Home რუბრიკები საზოგადოება მამა გრიგოლი (მეზვრიშვილი): ვაშინგტონიდან მართული ეს ძალა ამომრჩეველთა იმედს ვერ გაამართლებს

მამა გრიგოლი (მეზვრიშვილი): ვაშინგტონიდან მართული ეს ძალა ამომრჩეველთა იმედს ვერ გაამართლებს

1142

მოხისის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარი მამა გრიგოლი (მეზვრიშვილი) საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე, პოლიტიკურსაზოგადოებრივ პროცესებში მართლმადიდებლური ეკლესიის ჩართვის აუცილებლობასა და 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობაზე გვესაუბრება.

_ მამაო გრიგოლ, ეკლესია ცდილობს, პოლიტიკაში არ ჩაერიოს., ღვთისმსახურნიც, როგორც წესი, ერიდებიან პოლიტიკაზე საუბარს, თქვენ რატომ დათანხმდით ამ თემაზე ინტერვიუს?

_ მოდი, ასე მივუდგეთ ამ საკითხს, მოყვასო: მე პოლიტიკოსი არ ვარ, არც რაიმე პოლიტიკური თანამდებობა მაინტერესებს, რადგანაც ჩემი მსახურება უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ, როცა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ეხება ეკლესიას, ჩემი მრევლის, ჩემი სამშობლოს, ჩემი შვილების მომავალს და ეხება მათდა საზიანოდ, მე არ ვიქნები არც კარგი ქრისტიანი, არც კარგი ქართველი, არც კარგი მოძღვარი და არც კარგი მამა, თუ ისინი არ დავიცავი. ჩემი იარაღი ამ შემთხვევაში სიმართლეა და ვალდებული ვარ, ღვთისა და მოყვასის წინაშე ვთქვა ის, რასაც პოლიტიკოსები არ ან ვერ ამბობენ.

_ დავიწყოთ ქართული პოლიტიკის შეფასებით. რა არ მოგწონთ?

_ ის, რომ იგი არ არის ქართული; ის, რომ იგი არ არის პოლიტიკა. პოლიტიკა, მოყვასო, სახელმწიფოს მშენებლობისა და მართვის ხელოვნებაა. შეხედეთ ქართული სახელმწიფოს შენობას, რომლის სახურავიდან წყალი ჩამოდის, ფანჯრებიდან ქარი უბერავს, კარი არ იკეტება, ეზო და ღობე მორღვეულია. ჰგავს ეს სვეტიცხოვლისა და ნიკორწმინდის ამშენებელი ქართველი კაცის ნახელავს? _ არ ჰგავს, არ არის ქართული!

ჩვენი ერი, სულ რაღაც, 25-30 წლის წინათ ერთიანი, ამაყი, მდიდარი, ღვთისმგმობელ იმპერიასთან უშიშრად მებრძოლი, დღეს ყველა ომში დამარცხებული, სამეზობლოში ყველაზე გაღატაკებული, ღირსებააყრილი და შერცხვენილია. ეს “ქართული პოლიტიკის” ნაყოფია. შეხედეთ 25 წლის განმავლობაში ნატოს ღია კართან მათხოვარივით მდგარ ჩვენს ხელისუფლებებს, ჩვენს “პოლიტიკოსებს”, დააკვირდით მათ ურთიერთობებს “სტრატეგიულ პარტნიორებსა” და “მეგობრებთან”. ჩანს აქ სადმე პოლიტიკა? _ არა! ეს ძველი, კარგად დავიწყებული პატრონყმური ურთიერთობებია.

_ ასეთ ვითარებაში რას უნდა ველოდოთ 8 ოქტომბრის არჩევნებისგან? აქვს კი მას აზრი?

_ ბოლო 25 წლის განმავლობაში, თუ რამე ჩამოყალიბდა სტაბილურად საქართველოში, ეს პოლიტიკური ბაზარია. ამ ხნის განმავლობაში უცვლელია ბაზრის მეპატრონე, ძირითადად, უცვლელნი არიან მასში მოვაჭრე პოლიტიკოსები და თითქმის არ იცვლება მყიდველი _ ამომრჩეველი.

ამ მოცემულობაში 8 ოქტომბრის არჩევნებისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულ შედეგს არ უნდა ველოდოთ. დიდი ალბათობით, პარლამენტში უმრავლესობას “ქართული ოცნება” შეინარჩუნებს, ჯერ კიდევ არის მათი დრო, მაგრამ ვაშინგტონიდან მართული ეს ძალა ამომრჩეველთა იმედს, რა თქმა უნდა, ვერ გაამართლებს.

ის, რისთვისაც ღირს და აუცილებელიც არის არჩევნებში ღვთის მოშიში, ოჯახისა და სამშობლოს მოყვარული ადამიანების მონაწილეობა, არის პარლამენტში პატრიოტი, გონიერი, მართალი ადამიანებით დაკომპლექტებული ოპოზიციის შეყვანა, რომელიც დაიცავს ხალხის ინტერესებს და შეეწინააღმდეგება ანტიქრისტიანულ, ანტიადამიანურ პოლიტიკას.

ის, ვინც სიჯიუტის ან უფულობის გამო არ შედის ბაზარში, მერე იძულებული შეიქნება ხოლმე, ეს პროდუქტი ან მოიპაროს, ან წაართვას ვინმეს. პოლიტიკური ბაზრის უარმყოფელი, თავისი საქციელით, ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა კვლავ ძალადობაში _ “რევოლუციაში” გადაიზარდოს, როგორც ეს მოხდა 1992 და 2003 წლებში.

ბაზრის უარყოფას კი სჯობს, “ვაჭრობავისწავლოთ. თუ არ ვიყიდით ცარიელ დაპირებებს, ვაჭარი იძულებული იქნება, უკეთესი საქონელი გამოიტანოს; თუ მომავალ 1400 დღეს, 4 წელიწადს, 1400 თეთრად არ გავყიდით, მეტი პატივისცემით მოგვეპყრობიან.

ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვაჭრობა, ჩვენ უნდა შევიცვალოთ და შეიცვლება ბაზარიც და ბაზრის მეპატრონეც ანგარიშს გაუწევს ჩვენს მოთხოვნებს.

_ რა როლი შეიძლება შეასრულოს ქართული პოლიტიკის ჩამოყალიბებაში საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ?

_ ერთ-ერთი უმთავრესი! ამას ადასტურებს არა მამა გრიგოლი ან თუნდაც ცნობილი პოლიტოლოგი, არამედ ჩვენი სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია.

1089 წელს საქართველოში ვითარება გაცილებით რთული და ავისმომასწავებელი იყო, ვიდრე 1992 წლის დასაწყისში, მაგრამ სამი ათეული წლის შემდეგ საქართველომ გააკეთა ის, რაც ვერ შეძლო გაერთიანებულმა ევროპამ _ დაამარცხა მუსლიმანთა 600 000-იანი კოალიციური ლაშქარი და შექმნა მსოფლიოში უძლიერესი საერთოკავკასიური იმპერია, რომელშიც მშვიდობითა და თანხმობით ცხოვრობდნენ სხვადასხვა რელიგიისა და ეთნოსის წარმომადგენლები. ქართული სახელმწიფოს ამ საოცარი აღმასვლის ერთ-ერთი შემოქმედი, ღვთისგან ხელდასხმულ და ეკლესიისგან კურთხეულ მეფე დავით აღმაშენებელთან ერთად იყო მისი აღმზრდელი, ეკლესიის უმაღლესი იერარქი გიორგი ჭყონდიდელი, რომელსაც ეკავა სახელმწიფოში მნიშვნელობით მეორე თანამდებობა _ მწიგნობართუხუცესის (პრემიერმინისტრის).

შემდგომშიც მრავალგზის სამეფო და საეკლესიო ხელისუფლების ერთობით ქართული სახელმწიფო ძლიერდებოდა, ხოლო ამ ერთობის რღვევით სუსტდებოდა.

ეს, რა თქმა უნდა, იციან ქართველი მართლმადიდებელი ერისა და ქართული სახელმწიფოს მტრებმა _ სატანის მსახურებმა შინ თუ გარეთ; იციან რომ მათი დამარცხება და განდევნა ქართული პოლიტიკიდან მხოლოდ ღვთისმსახურებს შეუძლიათ, როცა პოლიტიკაში მოვლენ.

_ რა ფორმით წარმოგიდგენიათ, მამაო, 21- საუკუნეში ეკლესიის მონაწილეობა ქართული პოლიტიკის ფორმირებაში?

_ იმ ფორმით, რომელიც აპრობირებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში _ კონსტიტუციური მონარქიით. ღრმად ვარ დარწმუნებული, მმართველობის ეს ფორმა ყველაზე მეტად შეესაბამება ქართულ სახელმწიფოს, ჩვენი ერის მენტალიტეტს და, რაც მთავარია, იგი იქნება ყველაზე ეფექტიანი იარაღი იმ გამოწვევების წინაშე, რომელიც გარდაუვალია.

ღვთისგან კურთხეული მეფე “აფხაზთა, ქართველთა… ოსთა…” იქნება გარანტი ქვეყნის ერთიანობისა და სტაბილურობისა. იგი დაიცავს ქვეყანას ისეთი შემთხვევითი, შეუფერებელი პიროვნებების მოსვლისგან უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებზე, როგორიც იყო სააკაშვილი და არის მარგველაშვილი.

ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანოს ზედა, წარმომადგენლობით პალატაში საქართველოს სამოციქულო ეკლესიას, როგორც სახელმწიფოს ერთერთ საყრდენს, უნდა ჰყავდეს წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ უმნიშვნელოვანესი კანონების შემუშავებაში. ეს თავიდან აგვარიდებს პოლიტიკურ არასტაბილურობას და ისეთი უზნეო ანტისახელმწიფოებრივი კანონების მიღებას, როგორც ანტიდისკრიმინაციული კანონია.

_ რას იტყვით ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, რომელზეც უმწვავესი დისკუსიები მიმდინარეობს წინასაარჩევო პერიოდში და, თუ პოლიტიკა არ არსებობს, როგორც თქვენ ამტკიცებთ, რაზე დავობენ კონკურენტები?

_ ვიმეორებ: ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის გაუგონარი ნაზავი სისულელის, უზნეობისა და ფარისევლობისა. 25 წელია ,ამ “პოლიტიკის” შემოქმედნი, მათივე საყვარელი ფრაზა რომ გამოვიყენოთ, “დღე-ღამეში 24 საათი” ამტკიცებენ, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეიძლება მხოლოდ იმ ძალებთან მჭიდრო კავშირში:

) რომლებმაც 1990-იანი წლების დასაწყისში საქართველოს ბრძოლას დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის “დინების საწინააღმდეგო ცურვა” უწოდეს და უსამშობლო რენეგატებისა და “კანონიერი ქურდების” ხელით დაამხეს ხალხის მიერ არჩეული ეროვნული ხელისუფლება;

) რომელთა ორმა მარიონეტმა ხელისუფალმა (შევარდნაძემ _ საქართველოში და ელცინმა _ რუსეთში) გააჩაღა სამოქალაქო ომი აფხაზეთში და მოსისხლე მტრებად აქცია აფხაზები და ქართველები, დაანგრია ქართული სახელმწიფო;

) რომლებმაც დაგეგმეს და კიდევ ერთი მარიონეტის _ სააკაშვილის _ ხელით გააჩაღეს ომი საქართველოსა და რუსეთს შორის, რათა კიდევ ერთხელ შეელახათ რუსეთის საერთაშორისო იმიჯი და აგრესორად გამოეყვანათ მსოფლიოს საზოგადოებრიობის თვალში, რათა სერიოზული პრობლემები შეექმნათ მის საზღვრებთან კავკასიაში ორი სეპარატისტული სახელმწიფოს გაჩენით, რათა ომში დამარცხებულ საქართველოს უარი ეთქვა ეროვნულ პოლიტიკაზე და მათი ნება-სურვილის უსიტყვო აღმასრულებლად ქცეულიყო;

) რომლებიც ნატოს ძალებით მანამდე ბომბავდნენ მართლმადიდებელ სერბეთს, სანამ არ დააჩოქეს და არ წაართვეს კოსოვო, ისეთივე ისტორიული მიწა-წყალი სერბეთისთვის, როგორიც ჩვენთვის აფხაზეთია;

) რომლებმაც იმავე სცენარით, რომელიც საქართველოში გამოიყენეს, მოაწყეს სახელმწიფო გადატრიალება უკრაინაში, გააჩაღეს სამოქალაქო ომი, შეაჯახეს რუსეთის სამხედრო მანქანას და დაშალეს ევროპის ეს ერთ-ერთი დიდი ქვეყანა.

და დღეს ეს პოლიტიკოსებიამომრჩევლებს ჰპირდებიან, რომ ეს ანტიქრისტიანული ძალები საქართველოს სიყვარულით მესამე თერმობირთვულ მსოფლიო ომში დაამარცხებენ ჩვენს მტერს _ ოკუპანტ რუსეთს და შემდეგ მოსახლეობისგან განწმენდილ და რადიოაქტიური მტვრით განაყოფიერებულ მიწაზე აღგვიდგენენ ერთიან, ძლიერ, მართლმადიდებელ საქართველოს ისტორიულ საზღვრებში.

ღმერთო, გვიხსენი უგუნურთაგან!

_ მაშ, როგორი უნდა იყოს ქართული პოლიტიკა? რა უნდა გახდეს მისი საფუძველი?

_ ქართული პოლიტიკა, ისევე, როგორც ადამიანის ნებისმიერი წარმატებული საქმიანობა, უნდა ეფუძნებოდეს რეალობას, სიმართლეს და ემსახურებოდეს ეროვნულ ინტერესებს. დღევანდელი რეალობა კი არის ის, რომ კაცობრიობა აპოკალიფსის ფაზაში შევიდა. დედამიწაზე პოლიტიკურ პროცესებს წარმართავს სატანური, არაფორმალური მსოფლიო მთავრობა, რომლის ხელშია მასმედია, ფინანსები, ნატო, უმაღლესი ტექნოლოგიები და ბუნებრივი რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი. მისი მიზანია მსოფლიო სახელმწიფოს შექმნა, რომლის პოლიტიკური და რელიგიური ლიდერი იქნება ანტიქრისტე. ამისათვის არსებული პოლიტიკური სისტემა უნდა დაინგრეს და დამყარდეს “ახალი მსოფლიო წესრიგი”, რომელშიც ნაციონალური სახელმწიფოების ადგილი არ იქნება. აი რა საშინელ გამოწვევებთან მოგვიწევს დაპირისპირება. აი რისთვის უნდა ემზადებოდეს ქართული სახელმწიფო და ეროვნული ხელისუფლება.

_ დასასრულ, რას ეტყვით ჩვენს მკითხველს, მამაო?

_ პოლიტიკურ ასპარეზზე განცდილი ჩვენი ყველა მარცხის მიზეზი სიძულვილია. ჩვენ ყველა მომდევნო ხელისუფლებას წინა ხელისუფლების სიძულვილით გონებადაბნელებულები ვირჩევდით. ეს უნდა დასრულდეს. ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი: ჭეშმარიტება შეირტყით წელზე, სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ, იფარეთ რწმენის ფარი, აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არს ღვთის სიტყვა (ეფეს. 6. 11-17). აი რა იარაღი გვჭირდება ჩვენ დღეს, ურთულესი გამოწვევების წინაშე მდგომთ.

“ერთ რამეს გირჩევთ… მეომარნო ქრისტესნო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად წესიერად ვიბრძოლებთ, არამცთუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკსაც ადვილად დავამარცხებთ!”_ ეს დავითის სიტყვებია დიდგორის ომის წინ, რომელიც ჩვენც გველოდება 8 ოქტომბერს.

მშვიდობა თქვენ და სიყვარული რწმენითურთ მამა ღმრთისა და უფალ იესო ქრისტესაგან. ამინ!

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here