Home რუბრიკები საზოგადოება პირველი ქალი რუსეთის იმპერიაში, რომელმაც “საუნივერსიტეტო ნიშანი” მიიღო

პირველი ქალი რუსეთის იმპერიაში, რომელმაც “საუნივერსიტეტო ნიშანი” მიიღო

875

ყოველთვიური სამეცნიეროპოპულარული ჟურნალიისტორიული მემკვიდრეობამკითხველს რეგულარულად მოუთხრობს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ისტორიის საინტერესო მომენტებზე, არამედ იმ ადამიანებზე, რომლებმაც სხვადასხვა პერიოდში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჩვენი სამშობლოს გადარჩენისა და განვითარების საქმეში _ ხელი შეუწყვეს მეცნიერების, კულტურის განვითარებას, ქვეყნის წინსვლას. ღვაწლი ამ პიროვნებებისა ისე დიდია, რომ იგი თაობიდან თაობას უნდა გადაეცეს და დავიწყებას არ უნდა მიეცეს. ჩვენი პუბლიკაციების მიზანიც სწორედ ეს არის

ჟურნალის მეათე (ოქტომბრის) ნომერში, რუბრიკათერგდალეულებიდაეთმობა ნიკო ნიკოლაძის ქალიშვილის, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, პროფესორ რუსუდან ნიკოლაძის ღვაწლსა და საქმიანობას, პირველ ქალს რუსეთის იმპერიაში, რომელმაც იმ პერიოდშისაუნივერსიტეტო ნიშანიმიიღო. თუ რას ნიშნავს ეს, პუბლიკაციიდან შეიტყობთ. წერილი მომზადდა ალექსანდრე სიგუას ნარკვევის _ “მეცნიერი და მოქალაქე” (1975.) მიხედვით.

რუსუდან ნიკოლაძე მხატვარ დავით გურამიშვილის დის _ ოლღა გურამიშვილისა და ნიკო ნიკოლაძის უფროსი ქალიშვილი იყო. მთელი მისი ცხოვრება და მოღვაწეობა 70 წლის განმავლობაში უშუალოდაა დაკავშირებული საქართველოს ტექნიკური ინტელიგენციის მრავალათასიანი კადრების მომზადებასა და აღზრდასთან.

მხცოვანი მეცნიერი ერთ თავის მოგონებაში, რომელსაც სევდიანი კილო დაჰკრავს, აცხადებს: დავრჩი სულ მარტო მამისა და დედის მემკვიდრეობის მცველად და მომვლელად”. სინამდვილეში კი რუსუდან ნიკოლაძე დარჩა არა მხოლოდ მამის, ნიკო ნიკოლაძის, მემკვიდრეობის მცველად და მომვლელად, არამედ მისი საქმის გამგრძელებლადაც.

გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, #21 სახლში, რომლის კედელზეც სამი მემორიალური დაფაა გაკრული _ ნიკო ნიკოლაძის, მისი შვილის _ გიორგი ნიკოლაძისა და სიძის, მიხეილ პოლიევქტოვისა _ მამისეულ ბინაში ცხოვრობდა მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი რუსუდან ნიკოლაძე. ამ სახლში წამდაუწუმ ისმოდა ტელეფონის წკრიალი, ხან სადარბაზო შემოსასვლელიდან რეკდნენ ზარს და მიღებას თხოულობდნენ.

ვის არ ნახავდით აქ _ მწერლებს, ხელოვნების მუშაკებს, მეცნიერებს, ჟურნალისტებს, პედაგოგებს. ზოგი დისერტაციას იცავდა და მასალებს თხოულობდა, ზოგი მადლობის სათქმელად მოდიოდა. აქ ხშირად იყვნენ სტუმრები მოსკოვიდან, ლენინგრადიდან, კიევიდან, ხარკოვიდან, ურალიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან.

* * *

1884 წლის 16 დეკემბერს პეტერბურგში, ნევის ნაპირას, ნიკო ნიკოლაძის ბინაზე მთელ ღამეს სინათლე არ ჩამქრალა. აქ იყვნენ ოლღას დედა _ ქეთევან გურამიშვილი და მისი ძმა, მხატვარი დავით გურამიშვილი. აქვე იყო პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის სტუდენტი, ზიჩის მოწაფე სამხატვრო აკადემიაში, ნიკო ნიკოლაძის ოჯახის დიდი მეგობარი, მხატვარი გიგო გაბაშვილი. ისინი ოლღა გურამიშვილისაგან პირველი შვილის დაბადებას ელოდნენ.

_ ჰო, ჩემო ქეთევან, _ გახუმრებია ნიკო თავის სიდედრს, _ თუ მეოთხე შვილიც გოგო დაიბადება, ნუ მაჩვენებთო. და აი, ნიკოს ოლღა გურამიშვილისაგან პირველი შვილი გოგო შეეძინა.

_ შვილო ნიკო, _ უთქვამს სიძისათვის ქეთევანს, _ გოგო შეგეძინა, დახედე და მითხარი, მიგაქვს თუ არა უკან შენი სიტყვები.

მამას აჩვენეს ახალშობილი, რომელიც თეთრ ზეწარში გაეხვიათ და ვერ ისვენებდა. ნიკოს დაუხედავს პატარასთვის და მაშინვე უთქვამს _ უკან მიმაქვს ჩემი სიტყვებიო. მას ოლღა და დავით გურამიშვილთან ერთად შვილის სახელის არჩევაშიც მიუღია მონაწილეობა და რუსუდანი დაურქმევიათ, მაგრამ აურზაური მაშინ ატეხილა, როცა არც ერთი რუსი მღვდელი და არც ეკლესია არ დათანხმებულა, დაერქმიათ ასეთი “არაწმინდანის” სახელი, ვინაიდან საეკლესიო სიაში ასეთი სახელი შეტანილი არ არისო. ერთ მღვდელს კი უთქვამს _ ბავშვს მე მოგინათლავთ, რაისას დავარქმევ, თქვენ კი რუსუდანი დაუძახეთო, მაშინ ნიკოს სასახლის ეკლესიის მღვდლისთვის უთხოვია შვილის მონათვლა და ისტორიული საბუთებიც მოუშველიებია: თუკი ჩვენი მეფის ტიტულში შედის Царь Иверскии, ანუ Грузинский, მაშ როგორ შეიძლება, რომ ქართველი მეფეების სახელები აკრძალული იყოს რუსეთის ეკლესიაში, ჩვენ ხომ საქართველოში ქრისტიანობა 500 წლით თქვენზე ადრე მივიღეთო. მაგრამ არც ტახტის მღვდელმსახური დათანხმებულა ქალიშვილის მონათვლაზე, სანამ გაბრაზებული ნიკო არ მისულა საქართველოს ყოფილ მეფისნაცვალთან _ მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვთან, რომელსაც ნიკო უცვნია, როგორც 1877 წლის რუსეთ-თურქეთის ომის სამხედრო კორესპონდენტი. ნიკოს დანახვაზე გაუხსენებია ყარსის აღების ამბები, ნიკოს გადასახლება საქართველოდან და შეჰპირებია შვილის მონათვლის საქმის მოგვარებას. თანაც სიცილით უთქვამს: რუსუდან დედოფალი ძალზე ფიცხი ქალი ყოფილა. იმედია, თქვენს შვილს ეგ თვისება არ დაენათლებაო!

ასე ეღირსა ნიკო ნიკოლაძეს, ნევის ნაპირზე თავის შვილისთვის ქართული სახელი დაერქმია, რუსუდანს მეტრიკაში უწერია: “Крещена придворной его Величества церкви”.

ამის თაობაზე რუსუდანი იგონებს:

1921 წელს, როდესაც განათლების კომისარიატში სამსახურში მამტკიცებდნენ, ჩემმა მეტრიკამ ცუდი სამსახური გამიწია, მარიამ ორახელაშვილმა პირდაპირ იკივლა: _ “Êთ-თკ? Êპეწენთ ვ აპმლვრპნრღ ჯეპკვმ? „Ка-ак? Крещена в придворной церкви? Почему? Откуда? Дочь Чернышевца и вдруг придворная церковь! Кто мог это ожидать!”

მე ამან გამანაწყენა და სიტყვა შევუბრუნე: _ Да, я дочь и Чернышевца и `разночинца~.

შემდეგ კი, როცა ამ ამბავს გაიხსენებდა ხოლმე, დავით კანდელაკი დიდხანს ხარხარებდა.

“როგორც კი გავჩენილვარ, _ იგონებს რუსუდან ნიკოლაძე, _ დედაჩემს მაშინვე შეუდგენია აღზრდის “კარლ ფოგტისებური” გეგმა, მამაჩვენი კი ჟან-ჟაკ რუსოს აღზრდის სისტემის მომხრე ყოფილა, მის “ახალ ელოიზაში” და “ემილში” წამოყენებული თეორიის მიმდევარი, რაც ილია ჭავჭავაძესა და დედაჩემს წმინდა წყლის “უტოპიად” მიაჩნდათ, მაგრამ ერთი დებულება ამ სკოლებს საერთო ჰქონდათ: ბავშვის აღზრდა სოფელში, ბუნების წიაღში. ამიტომ ორივე მოკამათე აღმზრდელი შეთანხმებულა იმაზე, რომ მამაჩემი გაყიდდა ბინას პეტერბურგში, იქაურ საქმეებს სასწრაფოდ მოაგვარებდა და სამშობლოში დაბრუნდებოდა. მით უმეტეს, რომ მამას ხუთწლიანი (1881-1886) სასჯელი უთავდებოდა და ამიტომ შეიძლებოდა უკვე ნიადაგის მომზადება სამშობლოში წამოსასვლელად.

მაგრამ სად? თბილისში თუ სოფელში, რასაც პესტალოცი მოითხოვდა ბავშვის აღზრდისათვის? ამის მომხრე ჟან-ჟაკ რუსოც იყო. გადაწყდა, ჩვენი ოჯახის სოფელში დაბრუნება, მაგრამ რომელში? სად? მამას იმწამსვე თავისი დედულეთი _ დიდი ჯიხაიში აურჩევია. აქ ყველაფერი, რაც გვაბადია, გავყიდოთ, სოფლად შევიძინოთ პატარა ნაკვეთი და სახლი დავდგათო, დედას კი ავჭალის გურამიანთ კარში მოუნდომებია მოწყობა ან კიდევ დედამისის, ქეთევან, რევაზ თუმანიშვილის ასულის, მშობლიურ მეჯვრისხევში, გორთან. იმ მოსაზრებით, რომ ორივე ეს ადგილი ქართლის გულს წარმოადგენდა და, მაშასადამე, დედის რწმენით, იქ უფრო წმინდად შეითვისებენ შვილები დედა-ენას, ვიდრე ქვემო იმერეთის “კინტრი-კვახის” კუთხეშიო. “კინტრი-კვახიო”?! ანთებულა მამაჩემი: ამას ავჭალელები მაყვედრით, თქვენი “ტაქნითა” და “სტოლი-სტულით”, ქართული ჭიქისა და მაგიდის ნაცვლად?! და გაჩაღებულა ორთაბრძოლა ქართლსა და ქვემო იმერეთის ირგვლივ”.

რუსუდან ნიკოლაძემ, როგორც ნიკო ნიკოლაძის ყველა შვილმა, მეტად საინტერესო სკოლა გაიარა, ჯერ თავის სახლში, მერე კი რუსეთისა და უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში.

ცნობილია, რომ მეფის რუსეთში ქალისთვის უმაღლესი განათლების მიღება და ისიც უნივერსიტეტის დამთავრება ძნელი, თითქმის შეუძლებელი საქმე იყო. რუსუდანი კი 1896_1898 წლებში სწავლობდა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიაში, შემდეგ (1898_1904 წწ.) _ თბილისის ქალთა პირველ გიმნაზიაში, რომელიც ოქროს მედლით დაამთავრა. 1909 წელს რუსუდანმა პეტროგრადის ქალთა პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი დაამთავრა, ხოლო 1913 წელს _ პეტროგრადის უნივერსიტეტი ფიზიკა-ქიმიის განხრით და იქვე დატოვეს სამეცნიერო მუშაობისთვის. იმ დროს იქ მუშაობდნენ გამოჩენილი ქიმიკოსები ვლადიმერ იპატიევი და სერგეი ლებედევი.

რუსუდან ნიკოლაძე პეტროგრადის უმაღლეს სასწავლებლებში თავისი ნიჭითა და შრომისმოყვარეობით ბევრი სტუდენტისაგან გამოირჩეოდა; დაუახლოვდა გამოჩენილ პროფესორებს: ვერხოვსკის, ლებედევს, იპატიევსა და სხვებს. ისინი რუსუდანს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.

მეცნიერის ძვირფას და უნიკალურ არქივში ინახება და დაცულია რუსუდან ნიკოლაძისადმი მიძღვნილი ასამდე ლექსი, რომელთა ავტორები არიან ვერხოვსკი, ლებედევი, ლაპშინი, ოშანინი, ივანოვა, ვაგინა და სხვები.

იმ ინსტრუქციის მიხედვით, რომელიც რუსეთის განათლების მინისტრმა კასსომ გამოსცა, ვაჟებთან ერთად ქალებსაც ენიჭებოდათ უფლება, უმაღლეს სასწავლებელში მათთვის პირველად შექმნილი კომისიისთვის სახელმწიფო გამოცდები ჩაებარებინათ.

რუსუდან ნიკოლაძე პირველი ქალი იყო რუსეთის იმპერიაში, რომელმაც 1913 წელს ბრწყინვალედ ჩააბარა სახელმწიფო გამოცდები, მიიღო დიპლომი და მოიპოვა უფლება, ეტარებინა მამაკაცებისთვის განკუთვნილი საუნივერსიტეტო სამკერდე ნიშანი. გამოცდების შემდეგ რუსუდანი დროებით სამშობლოში ჩამოვიდა.

დასასრული იხ. შემდეგ ნომერში ან სრულად ჟურნალშიისტორიული მემკვიდრეობა” #10, 2016.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here