Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ ვერ შესწვდება კატა ძეხვს?

რატომ ვერ შესწვდება კატა ძეხვს?

1014

ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური მეტამორფოზი

როდესაც ორგზის იყავით პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტის მოვალეობის 40-იოდე დღით შემსრულებელი, ალბათ, ეშმაკსაც მიჰყიდდით სულს, ეს ოხერიმოვალეობის შემსრულებელიგავარვარებული შანთით რომ ამოგეწვათ ბიოგრაფიიდან, რომელიც ქვას გახეთქავდა, რომ არა ისევ და ისევ ეს ტიალიმოვალეობის შემსრულებელი”. ეშმაკისთვის სულის მიყიდვაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ პოლიტიკოსების ერთი ნავიდან მეორეში გადახტომას, ქამელეონივით ფერის შეცვლას, ანუ მრწამსისა და ორიენტირების შეცვლას კონიუნქტურის მიხედვით საქართველოს მოსახლეობა უკვე მიეჩვია. დღეს ერთს ამბობენ, ხვალ, თუ დასჭირდათ _ მეორეს და, საითაც ქარი დაუბერავს, იქით შეტრიალდებიან ფლიუგერივით, რათა პირადი სარგებელი ნახონ. ადრე არჩეული პოლიტიკური ორიენტირები, შეფასებები და ხალხისთვის მიცემული დაპირებები კი აღარ ახსოვთ.

მაგალითად, ადრე სააკაშვილისა და “რუსთავი 2”-ის მაგინებელ ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილს ახლა “რუსთავი 2”-სა და აშშ-ზე ამოსდის მზე და მთვარე. ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა ლევან მამალაძემ კი, რომელიც წლების წინათ საქართველოს თავსდატეხილ ყველა უბედურებაში რუსეთს ადანაშაულებდა, აზრი შეიცვალა და ცდილობს, დაგვარწმუნოს, რომ მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება გადაარჩენს საქართველოს. ასეთივე მეტამორფოზი განიცადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ამჟამად “დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს” ლიდერმა, ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემაც, რომელსაც, ბიოლოგიური მამის გარდა, პოლიტიკური მამაც ჰყავდა _ ედუარდ შევარდნაძე. სწორედ შევარდნაძის ძალისხმევით მიიღო მან პოლიტიკური ნათლობა (მართლმადიდებლურიც _ 1984 წელს).

საგულისხმოა, რომ დღეს ნინო ბურჯანაძე უბლოკო სტატუსის (ნეიტრალიტეტის) დაკანონებას ითხოვს და აცხადებს, რომ პუტინი საქართველოს მტრად არ მიაჩნია. არადა, რამდენიმე წლის წინათ, სანამ სააკაშვილი თავისი გარემოცვიდან გააძევებდა, ამბობდა, რომ “ნეიტრალიტეტი საქართველოსთვის გამოსავალი არ არის”; რომ: რაც შეეხება სახელმწიფო ნეიტრალიტეტის პოლიტიკას _ დიახ, დღესაც ვიმეორებ, რომ ის არარეალურია საქართველოსთვის მისი გარემოცვის გამო. სხვაგვარად, სახელმწიფო ნეიტრალიტეტის პოლიტიკა ნებისმიერი პატარა სახელმწიფოსათვის, სამართლებრივი თვალსაზრისით, ძალიან მიმზიდველია. მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოს გეოსტრატეგიული მდგომარეობა ნეიტრალურ სტატუსზე რეალური საუბრის საშუალებას არ იძლევა”; და რომ ჩვენ აუცილებლად გავხდებით ნატოს წევრი. ბურჯანაძე იმხანად მტრულ სახელმწიფოდ მოიხსენიებდა რუსეთს და იმედოვნებდა, რომ ამ ქვეყნის ხელმძღვანელობა მალე შეიცვლებოდა, ხოლო პოსტპუტინური მოსკოვი შეძლებდა სააკაშვილის სიდიადის ჯეროვნად შეფასებას.

როდესაც საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და პრეზიდენტობის მოვალეობის ყოფილმა შემსრულებელმა სააკაშვილის ძაგება დაიწყო და პირი ჩრდილოეთისკენ იბრუნა, ერთ-ერთ ინტერვიუში საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო “საქინფორმის” რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა მას პირდაპირ განუცხადა:

_ კვლავაც შეგახსენებთ თქვენს ინტერვიუს “რია ნოვოსტისთან” და ორიოდ ციტატას მოვიყვან: არცთუ დიდი ხნის წინათ, როცა მოსკოვის ქუჩებში მივაბიჯებდი, შეგრძნება მქონდა, რომ მტრულ სახელმწიფოში ვიმყოფებოდი. და ეს განცდა ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყოეს ვუთხარი კიდეც, სამწუხაროდ, იმ მცირეთაგან ერთ რუს პოლიტიკოსს, რომლებიც გულწრფელად ცდილობენ რუსეთსაქართველოს ურთიერთობებში გარკვევას. მოდი, ასე ვთქვათ: არც მტრები ვართ და არც მეგობრებიმაგრამ კომფორტულად რუსეთსა და მოსკოვში თავს მანამდე ვერ ვიგრძნობ, სანამ ჩემი ქვეყნისთვის ყველაზე რთული საკითხები არ გადაწყდება, სანამ რუსეთი, რომელსაც შეეძლო აფხაზური და სამხრეთოსური პრობლემების დარეგულირების ხელშეწყობა, არაფერს აკეთებს ამისათვის და ზოგჯერ პირიქითაც იქცევა! ვიმედოვნებ, რომ რუსეთში არჩევნებისა და ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ შესაძლებელი იქნება კურსის შეცვლა, მით უფრო, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა (მიხეილ სააკაშვილმა. – . .) თავად შესთავაზა ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესებაზე აქტიური და რეალური მუშაობა”…

პოლიტიკურ ფერისცვალებასა და მეტამორფოზებში გაწაფულმა პარლამენტის ექსსპიკერმა ციტატების პირდაპირ განმარტებას თავი ოსტატურად აარიდა და გაუგებარი ტირადით შემოიფარგლა. თუმცა, სანამ ბურჯანაძის მეტამორფოზის ანატომიას განვიხილავთ, მისი ბიოგრაფია გავიხსენოთ:

1992 წელს მან საგარეო ურთიერთობების საპარლამენტო კომიტეტის კონსულტანტად დაიწყო მუშაობა. 1995 წელს კი შევარდნაძის “მოქალაქეთა კავშირის” სიით პარლამენტში დეპუტატად შევიდა, რეკომენდაცია ზურაბ ჟვანიამ გაუწია, ალბათ, იმის გამო, რომ ბურჯანაძეების ოჯახი ახლოს იყო შევარდნაძესთან. თუმცა, ზურაბ ჟვანიას ტრაგიკულად დაღუპვაზე ნინო ბურჯანაძეს რეაქცია არ ჰქონია, უფრო ზუსტად, მხარი დაუჭირა ოფიციალურ ვერსიასუბედური შემთხვევისშესახებ, მიუხედავად იმისა, რომ, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის აზრით, ყოფილი პრემიერმინისტრი ძალადობრივი გზით არის დაღუპული.

აღსანიშნავია, რომ ნინო ბურჯანაძე მწყრალად არის ცნება “მადლიერებასთან”. 2008 წელს ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 80 წელს აღნიშნავდნენ. მათ შორის, ვინც დიდი მწერლის ხსოვნას პატივს მიაგებდა, იყო ედუარდ შევარდნაძეც. მასთან ბევრი მივიდა მისასალმებლად და სასაუბროდ, ნინო ბურჯანაძე კი ერთადერთი იყო, ვინც გამარჯობის თქმაც კი არ ისურვა. და ეს მას შემდეგ, რაც მისმა ნათლიამ ბურჯანაძეების ოჯახისა და პირადად მისთვის გააკეთა.

ნინო ბურჯანაძემ სააკაშვილთან კავშირი 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გაწყვიტა, როდესაც ნაციონალებმა უფლება არ მისცეს, სიაში თავისი მომხრეები შეეყვანა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი პარტია “დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველო” შექმნა და პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა.

2007 წლის 7 ნოემბრის აქციების სასტიკი დარბევა, როცა სააკაშვილის რეჟიმმა ცრემლმდენი აირი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური იარაღი და წყლის ჭავლი გამოიყენა, ნინო ბურჯანაძემ, 9 ნოემბერს, პარლამენტის ტრიბუნიდან ასე შეაფასა:

“ქვეყანამ გაიმარჯვა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ქვეყანამ გაიმარჯვა, ქვეყანამ გაუძლო ძალიან დიდ გამოცდას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან მოკლე ვადებში გადავა აბსოლუტურად ნორმალურ რეჟიმში და ჩვენ, ერთხელ და სამუდამოდ, ამაყად ვიტყვით, რომ ქვეყანა შედგა…

ეს იყო მცდელობა ულტიმატუმისა, ეს იყო მცდელობა ცალკეული პოლიტიკური ძალების დაშანტაჟებისა, ნებსით თუ უნებლიეთ, ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდა ჩართული იმ პროცესებში, რომლებსაც ძალიან კონკრეტული გვარი და სახელები მართავდნენ (ძალიან კონკრეტულ ქვეყანაში გულისხმობს რუსეთს. _ ავტ.) და ძალიან კონკრეტული ძალების ინტერესში შედიოდა ის, რომ ქვეყანაში ყოფილიყო არასტაბილურობა(პრესა.გე).

ეს მგზნებარე გამოსვლა სააკაშვილმა სათანადოდ დაუფასა ქალბატონ ნინოს და მას, 2008 წლის 19 მაისის ბრძანებით, დაბა წყნეთში, სამთავრობო ტერიტორიაზე მდებარე მილიონებად შეფასებული შენობა-ნაგებობები 1 ლარად გადასცა, მაგრამ, როცა მათ შორის ურთიერთობა გამწვავდა, ჩამოართვა.

ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური ფლიუგერიზმის ნათელი მაგალითია მისი ადრინდელი და ამჟამინდელი შეფასებები ამა თუ იმ საკითხსა თუ მოვლენაზე:

ვარდების რევოლუციასადა სააკაშვილის რეჟიმზე

აი, რა განაცხადა ნინო ბურჯანაძემ 2006 წლის 10 თებერვალს უკრაინული ტელეარხის გადაცემა “შუსტერ ლაივში”, რომელშიც, აგრეთვე, მონაწილეობდნენ უკრაინელი დეპუტატები: ალა ალექსანდროვსკაია, რომან ზვარიჩი, ევგენი კუშნარიოვი და რუსეთის სათათბიროს დეპუტატი დიმიტრი რაგოზინი:

ჩამოდით საქართველოში და ნახეთ, რა გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ, რა გააკეთა პრეზიდენტმა, პარლამენტმა, რა გავაკეთეთ ჩვენ, ყველამ ამ ორი წლის განმავლობაში. ჩვენ 5-ჯერ გავზარდეთ ბიუჯეტი, საქართველოში პრაქტიკულად დაინგრა კორუფციის ინსტიტუტი. ჩვენ პირველად 15 წლის განმავლობაში, უფრო მეტის, დავიწყეთ ინფრასტრუქტურის აშენება, დავიწყეთ გზების დაგება, წელს პირველად დავიწყეთ ტურისტების მიღება, იმაზე მეტი ტურისტის, ვიდრე საბჭოთა პერიოდში აჭარაში ჩამოდიოდა და ქართველებს აღარ მოუწევთ, მილიონობით და ასეულათასობით წავიდნენ რუსეთში ლუკმაპურის თანხის საშოვნელად _ ექიმებს, მასწავლებლებს”…

2013 წლის 24 ივნისს კი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში “ნაციონალური მოძრაობის” ღვაწლი ასე შეაფასა:

ნაციონალური მოძრაობაწარმოადგენს დანაშაულებრივ ორგანიზაციას და ეს ორგანიზაცია უნდა აიკრძალოს. უნდა დადგეს ამ ორგანიზაციის პოლიტიკური და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. უნდა გასამართლდნენ არა მარტო ისინი, ვინც ასრულებდა დავალებებს, არამედ ისინიც, ვინც იყო დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელი, ორგანიზატორი, ვინც იდეოლოგიური საფუძველი შეუქმნა ამ სისტემას (presa.mediamail.ge)

ნატოზე

მინდა, რიტორიკული კითხვა დავუსვა ბატონ რაგოზინს: თუ ნატო მომაკვდავი ორგანიზაციაა, რატომ ღელავთ, როდესაც საქართველო და უკრაინა ამ ორგანიზაციასთან მიერთებას ცდილობენ? თუკი მოკვდება, რისთვის ნერვიულობს რუსეთი და მუდმივად აკრიტიკებს ნატოს?” (“შუსტერ ლაივი”, 2006 წლის 10 თებერვალი).

ამ განცხადების შემდეგ, უკვე 2015 წელს, ტელეარხ “ენ-ტე-ვესთვის” მიცემულ ინტერვიუში ნინო ბურჯანაძე ამბობს:

“ჩემი აზრით, რაც ახლა ხდება საქართველოში, რომ სახელმწიფოს მთავარ მიზანს ნატოში ან ევროკავშირში გაწევრება წარმოადგენს, არის ფუნდამენტურად არასწორი. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ნატოში არავინ გველოდება და არავინ მიგვიღებს. ნატოში გაწევრებაზე საუბარი არ არის რეალისტური და არ შედის საქართველოს ინტერესებში(timer.ge. 2015 წლის 10 ივლისი).

ეს კი ახლახან, ამა წლის 10 მაისს, განაცხადა “ჯი-დი-ეს”-ის ეთერში:

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/a1255376695.jpg

ამ ეტაპზე საქართველოს არ აქვს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლის შანსი. მთელი მსოფლიო, ობამადან დაწყებული და ელჩებით დასრულებული, ყველა გვეუბნება, რომ ჩვენ ნატოში არ მიგვიღებენ, მაგრამ მაინც ვლაპარაკობთ, რომ მიგვიღებენ. ეს მასობრივი ფსიქოზია. არანაირი წევრობა არ იქნება. ეს გამორიცხულია”.

ყირიმის ნახევარკუნძულზე

გამოცემა Unian.net-ისთვის 2008 წლის 26 აგვისტოს მიცემულ ინტერვიუში ჟურნალისტის შეკითხვაზე _ რეალურია ყირიმში სამხედრო სცენარის გამეორება?” ბურჯანაძის პასუხი ასეთია:

ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა განაგრძობს ადეკვატურ რეაგირებას რუსეთის ქმედებებზე და საქმე აქამდე არ მივა. ჩვენ, ყველას, განგაში უნდა აგვეტეხა, როცა რუსეთის პრეზიდენტმა თავის ამერიკელ კოლეგას უთხრა, რომ რუსეთს შეუძლია ორ ან სამ ნაწილად გაყოს უკრაინა. ასეთი რაღაცების უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება”.

ეს კი 2015 წლის 14 მარტს გაზეთ “კომსომოლსკაია პრავდისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: ყირიმი რუსეთის ტერიტორიაა, მოსწონს თუ არა ეს ვინმეს”.

რუსეთზე

რაც შეეხება რუსეთის ადგილს G-8-ში, მე თუ მკითხავთ, იქ მისი ადგილი არ არის. მიმაჩნია, რომ დასავლეთმა შეცდომა დაუშვა, რომ თქვენ ამ ორგანიზაციას თავმჯდომარეობთ, რადგან ამ ორგანიზაციის წევრად იღებენ არა დიდ სახელმწიფოებს, ჩინეთი ხომ თქვენზე დიდია, არამედ ეკონომიკური განვითარების მიხედვით, თქვენ კი ამ სტანდარტებს არ შეესაბამებით. სამწუხაროდ, იმის მიუხედავადაც კი, რომ რუსეთშია მენდელეევის ცხრილი მთლიანად, არ შეესაბამებით, აგრეთვე, დემოკრატიული საზომითაც (“შუსტერ ლაივი”, 2006 წლის 10 თებერვალი).

ამას ამბობდა წლების წინათ ნინო ბურჯანაძე, რომელიც სააკაშვილთან დაპირისპირების შემდეგ თითქმის ყოველწლიურად სტუმრობს მოსკოვს და ცდილობს, ერთგულება დაუმტკიცოს კრემლს.

აი რა განაცხადა მან ახლახან, 2016 წლის 1 მარტს, ტელეკომპანია “ტვ პირველის” ეთერში: მიმაჩნია, რომ ქართულრუსული ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური საკითხების მოსაგვარებლად, განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ის პრობლემები, რომლებიც ისედაც გააჩნია ორი ქვეყნის ურთიერთობებს, ჩვენი უმაქნისი ხელმძღვანელობის პირობებში არ გაუარესდეს. ეს ჩემი ამოცანაა და, რა თქმა უნდა, როდესაც მოსახლეობა სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს და მე მოვალ ხელისუფლებაში, ყველა არსებულ პრობლემას ეტაპობრივად მოვაგვარებ(sputnic-georgia.com).

აი, ასე _ ჯერ ლანძღავდა რუსეთს და ევროპულ სტანდარტებთან შეუსაბამოს უწოდებდა, ახლა კი ამ ქვეყანასთან ურთიერთობის მოგვარებას “განსაკუთრებით მნიშვნელოვნად” მიიჩნევს.

 სინონიმები _ “რუსეთიდამტერი

ნიშანდობლივია ნინო ბურჯანაძის მიერ გამოცემა Unian.netისთვის 2008 წლის 28 აგვისტოს მიცემული ინტერვიუ, რომელშიც პარლამენტის ექსსპიკერი მისთვის დამახასიათებელ პოლიტიკურ ფლიუგერიზმს ავლენს. ეს, ალბათ, იმიტომ, რომნაცმოძრაობასთანურთიერთობა ახალი გაწყვეტილი ჰქონდა და ვარაუდობდა, რომ ომში დამარცხებულ სააკაშვილს კვლავ დასჭირდებოდა.

“ამჟამად ძალიან ბევრი ქართველისთვის, შეიძლება ითქვას, უმრავლესობისთვის, სიტყვა რუსეთი და მტერი სინონიმებია… რუსეთმა მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ უგულებელყოფს საერთაშორისო სამართალსმან თავი წარმოაჩინა როგორც არაცივილიზებულმა სახელმწიფომ, რომელიც პატივს არ სცემს საერთაშორისო საზოგადოებას, მეზობლურ ურთიერთობებს”.

2015 წლის 5 მარტს კი “რუსთავი 2”-ისთვის მოსკოვიდან, კრემლის ფონზე მიცემულ ინტერვიუში ნინო ბურჯანაძე ამბობს:

“განცდა მაქვს, რომ ვიმყოფები ქვეყანაში, რომელიც გავლენას ახდენს არა მარტო სამხრეთ კავკასიის ბედზე და ჩემს ქვეყანაზე, არამედ გავლენას ახდენს მსოფლიო პოლიტიკაზე და მთელი მსოფლიოს ბედზე. მაქვს განცდა, აბსოლუტურად რეალისტური შეგრძნება იმისა, რომ ეს არის უზარმაზარი ბირთვული სახელმწიფო, რომელსაც ელაპარაკება და რომელსაც ანგარიშს უწევს ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, ირანი, საფრანგეთი, გერმანია და ნამდვილად საღ გონებაზე ვარ იმისათვის, რომ კარგად მესმოდეს: მეც აუცილებლად უნდა გავითვალისწინო ეს უზარმაზარი ქვეყანა და უნდა შევეცადო, რომ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ჩემი ქვეყანა ხვალ კვლავ არ აღმოჩნდეს ომში ჩაბმული ამ უზარმაზარ სახელმწიფოსთან, ყველაფერი უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ მოუძებნო საერთო ენა ჩემი ქვეყნისა და ჩემი ხალხის ინტერესების დასაცავად”.

Unian.net-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე _ როგორ შეაფასებთ ნატოს რეაქციას საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე?” ნინო ბურჯანაძის პასუხი ასეთია:

ყველაზე მთავარია, რომ შეიქმნა ალიანსის (გულისხმობს ნატოს _ ავტ.) საბჭო საქართველოს საკითხებზე, მსოფლიოს თანამეგობრობა საქართველოს დასაცავად აღდგაეს არის რუსეთის მცდელობა, ამა თუ იმ სახით აღადგინოს ყოფილი საბჭოთა კავშირი, პოსტსაბჭოთა სივრცეზე აღადგინოს თავისი გავლენაცხადი შეიქნა, რომ რუსეთს ერთ მშვენიერ დღეს შეუძლია, დაბომბოს მეზობელი სახელმწიფო, დაარღვიოს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმა მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოსწონს რომელიღაც პრეზიდენტის მოქმედება. ხვალ რუსეთს არ მოეწონება მეზობელი ქვეყნის ხელმძღვანელის თვალების ფერი, ზეგ _ კიდევ სხვა რამ. ასე რომ, ამისგან დაზღვეული არავინ არის”.

ამ ინტერვიუს ბოლოს ჟურნალისტის კითხვაზე _ აგვისტოს ომის მიზეზების გაანალიზებისა და ხელისუფლების მიმართ კითხვების გაჩენის შემდეგ ხომ არ დადგება სააკაშვილისა და მისი გუნდის გადადგომის საკითხი? _ ნინო ბურჯანაძეს საინტერესო (და ნიშანდობლივი) პასუხი აქვს:

“ასეთი მიზანი არავის აქვს. მით უმეტეს, რომ რუსეთის უარი სააკაშვილთან დალაპარაკებაზე, ამ ქვეყნის სურვილი, შეცვალოს ხელისუფლება საქართველოში, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. არავის აქვს უფლება, ქართველ ხალხს მიუთითოს, ვინ უნდა იყოს მისი ლიდერი. რუსეთი ვალდებულია, აწარმოოს მოლაპარაკებები მათთან, ვინც ქართველმა ხალხმა აირჩია”.

ნინო ბურჯანაძემ 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად და ქართველი ხალხის მიერ არჩეულად მოიხსენია მიხეილ სააკაშვილი. არადა, იმხანად არა მხოლოდ სააკაშვილის ძირითადი კონკურენტი ლევან გაჩეჩილაძე, არამედ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევდა, რომ სააკაშვილმა არჩევნები გააყალბა და მეორე ტური აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო.

2011 წლის 9 ივლისს ნინო ბურჯანაძემ რადიოსადგურ “ეხო მოსკვის” ეთერში სკანდალური რამ განაცხადა: მიმაჩნია, რომ 2008 წლის იანვარში (საპრეზიდენტო არჩევნებში _ გ. გ.) დასავლელ მეგობრებთან ერთად საბედისწერო შეცდომა დავუშვი. ყველამ ვიცოდით, რომ მეორე ტური უნდა გამართულიყო, მაგრამ ყველამ თვალი დავხუჭეთ. მშვენივრად მახსოვსჩვენი დასავლელი მეგობრების ასეთი დაჟინებული რჩევები, განსაკუთრებით ჩემ მიმართ, რომ არავითარ შემთხვევაში არ გამოგვეცხადებინა მეორე ტური”.

ამით ბურჯანაძემ, ფაქტობრივად, აღიარა, რომ 2008 წლის ოქტომბერში საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა უცხო სახელმწიფოების მონაწილეობით, სააკაშვილმა კი პრეზიდენტის პოსტი არჩევნების ფალსიფიკაციით მიისაკუთრა, როგორც უზურპატორმა.

აქ კომენტარი, ალბათ, საჭირო არ არის, მკითხველმა თვითონ განსაჯოს, როდის იყო ქალბატონი ნინოსაღ გონებაზე” _ როდესაც რუსეთს მტერს და არაცივილიზებულ სახელმწიფოს უწოდებდა თუ მაშინ, როდესაც ამ ქვეყანას მოიხსენიებდა უზარმაზარ ბირთვულ სახელმწიფოდ, რომელიცგავლენას ახდენს მსოფლიო პოლიტიკაზე”?

ან როდის იყოსაღ გონებაზე”: როდესაც ამბობდა, რომრუსეთი ვალდებულია, აწარმოოს მოლაპარაკებები მათთან, ვინც ქართველმა ხალხმა აირჩია (სააკაშვილი _ ავტ.), თუ მაშინ, როდესაც განაცხადა, რომსაბედისწერო შეცდომადაუშვა დასავლელ მეგობრებთან ერთად, რადგან ყველამ იცოდა, რომმეორე ტური უნდა გამართულიყო”, მაგრამ თვალი დახუჭეს?!

მე ვიცი, როგორ კეთდება დიდი პოლიტიკა

“რუსთავი 2”-ისთვის 2015 წლის 5 მარტს მიცემულ ინტერვიუში ნინო ბურჯანაძე ამბობს:

მე მაქვს უზარმაზარი პოლიტიკური გამოცდილება, მე ვიცი, როგორ კეთდება დიდი პოლიტიკა დიდი პლიტიკა არ კეთდება გულზე მჯიღის ცემით, და ხმამაღალი განცხადებებით, რომელიც ძალიან მოგაწონებს ადამიანს თავს და ძალიან აამაღლებს დღეს შენს რეიტინგს, მაგრამ ხვალ შეიძლება შენი ქვეყანა დაიღუპოს, დიდი პოლიტიკა კეთდება სწორედ ეტაპობრივი, ნაბიჯ-ნაბიჯ მოლაპარაკებით და მე უნდა ვიცოდე, რისი გაკეთება შემიძლია ოპოზიციაში ყოფნის დროს და რის გაკეთებას შევძლებ, თუ მე და ჩემი პარტია მოვალთ საქართველოს ხელისუფლებაში…

მართლაც _ ნინო ბურჯანაძეს, როგორც ზვიად ძიძიგური იტყოდა, “უზაარმაზარი” პოლიტიკური გამოცდილება აქვს და იცის, “როგორ კეთდება დიდი პოლიტიკა”. მან იცის, თავისი ინტერესების (და არა ხალხის) დასაცავად როგორ გაამართლოს სააკაშვილის პირსისხლიანი რეჟიმის მოქმედება, შემდეგ კი თქვას, რომ სააკაშვილი ძალაუფლების შესანარჩუნებლად “ომსაც კი დაიწყებს”; იცის, როგორ ილაპარაკოს “ვარდების რევოლუციის” მიერ მოტანილ სიკეთეებზე, “ნაციონალური მოძრაობის” დამსახურებაზე, ბიუჯეტის 5-ჯერ გაზრდაზე და ა.შ. წლების შემდეგ კი “ნაციონალური მოძრაობა” დანაშაულებრივ ორგანიზაციად გამოაცხადოს. იცის, როგორ მიეპირფეროს ნატოს და თქვას, რომ ყველაზე მთავარი არის ალიანსის მიერ საქართველოს საკითხებზე საბჭოს შექმნა, შემდეგ კი განაცხადოს, რომ “ნატოში არავინ გველოდება და არავინ მიგვიღებს და ეს მასობრივი ფსიქოზია”; იცის, როგორ შეაფასოს საგანგაშო ვითარებად რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის მიერთება, შემდეგ კი თქვას, რომ “ყირიმი რუსეთის ტერიტორიაა, მოსწონს თუ არა ეს ვინმეს”. იცის, როგორ აქციოს სინონიმებად სიტყვები _ “რუსეთი” და “მტერი”, ჯერ თქვას, რომ “რუსეთმა თავი წარმოაჩინა, როგორც არაცივილიზებულმა სახელმწიფომ, რომელიც პატივს არ სცემს საერთაშორისო საზოგადოებრიობას, მეზობლურ ურთიერთობებს”… რომ ამ ქვეყანას “შეუძლია დაბომბოს მეზობელი სახელმწიფო, დაარღვიოს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმა მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოსწონს რომელიღაც პრეზიდენტის მოქმედება, ხვალ კი არ მოეწონება მეზობელი ქვეყნის ხელმძღვანელის თვალების ფერი, ზეგ _ სხვა რამ”, შემდეგ კი ამ ქვეყანას დითირამბები უძღვნას და თქვას, რომ ყველაფერს გააკეთებს მასთან საერთო ენის მოსაძებნად, ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დასაცავად”.

ამაზეა ნათქვამი: “ასე, ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო”.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

1 COMMENT

  1. ბატონო გიორგი, ქართველთა მოაზროვნე ნაწილმა კარგად იცის ვინ ვინ არის, მათშორის გვიცნობენ ჩვენც. გამიხარდებოდა, გაკვრით მაინც გამოგეხატათ თქვენი დამოკიდებულება უბლოკო სტატუსისადმი (და არა ნეიტრალიტეტისადმი).

  2. ამ წერილს ძალიან მიკერძოებულ წერილად ვთვლი. ეს არ არის ნაკლი, როცა ადამიანი 10 წლის წინ ერთს ფიქრობდა, ეხლა კიდევ სხვაგვარად მიაჩნია. საეჭვოა ისეთი ადამიანი, რომელიც ერთს და იგივეს აწვება მაშინ, როცა სამყარო ასე სწრაფად იცვლება. ქალბატონი ნინოს ენერგია და ცოდნა არ არის დასაკარგი. მითუმეტეს რომ პროფესიონალი პოლიტიკოსები ჩვენ საერთოდ არ გვყავს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here