Home რუბრიკები საზოგადოება ნაგავში გადაყრილი სიწმინდეები

ნაგავში გადაყრილი სიწმინდეები

489

ქრისტეს მიერ საყვარელნო!

გაზეთსაქართველო და მსოფლიოსმესვეურნო და თანამშრომელნო, მოგესალმებით დიდი სიყვარულით. გამოვხატავ მადლიერებას თითოეული თქვენგანის მიმართ. გისურვებთ თქვენ და თქვენს მკითხველს, გაზეთისაქართველო და მსოფლიოგამხდარიყოს კიდევ უფრო ღრმა შინაარსობრივი და ეროვნული სულისკვეთების გამომხატველი საყვარელი სტუმარი ყველა ოჯახისთვის საქართველოში.

მიზეზი, ჩემო ძვირფასებო, ამ წერილის დაწერისა, არის სავალალო ყოფა ჩვენი ერისა. მიუხედავად ერის ეკლესიური ცხოვრების ამაღლებისა, აშკარაა საშინელი და ამაზრზენი ფაქტები ჩვენი ყოველდღიურობისა _ უმძიმესი დემოგრაფიული მდგომარეობა, დაკარგული ტერიტორიები, უცხო სიტყვებით წალეკილი და დამცირებული ქართული ენა, მწარმოებლიდან მომხმარებელ ერად გადაქცეული ქართველები, მდიდრებად და ღარიბებად გაყოფილი საზოგადოება, ერთიორის გარდა, ხალხისთვის მიუღებელი და თავს მოხვეული პარტიები და პოლიტიკოსები, ნიჰილისტური განწყობა აწმყოსა და მომავლისადმი.

მინდა მოგახსენოთ ჩემი, ერთ-ერთი რიგითი მოქალაქის, მოსაზრება ქართულ ბეჭდვით მედიაზე, რომელიც, ვფიქრობ, თქვენთვის შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს. ვარ რა ერთ-ერთი მდაბალი შვილი ჩვენი მრავალტანჯული სამშობლოსი, როგორც ყოველი ნორმალური ადამიანი, სულით და გულით განვიცდი ყოველივეს, რაც ეხება ჩემს სამშობლოსა და მის სულიერებას.

ჩვენი ერის მამა, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, ხშირად იმეორებს ძველი რომაელების გამონათქვამს _ “იცვლება დრო და ჩვენც ვიცვლებით დროსთან ერთად”. ვფიქრობ, ქართული პრესის მკითხველი და, საზოგადოდ, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილიც შეიცვალა და აღარ კმაყოფილდება მხოლოდ ფაქტების გადმოცემითა და გაშუქებით. ვინაიდან ჩვენ გარშემო და სრულიად მსოფლიოში უამრავი ფაქტი და მოვლენა ხდება, ვფიქრობ, აუცილებელია, ქართულ პრესაში ქვეყნდებოდეს ფაქტების სიღრმისეული ანალიზი და პასუხი გაეცეს კითხვას _ რატომ მოხდა ესა თუ ის მოვლენა? უწმინდესი ქადაგებებში (და ბოლო სააღდგომო ეპისტოლეში) ხშირად მიმართავს ერს და მოგვიწოდებს, ვისწავლოთ ანალიტიკური აზროვნება და ჩამოვიყალიბოთ სახელმწიფოებრივი ცნობიერება. სიღრმისეული ანალიზი წარსულისა და აწმყოსი, დაფუძნებული ჭეშმარიტ ისტორიულ ფაქტებსა და მოვლენებზე, განხილული და გამოკვლეული ღვთისმეტყველების კუთხით, შესაშური საკითხავი იქნებოდა ქართველი მკითხველისთვის. ამის დიდი საშუალება თქვენს გაზეთს აქვს. ვფიქრობ (და ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის), ქართულ მედიასივრცეში სამი გამოკვეთილი გამოცემაა: “კვირის პალიტრა”, “ასავალ-დასავალი” და “საქართველო და მსოფლიო”. არ მინდა გაქოთ და გადიდოთ, მაგრამ გულახდილად გეტყვით: ერთადერთი გამოცემა, რომელსაც სიამოვნებით ვკითხულობ, თქვენი გაზეთია. მაშინ, როდესაც ჩვენი წამყვანი ტელევიზიები მოსახლეობის ტვინის გამორეცხვით არიან დაკავებულები, სწორედ ჩვენი პრესა თუ შეძლებს ანალიტიკური აზროვნების წამოწევას ჩვენს ცნობიერებაში.

ყოველივე ზემოთ მოყვანილი, თქვენი რედაქციისთვის გადმოვეცი. თავს ბედნიერად ჩავთვლი, თუ ჩემს მოკრძალებულ თვალსაზრისს გაიზიარებთ. რაც შეეხება კონკრეტულ თემას, რომელმაც ხელში კალამი ამაღებინა, ეს ჩემი და, ვფიქრობ, უამრავი ჩვენი თანამემამულის სატკივარია. ქვემოთ მოყვანილ სტატიას, გთხოვთ, თქვენს ფურცლებზე მიუჩინოთ ადგილი და ამით ქართულ საქმეს წაადგებით.

ძვირფასო თანამოქალაქენო, მინდა, თქვენი ყურადღება მივაპყრო მანკიერ პრობლემას, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობაში ხდება. ქვემოთ მოყვანილი საკითხი, შესაძლოა, ადრეც გამოუტანიათ საზოგადოების სამსჯავროზე, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით პრობლემა აშკარაა და, ვფიქრობ, სასწრაფოდ გადასაწყვეტი.

ფაქტი ასეთია: ჩვენ, ყველანი, დიდი თუ პატარა, კაცი თუ ქალი, ნებსით თუ უნებლიეთ, შესაძლოა ვიღაცისთვის მიზნობრივად და ჩვენდა გაუაზრებლად, დღისით თუ ღამით პირდაპირ ნაგავში ვისვრით ასიათასობით ქრისტიანულ და სახელმწიფოებრივ სიმბოლოს.

ყურადღებით დაათვალიერეთ ჩვენს სავაჭრო ცენტრში გამოტანილი სიგარეტის კოლოფებსა და სპირტიან სასმელებზე დაწებებული აქციზური მარკები და ადვილად შეამჩნევთ მასზე დატანილ ცხოველმყოფელი ჯვრისა და წმინდა გიორგიანი სახელმწიფო გერბის სიმბოლოებს. თუ გავიაზრებთ, რამდენი მწეველია საქართველოში, რა რაოდენობით სასმელი ისმება ყოველდღიურად და სად მიდის ცარიელი კოლოფები და ბოთლები, ადვილად მივხვდებით რა აუტანელ ფაქტთან გვაქვს საქმე.

ჩვენს გაორებულ ყოფაში, როდესაც მიწიერი სამყაროს შვილები ერსა და იმავე მოვლენასა და საგანს სხვადასხვა კუთხით უყურებენ და თავიანთ სიმართლეს ამტკიცებენ, შეიძლება ბევრი შემომედავოს, _ ეს რა სიწმინდეებიაო. ვკითხოთ ჩვენს დედაეკლესიას, საპატრიარქოს, მამებსა და დედებს, არის თუ არა ეს მისაღები მრავალტანჯული ივერიისა და ჩვენი საზოგადოებისთვის. თითქმის ყველა ქართველში, ეკლესიურია თუ არა იგი, და ჩვენს გენში, ქვეცნობიერად დევს უდიდესი მოწიწება და სიყვარული შემომქმედის, სალოცავებისა და ჯვარ-ხატების მიმართ. უდავოა, რომ არავისთვის იქნება სასიამოვნო, ნაგავში მოისროლოს მათი გამოსახულებები თუ სიმბოლოები. ვფიქრობ, ამ თემაზე ყველაზე მეტად ისინი უნდა დაფიქრებულიყვნენ, ვინც თავის დროზე ასეთი სახის აქციზური მარკები შეიმუშავა. არავითარი აუცილებლობა არ იყო, ამ მარკებზე სახელმწიფოებრივი სიმბოლოები და სიწმინდეები გამოტანილიყო.

ჩვენს ერს, რომელსაც სამყაროს შემომქმედისგან ღვთისმშობლის წილხვედრობა ერგო, რომელმაც ყველა ერს შორის ყველაზე მეტი სისხლი გაიღო ქრისტესთვის და არასდროს გადაუხვევია გადარჩენის ერთადერთი გზიდან, რასაც უფლის ჭეშმარიტი სიყვარული ჰქვია, ვფიქრობ, ეს არ შეეფერება. წმინდა დიდმოწამე გიორგის, რომელიც ჩვენი ერის ყოფნაარ ყოფნისას გადამწყვეტ ბრძოლებში ხილულადაც კი ჩვენს წინაპრებთან ერთად იბრძოდა მტრის წინააღმდეგ და რომლის 365 წმინდა სალოცავის სადღეგრძელოს დიდი მოწიწებით წარმოვთქვამთ ივერიელნი, და ცხოველსმყოფელ ჯვარს, რომელსაც ვსასოებთ ჩვენ, ყოველნი, სხვაგვარი მოპყრობა უნდა. არ აქვს მნიშვნელობა, ეს სიწმინდე რა ზომისაა და სადაა გამოსახული _ სასკოლო წიგნებსა თუ ჟურნალგაზეთებში, სარეკლამო ბუკლეტებსა თუ სასაქონლო პროდუქციის ეტიკეტებზე (ხშირად ხუთჯვრიანი დროშის სახით), ამ სიწმინდეებს, გინდათ, სიმბოლოები დაარქვით, მოფრთხილება უნდა.

ვფიქრობ, ფინანსთა სამინისტროსთვის ძნელი არ უნდა იყოს აქციზური მარკების დიზაინის შეცვლა და, საერთოდ, ვინმეს კომპეტენციაში უნდა შედიოდეს ეროვნული სიმბოლოებისა და ეკლესიური სიწმინდეების ასე დაუკითხავად ბეჭდვის საკითხი.

მოგიყვანთ მაგალითს, როგორ ზრუნავდნენ ჩვენი წინა თაობები მართლმადიდებლური სიწმინდეების დასაცავად. ამონარიდი ჟურნალ “კარიბჭის” სტატიიდან (#22, გვ. 25, 2015 წ.).

“1912 წლის გაზეთ “სახალხო გაზეთში” ვკითხულობთ:

“ქართლ-კახეთის სასინოდო კანტორამ ამ დღეებში მოისმინა ქაშვეთის ეკლესიის წინამძღვრის, დეკანოზ კალისტრატე ცინცაძის (შემდგომში სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი) მოხსენება, რომელიც შეეხება ზოგიერთი ფირმის მიერ წმინდა თამარ მეფის სახელისა და სახის გმობას. მოხსენებაში ნათქვამია, რომ რიგის ერთ ფირმას, “ბრიგერს”, გამოუშვია გასაყიდი საპონი, გახვეული ფერად ქაღალდში, რომელზეც ხატია თამარ მეფე. ამას გარდა, ქუთაისის ფირმა, სახელდობრ, ფ. ნ. ჭელიძისა შამპანურ ღვინოებს ბაზარში უშვებს “კოლხეთისა” და “თამარის” სახელით. აგრეთვე, “თამარი” დაურქმევიათ ქუთაისის ერთი პროჟექტორთაგანისთვის. სასინოდო კანტორამ მოისმინა ეს მოხსენება და დაადგინა, სთხოვოს გუბერნატორებს, შესაფერისი ზომები მიიღონ წმინდა თამარ მეფის სახელის შეგინების წინააღმდეგ”.

ხელისუფლებას სამართლიანად ჩაუთვლია ეს პროტესტი და ფიცხლივ გამოუტანია დადგენილება.

გუბერნატორმა წინადადება მისცა პოლიცმაისტერს, შესაფერისი ღონისძიებანი მიიღოს. გუშინ პოლიცმაისტერმა უბნის ბოქაულებს საგანგებო ბრძანება დაუგზავნა: არავის მისცენ ნება, გაყიდონ საგნები წმინდა თამარ მეფის სურათით, აგრეთვე, გამოუცხადონ გაზეთებისა და პერიოდულ გამოცემათა რედაქტორებს, რომ აღარ ბეჭდონ განცხადებები წმინდა თამარ მეფის სურათით”.

გაითვალისწინეთ, რომ საქართველო ამ დროს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშია და, მიუხედავად ამისა, მისი მოხელეები იცავენ ჩვენს სიწმინდეებს.

ძვირფასებო, უფლისათვის წვრილმანი და შემთხვევითობა არ არსებობს, ნებისმიერი ადამიანის თავზე თმის ღერიც კი დათვლილია. ყოველი მოვლენა _ ბუნებრივი თუ ისტორიული, ინდივიდუალური თუ საზოგადოებრივი, ღვთის ნებით ხდება. და ამ ფაქტის არსებობაც ჩვენი მცირემორწმუნეობის ბრალია. ისიც ყველამ ვიცით, ვისაც ბევრი მიეცა უფლისგან, მას ბევრიც მოეთხოვება, მაგრამ ხშირად ღვთის საწინააღმდეგოდ ვიქცევით და საკადრისადაც ვისჯებით.

ნურვინ ფიქრობს და მოელის, რომ თანამედროვე ცოდვებით დაცემულ სამყაროში ღვთისმშობლის წილხვედრი ივერია უკანასკნელ ჟამს მატერიალური სიმდიდრით გაბრწყინდება. ჩვენი პატარა ერის გადარჩენა ღვთისა და მოყვასის ჭეშმარიტ სიყვარულში, ცოცხალ სარწმუნოებასა და სულიერებაშია.

მოგიწოდებთ და გთხოვთ ყველას, ერთად ვიზრუნოთ ზემოთ მოყვანილი საკითხის დროულად გადაწყვეტისთვის.

პატივისცემით,

გიორგი კუპატაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here