Home რუბრიკები საზოგადოება გიზო სართანია: ისე სამარცხვინოდ დამარცხდება ჰოლანდიელი ქალბატონი, რომ სამეგრელოსკენ აღარასოდეს გამოიხედავს

გიზო სართანია: ისე სამარცხვინოდ დამარცხდება ჰოლანდიელი ქალბატონი, რომ სამეგრელოსკენ აღარასოდეს გამოიხედავს

704

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატებს შორის “ქართული ოცნების” კანდიდატი ედიშერ თოლორაია ლიდერობს _ ასეთია “ოცნების” დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები. 

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისკანდიდატისანდრა რულოვსი ოპონენტს 11%-ით ჩამორჩება. თოლორაიას რეიტინგი, კვლევის მიხედვით, რომელიც 13-დან 19 სექტემბრამდე ჩატარდა, 42,3%-ია. სანდრა რულოვსს მხარს უჭერს გამოკითხულთა 31,2 პროცენტი. “სანდრა რულოვსის რეიტინგის განმაპირობებელი მთავარი ფაქტორი მისი საზოგადოებრივი ცნობადობაა”, – აღნიშნულია კვლევის ანალიზში. სანდრა რულოვსი ზუგდიდის რაიონული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. ჰოლანდიელ ქალს ზუგდიდში დიდი პატივით მასპინძლობენ. მას ორასკაციანი სუფრა გაუშალა სოფელ კორცხელში მცხოვრებმა თოლორაიების ოჯახმა; ტრადიციული მეგრული სუფრა გაშალეს კაკულიების ოჯახშიც, სოფელ კახათში. სოფლის პედიატრები ამბობენ, რომ სააკაშვილის ცოლი ავადმყოფების სანახავად დადის და მათ სახლებში შესვლისას ფეხზე იხდის, _ ნაწვიმარია და ოთახი არ დავსვაროო. ამაზე აქაური გლეხები აღფრთოვანებით საუბრობენ. 20 სექტემბერს ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრში პრემიერა გაიმართა და თეატრის დირექტორმა ზურაბ ეგუტიამ სანდრა რულოვსი საპატიო სტუმრად მიიწვია. ცენტრალური ტელევიზიების წარმომადგენლები თავქუდმოგლეჯილი გარბიან, თუკი სანდრა რულოვსი სადმე გამოჩნდება, სხვა პარტიების წარმომადგენლებს კი კამერა თვალითაც არ უნახავთ. ტელეჟურნალისტები ამბობენ, პარტიის ლიდერი თუ არ არის ჩამოსული, მაჟორიტარის აქტივობას ვერ გავაშუქებთო. ზუგდიდში ათასი ჭორი დადის. ამბობენ, მთავრობა და ნაცები ერთმანეთს გაურიგდნენ და ზუგდიდის რაიონში სანდრას გაამარჯვებინებენო; ზოგი კი ამბობს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სანდრას ისეთ რამეს გაუკეთებენ, საქართველოში ვეღარ გაჩერდებაო და .. ჩვენ ზუგდიდის გამგებლის ყოფილ პირველ მოადგილეს, ამჟამად პატრიოტთა ალიანსის მიერ ზუგდიდის გამგებლის პოსტის კანდიდატად დასახელებულ გიზო სართანიას შევხვდით და შევეცადეთ, მისგან გაგვეგო, რა ხდება ზუგდიდის რაიონში.

_ ბატონო გიზო, თქვენქართული ოცნებადატოვეთ, მიზეზად შიგა განხეთქილება სახელდება, თუმცა თქვენი ყოფილი თანაგუნდელები არ ამართლებენ ამ ნაბიჯს და თვლიან, რომ მათთან უნდა დარჩენილიყავით და პრობლემებს ერთად გამკლავებოდით

_ მას შემდეგ, რაც ზუგდიდში “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა, მისმა წევრებმა ხალხი სულ დაივიწყეს, განცხრომაში იყვნენ, თანამდებობა პრივილეგიად აქციეს, ნათესავებს ასაქმებდნენ, მიუხედავად იმისა, იყვნენ თუ არა ისინი კომპეტენტურები.

2012 წლის შემდეგ სულ დავა მქონდა მათთან; ვთხოვდი, ხალხთან მეტი სიახლოვე ჰქონოდათ _ თუ ტელეფონზე არ უპასუხებდნენ ადამიანებს, ერთი დღე მაინც გამოეყოთ მოსახლეობასთან შესახვედრად, მაგრამ არავინ მისმენდა. არ მისმენდა არც საკრებულოს თავმჯდომარე და არც გამგებელი; ამას, თუ ვაჟკაცობა ეყოფათ, თავადაც აღიარებენ.

სულ დაივიწყეს თანამებრძოლები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად ბევრი რამის გაკეთება შეძლეს. ერთი სიტყვით, “ქართული ოცნების” კარი ზუგდიდში ყველასთვის დაიკეტა, გარდა ნაციონალებისა.

სიტყვა “კოაბიტაცია” ცხოვრებაში პირველად 2012 წლის არჩევნებში გამარჯვების შედეგ გავიგე. ამიხსნეს ეს რა პროცესია, გაგებით მოვეკიდე საკითხს, მაგრამ ზუგდიდში კოაბიტაცია არ იყო, ეს იყო შერწყმა ნაცებისა და ქოცების. მეგონა, ეს პროცესი მალე დასრულდებოდა, მაგრამ პირიქით _ ეს ორი ძალა “ერთ ხორც და ერთ სულ” იქცა და მათი ერთმანეთისგან გარჩევა ძნელი შეიქნა.

იმ ადამიანთაგან ბევრი, ვინც ზუგდიდში ადგილობრივ ხელისუფლებაში მოხვდა, “ნაცმოძრაობიდან” იყო გადმოსული, შანსი “გამოსწორებისა” ყველას მიეცა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათ მავნე ჩვევა და ზნე ვერ შეიცვალეს. თვით მერაბ ქვარაიამ საკრებულოში აპარატის უფროსად მოიყვანა “გრიხა”, იგივე გრიგოლ მიქავა, რომელიც როლანდ ახალაიას მარჯვენა ხელი და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო. ახალაია, თუ საშუალება გექნებათ მასთან ინტერვიუს ჩაწერის, ამ ინფორმაციას დაადასტურებს.

_ დღეს ზუგდიდში ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია

_ დიახ, ნაცებისა და ქოცების შერწყმის ბრალია ის, რომ დღეს ზუგდიდში თამამად დადის სანდრა რულოვსი. “ნაციონალურმა მოძრაობამსამეგრელოს ნამუსი ახადა, ამის დამადასტურებელი იყო ის საზარელი კადრები, რომლებიც კასრებიდან ამოიღეს _ რამდენიმე ათასი ფაილი, რომლებშიც მეგრელი მამაკაცების ენით აუწერელი წამება იყო ასახული. ამ სისაძაგლის გასაჯაროების შემდეგ ვინ იფიქრებდა, რომ სანდრა რულოვსი ზუგდიდში ჩამოსვლას გაბედავდა; ვინ იფიქრებდა, რომ ეს დედაკაცი ქვეყანაში ნაცხროვის ახალ სახედ მოგვევლინებოდა?!

სანდრა რულოვსს სამეგრელოში ჩამოსვლისა და სამეგრელოს გულში _ ზუგდიდში _ კენჭისყრის უფლება ქოცებმა მისცეს. ვერ შეძლო “ოცნებამ”, მოსახლეობისთვის დაენახვებინა, როგორი ბინძური ძალა იყო “ნაციონალური მოძრაობა”. უფრო მეტიც, რამდენიმე დღის წინათ ზუგდიდობა აღნიშნა მოსახლეობამ, სადაც ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა “ოცნებიდან” _ მერაბ ქვარაიამ ქართველთმოძულე სააკაშვილის ჰოლანდიელ ცოლს ხელი ჩამოართვა და ზუგდიდელების სახელით 10 სექტემბერი შერიგების დღედ გამოაცხადა. არ ვიცი, ვინ და როდის მიანიჭა მერაბ ქვარაიას ხალხის სახელით, ზუგდიდელების სახელით საუბრის უფლება.

_ ადგილობრივი მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიცნაციონალურ მოძრაობასმხარს არ უჭერს, ამბობს, რომ ნაციონალები დაოცნებაგარიგებულები არიან, რომ სანდრა რულოვსს ზუგდიდის რაიონულ ოლქს უთმობენ, ანუ გაამარჯვებინებენ

_ არაფერს გამოვრიცხავ, რადგან შუალედურ არჩევნებში სოფელი კორცხელი დათმეს. ამირან ლაგვილავა, ყოფილი ნაცი, მიუღებელი კანდიდატი იყო. მე შევედი მერაბ ქვარაიასთან და ვკითხე, ამ კაცის კანდიდატურას რატომ აყენებთ-მეთქი. მიპახუხა, რომ ეს სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს ინიციატივა იყო, სუსი კი მათ აბრალებდა. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე, ერთად დამესვა ყველა და გამერკვია, რა მოხდა სინამდვილეში.

მომხრე ვიყავი, რომ ზუგდიდში ყოფილ ნაცებს თუ არ დააპატიმრებდნენ, ათი წლით ჩამორთმეოდათ საჯარო სამსახურში მუშაობის უფლება.

_ როგორც რიგითი ზუგდიდელი, რას ფიქრობთ ჰოლანდიელ ქალბატონზე, რომელსაც ზუგდიდის მაჟორიტარობა სურს?

_ სანდრა რულოვსი ჩვენი ქვეყნის სირცხვილია, ჩვენი რაიონის სირცხვილი. ხელისუფლებას, თუნდაც ცენტრალურს და თუნდაც ადგილობრივს, შეეძლო, სააკაშვილის ცოლი არჩევნებიდან მოეხსნა, მაგრამ ეს არ გააკეთა.

როგორც ზუგდიდელი, ჩემი რაიონის მოსახლეობას ვეტყვი, რომ გაიხსენონ უახლოესი წარსული; გაიხსენონ, რამდენი ოჯახი გაანადგურეს წინა ხელისუფლების პერიოდში, რამდენ ოჯახს ჰყავდა პატიმარი, რამდენი უდანაშაულო ადამიანი აწამეს სასტიკად. ის, რაც სააკაშვილმა და მისმა დანაშაულებრივმა სისტემამ სამეგრელოში ჩაიდინა, არც ერთ მტერს არ უქნია ამ მიწაზე. შესაძლოა, შვილებს გვიყიდიდნენ, გვებრძოდნენ, გვმტრობდნენ, მაგრამ მეგრელი კაცის, ქართველი კაცის გაუპატიურება აზრადაც არავის გაუვლია.

სირცხვილია, მხარი დაუჭირო გადამთიელ ქალს, რომელსაც, მისი ქმარივით, ჩირადაც არ უღირს ეს ხალხი და ქვეყანა. ხელისგულზე დაწერილი მეგრული სიტყვების დამახინჯებულად წაკითხვა მეგრელთა დაცინვად მიმაჩნია.

იმედი მაქვს, ჩემი ბრძენი ხალხი არ დაუშვებს სამეგრელოში ნაცების თარეშს, მიუხედავად იმისა, ვისაც უნდა სურდეს ეს და ვისი დაკვეთაც უნდა იყოს. მჯერა, სამარცხვინოდ დამარცხდება ჰოლანდიელი ქალბატონი, ისე სამარცხვინოდ, რომ სამეგრელოსკენ აღარასოდეს გამოიხედავს.

თავს უფლებას ვერ მივცემ, ჩემს ხალხს რაიმესკენ მოვუწოდო, თავად უნდა ხვდებოდნენ, სანდრას აქ ჩამოსვლით რა გვაკადრეს, როგორ უსინდისოდ მოგვექცნენ, როგორი თავხედია სააკაშვილის ცოლი.

_ “საქართველო და მსოფლიოსრედაქტორს თქვენი თავი ასე გავაცანი: კაცი, რომელმაცოცნებაიმიტომ დატოვა, რომ ნაცები სძულდა

_ რა გასაკვირი და სასაცილოც უნდა იყოს, ეს ფაქტია. დიახ, “ოცნება” ნაცების სიძულვილმა დამატოვებინა, ჩემი ბრძოლა, ჩემი თანამოაზრეების თავგანწირული ბრძოლა წყალში რომ ჩაიყარა, “ოცნება” იმიტომ დავტოვე. საშინლად ნაწამები კაცი ვარ, წინა ხელისუფლების პერიოდში მცემდნენ, მაშინებდნენ, ჯანმრთელობა საშინლად შერყეული მაქვს, ცემისგან ზურგის ტვინი დამიზიანდა, თუმცა ახლა ამაზე საუბარს რა აზრი აქვს, ყველაფერი ამაო ყოფილა. სამეგრელოში ნაცები ისევ ახერხებენ ბოგინს და თავიანთი პრეზიდენტის ცოლის მეშვეობით რეაბილიტაციას ცდილობენ, ეს “ოცნების” დიდ დამსახურებადაც მიმაჩნია. დიახ, “ოცნება” ნაცების გამო დავტოვე.

ახლა გამგებლობის კანდიდატი ვარ, კარდაკარ დავდივარ ოჯახებში და ყველას ვუხსნი, რომ სააკაშვილი და მისი ხროვა დამნაშავეა, რომ მათი სახსენებელიც აღარ უნდა არსებობდეს. ამას წინათ ერთ-ერთ ოჯახს სააკაშვილის სურათი ჩამოვახსნევინე, ავუსხენი საქმე რაშიც იყო და ყველაფერი სწორად გაიგეს. მჯერა ჩემი ხალხის, ვიცი, სწორ არჩევანს გააკეთებს და ამ ქვეყანაში სააკაშვილის, სანდრას, ნაცების ხსენება დასრულდება.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here