Home რუბრიკები პოლიტიკა ვინ და რატომ აძლევს ხმას მონობას?

ვინ და რატომ აძლევს ხმას მონობას?

752

ყველაზე მეტად განვიცდი, რომ 250 000 კაცია მათი მხარდამჭერი; ვერ იზრდება ამ დროის განმავლობაში, მაგრამ, სამწუხაროდ, დიდად ვერც შემცირდა. მე არ ვიცი, როგორ გამოვთქვა ამომრჩევლისადმი, რომელიც კიდევ ჭამს, უკაცრავად და, მათ უჭერს მხარს. როგორ ახერხებენ მათ მოტყუებას, საოცრებაა. სიცრუის ოსტატები არიან”, _ განაცხადა გასულ კვირას ბიძინა ივანიშვილმანაცმოძრაობაზესაუბრისას (“ინტერპრესნიუსი”). ალბათ, საინტერესო იქნება იმის დადგენა, ვინ ვის და როგორ ატყუებს სინამდვილეში.

ბოლო პერიოდში, როდესაც სატელევიზიო ეთერში გადის სააკაშვილის რეჟიმის სადიზმის ამსახველი ვიდეოჩანაწერები ან სერიალ “ჰეროკრატიის” მორიგი ნაწილი, “ნაცმოძრაობის” ლიდერები და აქტივისტები მასმედიისა თუ სოციალური ქსელების მეშვეობით, ერთგვარი სიამაყით, ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს მათ ამომრჩეველზე არ იმოქმედებს. ძნელი სათქმელია, რა არის საამაყო იმაში, რომ სააკაშვილის ჯგუფი, ტოტალიტარული სექტებისა არ იყოს, ეყრდნობა ხალხს, რომელიც სხვის ტკივილს ვერ გრძნობს, თუმცა მთავარი, ალბათ, ის არის, როგორ მივიდნენ ისინი ამ მდგომარეობამდე.

როდესაც ხელისუფლება ეთერში მსგავს ჩანაწერებს უშვებს, ძველი რეჟიმის მომხრეების გადარწმუნებას ნაკლებად ცდილობს, ეს უფრო მისი მოწინააღმდეგეების მობილიზების მცდელობაა, რაც წინასაარჩევნოდ მეტად აქტუალურია. ამ ტაქტიკამ შეიძლება არასასურველი შედეგიც მოიტანოს. მაგალითად, გასულ კვირას, 26 მაისის დარბევის კადრების გამოქვეყნების შემდეგ, ბევრი მოქალაქე ძალიან გაღიზიანდა იმის გამო, რომ ხელისუფლებამ იქ აღბეჭდილი ჯალათების უმრავლესობა არ დასაჯა, ხოლო არაერთი მათგანი დღესაც სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობს. თუმცა ამა თუ იმ ჩანაწერის პიარეფექტიქართული ოცნებისპრობლემაა და არა საზოგადოების, რომლისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანია ის საფრთხე, რომელსაც ქვეყანას ანტიდემოკრატიული რეჟიმის რესტავრაციაზე ორიენტირებული პირები უქმნიან.

საქართველოს უახლეს ისტორიას ხშირად ლიდერების დაპირისპირების ჭრილში განვიხილავთ, მაგალითად, “შევარდნაძე მჟავანაძის წინააღმდეგ”, “სააკაშვილი შევარდნაძის წინააღმდეგ”, “ივანიშვილი სააკაშვილის წინააღმდეგ” და ა.შ. ბევრს ვსაუბრობთ პოლიტიკოსების თვისებებზე და ვივიწყებთ იმ პროცესებს, რომლებიც საზოგადოების შიგნით მიმდინარეობდა, იმ ჯგუფებს, რომლებიც თითოეული მათგანის უკან იდგა. მაგალითად, შევარდნაძე მჟავანაძესთან ბრძოლის თუ რეჟიმის განმტკიცების პროცესში უწინარესად ეყრდნობოდა მათ, ვისი მამებიც სტალინის ეპოქაში შიდა ელიტურ ბრძოლაში დამარცხნენ (რეპრესირებულნი იყვნენ ან კონკურენციას ვერ გაუძლეს, ზოგი კი ომში დაიღუპა). შვილებს რევანში სწყუროდათ და შევარდნაძემ მათში საიმედო დასაყრდენი დაინახა.

ბრძოლა ელიტის შიგნით, ცხადია, შევარდნაძის მმართველობის წლებშიც გაგრძელდა _ ზოგი იმარჯვებდა, ზოგი კი მარცხდებოდა და ისევ გაჩნდნენ ოჯახები, რომელთა წარმომადგენლები ოცნებობდნენ იმაზე, რომ ვინმეს მათთვის იგივე როლი შეესრულებინა, რომელიც შევარდნაძემ თავისი მოკავშირეებისთვისმარტივად რომ ვთქვათ, ქონება და ძალაუფლება მათ სასარგებლოდ გადაენაწილებინა. ესლუზერები” (ძველი ელიტის გადასახედიდან) წარმოადგენდნენ მასალას, რომლისგანაც სავსებით შესაძლებელი იყო მხარდამჭერთა არმიის ბირთვის ფორმირება.

XX საუკუნის მიწურულს, მთელი ელიტა თუ არა, მისი დიდი ნაწილი მივიდა დასკვნამდე, რომ საჭიროა სახელმწიფოს გარდაქმნა, გათანამედროვება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდებოდა ნამდვილი რევოლუცია, რომელიც ყველაფერს წალეკავდა. “ახალგაზრდა რეფორმატორები” ამ კონტექსტში განიხილებოდნენ, როგორც ნაკლებად ესთეტიკური, მაგრამ საჭირო ინსტრუმენტი _ მისი მეშვეობით არაპოპულარული, თუმცა აუცილებელი რეფორმები უნდა გატარებულიყო. 2003-ში არავინ ელოდა, რომ სააკაშვილი “შიგაელიტური გადატრიალების” მოწყობას დააპირებდა და, სამართალდამცავების გამოყენებით აქტივების გადანაწილებას ადრინდელ მფლობელებზე გაცილებით საშიში სუბიექტების სასარგებლოდ დაიწყებდა.

საბოლოოდ ის დამარცხდა და იძულებული შეიქნა, ხელისუფლება დაეთმო, მაგრამ დარჩნენ ადამიანები, რომლებსაც მისი რეჟიმის გამოყენებით საკუთარი ფინანსური მდგომარეობისა და სოციალური სტატუსის მკვეთრი გაუმჯობესება სურდათ.

თუ თვალს გადავავლებთ ბოლოდროინდელ პოლიტიკურ კონფლიქტებს, იოლად მივხვდებით: მათი ერთერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომსოციალური ლიფტისაქართველოში ნორმალურად არ მუშაობს. იმისათვის, რომზემოთავიდეს, ბევრ ადამიანს უწევს, ამა თუ იმ ლიდერს ერთგულად ემსახუროს და წარმოუდგენელ ზნეობრივ კომპრომისზე წავიდეს. ასეთ შემთხვევაში ის შეიძლება ცხოველს დაემსგავსოს და ყველაზე სადისტური მკვლელობა და წამება გაამართლოს. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ეშინია, დაბრუნდეს ფსკერზე, სადაც, პროცენტიანი ვალებისა და შიმშილთან ბრძოლის გარდა, არაფერი ელოდება.

აქ შეიძლება ბევრი ლამაზი სიტყვა ითქვას იმის თაობაზე, რომ საჭიროა დემოკრატიის განმტკიცება, “სოციალური ლიფტის” გარემონტება და ა.შ., მაგრამ, სანამ ქვეყანა ასე უიმედოდ ღარიბი იქნება, ყოველივე ეს მხოლოდ კეთილ სურვილებად დარჩება, ხოლო ავტორიტარიზმის ტრადიციები არ მოისპობა, ამიტომ ერთადერთი საშუალება, რომელიც ნაწილობრივ მაინც შეზღუდავს ანტიდემოკრატიულ ინსტინქტებს, იმის ჩვენებაა, რომ რეჟიმის დანაშაულში თანამონაწილეობა დაისჯება. შესაძლოა, მიზანშეწონილი იყოს ისეთი ზომების გატარება, როგორსაც გერმანიის დენაციფიკაციის პროცესში მიმართეს.

თანამდებობების დაკავების ან ამა თუ იმ სფეროში მოღვაწეობის აკრძალვა ფრიად უსიამოვნო, მაგრამ, როგორც გერმანული გამოცდილება ცხადყოფს, საკმაოდ ეფექტიანი მეთოდია, თუმცა მთავარი მაინც დამნაშავეების დასჯაა _ რიგითი ჯალათებიდან პოლიტიკურ ხელმძღვანელებამდე. ამის გარეშე, სავარაუდოდ, არ იქნება არც კანონის უზენაესობა, არც დემოკრატია, არც სიმშვიდე.

აქ, ალბათ, ორიოდე სიტყვა იმაზეც უნდა ითქვას, როგორ უდგება ამ პრობლემას ბიძინა ივანიშვილი. თავის დროზე, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ედუარდ შევარდნაძემ ვერ მოძებნა ფორმა, რომელიც “ზვიადისტებს” ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის შესაძლებლობას მისცემდა და მცირე შანსს მაინც დაუტოვებდა ყბადაღებული “ლიფტით” ესარგებლათ. ისინი, ფაქტობრივად, იზოლაციაში, გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ძალიან გამწარდნენ და, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ არენაზე ვერაფერი გააწყვეს, მთელი სისტემისთვის დესტაბილიზაციის მნიშვნელოვან ფაქტორად იქცნენ. სხვათა შორის, ამის შედეგად წარმოიქმნა ძალიან უცნაური ფენომენი ზვიადისტიმიშისტი”. ასეთები ნამდვილად არსებობენ, მიუხედავად იმისა, რომ გამსახურდიასა და სააკაშვილის თვალსაზრისები ერთმანეთისგან ისევე განსხვავდება, როგორც ცა და დედამიწა. ივანიშვილმა, სავარაუდოდ, გააცნობიერა, რომ სრული იზოლაციის ვარიანტი კონტრპროდუქტიულია და სხვა გზით წავიდა. მან პოლიტიკურ იზოლაციაში მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა” მოაქცია (ისიც რეალური შეზღუდვების გარეშე), მაგრამ მის მხარდამჭერებს ხისტი მეთოდებით არ გაუსწორდა _ მათი უმრავლესობა სამსახურებიდან არ გაყარა, არანაირი განსაკუთრებული სანქციები სააკაშვილის რეჟიმთან თანამშრომლობისთვის, რომელიც ხშირად დანაშაულის ჩადენაში გამოიხატებოდა, არ დაუწესა. საბოლოოდ, დაისაჯა მხოლოდ რამდენიმე ათეული ძალიან ოდიოზური ფიგურა. ივანიშვილი თითქოს ცდილობს, სააკაშვილის მხარდამჭერებს მიანიშნოს, რომ სოციალური ლიფტის კარი მათთვის არ დახურულა, რომ შეუძლიათ თავი მშვიდად იგრძნონ და საეჭვო გზით მოპოვებული ქონება თუ სოციალური სტატუსი შეინარჩუნონ. შევარდნაძესთან შედარებით, რომელიც მოწინააღდეგეებს ნაკლებად ინდობდა, ივანიშვილი (ამ საკითხში) ძალზე რბილი და ლიბერალურია. გასაგებია, რომ “ზვიადისტების” წინააღმდეგ გამოყენებული მეთოდები მიუღებელია და სტრატეგიული (თუმცა არა ტაქტიკური) თვალსაზრისით არაეფექტიანი გამოდგა, მაგრამ ის, რასაც ივანიშვილი აკეთებს, ქართულ დემოკრატიას, ალბათ, ჩანასახშივე მოკლავს, რადგან, როდესაც ბოროტება არ ისჯება, ის აუცილებლად ბრუნდება. დასჯის გარეშე (განაჩენი შეიძლება მსუბუქი ან სიმბოლური იყოს, მთავარია ფაქტი) დამნაშავეები ვერაფერს მიხვდებიან და არც გამოსწორების გზას დაადგებიან.

მთავარი პრობლემა დასუსტებული და ნახევრადშეშლილი სააკაშვილი კი არ არის, არამედ ახალი ფიურერი, რომელსაც ეს ადამიანები მალევე მოძებნიან, რათა მისგან შემდეგი სახის დაპირება მიიღონ: “ამათ წავართმევ და თქვენ მოგცემთ”. ამიტომ მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ბელადის ერთგულებისა და ადამიანთა უფლების დარღვევის ხარჯზე შესაძლებელია საკუთარი ბედნიერი ცხოვრების მოწყობა, უნდა ამოიძირკვოს ქირურგიული მეთოდების (დენაციფიკაცია) გამოყენებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი განმეორდება.

სიცრუე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ახსენებს, აქ, ალბათ, მხოლოდ მეორეხარისხოვან როლს თამაშობს. მთავარია, რომ ეს ადამიანები მიიჩნევენ _ ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ სააკაშვილი აღადგენს თამაშის ძველ წესებს და, აქედან გამომდინარე, ეკონომიკური და პოლიტიკური აქტივების მოპოვების პროცესში გაცილებით ნაკლები კონკურენტი ეყოლებათ, ვიდრე დღეს ჰყავთ. სწორედ ამიტომ ისინი ყოველთვის გააკეთებენ არჩევანს სააკაშვილის და არა ივანიშვილის სისტემის სასარგებლოდ და არასოდეს დააფასებენ იმას, რომ ივანიშვილმა 2012-ში მასების რისხვას გადაარჩინა. საბოლოო ჯამში, ეს არ არის პოლიტიკა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლაა არსებობისთვის უკიდურესად ღატაკ ქვეყანაში. სააკაშვილი შეიძლება გაქრეს საქართველოს საზოგადოებრივპოლიტიკური ცხოვრებიდან, მაგრამ წარმატების მიღწევის ის მოდელი, რომელიც მან ერთგულ პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებს თუ რიგით ზონდერებსა და კოორდინატორებს შესთავაზა, დარჩება და მას სხვა ლიდერი გამოიყენებს. მისი მთავარი ფორმულა, ალბათ, ასეთია: “კეთილდღეობა მონობის სანაცვლოდ”. სხვათა შორის, აუცილებელი არ არის, ახალი ფიურერინაცმოძრაობისწიაღში აღმოცენდეს, მას შეიძლება სულ სხვა პოლიტიკური ბიოგრაფია ჰქონდეს.

ალბათ, ოდესმე მოვა დრო, როდესაც დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები მიხვდებიან, რომ საბედისწერო შეცდომა დაუშვეს, როცა ქვეყნის ტოტალურ დენაციფიკაციაზე უარი თქვეს. დენაციფიკაცია არის წამალი, მანიაკური იდეებისგან მოსახლეობის ნაწილის განკურნების საშუალება, რომლის გარეშე შეუძლებელია ნორმალური დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბება. თუ გერმანია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნაცისტური იდეოლოგიისგან არ გათავისუფლდებოდა, ვერ მოხერხდებოდა ჰიტლერის ყოფილი მომდევრების ინტეგრირება დემოკრატიული სისტემის ფარგლებში, ხოლო მათი ლიდერები, ადრე თუ გვიან, ხელისუფლებაში დაბრუნების გზებს მოძებნიდნენ და ამას ხელს, სავარაუდოდ, მოკავშირეთა საოკუპაციო ძალებიც ვერ შეუშლიდნენ. რომ არა დენაციფიკაცია, გერმანია დღეს ძლიერი და ამაყი ქვეყანა არ იქნებოდა და ამ გზის გავლა, ადრე თუ გვიან, სააკაშვილის რეჟიმისგან გათავისუფლებულ საქართველოსაც მოუწევს.

დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here