსერვატორები დაუპირისპირდნენ. კოლუმბიელები მას “ლა ვიოლენსიას” (ანუ “ძალადობას” უწოდებენ), მასში 200 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. მსგავსი დაპირისპირება იყო ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებშიც, სადაც ორპარტიული მოდელის ჩამოყალიბება, უფრო ზუსტად კი, აშშ-დან “პორტირება” მოხდა.

ორპარტიულობის დამკვიდრებას განსაკუთრებული წინაპირობები სჭირდება, ხოლო მისი ხელოვნური დანერგვა განუვითარებელი დემოკრატიის პირობებში სამოქალაქო დაპირისპირების მაღალ საფრთხეს უკავშირდება და, ალბათ, ამაში მდგომარეობს პირველი “ლათინოამერიკული გაკვეთილი” მათთვის, ვისაც საქართველოში ორპარტიული მოდელის სურვილი არ ასვენებს. მაშინ, 1948-ში, როდესაც პოლარიზაციამ და ურთიერთგაუტანლობამ პიკს მიაღწია, დეტონატორის როლი პოპულარული პოლიტიკოსის მკვლელობამ შეასრულა. კოლუმბიელებმა დღემდე ვერ დაადგინეს, ვინ იდგა ამის უკან _ პოლიტიკური ოპონენტები თუ, საქართველოში რომ იტყვიან, “მესამე ძალა”.

კომუნისტები ჯუნგლებში

“ლა ვიოლენსია” “ფრედ დასრულდა”, ლიბერალები და კონსერვატორები დაზავდნენ, “ეროვნულ ფრონტში” გაერთიანდნენ და ქვეყნის ერთობლივი მართვა დაიწყეს. მემარცხენეებისთვის, რომელთა შორის წამყვან როლს კომუნისტები ასრულებდნენ, ეს მიუღებელი აღმოჩნდა. მათ არ განუიარაღებიათ თავიანთი რაზმები და რიგ რაიონებზე კონტროლი შეინარჩუნეს. 1964 წელს ხელისუფლებამ მათი ნეიტრალიზება სცადა. ასე დაიწყო 52-წლიანი კონფლიქტი, რომელსაც 200 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მათი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ.

კოლუმბიის კომპარტია და “ფარკ”-ი ფორმალურად ერთმანეთისგან დამოუკიდებელნი არიან და რიგ საკითხებზე განსხვავებული პოზიცია აქვთ. მაგალითად, კომუნისტები ყოველთვის საჯაროდ გმობდნენ პარტიზანების კავშირს ნარკოკარტელებთან, მაგრამ ყველა სტრატეგიულ საკითხში, რომლებიც მთავრობასთან დაპირისპირებას ეხება, ისინი კონსენსუსის საფუძველზე მოქმედებენ. კოორდინაციის რეჟიმში მათთან იმყოფება მეამბოხეთა კიდევ ერთი დაჯგუფება _ “ეროვნული გათავისუფლების არმია” (“ელნ”) და სხვა შედარებით მცირე რაზმები. მათ უპირისპირდება არა მხოლოდ არმია და პოლიცია, არამედ ე.წ. პარამილიტარეს-ულტრამემარჯვენე დაჯგუფებები, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან, აგრეთვე, ტერიტორიული მილიციები და ა.შ. ამ ფონზე “საკუთარ ომს” ნაციონალისტები, ნარკოკარტელები და ჩვეულებრივი ბანდიტები აწარმოებენ. ყოველივე ამის უკან კი აშშ-ისა და სსრკ-ის გლობალური დაპირისპირება იდგა, ორივე მხარეს თავისი “სპონსორი” ჰყავდა. “ცივი ომის” დასრულების შემდეგ კი პარტიზანებს ახალი პარტნიორი გამოუჩნდათ ვენესუელის პრეზიდენტ უგო ჩავესის სახით.

პარტიზანები იყენებდნენ სოციალური სამართლიანობის რიტორიკას და ამით უღარიბესი ფენების სიმპათია დაიმსახურეს. გასული საუკუნის 80-იანების ბოლოსა და 90-იანის პირველ ნახევარში მათი შემოსავლები ადამიანთა გატაცებისა და ნარკოვაჭრობისგან მკვეთრად გაიზარდა, გაფართოვდა მათი კონტროლის ზონა, რეალური საფრთხე კოლუმბიის დედაქალაქსაც შეექმნა, მაგრამ შემდეგ მოხდა გარდატეხა.

ნულოვანი ტოლერანტობა

2002 წელს კოლუმბიის პრეზიდენტად ალვარო ურიბე აირჩიეს. ის წლების განმავლობაში ლიბერალური პარტიის წევრი გახლდათ, მაგრამ, ვინაიდან, ისევე როგორც დღევანდელ საქართველოში, კოლუმბიაში ნდობა წამყვანი პარტიების მიმართ მკვეთრად დაეცა, მისი რიგები დატოვა და ახალი მოძრაობა ჩამოაყალიბა. ურიბემ დაიწყო კარიერა, როგორც სახელმწიფო მოხელემ, 1982 წელს კი ქალაქ მედელინის, “ნაროკომოვაჭრეების დედაქალაქის”, მერად აირჩიეს. ახალმა მერმა განახორციელა ბინათმშენებლობის პროგრამა ღარიბი ფენების წარმომადგენელთათვის და, თბილისის მერის მილიონი ვირტუალური ხისგან განსხვავებით, ათასობით რეალური ხე დარგო. ურიბეს ოპონენტები აღნიშნავენ, რომ მისი პროგრამების წარმატება ნარკომოვაჭრეებთან, მათ შორის, პაბლო ესკობართან, მჭიდრო კორუფციულ კავშირს ეფუძნებოდა. 1982-ში “ფარკ”-ის “ბოევიკებმა” ურიბეს მამა მოკლეს და ამის შემდეგ მათი შეურიგებელი მტერი გახდა. მან 1995-ში, ერთ-ერთი დეპარტამენტის გუბერნატორის პოსტზე ყოფნისას, განახორციელა ადგილობრივი მილიციების შექმნის პროგრამა, რომლის წყალობით მკველობებისა და ადამიანთა გატაცების შემთხვევებმა მკვეთრად იკლო.

პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ურიბემ, აშშ-ის უპრეცედენტო დახმარების პირობებში, ძალოვანი სტრუქტურების რეფორმირება შეძლო და პარტიზანების წინააღმდეგ მასშტაბური შეტევა დაიწყო. ხისტი მოქმედების გარდა, მისი სტრატეგია შეიცავდა ორ მნიშვნელოვან პროგრამას _ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა მათთვის, ვინც იარაღის დაყრა გადაწყვიტა (უნდა აღინიშნოს, რომ მემარჯვენე “ბოევიკების” მიმართ ის გაცილებით ლმობიერი გახლდათ, ვიდრე მემარცხენეების) და იმ მეურნეობების სუბსიდირება, რომლებმაც, კოკას ნაცვლად, სხვა პროდუქციის წარმოება დაიწყეს. ურიბეს ძალოვანებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს. პარტიზანებმა ზედიზედ რამდენიმე მძიმე მარცხი განიცადეს, მაგრამ საბოლოოდ შეცვლილი სიტუაციის მიმართ ადაპტირება მოახერხეს და ბევრი კოლუმბიელი მივიდა დასკვნამდე, რომ კონფლიქტის გადაწყვეტა ძალისმიერი გზით შეუძლებელია.

მშვიდობისმყოფელი სანტოსი

მეორე საპრეზიდენტო ვადის მიწურულს ურიბემ ხელისუფლებაში კიდევ ოთხი წლით დარჩენა სცადა (ამას რეფერენდუმის საფუძველზე კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა სჭირდებოდა), მაგრამ გზა საკონსტიტუციო სასამართლომ გადაუღობა. პრეზიდენტად 2010-ში ხუან მანუელ სანტოსი აირჩიეს, რომელიც ურიბეს მთავრობაში ჯერ საგარეო ვაჭრობის, შემდეგ ფინანსების, ბოლოს კი, ანტიპარტიზანული ოპერაციების ყველაზე ცხელ პერიოდში თავდაცვის მინისტრი გახლდათ. არჩევის შემდეგ სანტოსი გარკვეულ ხანს მოქმედებდა ისევე, როგორც მისი წინამორბედი, თუმცა 2012-დან კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაზე დაიწყო ზრუნვა. ბევრი კომენტატორი აღნიშნავს, რომ ამის უკან ობამას ადმინისტრაცია იდგა. მათი აზრით, ვაშინგტონში დაინახეს, რომ ძველმა ტაქტიკამ თავი ამოწურა და საჭიროა დაზავება, სანამ პარტიზანები დასუსტებულები არიან. ამასთანავე, ფართოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ ამერიკელებს აინტერესებთ იმ რაიონების ეკონომიკური ათვისება, რომლებსაც დღეს “ფარკ-”ი აკონტროლებს. სავარაუდოდ, ყოველივე ამან, აგრეთვე, კოლუმბიელთა მნიშვნელოვანი ნაწილის გადაღლილობამ ომისგან სანტოსს სამშვიდობო ინიციატივებისკენ უბიძგა.

შეიარაღებულ მოქმედებებზე უარის თქმის სანაცვლოდ, პარტიზანებს უნდა მიეღოთ წარმომადგენლობა პარლამენტში, ხელშეუხებლობის გარანტიები და ფინანსური დახმარება. ამ შეთანხმებისთვის პრეზიდენტ სანტოსს ახლახან მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიანიჭეს. პროცესის წარმატებით დასრულებამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი რჩებოდა _ რეფერენდუმი, რომელზეც მოსახლეობას მხარი სამშვიდობო შეთანხმების რატიფიკაციისთვის უნდა დაეჭირა, მაგრამ 2 ოქტომბერს სრულიად მოულოდნელი რამ მოხდა.

კოლუმბიამ აირჩია ომი

რეფერენდუმზე ძალიან მცირე უპირატესობით შეთანხმების მოწინააღმდეგეებმა გაიმარჯვეს. მნიშვნელოვანი წვლილი ამაში ყოფილმა პრეზიდენტმა ურიბემ შეიტანა. მასმედიამ, რომელსაც მისი თანამოაზრეები აკონტროლებენ, შეთანხმების ტორპედირებაზე მიმართული უწყვეტი კამპანია გააჩაღა, მაშინ, როდესაც მთავრობის აგიტაცია საკმაოდ უსუსური იყო. სისხლისღვრის შეწყვეტას ხმა იმ რეგიონებმა მისცეს, რომლებშიც ამ წლების განმავლობაში ომი მძვინვარებდა, მაგრამ სხვა რეგიონების ამომრჩეველმა მხარი ძალისმიერი მოქმედების გაგრძელებას დაუჭირა.

სიტუაცია ჩიხში შევიდა. პარტიზანების ნაწილი უკვე განიარაღდა და ხელისუფლებას საკუთარი რაზმების წევრთა სიები გადასცა. დღეს ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ ყოველივე, რაც მოხდა, ერთი დიდი კომბინაციის ნაწილი იყო, რომლის ფარგლებში თეთრი სახლი, სანტოსი და ურიბე ერთ საქმეს აკეთებდნენ და, უბრალოდ, სხვადასხვა როლი შეასრულეს. პრეზიდენტი სანტოსი აცნობიერებს, რომ მიღწეული შეთანხმების ჩაშლა გამორიცხავს რაიმე სახის სამშვიდობო შეთანხმებას როგორც “ფარკ”-თან, ისე სხვა დაჯგუფებებთან მომავალში და ეს კოლუმბიას მუდმივი ომის რეჟიმში ამყოფებს, მაგრამ, მეორე მხრივ, რეფერენდუმის შედეგი აიძულებს მთავრობას, იომოს. რეფერენდუმის გამართვამდე სანტოსი აცხადებდა, რომ არ აქვს “გეგმა ბ” და მთავრობას ასეთ შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება მოუწევს. კოლუმბიაში გავრცელდა მოსაზრება, რომ ესკალაციის პროვოცირება მოხდება”პარამილიტარეს” რაზმების ხელით, რომლებსაც მთავრობა ფორმალურად არ აკონტროლებს (პარტიზანებისთვის ეს ერთი ძალაა).

კოლუმბიაში შეიქმნა ძალიან საინტერესო სიტუაცია, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დემოკრატია თავისთავად არ აზღვევს მოქალაქეებს არასწორი არჩევანის გაკეთებისგან. ტვინის აქტიურმა “გამორეცხვამ” მათ შეიძლება ფატალური გადაწყვეტილებებისკენ უბიძგოს – აარჩევინოს ნაცისტები, როგორც ეს 1933-ში გერმანიაში მოხდა, ხმა მიაცემინოს კოლუმბიაში სისხლისღვრის გაგრძელებისთვის ან ბიულეტენში “ნაციონალური მოძრაობა” შემოახაზვინოს. ამ გარემოებამ, ცხადია, არ უნდა გვიბიძგოს იმ იდეისკენ, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში სააკაშვილის მომხრეები ავითარებენ: “ეს ხალხი დემოკრატიისთვის მზად არ არის” (ამით საკუთარ დიქტატურას ამართლებდნენ). მაგრამ აშკარაა ისიც, რომ თავისუფლებაზე, მშვიდობასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებულ ძალებს წამითაც არ უნდა დაავიწდეთ, რომ აუცილებელია მოსახლეობისთვის თითოეული ნაბიჯის არსის და მნიშვნელობის ახსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრი ამომრჩეველი შეიძლება უპასუხისმგებლო დემაგოგების გავლენის ქვეშ მოექცეს.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here