Home რუბრიკები საზოგადოება რაც უფრო ნაკლები ადამიანი მივა არჩევნებზე, მით უფრო მოიმატებს ნაციონალური მოძრაობის პროცენტი

რაც უფრო ნაკლები ადამიანი მივა არჩევნებზე, მით უფრო მოიმატებს ნაციონალური მოძრაობის პროცენტი

557

არჩევნებამდე სამიოდე დღე დარჩა. ზოგან ისვრიან, ზოგან ჩხუბობენ, ზოგან იმუქრებიან. კომპრომატები ზოგი შემოეხარჯათ, ზოგსაც, ალბათ, არჩევნების წინა დღეს გვაჩვენებენ. “ჰეროკრატიამხოლოდ სააკაშვილს ადარდებს; ისიც იმიტომ, რომ მისი განმასახიერებელიივანიშვილზე დაბალია”!

ხალხი ოთხი წელი, როგორც ჩანს, იმიტომ ელოდა სამართლიანობის აღდგენას, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ ვირტუალურ სასამართლოზე ეხილა დამნაშავე რეჟიმი. ასეთია სამართლიანობის “საოცნებო” აღდგენა თანამედროვე საქართველოში.

სოციოლოგიური კვლევები აუქციონს დაემსგავსა, ეგზიტპოლები _ გამოცხადებულ გაყალბების ქრონიკას. ერთი სიტყვით, ყოფილი მმართველი ძალა 2003 წლის გამეორებას ცდილობს, “ოცნება” კი კვალში მიჰყვება და ყავლგასული ტექნოლოგიებით ცდილობს, საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურების დაანონსება სწორედ სასურველი შედეგის მიღწევას ემსახურება: აქ მანევრის საშუალებაც არსებობს და მორიგი სასწაულებრივი პორტირებებისაც.

ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა საარჩევნო ვითარების პოლარიზება. სქემა მარტივია: მხარი დაუჭირეთოცნებას”, თორემნაციონალებიდაბრუნდებიან! არადა, მათი გაცოცხლება და მოფერიანება მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილისა დაოცნებისდამსახურებაა. ახლა ისინი უკვე საჯაროდ ამბობენ, რომ სააკაშვილის რეჟიმის გასამართლება დასავლეთმა არ დაანება, თუმცა იგივე რომ, მაგალითად, რუსეთს მოეთხოვა, რა ამბავს ატეხდნენ, რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს.

რესპუბლიკელები, სანამ ხელისუფლებაში იყვნენ, გვარწმუნებდნენ, რომ კოაბიტაცია ქართველმა ხალხმა დაავალა. ახლა ისინი დაითხოვეს და ხელს, რა თქმა უნდა, ივანიშვილისკენ იშვერენ. ახია თქვენზე, ბატონო ბიძინა! სხვას რომ ხმა არ ამოეღო, ამ თემაზე მხოლოდ მე იმდენჯერ დავწერე, რომ თქვენც კი უნდა მიხვედრილიყავით, ურეიტინგო პარტიებისგან შეკოწიწებული კოალიცია ვერც ერთ დაპირებას რომ ვერ შეასრულებდა. და ახლა, ოთხი წლის შემდეგ, გვარიანად შეფერთხილი “ოცნების” ჭაობიდან ამოთრევა ისევ თქვენ გიწევთ.

შეპირებულ 100 ქარხანას დღეს 100 საპარლამენტო მანდატი ჩაენაცვლა. სწორედ ამდენის მოლოდინი აქვს ბიძინა ივანიშვილს. რა მოხდება, თუკიოცნება” 100 მანდატს ვერ მიიღებს? ივანიშვილს ეწყინება და წავა? მაგრამ ის უკვე წასულია პოლიტიკიდან. ასევე მოითხოვდა მარგველაშვილის 60%-ით არჩევას. აირჩიეს. მაინც წავიდა. წავიდა და ძალიან მალე განიხიბლა მარგველაშვილით. ნარმანიათიც. რესპუბლიკელებითაც. თავისუფალი დემოკრატებითაც. ფორუმითაც. და სხვ.

თუ “ოცნებას” 100 მანდატის სამყოფი ხმები არ მისცეს, “ნაციონალები” მობრუნდებიან? _ არა. ეს ივანიშვილმაც იცის და ნაციონალებმაც. რამის თავი რომ ჰქონდეთ, სააკაშვილის გუნდის წევრები ცხრაჯერ მოაწყობდნენ სახელმწიფო გადატრიალებას, მაგრამ დღეს მხარდამჭერების ავტობუსებით ტარება უწევთ ქალაქიდან ქალაქში, რეგიონიდან რეგიონში, რათა რაღაც სიმრავლის ილუზია შექმნან.

2012 წელს ივანიშვილმა გამოგვიცხადა, რომ შუა უნდა გაიკრიფოს”. დღეს ეს თემა კვლავ აქტუალურია. ყველა პროგნოზით, პარლამენტში მოხვედრის შანსი 4-5 პოლიტიკურ ძალას აქვს, მაგრამ სოციოლოგია კვლავაც პროპაგანდის სამსახურში დგას და მხოლოდ ორ პარტიას აკუთვნებს რეიტინგს. კონკურენტების “ჩასაჩოჩებლად” ურეიტინგო პარტიების “ამოქაჩვაც” მოსულა და იმ პერსონების გააქტიურებაც, რომელთა ერთადერთი დანიშნულება ამ ორი პარტიისთვის სასურველი ფონის შექმნაა.

ამ ტექნოლოგიურ ომებში თითქმის მიავიწყდათ ადამიანები, რომლებიც 8 ოქტომბერს საარჩევნო უბნებში უნდა მივიდნენ და არჩევანი გააკეთონ. როგორც არასდროს, მაღალია ე.წ. გადაუწყვეტელთა რაოდენობა, დიდია იმედგაცრუება, თუმცა ყველა პარტიას აქვს იმედი, რომ ამ “გადაუწყვეტელი” ელექტორატის ხმებს წამოიღებს. ერთი კი ნათელია _ რაც უფრო ნაკლები ადამიანი მივა არჩევნებზე, მით უფრო მოიმატებს ნაციონალების (და “ოცნებისაც”) პროცენტი.

მკითხველი შეამჩნევდა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩემი საავტორო გვერდი გაზეთში არ გასულა. ამას ერთადერთი მიზეზი აქვს: დიდი ყოყმანის შემდეგ გადავწყვიტე და კენჭს ვიყრინინო ბურჯანაძე _ დემოკრატიული მოძრაობიდან”, როგორც პარტიული სიით, ისე მაჟორიტარადაც _ დიდუბის მე-16 ოლქში. დიდუბე ჰქვია, თორემ სინამდვილეში დიღმის მასივი, დიდი დიღომი და ზაჰესია.

რატომ ვიყრი კენჭს სწორედ ამ პარტიიდან? ვეცდები, ავხსნა და დავასაბუთო.

“შუის გაკრეფის” შემდეგ, ფაქტობრივად, ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელიც დღეს პოლიტიკური ინიციატივებით გამოდის, სწორედ ნინო ბურჯანაძეა. მის მიერ შემოთავაზებული უბლოკო სტატუსი არის ერთადერთი გარღვევა ბოლო ოცი წლის განმავლობაში. ახლა, როდესაც გორში ხმები გაუჭირდა, თვით ირაკლი ალასანიაც კი რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აუცილებლობაზე ალაპარაკდა. არადა, სწორედ ამ სიტყვების გამო, ჩვენი “მედასავლეთე” პოლიტიკური სპექტრი ნინო ბურჯანაძეს ლამის სამშობლოს მოღალატეს ეძახდა.

იმასაც ამბობდნენ, რომ უბლოკო სტატუსი კაპიტულაციაა, თუმცა კაპიტულაცია სწორედ ის მდგომარეობაა, რომელშიც საქართველო, 2008 წლიდან მოყოლებული, ჯერ სააკაშვილის, შემდეგ კი “ოცნების” წყალობით იმყოფება. “მედასავლეთეები” მთელი ამ წლების განმავლობაში გვიმტკიცებდნენ, რომ რუსეთთან დიალოგს აზრი არ აქვს და არც არის საჭირო. ბატონებო, არც მე დაველაპარაკებოდი რუსეთს, კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეები რომ მქონდეს მითვისებული, მაგრამ საქმე ხომ სწორედ პირიქითაა?!

რუსეთის პრეზიდენტმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ არ არსებობს საკითხი, რომელზეც საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან დალაპარაკება არ შეიძლება, მაგრამ ერთადერთი პასუხი, რომელიც საქართველოში გაისმა, მარგველაშვილის გენიალური ფრაზა იყო: “ჩვენს დასავლელ პარტნიორებს მოვეთათბირები და, როგორც მირჩევენ, ისე მოვიქცევი”! როგორც ჩანს, ეს ერთი წელი უშედეგოდ ეთათბირება!

რას ნიშნავს უბლოკო სტატუსი?

ნინო ბურჯანაძის ინიციატივა ასეთია: ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, საქართველო არ გაწევრდება რომელიმე საერთაშორისო სამხედრო ბლოკში ან ალიანსში. საქართველოს ტერიტორიაზე დაუშვებელია რომელიმე სახელმწიფოს, სამხედრო ბლოკის, ალიანსის ან სხვა გაერთიანების სამხედრო შენაერთების განთავსება. უბლოკო სტატუსი მოქმედებს 1991 წლის მდგომარეობით აღიარებულ საქართველოს ტერიტორიულ საზღვრებში”.

მოკლედ და გასაგებად, სწორედ ამ ინიციატივამ უნდა უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარის გასვლა, რომელიც 2008 წლის უგუნური ავანტიურის შედეგად სააკაშვილმა დააბრუნა. შეგახსენებთ, რომ 2007 წლისთვის რუსული სამხედრო ბაზები გაყვანილი იყო საქართველოდან, სტამბოლის 1999 წლის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად. რესპუბლიკელების პასუხი ამ ინიციატივაზე იყო ის, რომ დანარჩენ საქართველოში (აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარდა!) ამერიკული ჯარი უნდა განლაგდეს. ერთი სიტყვით, საქართველო აშშ-ისა და რუსეთის დაპირისპირების პოლიგონად უნდა იქცეს. სწორედ ეს არის ღალატი, მაგრამ უკვე მივეჩვიეთ, რომ ჩვენი “მედასავლეთეებისთვის” ამერიკის ერთგულების დამტკიცება წინასაარჩევნოდ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოს მომავალი.

ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არც ერთი სახელმწიფოს ან სამხედრო ალიანსის ჯარები არ უნდა იდგეს. რესპუბლიკელები ამბობენ, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსული ჯარი დარჩეს, ხოლო დანარჩენ საქართველოში ამერიკული ჯარი ჩადგეს. ამ ორიდან რომელი ფორმულაა სამშობლოს ღალატი, რთული მისახვედრი არ არის.

“რუსეთი მაინც არ გაიყვანს ჯარს” _ “მედასავლეთეების” ბოლო არგუმენტია. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რუსეთმა ერთხელ უკვე გაიყვანა ჯარი საქართველოდან, მაგრამ პასუხად მიიღო ის, რომ საქართველო ნატოში გაწევრდება და სარაკეტო სისტემებსაც განალაგებს საკუთარ ტერიტორიაზე. რაც მთავარია, ნატოში არ გვიღებენ და არც ახლო მომავალში აპირებენ, მაგრამ ჩვენი “მედასავლეთეები” ახლა, კარის ნაცვლად, ფანჯრიდან აპირებენ შესვლას.

ზოგიერთი საყვედურობს ნინო ბურჯანაძეს, რომ ადრე ნატოში გაწევრების მომხრე იყო, ახლა კი მისი თვალსაზრისი შეიცვალა. დიახ, მაგრამ 2007 წლამდე თვით რუსეთი მჭიდროდ თანამშრომლობდა ნატოსთან, ხოლო, ჩვენ რაც შეგვეხება, 2008 წლის აგვისტოს ავანტიურამ საბოლოოდ დაუსვა წერტილი ნატოში საქართველოს გაწევრების შესაძლებლობას. დარჩებოდა თუ არა პოლიტიკოსად ნინო ბურჯანაძე, თუ ამ ფაქტორების მიუხედავად, კვლავ ჯიუტად განაგრძობდა ნატოში შესვლის პერსპექტივაზე ლაპარაკს? _ ცხადია, არა. პოლიტიკოსი, რომელიც მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესების გაუთვალისწინებლად ოცი წლის განმავლობაში არ იცვლის რიტორიკას, პოლიტიკოსი აღარ არის.

რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების რესურსი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში დღეს მხოლოდ ნინო ბურჯანაძეს აქვს. ეს კარგად იციანმეოცნებეებმაცდა ნაციონალებმაც. ისიც იციან, რომ ბურჯანაძის პრეზიდენტობის შემთხვევაში მრავალი საკითხი, მათ შორის მავთულხლართების გადმოწევა, დიდი ხნის გადაწყვეტილი იქნებოდა; უვიზო მიმოსვლაც გვექნებოდა და ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზარი სრულფასოვნად გაიხსნებოდა, მაგრამ ივანიშვილმა პრეზიდენტად მარგველაშვილი არჩია და დღესაც იმას ედავება, რომ ავლაბრის რეზიდენციაში არ უნდა შესულიყო.

ზოგჯერ მოისმენ: “ნინო ბურჯანაძე არ მომწონს იმიტომ, რომ ერთ ლარად მიიღო აგარაკი წყნეთში”. გაიხსენეთ, რომ ბურჯანაძე აღმოჩნდა ერთადერთი უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელმაც აგარაკი დააბრუნა(!); სხვა ყველა, ვინც ასევე მიიღო ბინები თუ აგარაკები, დღესაც იქ ცხოვრობს, საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარის ჩათვლით(!).

რაც შეეხება მოწონებას, ერთი ასეთი ეპიზოდი მახსენდება: 1992 წელს, სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ბავშვი გამიხდა ცუდად და საავადმყოფოში წავიყვანე. იქ ბავშვობის მეგობარი ექიმი დამხვდა. პრეზიდენტ გამსახურდიას მხარდამჭერი იყო და, რაკი ახალარჩეული პარლამენტის წევრი ვიყავი, სარკასტულად მკითხა: “მოგწონს შენი პრეზიდენტი?”. დედას, რომელსაც შვილი ცუდად ჰყავს, პრეზიდენტზე, ალბათ, არ უნდა ელაპარაკო, მაგრამ ვითარება იყო მაშინ ასეთი. არც ახლაა ის ჭრილობა მოშუშებული. მაშინ ვუპასუხე: “მე უკვე გამოვედი იმ ასაკიდან, როცა მსახიობები, სპორტსმენები და პოლიტიკოსები მოსწონთ”.

არჩევნებზე “მოწონების” ფაქტორი გვერდზე უნდა გადაიდოს, პირადი ანტიპათიაც და წყენებიც. უნდა აირჩიო ის, ვისაც შენი ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანა ხელეწიფება, დანარჩენი მხოლოდ სუბიექტურობაა.

ამიტომ ვუჭერ მხარს ნინო ბურჯანაძეს.

ნანა დევდარიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here