Home რუბრიკები ისტორია სტალინი და ჟუკოვი

სტალინი და ჟუკოვი

994

ნაწილი III

ტრაგედიის მეხუთე მოქმედებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა რეჟისორი. მას არა მხოლოდ საომარი მოქმედების სცენები და მიზანსცენები უნდა აეწყო, არამედ გაეხსნა გზა შორეული მომავლისკენ, რომელსაც უამრავი პოლიტიკური და სასიცოცხლო ინტერესები ახლდა. თუ ეს უზარმაზარი ტვირთი ტრაგედიისა, რომელიც კაცობრიობას დაატყდა თავს, ერთი კაცის მხრებს დააწვებოდა, შეიძლებოდა გამარჯვებულისთვის ადვილად გაეხადათ ძლევამოსილის მანტია, ამიტომ გამარჯვებულის ტიტული ხალხს, ერს უნდა მიჰკუთვნებოდა, რათა მომავალში ამ უდიდესი მონაპოვრის შესანარჩუნებლად, არა პიროვნებას, არამედ ერს ებრძოლა და ერი ყოფილიყო მისი ინტერესების დამცველი. რეჟისორმა თავისი ჩანაფიქრი ერთ სისტემაში მოიყვანა და ტრაგედიის მეხუთე მოქმედების მთავარი გმირები თავისთან იხმო:

_ აი რა, თქვენ გაგებით უნდა მოეკიდოთ იმას, რომ, როდესაც რამდენიმე მილიონი ადამიანი შეიარაღებულია და რამდენიმე სახელმწიფო იბრძვის საერთო ინტერესებისთვის. ამ ომის დამთავრების შემდეგ უბრალო ადამიანს თუ სახელმწიფოს აღეძვრება პირველობის სურვილი, ამიტომ შორს უნდა გავიხედოთ და მტკიცედ დავარწმუნოთ საკუთარი თავი, რომ პატარა ერებსა და პატარა ერის შვილებს არ შეუძლიათ ამ უზარმაზარი გამარჯვებისა და ამ გამარჯვებით მოპოვებული უზარმაზარი ტვირთის აწევა და მისი მუდმივად ტარება. ჩვენ ეს მოვალეობა დიდ ერსა და დიდ ხალხს უნდა გადავაბაროთ. ამ ომის ბოლო აკორდი რუსმა ერმა და რუსმა ჯარისკაცმა უნდა შეასრულოს, ამიტომ შემოგთავაზებთ ასეთ სცენარს:

ბერლინში უკვე შესული ბელორუსიის ფრონტი უნდა ჩაიბაროს რუსმა მხედართმთავარმა ჟუკოვმა, როკოსოვსკიმ უკან დაიხიოს, ხოლო მარშალმა კონევმა ფლანგზე გადაინაცვლოს. ორმა ფრონტმა და ორმა სარდალმა _ როკოსოვსკიმაც და კონევმაც უნდა იბრძოლონ მოწინავე საბრძოლო პოზიციებზე ჟუკოვის გასაყვანად, რათა ისტორიას მივცეთ დოკუმენტი, რომ ბერლინი აიღო არა ვინმე სხვამ, არამედ დიდმა რუსმა ხალხმა და მისმა წარმომადგენელმა მარშალმა ჟუკოვმა. ასე გახდება ეს გამარჯვება რუსეთის და ჩვენი მუდმივი საკუთრებაც იქნება, თორემ ჩვენი მოკავშირეები, რომლებმაც ათასი ხაფანგი და სატყუარა დაგვიგეს ომის განმავლობაში, მომავალში ყველაფერს გააკეთებენ მოვლენების გასაყალბებლად და ამ გამარჯვების საკუთარ თავზე მისაწერად.

თუ ჩემს წინადადებაზე თანახმა ხართ, სხვა არაფერი დაგვრჩენია, შეხვიდეთ ომის თეატრში და დაიწყოთ მსოფლიოში ჯერ არნახული და არგაგონილი ტრაგედიის მეხუთე მოქმედება.

_ თანახმა ვართ, _ ერთხმად განაცხადეს ტრაგედიის მეხუთე მოქმედების მონაწილეებმა და თავიანთ “საგრიმიოროს” მიაშურეს.

ტრაგედიის მეხუთე მოქმედებას მთელი მსოფლიო სულმოუთქმელად ადევნებდა თვალყურს. სათვალთვალო პუნქტებიდან ნათლად ჩანდა, როგორ ცურავდა ქალაქი ბერლინი გამდნარი ლითონის ოკეანეში. რაიხსტაგის თავზე კი გამარჯვების წითელი დროშა ფრიალებდა. ეს იყო 1945 წლის 30 აპრილს _ აღდგომის დღეს. მსოფლიო ფეხზე ამდგარი ტაშს უკრავდა ტრაგედიის ფინალს და დიდხანს არ წყდებოდა ოვაციები.

1945 წლის 8 მაისს საფრანგეთის ქალაქ რეიმსში მარშალმა ჟუკოვმა ფელდმარშალ კაიტელისგან ჩაიბარა მისი დაშნა და მის მიერვე ხელმოწერილი გერმანიის უსიტყვო კაპიტულაციის აქტი, რომელიც ჟუკოვმა თავისი ხელმოწერით დაადასტურა.

1945 წლის 24 მაისს მთავარმა რეჟისორმა საზეიმო მარში მოაწყო ქვეყნის დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე. თეთრ ცხენზე ამხედრებული საბჭოთა კავშირის სამგზის გმირი, სამამულო ომის ყველაზე დიდი ჯილდოს _ “გამარჯვების ორდენის” ორგზის მფლობელი, გერმანიის უსიტყვო კაპიტულაციის მიმღები და აქტზე ხელმომწერი მარშალი ჟუკოვი გამარჯვების აღლუმის მისაღებად გამოვიდა.

ზეიმობდა არა მხოლოდ წითელი მოედანი და დედამიწის ერთ მეექვსედზე გადაჭიმული სსრკ, არამედ სრულიად მსოფლიო. მავზოლეუმის ცენტრალურ ტრიბუნაზე მდგარი ამ გამარჯვების მთავარი რეჟისორი და ტრიუმფატორი არც ისე დიდი აღფრთოვანებით დაჰყურებდა მის ფეხებთან დაყრილ უამრავ გერმანულ შტანდარტს (განსაკუთრებულ დროშას).

1945 წლის 24 მაისის საღამოს, გამარჯვების აღლუმის შემდეგ, სტალინმა ვახშამი გამართა მთავარსარდლობის პატივსაცემად. სწორედ ამ ვახშამზე გადაულოცა სტალინმა დიდ რუს ხალხს ფაშიზმზე გამარჯვება და მსოფლიომ პირველად მოისმინა სიტყვები “ველიკიი რუსკიი ნაროდ”.

ასე დასრულდა ეს ხუთმოქმედებიანი უდიდესი ტრაგედია, რომლის აღსაწერად საჭირო იქნებოდა ხუთი შექსპირი, ხუთი სერვანტესი, ხუთი გოეთე, ხუთი რუსთაველი, ხუთი დანტე და ხუთი “რეზო ჭეიშვილი”.

“ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ!”

სტალინის ყურადღება მიპყრობილი იყო ომის მიმდინარეობასა და მის შედეგებზე, მაგრამ შეგნებულად თუ შეუგნებლად, ზოგიერთი რამ მაინც განზე რჩებოდა, თუმცა ყველა დარწმუნებული იყო, რომ ადრე თუ გვიან ყველას ყველაფერი მოეკითხებოდა, ზოგი კი ჯიუტად იმეორებდა, რომ “ომი ყველაფერს ჩამოწერს”.

შვიდი სხვადასხვა ოფიციალური წყარო აწვდიდა ინფორმაციას სტალინს, ყველა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. ცნობებს აწვდიდნენ როგორც საგარეო თუ საშინაო საკითხებზე, ასევე მაკონტროლებლებისგან ზღვა ინფორმაციას იღებდა ერთმანეთზე. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ სტალინმა ზედმიწევნით იცოდა ქვეყანაში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო მოვლენის თაობაზე.

სტალინმა ისიც იცოდა, როგორ ეჩხუბა ამერიკის ელჩი მეეზოვე ქალს, რომელმაც “შეურაცხყო საბჭოთა მოქალაქე” (საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ამერიკის ელჩის გარეშე მეეზოვესაც კი ვერ ნიშნავს _ გრ. ონიანი); რომელიღაც ელჩმა 20 კილოგრამი კარტოფილი რომ ჩამოიტანა უცხო ქვეყნიდან, ვითომ რუსეთში კარტოფილი არ იშოვებოდეს და სხვა ბევრი რამ.

უამრავი ინფორმაცია მოდიოდა ბერლინიდან, სადაც საბჭოთა კავშირის საოკუპაციო ზონას მარშალი ჟუკოვი განაგებდა. წარმოიდგინეთ, მკითხველო, ჟუკოვის უხეშობის პარამეტრები. მას ხომ სტალინის კაბინეტში თუ მის მიღმა სახელი სწორედ უხეშობით ჰქონდა განთქმული. სტალინი ევროპის ქვეყნების ლიდერებს შეხვედრისას მოკრძალებით აფრთხილებდა, რომ რუსმა ხალხმა და რუსმა ჯარისკაცმა უამრავი სიძნელე, სისხლი და ახლობლების ცხედარი ნახა, ის ნერვებაშლილია და ომში თავგანწირვას, უპირველესად, შურისძიება უბიძგებს, ამიტომ ნუ გაიკვირვებთ, თუ ზოგჯერ იქნება გამოვლინებები ქალებთან უხეშობის, დებოშისა და მოროდიორობისაც კი, მაგრამ ეს იქნება მცირე ხნით, ყველაფერი დაწყნარდება და თავის კალაპოტში ჩადგებაო. “გაბოროტებულ ჯარისკაცებად ნუ შეაფასებთ საბჭოთა მოქალაქეებს. ისინი შრომისმოყვარე, კაცთმოყვარე და ძალიან კარგი ადამიანები არიან”, _ ასე ებოდიშებოდა სტალინი უცხო ქვეყნის ლიდერებს.

საზოგადოებაში ხშირად ჩნდება კითხვები _ რატომ გაანებივრა და გაათავხედა სტალინმა ჟუკოვი? რატომ იყო ის სამჯერ საბჭოთა კავშირის გმირობის ღირსი ანგამარჯვების ორდენისორგზის კავალერი, გამარჯვების აღლუმის მიმღები ან თუნდაც კაპიტულაციის აქტზე ხელის მომწერი?

ამაზე მკითხველს უკვე გავეცი პასუხი.

სტალინმა სწორად განსაზღვრა, რომ გერმანელებზე გამარჯვების დიდება რუს ხალხსა და რუს მხედართმთავარს უნდა რგებოდა. თუმცა დღეს, მიუხედავად იმისა, რომ დიდი სამამულო ომი, თითქოს სტალინმა კი არა, რუსმა ხალხმა მოიგო, ამ უზარმაზარ სახელმწიფოსაც კი მოჰპარეს ეს დიადი გამარჯვება და მოკავშირეებმა გაიყვეს.

რა მოჰყვა რუსი კაცის ზომაზე მეტად შექებას და მის გათავხედებას, ამას უფრო დაწვრილებით ქვევით მოგახსენებთ:

დამარცხებულ გერმანიაში დატრიალებულ ცოდვის ბორბალზე საუბარიც კი მიძნელდება. მოროდიორობამ, ძარცვამ, ყაჩაღობამ, ადამიანების აბუჩად აგდებამ ყოველგვარ საზღვარს გადააჭარბა. ომის დამთავრების პირველ დღეებში სტალინისთვის გაგზავნილ უამრავ დეპეშასა და განუწყვეტელ ზარებს საზღვარგარეთიდან სტალინი დუმილით შეხვდა.

_ აღებულ ბერლინში რუს ჯარისკაცს 48 საათის განმავლობაში ყველაფრის უფლება აქვს, _ ფიქრობდა იგი.

48 საათის შემდეგ გამოცემულ საიდუმლო ბრძანებაში ნათქვამი იყო, რომ გერმანიის ტერიტორიაზე საბჭოთა ჯარისკაცის მიერ ჩადენილი დანაშაული წითელ მოედანზე ჩადენილი დანაშაულის ტოლფასია.

ჟუკოვის იმედით, მის დამქაშებს არ შეუწყვეტიათ გერმანიის მოსახლეობის ძარცვა და ნაძარცვის შინ გაგზავნა. ეს, რა თქმა უნდა, უბრალო ჯარისკაცებს არ ეხელეწიფებოდათ. ამას მხოლოდ უმაღლესი სამხედრო პირები აკეთებდნენ, რომლებსაც შეეძლოთ შესაბამისი ბრძანების გაცემა.

საბჭოთა საგამომძიებლო ორგანოების წარმომადგენლები ბერლინში ჩავიდნენ და დაიწყო დაუნდობელი ბრძოლა დანაშაულის წინააღმდეგ. ჟუკოვთან დაახლოებული რამდენიმე გენერალი მახეში გაება. ბერლინში ჩასული ვიქტორ აბაკუმოვი (“სმერშის” _ კონტრდაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი) ჟუკოვმა დიდხანს აყურყუტა მისაღებში. კაბინეტში შესვლისთანავე კი უბრძანა, დაუყონებლივ გაეთავისუფლებინა დაკავებული გენერლები და თვითონ 24 საათში დაეტოვებინა ბერლინი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსკოვში ბადრაგით ჩაიყვანდა და მის “ძაღლებს” მეცხვარის ძაღლებივით ამოხოცავდა (მიკვირს: მეცხვარეები ძაღლებს არ ხოცავენ, პირიქით _ ლუკმას უყოფენ _ გრ. ონიანი).

აბაკუმოვი იძულებული შეიქნა, დაუყონებლივ გაეთავისუფლებინა დაკავებული გენერლები და თვითონაც სასწრაფოდ დაეტოვებინა ბერლინი.

ეს ინციდენტი სტალინს, ალბათ, გაუგებარი არ დარჩებოდა, მაგრამ ეს ზღვაში წვეთი იყო იმ დანაშაულებისა, რომელთა შესახებაც ცნობები ბერლინიდან მოდიოდა.

1945 წლის 1 დეკემბერს ჟუკოვმა ბერლინში კონფერენცია ჩაატარა, რომელზეც მიწვეული იყვენენ კოალიციის წევრები, აგრეთვე, მოსკოვის საინფორმაციაო სააგენტოები და სამხედრო აკადემიის წევრები.

ცოტა ხნის შემდეგ სტალინმა ბერლინში გამართულ კონფერენციაზე ჟუკოვის მიერ წაკითხული მოხსენების სტენოგრამა გამოითხოვა, რამაც ჟუკოვი ჩააფიქრა. ჟუკოვმა ხელახლა გადაიკითხა თავისი მოხსენება, თითქოს იქ საეჭვო არაფერი იყო. ჩაძინებამდე კი სულ იმაზე ფიქრობდა, რატომ დასჭირდა სტალინს მისი მოხსენება. ბოლოს გაახსენდა თავისი მოხსენებიდან ერთი ფრაზა, რომელიც ბრძოლებში წარმატებებს ასახავდა:

ამ მოვლენებზე მე განსაკუთრებით იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ ომის ყველა ძირითადი საბრძოლო ოპერაცია ჩემი მომზადებულია”.

ჟუკოვი თანდათან რწმუნდებოდა, რომ ეს ფრაზა ნამდვილად გააღიზიანებდა სტალინს და შესაბამის პასუხს მიიღებდა, მაგრამ დღე დღეს მისდევდა, თვე თვეს და სტალინისგან არაფერი ისმოდა.

“1946 წლის მარტის ბოლოს შემატყობინეს, რომ სტალინმა დარეკა და დაიბარა, რომ გამოჩენისთანავე დავუკავშირდე მას. სასწრაფოდ დამაკავშირეს. სტალინმა მდგომარეობა გამომკითხა, კვლავ თავაზიანად და თქვენობით მესაუბრებოდა. ჩემი მდგომარეობის გაცნობის შემდეგ დაგუდული ხმით მითხრა:

_ ამხანაგო ჟუკოვ, სახლში არ გინდათ? როგორ ფიქრობთ, არ დადგა დრო დაბრუნდეთ მოსკოვში? _ პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი, რომ სტალინმა განაგრძო:

_ ეიზენჰაუერი და მონტგომერი გერმანიიდან გაიწვიეს, ჩვენც უნდა მივბაძოთ მათ. მოემზადეთ.

ორი-სამი დღის შემდეგ კვლავ დამირეკა სტალინმა:

_ რა თანამდებობა გინდათ, დაიკავოთ?

უნდა მეთქვა, რომ სრულიად მაკმაყოფილებს მთავარსარდლის მოადგილეობა, მაგრამ სტალინმა ამის თქმის საშუალება არ მომცა და განაგრძო საუბარი:

_ რადგან საომარ მოქმედებებს აღარ ვაპირებთ, მივიღეთ გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტროს რეფორმის შესახებ მშვიდობიანობის პერიოდში, ამიტომ სახალხო კომისრის პირველი მოადგილის თანამდებობა გაუქმებულია. ნიკოლაი ბულგანინი იქნება სახალხო კომისრის მოადგილე საერთო საკითხებში; ვასილევსკი, გადავწყვიტეთ, დავნიშნოთ გენერალური შტაბის უფროსად; კუზნეცოვი დარჩება სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდლად. როგორ შეაფასებთ, თუ შემოგთავაზებთ სახმელეთო ჯარების სარდლის თანამდებობას?

_ დადებითად, ამხანაგო სტალინ, _ ვუპასუხე მე.

_ ძალინ კარგი, მაშინ მოემზადეთ ახალი თანამდებობის მისაღებად, სასწრაფოდ ჩამოდით მოსკოვში!”

ჟუკოვი მოსკოვში ჩავიდა და ჩაიბარა სახმელეთო ჯარების სარდლის თანამდებობა.

ქვეყანა ომის შემდგომ ჭრილობებს იშუშებდა. სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა დანგრეული ქალაქებისა და სოფლების, გზების, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის აღდგენითი სამუშაოები. პარალელურად მწყობრში დგებოდა სახელმწიფო დისციპლინა და წესრიგი.

სტალინმა სარდლების თათბირი მოიწვია. თათბირის მონაწილენი პატარა, ერთფანჯრიან, ნახევრადგანათებულ ოთახში შეიკრიბნენ, მაგრამ მკერდზე დაკიდებული და სამხრეებზე მბრწყინავი ოქროს ვარსკვლავები სხვანაირ სინათლეს გამოსცემდნენ ოთახში. სარდლები ხმამაღალი შეძახილებითა და მხიარულებით ესალმებოდნენ ერთმანეთს.

დათქმულ დროს სამხედროები სათათბირო ოთახში მიიწვიეს. სამდივნოს მაგიდას, როგორც ყოველთვის სერგეი შტემენკო ეჯდა. რამდენიმე წუთში შემოვიდნენ მალენკოვი, მოლოტოვი, კაგანოვიჩი და პოლიტბიუროს სხვა წევრები. ყველა ელოდებოდა სტალინის გამოჩენას, სტალინი იგვიანებდა.

და აი ისიც: ომამდელი ნახევრადსამხედრო ხალათითა და საქაღალდით ხელში. მისი ჩაცმულობა და მკაცრი გამომეტყველება მიანიშნებდა, რომ საზეიმოდ არ იყო განწყობილი, ამას ყველა იქ მსხდომი კარგად ხვდებოდა.

სტალინი ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა სამდივნოს მაგიდას, საქაღალდე მშვიდად დადო, მიათვალ-მოათვალიერა იქ მსხდომნი და მზერა წამიერად ჟუკოვზე შეაჩერა. ყველა მარშალი და მაღალი ჩინის სამხედრო სტალინს შეჰყურებდა. სტალინმა გამოკვეთილი ქართული აქცენტით საქაღალდეზე მიუთითა:

_ ამხანაგო შტემენკო, წაგვიკითხეთ, თუ შეიძლება, ეს დოკუმენტები.

საბჭოს მდივანმა შტემენკომ საქაღალდე გახსნა და დაიწყო კითხვა.

_ საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ჯარების მინისტრს, ამხანაგ ი. სტალინს, _ გაისმა შტემენკოს ხმა, _ ყოფილი სამხედრო ავიაციის მარშლის, ამჟამად პატიმრობაში მყოფ ნოვიკოვის განცხადება:

“მე თქვენ წინაშე დამნაშავე ვარ იმ საქმიანობის გამო, რომელიც მოხდა სამხედრო-საავიაციო ძალებში და, ამასთანავე, უპირველესი დამნაშავე ვარ, ვიდრე სხვა ვინმე ამ საქმეში”.

შტემენკო გაჩერდა. სტალინმა ბრძანების ტონით მიმართა:

_ განაგრძეთ, განაგრძეთ!

ნოვიკოვი წერდა, რომ, ბევრი დანაშაული ჩაიდინა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ამას გარდა, უამრავი ნაძარცვი ქონება მიითვისა პირადი კეთილდღეობისთვის. ნოვიკოვი აცხადებდა, რომ მან თავი წარმოიდგინა უდიდეს ადამიანად, რომელსაც იცნობენ არა მხოლოდ საბჭოთა კავშირში, არამედ კარგად იცნობს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ჩერჩილი და სხვა ბევრი უცხო ქვეყნის ხელმძღვანელი.

ნოვიკოვი გულწრფელად აღიარებდა თავის უარყოფით დამოკიდებულებას სტალინის მიმართ და განმარტავდა, რომ მას გაცილებით მეტი დანაშაული აქვს ჩადენილი სტალინის წინაშე, ვიდრე მთლიანად სამშობლოსა და პარტიის წინაშე.

“ახლა საჭიროდ და აუცილებლად ვთვლი, განვაცხადო ჩემი და ჟუკოვის დამოკიდებულების შესახებ: თუ ახლავე არ გამოაშკარავდა ის მავნებლური ჩანაფიქრები და საუბრები, რომლებიც ჩემსა და ჟუკოვს შორის იყო მთელი ომის პერიოდში და ომის შემდეგაც, ამგვარმა ქმედებებმა, რომლებიც ჩაფიქრებულია, შეიძლება ქვეყანა დაღუპოს”.

ნოვიკოვმა ჟუკოვი დაახასიათა, როგორც თავის თავზე უაღრესად შეყვარებული და პატივმოყვარე ადამიანი, დიდების უკიდურესად მოყვარული კაცი, რომელიც იმის მაგივრად, რომ უზრუნველყოს მთავარსარდლის გარშემო სამხედრო შემადგენლობის დარაზმვა და მისი ავტორიტეტის დაცვა და ამაღლება, პირიქით _ ეწევა მის დისკრედიტაციას და თავის მომხრეთა მოზიდვას.

“ბევრ საქმიან თუ კერძო საუბარში ჟუკოვი თავის თავზე მიიწერდა ყველა ბრძოლის დაგეგმვასა და განხორციელებას; იმ ბრძოლებისასაც კი, რომლებშიც თვითონ არ მონაწილეობდა და არც დაუგეგმავს.

ჩემთვის ბევრჯერ უთქვამს, რომ მისი გეგმითა და მისივე შესრულებით განადგურებულია მტერი ლენინგრადთან, სტალინგრადთან, კურსკთან და მისივე გეგმით და მისივე თავგანწირვითაა გადარჩენილი ქალაქი მოსკოვი. ჟუკოვს პრეტენზია აქვს, რომ მისი შედგენილი გეგმებითა და ბრძოლებში მისი მონაწილეობით მოწინააღმდეგის განადგურების გამო ჯილდოვდებოდნენ ფრონტის სარდლები, ხოლო თვითონ ჩრდილში რჩებოდა _ ლენინგრადის, სტალინგრადისა და კურსკის ოპერაციების ბრწყინვალედ შესრულების მიუხედავად, მე არავითარი ჯილდო არ მიმიღია, ხოლო ფრონტის სარდლებს რამდენიმეჯერ აქვთ მიღებული მთავრობის ჯილდოებიო.

ჟუკოვმა მომიყვა, რომ მას სტალინმა დაურეკა მოსკოვიდან და ჰკითხა, რა თანამდებობას ისურვებდა, და თითქოს მან, ჟუკოვმა, შესთავაზა, რომ უხელმძღვანელებდა სახმელეთო ჯარებს, რაც სტალინმა შეუსრულა კიდეც. ეს ნაბიჯი ჟუკოვს სამშობლოსა და ჯარების საკეთილდღეოდ არ გადაუდგამს, მან ეს ნაბიჯი იმიტომ გადადგა, რომ არ მოსწყვეტოდა მასებს და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჰყოლოდა დასაყრდენი ძალა კომისარიატების სახით, თავისი მომხრეების კონსოლიდაციისთვის. ახლა მე მაქვს საშუალება, _ მეუბნებოდა ჟუკოვი, _ მოვიცვა მთელი ქვეყნის ტერიტორია ნებისმიერ დროს და ნებისმიერ შემთხვევაში. ეს საუბრები ხშირად ძალზე მავნებლური და ძირგამომთხრელი საქმიანობით სრულდებოდა”. წერილის ბოლოს ნოვიკოვი განმარტავდა, რით შეძლო ჟუკოვმა მისი ხელში ჩაგდება და თავის სასარგებლოდ გამოყენება:

მე პოლიციელის შვილი ვიყავი, ეს შავ ლაქად მომყვებოდა ჩემი წარსულიდან, რომელსაც 1932 წლამდე ვუმალავდი როგორც ჩემს მეგობრებს, ასევე ჩემს პარტიასა და სამხედრო ხელმძღვანელობას. ეს ცნობილი შეიქნა ჟუკოვისთვის, რომელმაც პირდაპირ მითხრა, რომ ეს არის ჩემი კარიერისა და სიცოცხლის დასასრული, რადგან ასე უტიფრად ვატყუებდი პარტიასა და სახელმწიფოს”.

შტემენკომ კითხვა დაასრულა და მიუთითა წერილის დაწერის თარიღი _ 1946 წლის 30 აპრილი.

სათათბირო ოთახში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა.

გრიგოლ ონიანი

გაგრძელება იქნება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here