Home რუბრიკები საზოგადოება ფიქრები მოახლოებულ არჩევნებზე

ფიქრები მოახლოებულ არჩევნებზე

497

რაც უფრო ვუახლოვდებით არჩევნებს, მით მეტად იძაბება ქვეყანაში ვითარება. არჩევნების სამართლიან და უსაფრთხო ჩატარებაზეა დამოკიდებული ქვეყნის მომავალი _ როგორ დაკომპლექტდება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან ქვეყანას.

სამწუხაროდ, ის პარტიებიც კი, რომლებიც თავს წამოაჩენენ პატრიოტებად, გარკვევით ვერ სახავენ გამოსავალს. ძნელია იმის განსაზღვრა, როგორი იქნება საკანონმდებლო ხელისუფლება _ ეროვნული თუ გარედან მართული. სამწუხაროდ, ე.წ. პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ ეროვნული ინტერესები, არ გვყავს ეროვნულად მოაზროვნე ხელისუფლება, არავინ ზრუნავს ეროვნული ღირებულებების _ სულიერების, ზნეობის, სოციალური, განათლების, კულტურის, სოფლისა და სახალხო მეურნეობისა და სხვა სფეროების აღორძინებაზე, არ ჩანს ისეთი პოლიტიკური გუნდი, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან. სანატრელი გაგვიხდა ნამდვილი და სამართლიანი ოპოზიცია.

ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა დავადგეთ იმ გზას, რომელიც მიგვიყვანს ტაძრამდე, ეს კი ეროვნული ნიადაგის, ეროვნული თვითშეგნების, ზნეობრივი ძალის გარეშე შეუძლებელია.

ჯერ კიდევ როდის წერდა ვაჟაფშაველა, “ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი. იგი თავისსავე შეუმჩნევლად დიდი მტერია კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებასა და სიყვარულს უცხადებს”.

სამწუხაროდ, ეროვნულობა, თავისუფლება, დამოუკიდებლობის მიღწევა ჩვენთვის საოცნებო შეიქნა, თუმცა მის დაკარგვაში, რა თქმა უნდა, ლომის წილი ჩვენც მიგვიძღვის.

ყველა მოწვევის პარლამენტის წევრები ინკუბატორში გამოზრდილ წიწილებს ჰგვანან, მაგრამ ამერიკულ ინკუბატორში ყველა ერთ ხმაზე მღერის იმას, რასაც დაუკვეთავენ პატრონები. სამწუხაროდ. ერთი დეპუტატიც არ აღმოჩნდა, რომ ანტიდისკრიმინაციულ და მშობლებისთვის ბავშვების ჩამორთმევის კანონების მიღებაზე უარი ეთქვა _ არ შერჩათ ეროვნული სული, არ აუტოკდათ პატრიოტული ძარღვი. დაკავებულნი არიან მხოლოდ პულტზე ხელის დაჭერით, მათ შორის, ყოველ უვარგის კანონებზეც კი.

მათი მოღვაწეობითა და უსულგულო დამოკიდებულებით დაიშრიტა სათავე და წყარო პატრიოტიზმის გაღვიძებისა. ან როგორ ებრძვიან მამულს, ენასა და სარწმუნოებას? სამშობლოს სიყვარულის აპოგეა იყო დუტუ მეგრელის ლექსი:

მე პატარა ქართველი ვარ,

კავკასიის მთების შვილი

და განცხრომით

სხვაგან ყოფნას

მირჩევნია აქ სიკვდილი”.

სამწუხაროდ, უამრავი პატრიოტული ლექსი და ღირებულებები სანაგვეზე მოისროლეს. პატრიოტიზმი ხომ დაბადებიდან უვითარდება ადამიანს. მათ გზა გადაუკეტეს ახალგაზრდობის ეროვნული სულისკვეთებით აღზრდას. გვავიწყდება ჩვენი თვითმყოფადობა, მრავალსაუკუნოვანი ისტორია, კულტურა და ტრადიცია. ჩვენ ხომ კავკასიის მთების შვილები ვართ, ამ მთებივით ამაყი. კავკასია ეს უძველესი მხარე, გამორჩეული თავისი უნიკალური და ულამაზესი ბუნებით, ისტორიით, ტრადიციებით, ამაყი და მებრძოლი ხალხით, სათაყვანებელია თითოეული კავკასიელისთვის, ჩვენ კი გავიძახით, ევროპელები ვართო.

როგორც კორიდაშია, ესპანურ სანახაობში, რომელშიც ტორეადორი წითელი ნაჭრის ფრიალით აქეზებს და იგერიებს ხარს, ასევე წითელი ნაჭერივით გამოგვიყენა ამერიკამ რუსეთის წინააღმდეგ და ნაჭერივით გვაფრიალებს, შედეგად მივიღეთ დაგლეჯილი და გაპარტახებული ქვეყანა. შევიძინეთ რუსეთის გამაღიზიანებელი ფუნქცია, არადა, არავითარი ინვესტიცია, მხოლოდ “მაკდონალდსის” კვების ობიექტებით გვამარაგებენ, თუმცა, რას გვაჭმევენ, ღმერთმა უწყის: დაკაბალებული ვართ ბანკების მიერ. ქვეყნის საგარეო ვალმა 14 მილიარდს მიაღწია. არადა, უამრავ თანხას ხარჯავენ ე.წ. პოლიტიკური პარტიების დასაფინანსებლად. უცხო ძალებს ხელისუფლებაც და ოპოზიციაც მოსყიდული ჰყავთ. კიბოს მეტასტაზივით არიან მოდებულნი ჩვენს სამშობლოს და წამლავენ უზნეობით. არჩევნების მოახლოების გამო გაიზარდა ამერიკელების ინტერესი. გახშირდა ვიზიტები _ ჩამოვიდნენ ვიცეპრეზიდენტი, კონგრესმენები, ნატოს გენერალური მდივანი; ჩატარდა სამხედრო წვრთნები; რეზოლუცია მიიღეს (მერამდენედ?) ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე, რომელიც ფარატინა ქაღალდად იქცა და თვალებზე გვაფარებენ, გამუდმებით გაიძახიან “ნატო-ნატოს”; ამასთანავე, გახშირდა პარტიების ლიდერებისა და სამთავრობო წრეების წარმომადგენელთა ვიზიტები ამერიკაში და აღშფოთება თუ შეშფოთება საქართველოს მდგომარეობაზე. ყოველივე ეს შემთხვევით არ ხდება და არც საქართველოს სიყვარულით არის გამოწვეული. სიტუაცია მსოფლიოში სწრაფად იცვლება, მიმდინარეობს მსოფლიოს ხელახალი გადანაწილების პროცესი. ჩვენი მეზობელი დიდი ქვეყნები არ დაუშვებენ კავკასიაში, რომლის გული და ცენტრი საქართველოა, იყოს ომის კერა. ბოლო 25 წელიწადში ორი სამოქალაქო დაპირისპირება და ერთი სახელმწიფოთაშორისი ომი გადავიტანეთ, კიდევ ერთი ასეთი ომი და აღარ ვიარსებებთ. რამდენიმე წელია, თითქოს ნატოს სტანდარტებს ვუახლოვდებით და, ჩვენდა სამწუხაროდ, მხოლოდ სხვადასხვა მისიაში ვგზავნით ჩვენს ჯარისკაცებს, მაშინ, როცა ამ მისიებში ნატოს ქვეყნები მცირე კონტიგენტითაა წარმოდგენილი. ისტორიულ ბედ-იღბლად გვექცა სხვის ჯარში სამსახური და საზარბაზნე ხორცად გამოყენება, არადა, რა კარგად აქვს ნათქვამი მუხრან მაჭავარიანს: “საქართველო, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი”, ე.წ. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და სხვა, თითქოსდა მოკავშირეები სხვა ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური პირობების ასამაღლებლად და სამართლებრივი სახელმწიფოს შესაქმნელად ნაკლებად ირჯებიან.

ჩვენ კი საღად ვერ ვაფასებთ და ვერ ვითვალისწინებთ შექმნილ მდგომარეობას _ ვის მოვთხოვოთ პასუხი ხელოვნურად ჩამოყალიბებულ და მართულ ჩვენს მთავრობას თუ მოსყიდულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტოლოგებს და ექსპერტებს?

კავკასია შეიძლება გახდეს მშვიდობისა და ომის კიდევ ერთი გასაყარი, ამიტომაც ჩვენი რეგიონის წამყვანი სახელმწიფოების მიზანია, კავკასიაზე არ გაიაროს ნატოს ჯარებმა, ჩვენი ქვეყანა კი იზოლირებულია კავკასიაში. გვინდა თუ არა, ამერიკას მაინც მოუწევს ჩვენი ქვეყნის მიმართ დიამეტრულად შეცვალოს დამოკიდებულება, როცა სიტყვით გვეუბნება, რომ რუსეთთან მოვაგვაროთ ურთიერთობა, მაგრამ საქმითა და მოქმედებით ხელს გვიშლის ურთიერთობის დასამყარებლად. არადა, სხვა გზა არ გვაქვს და ეს ისტორიულად გარდაუვალია.

ჯონი ცინცაძე,

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ლანჩხუთი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here