Home რუბრიკები საზოგადოება აჭარის გათავისუფლების ხსოვნის უკვდავსაყოფად

აჭარის გათავისუფლების ხსოვნის უკვდავსაყოფად

1143

როდის და ვისგან გათავისუფლდა აჭარა? _ “ნაციონალური მოძრაობისხელისუფლება მიიჩნევდა, რომ მიშამ გაათავისუფლა აჭარა 2004 წელს, როდესაც ასლან აბაშიძე გააძევა იქიდან, მაგრამ აჭარის საზოგადოებრიობა ამ კუთხის გათავისუფლებას 25 აგვისტოს აღნიშნავს, როცა 1878 წლის 25 აგვისტოს, ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით, ბათუმში შევიდა რუსული ჯარი, რომლის შემადგენლობაში მრავალრიცხოვანი ქართველი მოლაშქრეებიც იყვნენ.

“ბათუმის ციტადელზე აღმართულმა რუსეთის დროშამ და ქვემეხების 101 სალუტმა მოსახლეობას ამცნო, რომ ეს მხარე დედასამშობლოს _ საქართველოს დაუბრუნდა”, _ ვკითხულობთ ისტორიულ ცნობაში, რომელიც ბროშურად დაბეჭდა ევრაზიის ინსტიტუტმა. ბროშურა ბათუმში დარიგდა 2016 წლის 25 აგვისტოს მიტინგზე, რომელიც კათოლიკური ეკლესიის წინ, ბარათაშვილის ქუჩის ლამაზ სკვერში ჩატარდა. აქ შეიკრიბნენ ბათუმის ინტელიგენცია და საზოგადოება, აგრეთვე, საქართველოს სხვა კუთხეებიდან ჩამოსული სტუმრები.

ჯერ კიდევ შარშან სკვერში დამონტაჟებული ბანერი გვამცნობს, რომ ამ ადგილზე აღიმართება “აჭარის გათავისუფლების” მემორიალი, რომელიც, კარგა ხანია, მზად არის, მაგრამ აჭარის დედაქალაქის ხელისუფლება მის დადგმას რაღაც მიზეზებით აჭიანურებს. ოთხმეტრიანი მემორიალი, რომელიც ბუნებრივი გრანიტისგან შედგება, პირამიდის ფორმისაა და რამდენიმე სიბრტყე აქვს. გრანიტზე ამოტვიფრულია თარიღი “1878 წლის 25 აგვისტო”, როგორც საქართველოში აჭარის დაბრუნების დღე. მემორიალი შეიქმნა ბათუმელი პროფესორის _ ნიაზ ბოლქვაძის ინიციატივით, აჭარისა და დანარჩენი საქართველოს მოსახლეობის შემოწირულობების ხარჯზე.

ბათუმს არ ჩამორჩება ქობულეთი. ჯერ კიდევ 2 წლის წინათ იურისტ სოსო ქორიძის ინიციატივით, ევრაზიის ინსტიტუტმა ყურადღება მიაქცია სოფელ ხუცუბნის საძმო სასაფლაოს, სადაც განისვენებენ აჭარის გათავისუფლებისთვის მებრძოლი რუსი ჯარისკაცები. ისინი 1878 წლის 18 იანვარს დაიღუპნენ. საქართველოში “ვარდების” ხელისუფლების ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში სასაფლაო მოუვლელი იყო _ კედელი ინგრეოდა; ორი მონუმენტი, 1903 წელს დადგმული, ეროზიისა და მექანიკური დაზიანებებისგან იშლებოდა; მიწა სავსე იყო სარეველით. ევრაზიის ინსტიტუტისა და ადგილობრივი მცხოვრებლების ძალისხმევით, ხუცუბნის სასაფლაო ნაწილობრივ შეკეთდა და კეთილმოეწყო, შემდეგ საქმეში აჭარის თანამემამულეთა საზოგადოებაც (ა. გოგიტიძე) ჩაერთო. საძმო სასაფლაოს კედელზე 2014 წელს დამონტაჟდა დაფა წარწერით: მადლიერი აჭარა არ დაივიწყებს განმათავისუფლებლებს”.

ქობულეთში კიდევ ერთი ანალოგიური სასაფლაო არსებობდა 1900-იანი წლების დასაწყისში დადგმული ორი მონუმენტით. სოფელ ბობოყვათში, ზღვასთან, პრეზიდენტის რეზიდენციის გვერდით, დაკრძალულნი არიან 1878 წლის 18 იანვრის ბრძოლებში დაღუპულები. ეს სასაფლაო რატომღაც განადგურდა 1920-იან წლებში. სამარხების ზუსტი ადგილის დადგენა რამდენიმე ჰექტარ მიწაზე ზღვასთან, სადაც კომერციული ინტერესებიც იკვეთება, შეუძლებელია სპეციალური სამძებრო სამუშაოების ჩატარების გარეშე. საქართველოში კი იმგვარი მაძებარი ჯგუფები არ გყვავს, როგორიც არიან რუსეთში. სამაგიეროდ, ქობულეთის ინტელიგენციის წარმომადგენლები ხელისუფლებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ყურადღებას ამახვილებენ არსებულ პრობლემაზე. ჟურნალისტი ნუგზარ ჟორდანია, უკვე დიდი ხანია, იკვლევს აჭარის ისტორიის სხვადასხვა საკითხს, მათ შორის, 1877-78 წლების ბრძოლებს. ბატონმა ნუგზარ ჟორდანიამ ბობოყვათის ყოფილ სასაფლაოს რამდენიმე სტატია მიუძღვნა, არქივებიდან ამოიღო 1903 წლის ფოტოები, რომლებზეც ასახულია ხუცუბნის სასაფლაოს ანალოგიური მონუმენტები. აღნიშნული მონუმენტები თავის დროზე ხუცუბანსა და ბობოყვათში გენერალმა რებინდერმა დადგა რუსეთ-ოსმალეთის ომის დასრულების 25 წლისთავის გამო და ამ ომში აჭარის მონაკვეთზე დაღუპულთა პატივსაცემად.

ქობულეთის საზოგადოებრიობაში მომწიფდა აზრი, რომ ყოფილი სასაფლაოს ტერიტორიაზე უნდა გაკეთდეს ტყე-პარკი. სოსო ქორიძის ზრუნვის შედეგად ევრაზიის ინსტიტუტის მხარდაჭერით, ქობულეთი-ბათუმის ტრასაზე დამონტაჟდა საინფორმაციო ბანერი, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ოდესღაც საძმო სასაფლაო არსებობდა. აქვე დაიდგა 1.70-მეტრიანი ქვა, რომელზეც დამაგრდება ლითონის თითქმის ორმეტრიანი ჯვარი, აგრეთვე, ამოიტვიფრება წარწერა მარადიული დიდება აჭარის განმათავისუფლებლებს”.

“ძალზე ბედნიერი ვარ, რომ აჭარის საზოგადოებრიობა ასე აქტიურად მონაწილეობს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებაში. გულითადად ვუხდი მადლობას ჩემს უფროს კოლეგებს _ სოსო ქორიძესა და ნუგზარ ჟორდანიას, აგრეთვე, ბათუმის მცხოვრებს, ბატონ რაულ მელაძეს, რომელიც ბობოყვათის სამუშაოებს ასრულებს, რომელმაც დაამონტაჟა ბანერი, იპოვა შესანიშნავი ქვა ძეგლისთვის და ეს ქვა მდინარის ხეობიდან აქამდე თვითონ მოიტანა. შევეცდებით, ყოველმხრივ კეთილმოვაწყოთ ეს ადგილი და ეს ხსოვნა შევუნახოთ მომავალ თაობებს”, _ განაცხადა ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გულბაათ რცხილაძემ იმპროვიზებულ შეკრებაზე, რომელიც ძეგლის დადგმის ადგილას ჩატარდა.

სასურველია, რომ ქართულ-რუსული ისტორიის ძეგლებით აჭარაში ჩამოსული ტურისტებიც, განსაკუთრებით _ რუსები, დაინტერესდნენ და პატივი მიაგონ დაღუპულ გმირებს.

ევრაზიის ინსტიტუტისპრესსამსახური

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here