Home რუბრიკები ისტორია სტალინი და ჟუკოვი

სტალინი და ჟუკოვი

1402

ნაწილი IV

სათათბირო ოთახში სიჩუმემ დაისადგურა. სტალინი ჩიბუხით ხელში ნერვიული ნაბიჯით მიმოდიოდა და ფიქრებში ცურავდა. საგარეო თუ საშინაო დაზვერვა, პირადი დაზვერვა და სხვადასხვა მიმართულების მოქმედი ოპერატიული ჯგუფები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, დაბეჯითებით იტყობინებოდნენ: “მართალია, დიდი ომი დამთავრდა, მაგრამ იწყება პატარა, მაგრამ რთულიმარშალთა ომი”.

სტალინს არ სურდა, კიდევ ერთი ომის, ამჯერად ფარული ომის, მთავარსარდალი გამხდარიყო, მაგრამ, როგორც იტყვიან, “რომში მიემართებოდა ყველა გზა”. ამ შემთხვევაშიც ყველა გზა სტალინისკენ მიემართებოდა. გაახსენდა 1930-იან წლებში უმაღლესი სამხედრო საბჭოს სხდომაზე როგორ აქტიურობდნენ ვასილ ბლიუხერი, მიხეილ ეგოროვი და პაველ დიბენკო, რათა მიხეილ ტუხაჩევსკის, იერონიმ უბორევიჩსა და იონა იაკირს სასჯელის უმაღლესი ზომა _ დახვრეტა _ შეფარდებოდათ, ხოლო ერთი წლის შემდეგ თვითონ ისინი შეიქნენ უმაღლესი სასჯელის ღირსნი.

თუ აქამდე მარშლები და მაღალი ჩინის სამხედროები მოუკლავი დათვის ტყავს იყოფდნენ, ახლა ეს უშველებელი მხეცი გაფატრული ეგდო მათ წინაშე და მხეცებად ქცეული ადამიანები ერთმანეთს პირიდან და ხელიდან გლეჯდნენ მოკლული მხეცის ხორცის ნაჭრებს. ზოგი ადგილზე სანსლავდა, ზოგიც მიწაში მარხავდა ხელსაყრელ მომენტში ოჯახში გასაგზავნად.

ნეტავ, რით განსხვავდება ადამიანი მხეცისგან? _ ფიქრობდა სტალინი, _ ნუთუ იმით, რომ მას ლაპარაკი შეუძლია?! იქნებ ცხოველებსაც აქვთ თავიანთი ენა, მაშ, რაღა დარჩა განმასხვავებელი ნიშანი ადამიანსა და მხეცს შორის? რატომ უნდა მიმდინარეობდეს ასეთი ფარული და ხელჩართული ბრძოლა უმაღლესი ჩინის სამხედროებს შორის? შეიძლება, სამკლასდამთავრებულ სამხედროს (იგულისხმება ჟუკოვი) მეტი არც მოეთხოვება, ის შეიძლება გამოიყენო ომში, მაგრამ არ გამოდგება კურჩატოვისა და ჟუკის ნაცვლად.

სიჩუმე დიდხანს გაგრძელდა. სტალინი სამდივნოს მაგიდასთან მივიდა და იქ მყოფთ მიმართა:

_ გამოთქვით თქვენი აზრი აქ მოსმენილის თაობაზე.

აზრი პირველებმა პოლიტბიუროს წევრებმა გამოთქვს. მათ ამოანთხიეს ის ბოღმა და სიძულვილი, რომელიც თავხედი გიორგი ჟუკოვის მიმართ ჰქონდათ დაგროვილი წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, ყველა გამონათქვამი ბაჯაღლო ოქროსი არ იყო, მაგრამ უმეტესობა სიმართლეს შეეფერებოდა, დანარჩენი კი შურითა და ბოღმით იყო ნაკარნახევი. სტალინმა ზუსტად იცოდა, რა უნდა ეღო ყურად თანაპარტიელებისაგან და რა _ არა, მაგრამ სიტყვას მაინც არავის აწყვეტინებდა, სათქმელს ბოლომდე ათქმევინებდა, როგორც ყოველთვის.

ჯერი მარშლებზე მიდგა. საინტერესო იყო, რას იტყოდნენ ისინი კოლეგაზე და, ამასთანავე _ მტერზე.

_ ნება მომეცით, _ მიმართა მარშალმა ივანე კონევმა სტალინს.

_ მიდი, _ უპასუხა გენერალისიმუსმა.

_ ამხანაგო სტალინ, სიმართლეა, რომ ჟუკოვი მძიმედ ასატანი კაცია, მასთან არათუ სამსახური, პირადი ურთიერთობაც შეუძლებელია. უხეშია, ცუდად აღზრდილი, მაგრამ შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ჟუკოვი სამშობლოსათვის, პარტიისა და პირადად თქვენთვის ღირებული არ არის.

_ ტრაბახაა, რაც არ გაუკეთებია, იმასაც კი თავის თავზე მიიწერს. იცით თუ არა, რომ მან მიიწერა კორსუნ-შევჩენკოს ოპერაცია და კიდევ ბევრი რამ? _ შეაწყვეტინა სიტყვა კონევს სტალინმა.

_ ეს ყველაფერი წვრილმანია, ამხანაგო სტალინ, ამას თვით ისტორია გაასწორებს.

კონევის მსგავსად, ჟუკოვი მწარედ გააკრიტიკეს, მაგრამ მის დამსახურებაზეც ისაუბრეს მარშალმა კონსტანტინე როკოსოვსკიმ, ალექსანდრე ვასილევსკიმ და პაველ რიბალკომ. ერთადერთი, ვინც ჟუკოვის მხოლოდ უარყოფით თვისებებსა და სამსახურთან მის შეუთავსებლობაზე ისაუბრა, იყო გენერალი ფილიპ გოლიკოვი და მოითხოვა კიდეც სახმელეთო ჯარების სარდლის მოვალეობისგან ჟუკოვის გათავისუფლება.

ბოლოს სიტყვით გამოვიდა გენერალური შტაბის უფროსი ვასილ სოკოლოვსკი, რომელმაც ჟუკოვის დამსახურებებთან ერთად ჩამოაყალიბა შეცდომები და გადაცდომები, რომლებიც ჟუკოვს მუშაობაში ჰქონდა. ამით დამთავრდა უმაღლესი სამხედრო საბჭოს სხდომაზე გამოსვლები.

სტალინმა, მას შემდეგ, რაც ყველა გამომსვლელის აზრი მოისმინა, წამოაყენა წინადადება, რომ ჟუკოვის საქმის განხილვა შეწყვეტილიყო. ის ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ჟუკოვს და თავისი დაგუდული და დინჯი ხმით მიმართა:

_ თქვენ, ამხანაგო ჟუკოვ, რა შეგიძლიათ გვითხრათ ამის შესახებ?

_ ამხანაგო სტალინ, მე თავის მართლება არ შემიძლია, გეტყვით მხოლოდ ერთს, რომ ყოველთვის ვიყავი სამშობლოს, პარტიისა და თქვენი ერთგული. მე არასოდეს არც ერთ შეთქმულებაში მონაწილეობა არ მიმიღია.

სტალინი გულმოდგინედ უსმენდა ჟუკოვის აღსარებას და თითქოს სინანულით თვალებში ჩაჰყურებდა. ბოლოს უთხრა:

 _ ყოველ შემთხვევაში, ამხანაგო ჟუკოვ, ცოტა ხნით მაინც მოგიწევთ მოსკოვის დატოვება.

ჟუკოვმა უპასუხა, რომ მზად არის, შეასრულოს თავისი სამხედრო ვალდებულება და იმსახურებს იქ, სადაც უბრძანებს პარტია და სამშობლო. სტალინმა მარშალ კონევისკენ გაიხედა და სინანულით წარმოთქვა:

_ რა უნდა ვუყოთ ახლა ამას?!

მარშალი კონევი გრძნობდა, რომ ჟუკოვის საქმე უკვე დამთავრებული იყო და ამიტომ გაბედულად უთხრა სტალინს:

_ ეს თქვენი ნებაა, ამხანაგო სტალინ, მაგრამ ვფიქრობ, უკიდურეს შემთხვევაში, მისი სასჯელი სამსახურეობრივი დაქვეითება უნდა იყოს.

სტალინმა კიდევ ერთხელ გაიარა სათათბირო ოთახში, ჩიბუხი ნერვიულად გააბოლა და ნელი ნაბიჯით ჟუკოვისკენ გაემართა. წინ გაუჩერდა, თვალებში ჩახედა და მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი ცხვირთან მიუტანა. დარბაზში მსხდომნი ამ სცენას გაფაციცებით შეჰყურებდნენ, სულგანაბული ელოდნენ, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მთავარსარდალი, რომლის პოზა უკიდურესი გაბრაზების გამომხატველი იყო: _ ყველა დიდი რუსი მხედართმთავარი _ სუვოროვი, კუტუზოვი, სკობელევიც კი _ თავმდაბალი იყო. თქვენ კი თავმდაბლობის ნატამალიც არ გაქვთ. გამომივიდა ესეც ნაპოლეონი, ერთი კაცით ომის მომგები. სტალინმა ნელი ნაბიჯით კარისკენ აიღო გეზი და ერთი ფრაზაც ისროლა:

_ გაგზავნეთ ოდესის სამხედრო ოლქის სარდლად!

ჟუკოვმა სტალინის გარეშე დარჩენილ საბჭოს წევრებს განუცხადა, რომ მას ნამდვილად ჰქონდა ბევრი შეცდომა და გადახრა. პირობა დადო, მომავალში მის მუშაობაში მსგავს გამოვლინებებს ადგილი არ ექნებოდა. ამით უმაღლესი სამხედრო საბჭოს სხდომა დასრულდა.

1946 წლის 19 ივნისს საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების მინისტრმა, გენერალისიმუსმა სტალინმა პირადი ხელისმოწერით გამოსცა განსაკუთრებული სახელმწიფო საიდუმლოებით მოცული ბრძანება მარშალი ჟუკოვის სახელმწიფო ჯარების სარდლის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და ოდესის სამხედრო ოლქის სარდლად დანიშვნის თაობაზე.

მარშალი ჟუკოვი ოდესის სამხედრო ოლქში გამოცხადდა. ძალაუფლების მოყვარული და პატივმოყვარე მარშალი ჩასვლისთანავე შეუდგა თავისი მოვალეობის შესრულებას _ შემოიარა ოდესაში განლაგებული ჯარის ნაწილები, შეამოწმა მათი საყოფაცხოვრებო პირობები და დისციპლინის საკითხები.

ომგადახდილ ქალაქში, რა თქმა უნდა, გაჭირვება და სიღატაკე სუფევდა. სამხედრო მოსამსახურეები განიცდიდნენ საცხოვრებელი ფართობის დეფიციტს და, ამას გარდა, სხვა უამრავი საყოფაცხოვრებო საკითხიც ჰქონდათ მოუგვარებელი. ჟუკოვმა ოლქის ჯარების გაფართოებული კონფერენცია მოიწვია, რომელზეც ფართოდ გააშუქა შექმნილი მდგომარეობა და დასახა გზები მათ გამოსასწორებლად. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა ოდესის პარტიის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი ალექსეი კირიჩენკო. როდესაც გაარკვია, რომ ოლქში არ იყო არც ერთი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართობის რეზერვი, ჟუკოვმა გადაწყვიტა, შეექმნა სამხედროებისგან დაკომპლექტებული კომისიები, რომლებსაც კარდაკარ უნდა შეემოწმებინა საცხოვრებელი ფართობები, რისთვისაც მთელი ქალაქი დაყო კვარტლებად და ყველა კვარტალს დაუნიშნა სამხედრო ხელმძღვანელი. ომის შემდგომ ოდესა გავსებული იყო სხვადასხვა ჯურის ბოროტმოქმედებით. ბანდიტები დანებით ხოცავდნენ როგორც რიგით ადამიანებს, ასევე, სამხედრო პირებსაც. გაითვალისწინა რა მილიციის ნაკლები ბრძოლისუნარიანობა ბანდების მიმართ, ჟუკოვმა ცალკე ოპერატიული ჯგუფები შექმნა მათთან საბრძოლველად.

ოდესა გადაიქცა სამხედრო ქალაქად, რომელშიც განუწყვეტლად მიმდინარეობდა პატრულირება და კანონების გვერდის ავლით მოქალაქეების დაპატიმრება, შემდეგ კი _ შტაბში წარდგენა. არ მოქმედებდა სასამართლო, პროკურატურა. მოქალაქეებს უსანქციოდ აპატიმრებდნენ. არ მუშაობდა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი არანაირი ორგანო. ყველაფერი თავის ხელში აიღო მარშალმა ჟუკოვმა და ამით არად ჩააგდო ოდესის ოლქის პარტიული და სამეურნეო ხელმძღვანელობა.

რადგან კვლავ გრძელდებოდა მოქალაქეებსა და სამხედროებზე ბანდიტური ჯგუფების თავდასხმები, ჟუკოვმა გამოსცა ბრძანება სამხედრო მოსამსახურეებისთვის სატაბელო იარაღის მიცემა-შენახვისა და ტარების უფლებაზე.

ბოროტმოქმედთა ორგანიზებულმა ჯგუფებმა დაიწყეს ცალკეულ სამხედროებზე თავდასხმა და მათი განიარაღება. თუ აქამდე მხოლოდ ფინური დანებით იყვნენ შეიარაღებულნი, ახლა ბოროტმოქმედთა არსენალი შეივსო უახლესი ცეცხლსასროლი იარაღით, რომელსაც სამხედროებზე თავდასხმის შედეგად იგდებდნენ ხელში.

მოსკოვში დაშიფრული დეპეშა დეპეშაზე მიდიოდა ოდესაში გაუგონარი სამხედრო დიქტატურის შესახებ. ოდესელები წუხდნენ შექმნილი მდგომარეობის გამო, მაგრამ მათზე არანაკლებ იყო შეწუხებული ათიათასობით ადამიანი, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან იყვნენ ჩასული ზღვაზე დასასვენებლად.

ჟუკოვის თავხედობას საზღვარი არ ჰქონდა. მის მიერ გაგზავნილი კომისიის წევრები სასამართლოსა და პროკურატურის გარეშე მყისვე ასახლებდნენ საეჭვო ადამიანებს საცხოვრებლიდან და იქ სამხედრო მოსამსახურეები შეყავდათ.

აღშფოთებული ადამიანები თავიანთი უფლებების დასაცავად კაბინეტში ეჭრებოდნენ საოლქო კომიტეტის პირველ მდივან ალექსეი კირიჩენკოს, რადგან სრულიად უმიზეზოდ ასახლებდნენ საკუთარი ბინებიდან. დაკეტილ ბინას, რომელიც პარტიულ ან სამეურნეო მუშაკს ეკუთვნოდა, დაუკითხავად აღებდნენ სამხედროები და იქ თავიანთი ოჯახებით გადადიოდნენ საცხოვრებლად.

საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი ჟუკოვს დაუკავშირდა:

_ ვინ მისცა სამხედროებს იმ უკანონობის ჩადენის უფლება, რომელსაც ისინი სჩადიან?

_ მე მივეცი. ისინი ჩემი ბრძანებით მოქმედებენ, _ მკაცრი ტონით უპასუხა ჟუკოვმა.

_ ეს ხომ უკანონობაა, ეს ხომ ერთმმართველობაა! _ უთხრა საოლქო კომიტეტის მდივანმა.

_ არავითარი ერთმმართველობა. ისინი კომისიურად ადგენენ საცხოვრებელი ფართობის კანონიერებას და გადაწყვეტილებაც შესაბამისი გამოაქვთ. რომ იცოდეთ, იმ კომისიებში დეპუტატებიც არიან და მათ უფლება აქვთ, განახორციელონ კონტროლი.

კირიჩენკო იძულებული შეიქნა, კრემლში დაერეკა. მან მოახსენა, რომ ოლქის სარდალი ჟუკოვი არღვევს საბჭოთა კანონებს, არად აგდებს როგორც კონსტიტუციას, ისე სახელმწიფო სტრუქტურებს და იგნორირებულია ადგილობრივი მთავრობა.

ჟუკოვმა, რა თქმა უნდა, შეიტყო კირიჩენკოს მიერ კრემლში დარეკვის ამბავი. ამის შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა ურთიერთობა სარდალსა და ადგილობრივ პარტიულ ხელმძღვანელობას შორის, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ჟუკოვისთვის, ოლქში სრულად დაემყარებინა თავისი მმართველობა.

მიღებული სიგნალების შესამოწმებლად სტალინმა შექმნა კომისია, რომელსაც სათავეში ჩაუყენა შეიარაღებული ძალების ახალდანიშნული მინისტრი ნიკოლოზ ბულგანინი. კომისიის შემადგენლობა გამოცდილი და საქმიანი მუშაკებით დაკომპლექტდა.

პროტოკოლისმიხედვით, შეიარაღებული ძალების მინისტრს ოლქის სარდალი სარკინიგზო ბაქანზე უნდა დახვედროდა, მაგრამ ოდესის რკინიგზის სადგურის ბაქანზე ჟუკოვი ბულგანინს არ დახვედრია. ის ამ მომენტში სამხედრო წვრთნას ესწრებოდა პოლიგონზე. მინისტრის თანმხლები პირები დარწმუნდნენ, რომ ჟუკოვი შეიარაღებული ძალების მინისტრ ბულგანინს იოტისოდენ პატივს არ სცემდა.

კომისიამ სერიოზული სამუშაო ჩაატარა როგორც სამხედრო ოლქში, ისე პარტიის საოლქო კომიტეტში და ადგილზე გაეცნო მდგომარეობას. სათანადო დოკუმენტების გაფორმების შემდეგ კომისია მოსკოვში დაბრუნდა. მინისტრი ბულგანინი კი სტალინს ეახლა.

_ მომიყევით, ამხანაგო ბულგანინ, რა ნახეთ ოდესაში.

_ ჩემი მოხსენება ორი ნაწილისგან შედგება, ამხანაგო სტალინ. ჟუკოვი და სამხედრო ოლქი და მეორე _ ჟუკოვი და საოლქო კომიტეტი. სამხედრო მომზადებაში მდგომარეობა საგრძნობლად გამოსწორებულია, განსაკუთრებული შენიშვნები არ მაქვს. ჯარისკაცთა სოციალური ყოფა გაუმჯობესებულია, მაგრამ ჯარისკაცები და ოფიცრები გამოთქვამენ უკმაყოფილებას ოლქის სარდლის თავგასული მოქმედების გამო. დაგვისახელეს მაგალითებიც: ერთ-ერთ პოლკში სარდალმა ნახა ჭუჭყიანი ხელსაბანი, რის გამოც სასწრაფოდ გამოიძახა პოლკის მეთაური და მორიგეს უბრძანა, მიეცილებინა ჭიშკრამდე და იქვე ჩაეკეტა კარი, რათა პოლკის მეთაურს არასოდეს შემოეღო. თათბირიდან გააგდო თავისი მოადგილე, რადგან მან მხოლოდ ორი წუთით დააგვიანა თათბირზე.

სტალინს კიდევ ბევრი ასეთი მაგალითი ჩამოუთვალა მინისტრმა ჟუკოვის საქციელზე, _ მის წინაშე ყველამ ცერებზე უნდა იაროს, თორემ სამხრეების ჩამოხევა არ ასცდებათო.

_ საოლქო კომიტეტზე რას იტყვით, ამხანაგო ბულგანინ?

_ კირიჩენკო მართალია, ქალაქ ოდესასა და ოდესის ოლქს განაგებს ოლქის შტაბი და პირადად ჟუკოვი.

_ საცხოვრებელი ფართობის მიტაცების ფაქტებს ნამდვილად ჰქონდა ადგილი? _ ჰკითხა სტალინმა.

_ დიახ, ამხანაგო სტალინ. ძალიან ბევრია უკმაყოფილო სარდლის თვითნებობით.

მინისტრმა ბულგანინმა სტალინს დაუსახელა სხვა უამრავი ფაქტიც, რომლებიც საოლქო კომიტეტში ნახა და მოისმინა ჟუკოვის დიქტატორული მანერების შესახებ. მინისტრმა გადაწყვიტა, დაემთავრებინა მოხსენება და დასკვნით ნაწილში განაცხადა:

_ ადგილობრივ ხელმძღვანელობას არავითარი ძალაუფლება არ აქვს. ხალხმა იცის, ვინ წყვეტს საკითხებს და ამიტომ უბრალო საკითხზეც კი ჟუკოვთან მიდიან შტაბში.

_ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ დანაშაულთან ბრძოლაზე?

_ დანაშაულთან ბრძოლის თაობაზე უნდა მოგახსენოთ, რომ უეცარი შემოწმებების შედეგად, რა თქმა უნდა, დანაშაული შემცირდა და ხალხიც უფრო უსაფრთხოდ გრძნობს თავს. სისხლის სამართლის დამნაშავეები თითქმის ფსკერზე არიან დაშვებულნი. ზოგიერთის აზრით, ჟუკოვმა შეძლო ის, რაც ვერ შეძლო მილიციამ და საოლქო კომიტეტმა. მან გაწმინდა ქუჩა დამნაშავეებისგან, ეს უთუოდ ასეა, მაგრამ ეს განა სამხედრო ოლქის საქმეა?

_ სანამ თქვენ ოდესაში იყავით, აქ ჩვენც ვამოწმებდით რაღაცებს.

ბულგანინი შეკრთა, _ ამოწმებდნენ შემმოწმებლებს?

სტალინი მიხვდა, რომ მინისტრმა თავის თავზე მიიღო მისი ნათქვამი და დააიმედა, რომ ეს შემოწმება მას არ ეხებოდა.

ბულგანინი ფიქრობდა, ვის მიმართ უნდა ყოფილიყო ეს შემოწმება ჩატარებული, მაგრამ სტალინი თავისი ნათქვამის განმარტებას არ ფიქრობდა.

ბოლოს სტალინმა ბულგანინს სთხოვა, ყველაფერი, რაც მას სიტყვიერად მოახსენა, წერილობით წარმოედგინა.

სტალინი წამოდგა, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ აუდიენცია დამთავრდა.

მარტო დარჩენილი სტალინი თავის სეიფთან მივიდა, კარი დინჯად გამოაღო და ხელში აიღო თხელი საქაღალდე რამდენიმე ფურცლით.

სტალინის სიკვდილის შემდეგ სწორედ ეს საქაღალდე აღმოჩნდა მის პირად არქივში, რომელიც გულდასმით წაიკითხა ხრუშჩოვმა და მისივე ბრძანებით ჩაიდო კონვერტში, შემდეგ კი დალუქეს, დაადეს გრიფი “სრულიად საიდუმლოდ” და სტალინის პირად არქივში შეინახეს. ხრუშჩოვის გადაყენების შემდეგ კონვერტი გახსნა და საიდუმლო დოკუმენტი წაიკითხა ლეონიდ ბრეჟნევმა, რომელმაც ასევე დალუქა ის და შთამომავლობას შეუნახა.

ასე წაიკითხა ყველა შემდგომმა გენერალურმა მდივანმა დალუქულ კონვერტში ჩადებული ეს გასაიდუმლოებული დოკუმენტი, რომელსაც პოლიტბიუროს არც ერთი სხვა წევრი არ გასცნობია.

დღეს ამ მეტად ღირსშესანიშნავ დოკუმენტს გრიფი “სოვ. სეკრეტნო” (“სრულიად საიდუმლოდ”) მოხსნილი აქვს და ასე სათაურდება:

საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭო. ამხანაგ სტალინს”.

გრიგოლ ონიანი

გაგრძელება იქნება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here