Home რუბრიკები საზოგადოება როდესაც ქართველობის გრცხვენია…

როდესაც ქართველობის გრცხვენია…

1276

არის მომენტები, როდესაც ადამიანს თავისი ეროვნების შერცხვება. ეს არ არის ლიბერალური ლაქლაქი, საკუთარი ერის შეურაცხყოფით თვითგანდიდების მცდელობა, არამედ რეალური განცდაა, რომელიც, ვფიქრობ, ამ რეპლიკის წაკითხვის შემდეგ ბევრს ჩემსავით დაეუფლება.

ქართველები ვტრაბახობთ ჩვენი გმირი წინაპრებით, ყოველ სუფრასთან მათი შესანდობარი სადღეგრძელო ისმის, მაგრამ რას ვაკეთებთ მათი ჯეროვანი პატივისცემისთვის? როგორც ირკვევა, არც არაფერს! ან, ასე ვთქვათ: საქართველოში ხდება გმირების დიფერენცირება ისტორიის გადახედვის გზით, ამ პროცესში კი ნამდვილი გმირების ხსოვნა ხშირად არის შებღალული.

ჩემ მიერ 2009 წელს დაარსებული ორგანიზაცია “ევრაზიის ინსტიტუტი”, გარკვეული ხანია, სხვა საკითხებთან ერთად, დაკავებულია ისტორიული საძმო სასაფლაოებისა და მონუმენტების შეკეთება-რესტავრაციით. ეს საქმე ჩემი ქობულეთელი და ბათუმელი მეგობრების დახმარებით დავიწყეთ სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში იავარქმნილი ხუცუბნის საძმო სასაფლაოთი, რომელზეც განისვენებენ 1878 წლის იანვარში, რუსეთ-ოსმალეთის ომის მიმდინარეობისას, ციხისძირის ბრძოლაში დაღუპული რუსი და ქართველი მეომრები. საბჭოთა კავშირის პერიოდში, შემდგომაც, ასლან აბაშიძის მმართველობისას, ამ ადგილს უვლიდნენ და ხშირად მოსწავლეებიც ამოჰყავდათ, ისტორიასთან უშუალო შეხების მიზნით, მაგრამ ნაცებმა ახალგაზრდებს ბუჩქებისკენ მიუთითეს და მსგავსი ღონისძიებები დავიწყებას მიეცა. ჩემი უფროსი მეგობრის, ბათუმელი იურისტის _ სოსო ქორიძის იდეა იყო ამ სასაფლაოს შეკეთება. ხუცუბნის ცენტრში, რომ იტყვიან, “ბედზე” შევხვდით და გავიცანით ადგილობრივი მკვიდრი, ბატონი ოთარ თხილაიშვილი, რომლის ვაჟი, იმედა თხილაიშვილი, და მისი ოჯახი სულითა და გულით ამოგვიდგნენ მხარში ამ კეთილი საქმის განსახორციელებლად. ადგილობრივი გამგეობისა და მოსახლეობისგან სრული მხარდაჭერა მივიღეთ და საქმესაც შევუდექით. შედეგი არის ის, რომ პატივი მივაგეთ გმირებს (სხვათა შორის, ციხისძირის ბრძოლა უთანასწორო იყო და იგი გამოირჩეოდა იმით, რომ უამრავი რუსი და ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა ამ ბრძოლაში, რომელიც ომის ბოლო ეტაპს წარმოადგენდა), მაგრამ, ამასთანავე, ამის შესახებ შეიტყვეს რუსეთშიც და იქ მცხოვრებთაგან უამრავი მადლობის წერილი მივიღეთ. ინტერნეტში რამდენიმე რუსმა პოლიტოლოგმა, ასევე რიგითმა რუსებმა, გააშუქეს ეს მოვლენა და აღნიშნეს ქართველების ზრუნვა ისტორიაზე, რუსი ჯარისკაცების ხსოვნაზე… ანუ რეალურად გაკეთდა ის, რომ რუს საზოგადოებაში განმტკიცდა საქართველოს, ქართველების იმიჯი. ბევრი არ ელოდა, რომ ქართველი საზოგადოება ამ საქმეს წამოიწყებდა ორ სახელმწიფოს შორის არსებული პოლიტიკური სირთულეების ფონზე.

დღესაც განვაგრძობთ ამ საქმიანობას ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში. ეს ფარგლები კი ძალიან შეზღუდულია, თუმცა არ ვწუწუნებთ და ვმუშაობთ, მაგრამ დგება მომენტები, როდესაც მუშაობის ხალისიც ნელდება და, როგორც ამ რეპლიკის სათავეში აღვნიშნე, საერთოდ, მრცხვენია ჩემი ეროვნებისა. საქმე ის არის, რომ ვნახულობ ხსოვნის ისე განადგურებულ ადგილებს, სასაფლაოებს, რომ სხვა განცდა არ მეუფლება, გარდა სირცხვილისა. სურათებზე ხედავთ, როგორ არის დალეწილი ერთ-ერთი საძმო სასაფლაოს მონუმენტი, კერძოდ, მარმარილოს დაფები. დიდი სამამულო ომის მებრძოლთა ეს სასაფლაო მდებარეობს ერთ ლამაზ სოფელში, რომელსაც არ დავასახელებ, რადგან ეს მხოლოდ ამ სოფლის პრობლემა არ არის და არც მხოლოდ ამ სოფლის სირცხვილია. ეს არის მთელი საქართველოს პრობლემა და სირცხვილი. მიუღებელია, როდესაც ჩვენი სახელმწიფო ფეხებზე იკიდებს მეორე მსოფლიო ომის მონუმენტებსა და საფლავებს, მაგრამ საერთოდ გასაგიჟებელია დაღუპულ გმირთა მიმართ ასეთი ვანდალური დამოკიდებულება. რასაც ფოტოებზე ხედავთ, არ არის მხოლოდ მოუვლელობის შედეგი, ქვები და მათზე ამოტვიფრული გვარსახელები განზრახ არის დაზიანებული. სავარაუდოდ, ამას შვრებოდნენმოქეიფე ბიჭები”, რომლებიც ამ ადგილზე ღრეობას აწყობდნენ. ძნელია დადგენა, კონკრეტულად ვინ და რატომ აკეთებდა ამას, იდო თუ არა ამ ვანდალიზმში პოლიტიკური მოტივი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/gomboris1.jpg

ამ კონკრეტული სოფლის გამგეობა შემხვდა და დიდი სიხარულიც გამოხატა იმის გამო, რომ ჩვენ მონუმენტის შეკეთებას ვაპირებთ. დაგვპირდნენ, სამუშაოების ჩატარების შემდეგ ეს ადგილი დაცული და მოვლილი იქნებაო. თუმცა ხარჯი ძალიან დიდია. ამ საქმეს ჩვენი ინსტიტუტის ძალებით ვერ გავწვდებით. სახელმწიფოს დახმარებაც არარეალურად მეჩვენება. დარჩა ერთი ვარიანტი _ მიმემართა ჩემი რუსი მეგობრებისთვის, რომლებიც ასეთი საქმისთვის თანხებს არ იშურებენ (ჩვენგან განსხვავებით), მაგრამ შემდეგ ვიფიქრე, რომ არ ივარგებდა, ეს დიდებული ადგილი, რომელიც ჩვენი ეროვნული სირცხვილის ადგილად ქცეულა, მხოლოდ რუსი მეგობრების დახმარებით აღმედგინა, ამიტომ მივმართე ერთერთ ქართველ ბიზნესმენს, მაგნატს, რომელიც დიდი ხანია, პოლიტიკაში ჩართულია და პატრიოტული რიტორიკით გამოირჩევა. სწორედ მას მივაკითხე, მაგიდაზე დავულაგე დანგრეული მონუმენტის სურათები და, სულ რაღაც, 3-4 ათასი ლარის საშენი მასალა ვთხოვე. თან ავუხსენი, ამ საქმის გაკეთებაში რუსი მეგობრები დამეხმარებიან, მაგრამ ჩვენ, ქართველებმა, იქნებ გავიღოთ მცირედი მაინც, რომ ეს სამარცხვინო ლაქა რამენაირად ჩამოვირეცხოთ-მეთქი. ფრიად საინტერესო პასუხი მივიღე: სად მაქვს ფული, თანაც ახლა არჩევნებიაო

სირცხვილის განცდა გამიორმაგდა, მაგრამ არ ვნანობ, რომ ასეთი თხოვნით მივმართე “პატრიოტ” ბიზნესმენს, რადგან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოცდილება შევიძინე პოლიტიკოსების თვალთმაქცობასა და ყალბ პათოსზე. მიუხედავად ამისა, იმედს არ ვკარგავ, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი კიდევ არსებობს.

ვიცი, რომ “საქართველო და მსოფლიოს” უამრავი ნამდვილი პატრიოტი კითხულობს და მოვუწოდებ ყველა მათგანს, გავაერთიანოთ ძალისხმევა და სრულიად საქართველოში დავიწყოთ დიდი სამამულო ომისადმი მიძღვნილი მონუმენტებისა და სასაფლაოების რესტავრაცია და მოვლა-პატრონობა; ამ პროცესში აუცილებლად ჩავრთოთ ახალგაზრდობა. ეს ყველაზე კარგი საშუალება იქნება დღევანდელ განათლების სისტემაში დანერგილი ანტიეროვნული და ანტიქრისტიანული ვირუსის გასანეიტრალებლად.

გულბაათ რცხილაძე

1 COMMENT

  1. რა გიკვირთ! როდესაც უნივერსიტეტში ლიტერატური ისტორიის სწავლების დროს პროფესორი პათეთიკურ კითხვას სვავს აუდიტორიაში – კვდებოდნენ, მაგრამ ვისი გულისთვის?! (გულისხმობდა – საბჭოეთის პოლიტიკას).

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here