Home რუბრიკები საზოგადოება პაატას ზღაპრები

პაატას ზღაპრები

661

გაგრძელება. დასაწყისი იხ. #33 (362)

ნაწილი მეორე

განვაგრძობთ პატარა პაატას ცხოვრებისეული გზის მოყოლას, წინა კვირაში შევჩერდით ეპიზოდზე, როცა აგარაკზე, ხის ქვეშ მჯდომს თავზე მოულოდნელად გირჩი დაეცა.

ახალგამოღვიძებული პაატა შეფრთხიალდა, ვითარცა ჩიტი გაურკვეველ მდგომარეობაში.

სად იყო და სად _ არა, ხის ფუღუროდან პატარა ციყვი გამოცუნცულდა და პაატას ფეხებზე გადაურბინა. ცოტა შეეშინდა, ემანდ არ მიკბინოსო, მაგრამ ციყვმა მზერით აგრძნობინა, რომ საფრთხეს არ წარმოადგენდა. პაატაც მიენდო, თავზე ხელი გადაუსვა და შეეთამაშა. ციყვმა, _ წამომყევი ჩემს მეგობრებს გაგაცნობო. ჩაჰკიდა ხელი ციყვს და გაუდგნენ გზას. ციყვმა უთხრა, აი ის გირჩი რომ დაგეცა თავზე, ეგეც წავიღოთ, გამოგვადგებაო. კარგიო, _ უთხრა პაატამ. ბევრი იარეს თუ ცოტა, მიადგნენ ერთ მიტოვებულ შენობას, რომლიდანაც ხმაური გამოდიოდა. პაატა შეცბა, _ ეს სად მოვედითო? ციყვმა მიუგო, _ ნუ გეშინია, ჩემი მეგობრები არიან და მალე შენი მეგობრებიც გახდებიანო. შევიდნენ შენობაში, იქ ათასი სახეობის ცხოველი დახვდათ _ დათვი, მგელი, ტურა, აფთარი, ვეფხვი, გარეული კატა, ირემი და ა.შ.

ციყვმა ხმამაღლა შესძახა მეგობრებს, _ გაიცანით, დღეიდან ეს ჩვენი ახალი მეგობარი იქნებაო. ცხოველები დიდი აღტაცებით შეხვდნენ პაატას და ამის აღსანიშნავად მთელი ღამე ნადიმ-ღრეობა გამართეს. თბილისის ტყეში კი, სადაც პაატას მეგობრები ცხოვრობდნენ, დიდი შფოთი იყო.

სინდიოფალა და ჰიენა ბოლთას სცემდნენ, _ პაატა აქამდე უნდა დაბრუნებულიყო და ჯერ კიდევ არ ჩანსო, გულს იმით იმშვიდებდნენ, რომ მალე მოვიდოდა, მაგრამ ის არ ჩანდა.

ამასობაში პაატა და მისი ახალი მეგობრები კარგად შეზარხოშდნენ. მოულოდნელად კარის ზღურბლთან გრძელკუდიანი მსუქანი მელა გამოჩნდა. მის დანახვაზე ყველა იქ მყოფი დადუმდა და თავი დახარა, დუმილით მიესალმა. ციყვმა პაატას გადაუჩურჩულა, _ ეს ჩვენი ტყის ბელადია, 10 წელი მართავდა აქაურობას და ისევ დაბრუნება უნდა, ვერ იტანს, ტყის მმართველი ენოტი რომ არისო.

_ აქა მშვიდობა! – მიესალმა გრძელკუდიანი მელა შეკრებილებს და ნელი ნაბიჯით შევიდა შენობაში.

_ პაატა, შენ აქ საიდან მოხვედი? – ჰკითხა მელამ. ცხოველები დაიბნენ, უფრო სწორად, გაოცდნენ, რომ ისინი ერთმანეთს იცნობდნენ.

გადაეხვივნენ მელა და პაატა ერთმანეთს, დიდი სიყვარულით მოიკითხეს და განაგრძეს ნადიმ-ღრეობა. თბილისის ტყეში კი სინდიოფალა და ჰიენა კვლავ ელოდნენ პაატას, მაგრამ უშედეგოდ _ ის არ ჩანდა და ლოდინში ჩაეძინათ.

მთელი ღამის ღრეობის შემდეგ ყველა ნაბახუსევზე იყო. პაატასა და მელას კი ნამეტანი სტკიოდა თავი, ამიტომ გადაწყვიტეს, ხაშზე გასულიყვნენ და ასე დაეღწიათ თავი ნაბახუსევისთვის.

_ ჩვენ ცოტა ხნით გავალთ, და მალე მოვალთ,– თქვა მელამ და პაატასთან ერთად სახაშის გზას დაადგა. გზაში მელამ გამოჰკითხა პაატას, რას საქმიანობდა, როგორ ცხოვრობდა. პაატამაც ყველაფერი გულიდან ამოიღო და სათქმლი თქვა:

_ რა გითხრა, ჩემო მელა, ძალიან გამიჭირდა, ტყის ბელადად მინდა მოსვლა და ფული აღარ მაქვს, ტყიდან ხალხი გამირბის, არადა, ყველაზე მეტად ახლა მინდა მხარში დგომა.

მელას ეს სიტყვები ენიშნა და ეშმაკურად ჩაიღიმა: _ ოო, ეგ არცთუ კარგი ამბავი დაგმართნია, ჩემო პაატა, ხომ იცი, ფულის გარეშე დღეს ვერაფერს გააწყობ.

_ ვიცი, ჩემო მელა, ვიცი, ძალიან ცუდ დღეში ვარ. არ ვიცი, რა გზას დავადგე, – მიუგო პაატამ.

ამასობაში მელა გაჩერდა და პაატას უთხრა…

გაგრძელება შემდეგ ნომერში

გრიგოლ ინგაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here