Home რუბრიკები პოლიტიკა არაერთიანი ნაციონალური მოძრაობა და სრულიად თავისუფალი დემოკრატები

არაერთიანი ნაციონალური მოძრაობა და სრულიად თავისუფალი დემოკრატები

585

გასულ კვირაში საზოგადოების ყურადღება მიიპყრო შიგა დაპირისპირებამ “ნაციონალურ მოძრაობაში”, “თავისუფალი დემოკრატების” ფაქტობრივმა დაშლამ და სიტუაციამ არჩევნების მეორე ტურის წინ. ზოგადმა დაძაბულობამ ოქტომბრის პირველ კვირასთან შედარებით მნიშვნელოვნად იკლო, მაგრამ სერიოზული კრიზისის შექმნის წინაპირობები კვლავინდებურად არსებობს.

დაპირისპირება თუ სპექტაკლი?

მას შემდეგ, რაც “ნაცმოძრაობამ” 8 ოქტომბერს მარცხი განიცადა, პარტიის შიგნით დაიწყო მწვავე დისკუსია იმის თაობაზე, უნდა მიიღონ თუ არა ნაციონალებმა მონაწილეობა მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში და მიზანშეწონილი თუა ახალარჩეული პარლამენტის ბოიკოტირება. მიხეილ სააკაშვილმა მხარი კონფრონტაციულ ვარიანტს დაუჭირა, გიგა ბოკერიამ კი _ შედარებით კონსტრუქციულს, მის პოზიციას ამყარებდა დასავლელი პარტნიორების რჩევა პარლამენტში შესვლაზე და სადამკვირვებლო ორგანიზაციების დადებითი დასკვნები, რომლებმაც არჩევნების გაყალბებულად გამოცხადება გამორიცხეს. საბოლოოდ, პოლიტიკურმა საბჭომ ხმათა უმრავლესობით, მხარი ბოკერიას წინადადებას, ანუ პარლამენტში შესვლას დაუჭირა. დასადგენი ამ სიტუაციაში, ალბათ, მხოლოდ ის დარჩა, ეს რეალური კონფლიქტი იყო თუ სპექტაკლი.

არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილი იმუქრებოდა, რომ საქართველოში ჩამოვა, ხმებს დაიცავს, რევოლუციას სათავეში ჩაუდგება და ა.შ. მისი მხარდამჭერების ნაწილმა ეს დაიჯერა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მსგავსი არაფერი მომხდარა, იმედგაცრუებული დარჩა. აქედან გამომდინარე, პარტიას, მისი მთავარი რესურსის, მიხეილ სააკაშვილის იმიჯის, თუნდაც ნაწილობრივი გადარჩენა დასჭირდა. გამორიცხული არ არის, რომ სწორედ ამისთვის მოხდა ბოკერია-სააკაშვილის კონფლიქტის “მოდელირება”, რომლის მთავარ მიზანს ნაციონალების შემდეგ მოსაზრებამდე მიყვანა წარმოადგენდა: “მიშა ნამდვილად ბრუნდებოდა საქართველოში, მაგრამ თანაპარტიელების სისულელემ ხელი შეუშალა”. ცხადია, “ნაცმოძრაობის” რეიტინგს ესეც დააზიანებს, მაგრამ ნაკლებად იმ ვარიანტთან შედარებით, როდესაც მისი მხარდამჭერები იფიქრებდნენ, რომ სააკაშვილმა ისინი, უბრალოდ, “ააგდო და გადააგდო”.

მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტი სააკაშვილსა და ბოკერიას შორის ადრეც არსებობდა, ამ კონკრეტული ეპიზოდის გამოცხადება გარდაუვალი კრიზისის უტყუარ ნიშნად მიზანშეწონილი არაა, რადგან ამ შემთხვევაში ორივე მხარეს მარცხის უარყოფითი შედეგების მინიმიზაცია აინტერესებდა და სავსებით შესაძლებელი იყო, ამისთვის მცირე სპექტაკლი მოეწყოთ.

მეორე ტურის მოლოდინში

მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტურის წინ სიტუაცია რთულია, ხოლო ზუსტი პროგნოზის გაკეთება _ შეუძლებელი. მართალია, ოლქების დიდ ნაწილში სახელისუფლო პარტიის წარმომადგენელთა უპირატესობა დიდია და მათი გამარჯვება ეჭვს არ იწვევს, მაგრამ ზოგიერთ რაიონში სიტუაცია ფრიად ბუნდოვანია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, ალბათ, ის არის, რომ ორივე პარტიის რესურსი მნიშვნელოვნად შემცირდა. “ქართული ოცნების” მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ გამარჯვება ისედაც მიღწეულია, ამიტომ შეიძლება პასიურობა გამოავლინონ. ამასთანავე, შინ შეიძლება დარჩნენ ის ამომრჩევლებიც, რომლებმაც 8 ოქტომბერს ხმა ივანიშვილის პარტიას მხოლოდ იმიტომ მისცეს, რომ სააკაშვილის რეჟიმის რესტავრაციის საფრთხე სავსებით რეალურად მიაჩნდათ; დღეს ეს თემა ნაკლებად აქტუალურია.

პრობლემები ნაციონალებსაც აქვთ. მათი ამომრჩელების მნიშვნელოვანი ნაწილი ძალიან გაღიზიანდა იმის გამო, რომ სააკაშვილის მიერ დაანონსებული “ზღვის გადაცურვა” და რევანში არ შედგა. პარტიის მხარდამჭერთა შორის დაიწყო მწვავე დისკუსია, რომელიც ხშირად ლანძღვა-გინებაში გადადიოდა. რადიკალმა “მიშისტებმა”, ბოკერიას თანამოაზრეებისგან განსხვავებით, შეიძლება არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვან, ზოგადი იმედგაცრუების გამო და იმიტომ, რომ სააკაშვილმა მხარი ბოიკოტს დაუჭირა, თუმცა უშუალოდ არჩევნების წინ ოდესის გუბერნატორმა მათ შეიძლება უბნებზე მისვლისკენ მოუწოდოს. “ნაცმოძრაობის” წინააღმდეგ კიდევ ერთი ფაქტორი მუშაობს _ ქართველი ამომრჩევლების დიდ ნაწილს ძალიან არ უყვარს ხმის მიცემა იმ პარტიისთვის, რომელსაც აპრიორი დამარცხებულად თვლიან, ხოლო ნაციონალების მარცხი ეჭვს აღარ იწვევს, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ოლქში შეიძლება წარმატებას მიაღწიონ.

მთავარი პრობლემა მეორე ტურში კონკურენტი პარტიებისთვის მხარდამჭერების მობილიზება იქნება, ამორჩეველთა აქტიურობა შეიძლება უპრეცედენტოდ დაბალი აღმოჩნდეს, ხოლო ამა თუ იმ სადეპუტატო მანდატის ბედი რამდენიმე ათეულმა ხმამ გადაწყვიტოს.

საკონსტიტუციო უმრავლესობის პრობლემა

მეორე ტურის წინ “ნაციონალური მოძრაობის” პროპაგანდისტული საშუალებები აქტიურად ამკვიდრებენ აზრს, რომ ახალ პარლამენტში “ქართული ოცნების” მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ქვეყანას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის, რადგან განადგურდება უკანასკნელი ბარიერი, რომელიც ხელს უშლიდა დიქტატორული რეჟიმის ფორმირებას. ამ თემას ავითარებს ლიბერალური პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენელთა ნაწილიც, თუმცა ეს არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც მათი პარტიების ოფიციალური მოწოდება მხარდამჭერების მიმართ მეორე ტურში ხმა ხელისუფლების ოპონენტებს მისცენ (მათი უმრავლესობა “ნაცმოძრაობას” წარმოადგენს).

17ოქტომბერს, საღამოს, მოქალაქეთა ჯგუფმა, რომელსაც ზოგიერთმა მედიასაშუალებამ “სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი” უწოდა, გაავრცელა მიმართვა და მოუწოდა “პროდასავლურ პარტიებს”, რომლებსაც ლეიბორისტული პარტიაც მიაკუთვნეს (რაც ადრე არ მომხდარა), მხარი ოპოზიციის კანდიდატებს დაუჭირონ. ამგვარად, ისინი “ნაცმოძრაობას” განიხილავენ, როგორც სავსებით ლეგიტიმურ ოპოზიციურ ძალას, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის თანმიმდევრული ოპონენტებისთვის მიუღებელია. ნაკლებად სავარაუდოა, ამ განცხადებას დიდი რეზონანსი ჰქონდეს, მაგრამ ის საკმაოდ სიმპტომატურია, რადგან, ხელმომწერთა სიაში ცნობილი “ლატენტური ნაციონალების” გარდა, არიან ისეთი ადამიანებიც, რომელნიც 2012-ში მხარს ხელისუფლების შეცვლას უჭერდნენ, მომდევნო წლებში კი რესპუბლიკური პარტიისა და “თავისუფალი დემოკრატების” იდეებს ხშირად იზიარებდნენ.

ალბათ, ყველასთვის ცხადია, რომ არ არსებობს მიზეზი, რომლის გამო საღად მოაზროვნე ადამიანმა შეიძლება ხმა “ნაცმოძრაობას” მისცეს და, შესაბამისად, სააკაშვილის რეჟიმის უკლებრივ ყველა დანაშაულის თანამონაწილე გახდეს. მაგრამ “ქართული ოცნების” ყოფილი კოალიციური პარტნიორები, პოლიტიკოსები ორპროცენტიანი რეიტინგით, რომელნიც ივანიშვილმა 2012-ში საზოგადოებრივი აზრის უგულებელყოფით პოლიტიკური ოლიმპოს მწვერვალზე აიყვანა, ახლა, როგორც ჩანს, ცდილობენ, შური იძიონ იმისთვის, რომ მან 2016-შიც იგივე არ გააკეთა; ამან “ნაცმოძრაობის” ირიბ, ან სულაც, პირდაპირ მხარდაჭერამდე მიიყვანა, რაც რამდენიმე თვის წინათ წარმოუდგენელი იყო.

მართალია, საქართველოს უახლესი ისტორია ცხადყოფს, რომ პარტიები, რომლებიც ყველა ბერკეტს ეუფლებიან, ცუდად ამთავრებენ, მაგრამ, ალბათ, ეჭვგარეშეა, რომ საზოგადოებამ თავად უნდა გააკონტროლოს ხელისუფლება და არ არსებობს მიზეზი, რომლის გამო შეიძლება ეს მისია სააკაშვილის რეჟიმის ყოფილ მაღალჩინოსნებს გადასცეს.

სად წავლენ ალასანიას თანაგუნდელები?

არჩევნების წინ იმთავითვე ცხადი იყო, რომ “თავისუფალი დემოკრატები” განსაკუთრებულ წარმატებას ვერ მიაღწევდნენ, მაგრამ პარტიის ესოდენ სწრაფი დაშლა საზოგადოებისთვის ერთობ მოულოდნელი აღმოჩნდა. ზოგმა ამაში იმ 80 ათასზე მეტი ამომრჩევლის მიმართ გამოვლენილი უპატივცემულობა დაინახა, რომელმაც მხარი ალასანიას გუნდს დაუჭირა, მაგრამ რაც მოხდა _ მოხდა, დემოკრატები დღეს სრულიად თავისუფალნი არიან. მათი ნაწილი, სავარაუდოდ, “ქართულ ოცნებასთან” ითანამშრომლებს და აღმასრულებელ სტრუქტურებში მაღალ პოსტებს მიიღებს, უმრავლესობა კი პრეზიდენტი მარგველაშვილის სიახლოვეს დაბანაკდება და შეუერთდება იმ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელსაც ის, დიდი ალბათობით, მომავალში შექმნის.

ამ 80 ათასი ამომრჩევლის ნაწილი მომავალში შეიძლება “ნაცმოძრაობამ” (ცხადია, თუ წონასწორობას შეინარჩუნებს და პოსტსაარჩევნო კრიზისს დაძლევს) გადაიბიროს, რომელიც დღეს აქტიურად ცდილობს, დაამკვიდროს მოსაზრება, რომ “პროდასავლელებს” სხვა გზა არ აქვთ, გარდა იმისა, რომ მხარი სააკაშვილს დაუჭირონ. ამიტომ ივანიშვილისთვის სასურველია, ამ ნიშაში სხვა შედარებით ძლიერი პროდასავლური პარტია გაჩნდეს, რომელიც ალასანიას ყოფილი მხარდამჭერების სიმპათიას დაიმსახურებს. რესპუბლიკელები ამ მისიას ვერ შეასრულებენ, მათი ზოგიერთი იდეა ყველა ,პროდასავლელისთვის როდია მისაღები, თანაც, როგორც ზემოთ ითქვა, ქართველ ამომრჩევლებს “ლუზერი” პარტიები არ უყვართ. მარგველაშვილის ჰიპოთეზური პარტია ამ მხრივ შეიძლება გაცილებით წარმატებული აღმოჩნდეს და მნიშვნელოვან წვლილს ამაში, ალბათ, “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი ლიდერები შეიტანენ, რომლებმაც ამ დღეებში “სათადარიგოთა სკამზე” გადაინაცვლეს. რაც შეეხება თვითონ ირაკლი ალასანიას, მისი გადაწყვეტილების უკან, ემოციების გარდა, ალბათ, რაციონალური გათვლაც იდგა _ ხელშესახებ პერსპექტივაში მას წარმატების შანსი არ აქვს და, შესაძლოა, ამიტომ ჩათვალა, რომ პაუზის აღება საუკეთესო გამოსავალია.

რესპულიკელებისა და “თავისუფალი დემოკრატების” კრახი არჩევნებში მიუთითებს იმაზე, რომ ორივე პარტიის ხელმძღვანელები ბოლო წლების განმავლობაში ილუზიებში ცხოვრობდნენ. ამას ყველაზე კარგად ადასტურებს ის ფაქტი, რომ მათ არა მხოლოდ არ შექმნეს საარჩევნო ბლოკი, არამედ ამის თაობაზე სერიოზული კონსულტაციებიც კი არ გაუმართავთ _ არც ერთმანეთთან, არც სხვა პარტიებთან. ამ ორი პარტიის პროდასავლური ლიბერალური ელექტორატის განაწილების პროცესი სხვა პარტიების მიერ შეიძლება მემკვიდრეობის გაყოფას შევადაროთ და ის, სავარუდოდ, უახლოეს მომავალში, არჩევნების მეორე ტურის დასრულებისთანავე, დაიწყება.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here